Menu
RSS

ანაკლიის პორტის მშენებლობა 20 დეკემბერს დაიწყება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. თუმცა პორტის გახსნის საზეიმო ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის მიერ ახლადდამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, კვირის ბოლოს, 24 დეკემბერს გაიმართება. ასე განაცხადეს ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის'' წარმომადგენლებმა 15 დეკემბერს, ,,ჰარდ როკ კაფეში'' გამართულ პრეზენტაციაზე.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია, რომლითაც რეგიონში სრულიად ახალი რეალობა შეიქმნება. ამ პორტის საშუალებით, აზიური ტვირთები ევროპაში, სწორედ საქართველოს გავლით მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს, როგორც დროს, ასევე ფინანსურ სახსრებსაც.
2017 წლის 20 დეკემბერს, ანაკლიის პორტის სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი კი 2016 წელს დაიწყო. ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის'' გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეარჩია და გამოავლინა ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი, მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine, რომელიც ამავე პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება: ,,მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. ესაა დაახლოებით, 600-გვერდიანი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენთან ერთად, საერთაშორისო კომპანია MTBS მუშაობდა. საქართველოს მთავრობამ ეს გეგმა 2017 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს''.
,,ანაკლია სითი'' 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, რომელსაც ქეთი ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, არც პორტის და არც ქალაქის მშენებლობა ,,ნოუ ჰაუ'' არ არის, რადგან ამ ადგილზე პორტის გაშენების იდეა სათავეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. ქეთი ბოჭორიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პორტის მიმდებარედ გაშენდება ქალაქი ანაკლია, რომელიც ერთგვარი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება. ამ მიზნით, ,,ანაკლია სითიმ'' უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან და ამავდროულად, 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან კომუნიკაციაც დაიწყო.
,,ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელმა'', მამუკა ხაზარაძემ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში, ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მოსამზადებლად, კონსორციუმმა 50-ზე მეტი კვლევა ჩაატარა: ,,ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, პროფესიონალები და საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოს წამყვან კომპანიებად აღიარებული ადგილობრივი თუ უცხოური კომპანია. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა, მაგრამ ახლა ამ პროექტის უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და ეს უშუალოდ, ანაკლიის პორტის მშენებლობაა''.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში