Menu
RSS

რა უნდა იცოდეთ, თუ ბიტკოინით ვაჭრობთ?

მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა _ საფრთხე თუ რეგულაციებისგან თავისუფალი სისტემა, რომელსაც ეკონომიკური აქტივობა და გამდიდრება უნდა მოჰყვეს?!

2014 წელს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა კომპანია ,,ბიტფური'' დააფინანსა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიტკოინებს ამზადებს. ამ მიზნით, კომპანიამ ორი დატაცენტი _ გორსა და თბილისში, კერძოდ, გლდანში უკვე ააშენა. თუმცა ფართო საზოგადოებამ ბიტკოინისა და ბლოკჩეინის შესახებ, 2017 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, ,,ახალი საქართველოს'' ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიიდან შეიტყო. ბიტკოინი მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ციფრული ანუ ელექტრონული გადახდის საშუალებაა. ეს სიტყვა 2008 წელს გაჩნდა, როდესაც იაპონელმა სატოში ნაკამოტომ საკუთარი გამოგონების დამადასტურებელი დოკუმენტი გაასაჯაროვა, ხოლო 2009 წლიდან, საკუთარი გამოგონება კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა აგებულია ორP პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას, ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლა შეუძლია პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე და თანაც მთავარი სერვერის გვერდის ავლით; ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. მაინც, რას ნიშნავს ბიტკოინებით ვაჭრობა და რამდენად საშიშია ახალი კრიპტოვალუტა? ,,ვერსიას'' პოლიტიკური პლატფორმა ,,ახალი საქართველოს'' ლიდერი, გიორგი ვაშაძე ესაუბრება.
ფაქტია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული პროექტის _ იუსტიციის სახლების სულისჩამდგმელი ახალ ტექნოლოგიურ იდეებს ტყუილად არ ლობირებდა. მეტიც, ,,თბილისი _ პირველი ბლოკჩეინ-ქალაქის'' სლოგანიც შემთხვევით არ ჰქონია შერჩეული. მართალია თბილისის მერი ვერ გახდა, მაგრამ საინტერესოა, როგორ აპირებს ამ იდეების განხორციელებას? მეტიც, დავინტერესდით, დადგება თუ არა საქართველოში დრო, როცა მსხვილი კომპანიები ინვესტიციებს სწორედ კრიპტოვალუტის საშუალებით განახორციელებენ?
გიორგი ვაშაძე: ,,ეს დრო აუცილებლად დადგება და უკვე ვიცი რამდენიმე ჯგუფი საქართველოში, რომლებიც მუშაობენ, რომ ICO-ზე გავიდნენ, რათა კრიპტოვალუტის საშუალებით, შემოსავლებიც მიიღონ და ინვესტიციებიც მოიზიდონ. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი მიზანი საქართველოში ახალი ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელება იყო. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ, რადგან არა მხოლოდ ამ ტექნოლოგიებში გათვიცნობიერებულები, არამედ მაღაზიებისა და ბაზრობის თანამშრომლებიც კი ბიტკოინებით ვაჭრობის სისტემაში ჩაერთნენ. რეკლამის შედეგად, რომელსაც ტელევიზიებში თვენახევრის განმავლობაში ვატრიალებდით, ყველამ გაიგო ახალი სიტყვა ბლოკჩეინი და ბევრი დაინტერესდა, გაეგო, რა ,,უბედურება'' იყო ეს. ახლა ხალხს სახლებში გამოთვლითი მანქანები უდგას და სწორედ ამ სისტემის საშუალებით, ფულს შოულობენ''.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც ახალი კრიპტოვალუტის შესახებ, ინტერნეტის საშუალებით მოვიძიეთ: ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე. 2015 წლის თებერვლისთვის, 100 000-ზე მეტმა სავაჭრო დაწესებულებამ ახალი ვალუტა გადახდის საშუალებად მიიღო. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. ბიტკოინის ძირითადი საზომი ერთეული, თავად ბიტკოინია. მცირე ზომის ბიტკოინები ანუ სატოშები (ეს სახელი მისი შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს გამო დაერქვა), ბიტკოინის მეასმემილიონედს წარმომადგენენ. ბლოკჩეინი საჯარო მონაცემთა ბაზაა, რომელიც მესამე მხარის გარეშე, განხორციელებულ ტრანზაქციებს იწერს. ბლოკჩეინის სისტემაში ბიტკოინები დარეგისტრირებულია ბიტკოინის მისამართებზე. იმისთვის, რომ მფლობელმა შეძლოს ბიტკოინების გადარიცხვა, უნდა იცოდეს საკუთარი ასიმეტრიული კრიპტოსისტემა ანუ გასაღები. მაინერები არიან ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ძლიერი კომპიუტერული შესაძლებლობების გამოყენებით, ბიტკოინებს მოიპოვებენ. ამ პროცესს მაინინგი ეწოდება, რომელიც აღრიცხვის მწარმოებელი მომსახურებაა და კომპიუტერული დამუშავების დახმარებით სრულდება. მაინერები უზრუნველყოფენ ბლოკჩეინის მდგრადობას, სისრულესა და უცვლელობას იმით, რომ განუწყვეტლივ ახდენენ ტრანზაქციების დამოწმებას და ამის სხვა ბლოკებთან ძალიან სწრაფ დაკავშირებას. ყოველი შემდეგი ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის კრიპტოგრაფიულ ჰეშს, რომელიც იყენებს SHA-256 ალგორითმს, ასე უკავშირდება ერთმანეთს ყველა ბლოკი და აქედან მოდის მისი სახელიც _ ბლოკჩეინი ანუ ბლოკების ჯაჭვი. დღეს, დაახლოებით, წარმოებულია 16 მილიონი ბიტკოინი. მისმა შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ დაადგინა ე.წ. მონეტარული პოლიტიკა _ ბიტკოინების რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოებულ იქნას, 21 მილიონია. რაც დრო გადის, მათი მოპოვება უფრო რთულდება, ამის მიზეზი კი გართულებული ლოგარითმული კრიპტოამოცანაა, რომელსაც მაინერები ბიტკოინის მოპოვების პროცესში აწყდებიან.
მონეტარული პოლიტიკით, რომელიც ბიტკოინის გამომგონებელმა, სატოში ნაკატომოტომ დაადგინა, განისაზღვრა, რომ ყოველ ოთხ წელიწადში წარმოებული ბიტკოინების რაოდენობა განახევრდება! მაგალითად, თუ პირობითად, მაინერები 2017 წლიდან 2021 წლამდე, 1 მილიონ ბიტკოინს მოიპოვებენ, ეს რაოდენობა 2025 წლამდე განახევრდება. შესაბამისად, 1 მილიონის ნაცვლად, 500 000 გახდება! ,,ვერსიის'' კითხვაზე, არის თუ არა ამგვარი პოლიტიკა რისკისშემცველი, გიორგი ვაშაძემ გვიპასუხა: ,,ეს რისკი კი არა, პირიქით, კრიპტოვალუტის დამცავი მექანიზმია! ამგვარი მექანიზმი რომაა ჩადებული ამ ვალუტაში, სწორედ იმიტომ იზრდება ასე სწრაფად, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი მოპოვება რთულია! ეს მექანიზმი რომ არ იყოს და მაინერებს შეუზღუდავი ემისიის შესაძლებლობა ჰქონდეთ, დამერწმუნეთ, ამ ვალუტის მიმართ ამხელა ინტერესიც კი არ იქნებოდა. პირიქით, წინასწარ და კარგად გათვლილი მექანიზმია, როგორ უნდა შეინარჩუნოს მუდმივად ბიტკოინმა ის ტრენდი, რაც დღეს აქვს დაჭერილი. თუ თქვენ ინვესტიციას დღეს არ ახორციელებთ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ჩადებთ, გაცილებით ნაკლებს მოიგებთ, რადგან ის, ვინც ბაზარზე პირველი შედის და ინვესტიციას დებს, გაცილებით მეტს იგებს''.
ბევრი ექსპერტის, მათ შორის, საერთაშორისო მასშტაბით, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბიტკოინი, რომელიც კრიმინალებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია, შესაძლოა, ,,შავი ფულის'' გათეთრების ერთგვარი საშუალებაც კი იყოს. ამიტომ ექსპერტები სხვადასხვა რეგულაციების შემოღებაზე ალაპარაკდნენ. სხვათა შორის, ამ საფრთხეს არც გიორგი ვაშაძე გამორიცხავს, მაგრამ რეგულაციების წინააღმდეგია: ,,დიახ, ბიტკოინების კრიმინალების ხელში მოხვედრის საფრთხე არსებობს, მაგრამ მომავალში მაინც მეორე მხარეს ვხედავ _ კრიპტოვალუტის საშუალებით, ლეგალური ბრუნვის სრულიად სხვა მექანიზმები იქნება და აქ მხოლოდ უკანონო ფულის ბრუნვაზე არაა საუბარი. კრიპტოვალუტა ასეთი აქტუალური იმიტომ გახდა, რომ ხალხი დაიღალა რეგულაციებისგან და გადასახადებისგან! ხალხი დაიღალა იმისგან, რომ ბანკს უნდა ვუხადოთ უზარმაზარი თანხები ნებისმიერ ტრანზაქციაზე, თანაც არაფერში! მაგალითად, მე რომ ახლა თქვენ თანხა გადმოგირიცხოთ, ამაში ფული უნდა გადავიხადო. თქვენ რომ მაღაზიაში საბანკო ბარათის საშუალებით, თუნდაც ტკბილეულს ყიდულობთ, ამაში ფულს უხდით არა მარტო ტკბილეულის გამყიდველს, არამედ ბანკსაც, რომელიც არაფერ შუაშია! კრიპტოსავალუტო სისტემა კი რეგულაციის სრულიად ახალ სტანდარტს მოიტანს, რომელიც ტრანსნაციონალური იქნება ანუ რომელიმე ქვეყნის შიგნით არ ჩაიკეტება. შესაბამისად, რომელი ქვეყანაც ყველაზე სწრაფად აუბამს მხარს ახალ ტექნოლოგიას, ის ყველაზე სწორ, ლოგიკურ და სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა. მეტიც, აქ არის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა ,,სმარტ კონტრაქტი'', რაც მომავალში, საერთოდ გამორიცხავს მესამე მხარის ჩართულობას. მაგალითად, ბევრ პრეზენტაციას ვატარებ ამ თემაზე და ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ ხვალ და ზეგ, იურისტების ფუნქციაც კი შეიცვლება. რეესტრები, რომლებსაც პირადად მე ვაწყობდი საქართველოში, მომავალში, ასე ცენტრალიზებული ფორმით აღარ იმუშავებს. ყველაფერი პერსონალურ, ერთი-ერთზე ანუ შუამავლების გარეშე კონტაქტზე გადავა. შესაბამისად, ტრანზაქციული დანახარჯების შემცირებას ეკონომიკური აქტივობა მოჰყვება და ის, ვინც ამ შესაძლებლობას დაინახავს, პირდაპირ გეტყვით, რომ გამდიდრდება! სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმაც თქვეს, რომ კრიპტოვალუტა ფინანსური პირამიდააო, მაგრამ მერე ვერაფრით დაასაბუთეს საკუთარი ნათქვამი. არადა, ასე იმიტომ თქვეს, რომ სავალუტო ფონდში დიდი ფინანსური რესურსების აკუმულირება ხდება, შემდეგ ამ ფინანსურ რესურსებს კორუფციული სქემების საშუალებით, სხვადასხვა კომპანიებზე ანაწილებენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დიდ ფინანსურ ინსტიტუციებშიც ბევრი კორუმპირებული ადამიანია. კრიპტოსავალუტო სისტემა კი კორუფციას გამორიცხავს!''
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში