Menu
RSS

ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან

ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ და ქალაქის გასასვლელისკენ ესტაკადები აშენდება, ლაგუნა-ვერეს პროექტი დაიწყება, ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის პროექტები დასრულდე

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დედაქალაქის საკრებულოდან ბიუჯეტი უკვე გამოითხოვა. მეტიც, იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ბიუჯეტში ასახოს, კახა კალაძემ ფინანსთა სამინისტროს, დამატებით 60 მილიონი ლარის მოთხოვნით მიმართა. უკვე ცნობილია, რომ ცენტრალური მთავრობა კალაძის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება. კონკრეტულად რა ცვლილებები შევა დედაქალაქის ბიუჯეტში? რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აპირებს კახა კალაძე? ,,ვერსიას'' თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ესაუბრება.

_ ბატონო ირაკლი, კონკრეტულად რა შეიცვლება დედაქალაქის ბიუჯეტში?
_ რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერმა დაასრულა მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას დახმარებისთვის. 60 მილიონი ლარი, რომლითაც თბილისის ბიუჯეტი შეივსება, მიმართული იქნება იმ კონკრეტული პირობებისა და პროგრამების დასაფინანსებლად, რაც წინასაარჩევნოდ გაიცა. ეს თანხა მოიცავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მეტროსადგურების განახლებას და ახალი შემადგენლობების დამატებას, ქალაქში მოძრავი ავტობუსების ეტაპობრივ განახლებას, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების განხორციელებას.
_ რა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აპირებს თბილისის მერია?
_ ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩის მიმართულებით აშენდება ესტაკადა. ამ ადგილზე, დღის ნებისმიერ დროს საცობებია და ესტაკადა მოძრაობას განმუხტავს. ვაშლი¬ჯვრიდან ქალაქის გასასვლელის მიმართულებითაც ახალი ესტაკადა აშენდება. აქ არანაირი შეფერხება, შუქნიშანიც აღარ იქნება და ავტომობილებს უწყვეტ რეჟიმში შეეძლე¬ბათ გადაადგილება. ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ ქუჩაზე დაგეგმილი გვაქვს საჰაერო ესტაკადის მშენებლობა. ვაპირებთ ლაგუნა-ვერეს პროექტის განხორციელებასაც_ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით, უამრავი კომერციული საწარმო და ბენზინგასამართი სადგურია. მათ მფლობელებთან მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს და გზის გაფართოება-გამწვანებას ვგეგმავთ. ეს პროექტები მომა¬ვალი წლიდან დაიწყება. მათი ნაწილის დაფინანსებაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. გარდა ამისა, მომავალ წელს, ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის პროექტებსაც დავასრულებთ. მათი აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი თითქმის დასრულდა, თუმცა პრიორიტეტია, ძველი თბილისის იერ-სახე შევინარჩუნოთ. უკვე სრულდება მოლაპარაკებები გამარჯვებულ კომპანიებთან და წლის ბოლოსკენ, ორბელიანის მოედანსა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტული მშენებლობები დაიწყება. დაახლოებით ერთწლიანი პროექტია და 2018 წლის ბოლოს, ორივე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება.
_ რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიაში არსებულ კომისიებსა და ზონალურ საბჭოს გააუქმებს. კონკრეტულად, რა შედეგს მოუტანს ეს გადაწყვეტილება თბილისის ბიუჯეტს?
_ რაც შეიძლება მალე და ეფექტურად უნდა დაინგრეს ბიუროკრატიული მანქანა და ამ მხრივ, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. Eპირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება გათვლილია მოსახლეობაზე, რათა მათი პრობლემები უფრო სწრაფად მოგვარდეს. პრიორიტეტია, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება გამჭვირვალე იყოს. რაც შეეხება ზონალური საბჭოს გაუქმებას, ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რამდენიმე სამართლებრივი პროცედურა გვაქვს გასავლელი. კომისიებისა და ზონალური საბჭოს გაუქმებამდე და რეალურად, გაუქმების შემდეგაც, მათ საქმიანობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.
_ ,,ბიუროკრატიული მანქანის'' ნგრევა მხოლოდ ხარჯების დაზოგვას არ გულისხმობს. თანამშრომლებსაც შეამცირებთ, ხომ?
_ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თბილისის მთავრობაში ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო. საუბარია, რომ თანამშრომელთა მინიმალური რაოდენობით, უფრო ეფექტურად და კარგად შესრულდეს ის პროგრამები, რაც დედაქალაქის მერმა და ჩვენმა გუნდმა მოსახლეობას წინასაარჩევნოდ გააცნო. პირველ რიგში, ბიუროკრატიული მანქანის ნგრევა ხარჯების ოპტიმიზაციას ნიშნავს. როგორც გითხარით, ეს პროცესი დაწყებულია და რამდენიმე თვეში დასრულდება.
_ თბილისის მერი უკანონო და დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე ზომების გამკაცრებასაც ითხოვს. როგორ აპირებთ ზომების გამკაცრებას ,,ბეტონის ქალაქად'' წოდებულ თბილისში ისე, რომ არც მეწარმეები დააზარალოთ და არც რიგითი თბილისელები?
_ ჩვენთვის, დედაქალაქის მერიის წარომადგენლებისთვის, როგორც რიგითი თბილისელების, ასევე მეწარმეების ინტერესების დაცვა უმთავრესია და არავის ხარჯზე არ ვაპირებთ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას. ვინც ამ ქალაქში ყოველდღიურად დადის, ხედავს და გრძნობს, რა პრობლემებია ირგვლივ, თუნდაც უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. ეს პრობლემები კომპლექსურად უნდა მოგვარდეს და აქ მოიაზრება როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული მშენებლობები. ხშირად, კონკრეტულ, რამდენიმესართულიან კორპუსს, უკანონოდ აქვს დამატებული ორი-სამი სართული. ზედამხედველობის სამსახურმა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები უკვე მიიღო და შედეგს უახლოეს დღეებში ვნახავთ. რაც შეეხება პრობლემის კომპლექსურად მოგვარებას, როგორც ბრძანეთ, თბილისი ,,ბეტონის ქალაქია'' და პირველ რიგში, დედაქალაქში სწორედ, უკანონო მშენებლობები უნდა აიკრძალოს. თბილისი მაქსიმალურად უნდა გამწვანდეს _ ესაა კომპლექსური ღონისძიებები, რაც ეფექტურ შედეგს მოგვიტანს.
_ და ბოლოს, მოასწრებთ დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტის ვადებში წარდგენას?
_ ვადები არ დაირღვევა. ამ მხრივ, არავითარი რისკი არ არსებობს. მეტიც, გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, თბილისის ბიუჯეტში აისახება!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში