Menu
RSS

21 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ, საინტერესოა, რამდენს და როგორ ხარჯავს ქვეყანა სპეცრაზმელების მოსამზადებლად? რამდენად პრიორიტეტულია თავდაცვა და უსაფრთხოება ქვეყნისთვის, რომლის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ? 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მომდევნო წელს, ქვეყნის თავდაცვაზე 631 362 000 ლარი დაიხარჯება, 2017 წელს კი ამ მიზნით, 677 915 000 ლარი გამოყვეს; შეირაღებული ძალებისთვის 2018 წელს _ 216 680 000 ლარი, 2017 წელს _ 58 513 000 ლარი იყო გათვალისწინებული; საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის 2018 წელს _ 1 061 975 000 ლარი დაიხარჯება, 2017 წელს _ 1 028 400 000 ლარი დაიხარჯა; პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა 2018 წელს 564 270 000 ლარით დაფინანსდება, 2017 წელსაც იგივე თანხა იყო გამოყოფილი; თავდაცვის სამინისტრო 2018 წელს 680 000 000 ლარით დაფინანსდება, 2017 წელს _ 748 000 000 ლარი იყო გამოყოფილი; პროფესიული სამხედრო განათლება წელს 43 452 000 ლარით, ხოლო შეირაღებული ძალების გაძლიერება _ 22 000 000 ლარით დაფინანსდება, 2017 წელს, ამ მიზნით, 78 000 000 ლარი იყო გამოყოფილი; შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს 605 000 000 ლარით დაფინანსდება, 2017 წელს _ 585 000 000 ლარი იყო გამოყოფილი; საზოგადოებრივი წესრიგი, საზღვრის დაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება 2018 წელს 506 610 000 ლარით დაფინანსდება, 2017 წელსაც ამ მიზნით, იგივე თანხა იყო გათვალისწინებული; უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური 2018 წელს 123 000 000 ლარით, ხოლო 2017 წელს _ 118 000 000 ლარით დაფინანსდა; სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე 2018 წლის ბიუჯეტში _ 108 575 000 ლარი, ხოლო ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ხელშესაწყობად _ 14 425 000 ლარია გათვალისწინებული; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 2018 წელს 55 000 000 ლარით დაფინანსდება. რა ჯდება სპეცრაზმელების მომზადება საქართველოში? ''ვერსიას'' ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ესაუბრება.
_ ბატონო ამირან, ცხადია, ბიუჯეტში ასახული ასიგნებებით, ვერ მივხვდებით და არც უნდა ვიცოდით, კონკრეტულად რა თანხა იხარჯება სპეცრაზმელების მომზადებაზე, მაგრამ ის ხომ უნდა ვიცოდეთ, ხარჯავს თუ არა სახელმწიფო საკმარის ფულს, რათა სპეცდანიშნულების რაზმი სათანადოდ მოამზადოს?
_ სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული თანხა ზოგადია და კონკრეტულ სურათს არ ასახავს. თუმცა ასეც უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, რა ოდენობის თანხა იხარჯება სპეცრაზმელების მომზადებაზე, ან რამდენი სპეცრაზმელი ჰყავს ქვეყანას. ამ ზოგადი ციფრების მიხედვით, ერთი რამ ნათელია _ წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ სერიოზული კლებაა დაფინანსების მხრივ. თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 680 000 000 ლარი, ცოტა არ არის, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, სოლიდური ციფრია, მაგრამ თუ მეზობელ სახელმწიფოებში, ამ უწყების დაფინანსებას შევადარებთ, საკმაოდ მოკრძალებული დაფინანსებაა. ამის მიუხედავად, ეს თანხა ეფექტურად უნდა დაიხარჯოს. რა თქმა უნდა, რესურსები გასაზრდელია და ამას 21 ნოემბრის სპეცოპერაციაც ადასტურებს. ყველა ვხედავთ, რომ თავდაცვის დაფინანსება წლიდან წლამდე უმჯობესდება, მაგრამ რესურსების სწორად გამოყენება აუცილებელია. საზოგადოების ნაწილი ადრინდელ ჯარს ''კეტებიან ჯარს'' უწოდებს, მაგრამ იმ პერიოდში, 600 000 000 მილიონლარიანი დაფინანსება არ გვქონია. 2003 წლის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარი იყო და ამის გამო დასცინო მინისტრსა და სარდლებს, ჯარისკაცებს ფეხზე რატომ არ ეცვათო, სირცხვილია! ერთი მხრივ, გამოვდივარ მოწოდებით, რომ დიდი ციფრების მიუხედავად, ეს ბიუჯეტი საკმარისი არ არის არც თავდაცვის სამინისტროსთვის და არც სპეცსამსახურებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ამ თანხების სწორად ხარჯვა უნდა ვისწავლოთ.
_ მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით ხარჯები შემცირებულია, არის თუ არა ეს დაფინანსება საკმარისი, რათა სპეცრაზმის წევრები 21 ნოემბრის მსგავსი, ანტიტერორისტული ღონისძიებებისთვის მოვამზადოთ?
_ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სუს-ი 118 მილიონი ლარით დაფინანსდა. დავუშვათ, ეს თანხა ათჯერ გავზარდეთ და მილიარდ 200 000 მივიღეთ, რიტორიკულ კითხვას ვსვამ _ საკმარისია ეს თანხა? ქვეყნის 100%-იან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? ცხადია, ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 118 მილიონლარიანი დაფინანსება არასაკმარისია, ასევე მცირეა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსებაც, მაგრამ ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება აუცილებელია. ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ საჭირო არ არის ვიცოდეთ, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო სპეცსამსახურების თანამშრომელთა მოსამზადებლად. დიახ, ასეა, მაგრამ იცით რატომაა ეს ხარჯები გასაიდუმლოებული? იმიტომ, რომ მათი განსაჯაროვებით, მოწინააღმდეგე მხარეს უზუსტეს ინფორმაციას მიაწვდით. სპეცსამსახურის ოპერატიული საქმიანობა და თანხა, რამდენი იხარჯება ამ საქმიანობაზე, გასაიდუმლოებულია. თუ მაღალჩინოსანს, რომელსაც სპეცსამსახური აბარია არ ვენდობით, სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ ვენდობით, ეს ნიუანსები მას უნდა ვანდოთ. ეს ციფრები დაფარული იმიტომ უნდა იყოს, რომ მათი საშუალებით, ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს, გარკვეული ანალიზის გაკეთება შეუძლია.
_ იმ დაფინანსებიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, 21 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს, თქვენთვის, როგორც სპეციალისტისთვის, რა სურათი გამოიკვეთა?
_ პირველ რიგში, სპეცსამსახურმაც და ხელისუფლებამაც უნდა გააანალიზონ, როგორ იყო ორგანიზებული მოსახლეობის ინფორმირება, მოსახლეობის გამოყვანა, ზონების დახურვა. ჩვენ დავინახეთ, რომ ყვითელი ლენტი შემოვლებული იყო, მაგრამ შეგეძლო, კამერით დამდგარიყავი და ლამის სადარბაზოში შემძვრალიყავი. სპეცოპერაციის წინ, ქალაქში კედლებს ვერ ააშენებ, მაგრამ ჩვენ _ ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უნდა გვქონდეს ასეთ დროს. ვიღაცა კორპუსიდან, მობილურის საშუალებით, ''ლაივს'' უშვებდა, ვგულისხმობ მოსახლეობას და არა მედიას. რა თქმა უნდა, მედიამ უნდა გადაიღოს და სწორედ ცხელ წერტილში უნდა მივიდეს, თუ შეძლებს, თუმცა ისიც კარგად უნდა იცოდეს, რა ტიპის ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვოს. როცა ზღვარი გავლებულია, სავალდებულო არ არის, რომ რასაც ხედავ, ყველაფერი აჩვენო! ჟურნალისტს ვერავინ აუკრძალავს და არავინ უნდა აუკრძალოს ინფორმაციის მოპოვება. თუ ის საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე, დახურულ ზონაში შეძვრება და გარკვეულ ინფორმაციას მოიპოვებს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ იმის პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს, მიხვდეს, რა უნდა გააშუქოს და რა _ არა. სპეცოპერაციის დროს, უმჯობესია, ინფორმაცია დაგვიანებით გაშუქდეს, ხალხის უსაფრთხოების ხარჯზე, რეიტინგისთვის ბრძოლა გადამწყვეტი არ უნდა იყოს. სპეცსამსახურის მანქანა რომ შემოდის და მეუბნები, ''კობრას'' ტიპის სამი ავტომობილი შემოვიდა, თან სანომრე ნიშნებსაც მიჩვენებ, ამას რატომ აკეთებ? საზოგადოებას ამით მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუღია, მაგრამ მათი ჩვენება, კონკრეტული ქვედანაყოფის მანქანების იდენტიფიცირებაა! ხელისუფლებამ ეს დეტალები და ნიუანსები უნდა გააანალიზოს, ღმერთმა დაგვიფაროს განმეორებისგან, მაგრამ სხვა დროსაც რომ მოხდეს მსგავსი რამ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. როგორც ომის დროს, სპეცოპერაციის დროსაც უნდა გამოიყოს სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც პრესასთან იმუშავებს და მედიას აუცილებლად გასაშუქებელ ინფორმაციას მიაწვდის. სპეცოპერაცია შედეგებით ფასდება და ჩვენს სპეცრაზმელებს პროფესიონალიზმს ნამდვილად ვერ დავუწუნებ!
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში