Menu
RSS

რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, გაძვირდება თუ არა პროდუქტები და ვინ უნდა აგოს პასუხი ინფლაციაზე

21 ნოემბრის მონაცემებით, 1 ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, 2.68 ლარზე დასტაბილურდა. თუმცა გასული კვირა ლარის გაუფასურებით გამოირჩეოდა, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში, თითქმის 2.72 ლარამდე გაუფასურდა. არადა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კურსის გაუფასურების ნეგატიური ეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს. რა მოხდა სინამდვილეში ანუ რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე? ,,ვერსიას'' ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე ესაუბრება.
_ ბატონო ლევან, რატომ გაუფასურდა ლარი იმ პირობებში, როდესაც კურსის მდგენელი ყველა ფუნდამენტური, ეკონომიკური ფაქტორი პოზიტიურია?
_ ის რომ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები გაუარესებული არაა და ყველა პარამეტრი პოზიტიურია, ფაქტია და ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ მიზეზი ქვეყნის საზღვრებში უნდა ვეძებოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ შემოდგომაზე, ოქტომბრის შემდეგ, ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებული მოლოდინი დაკორექტირდა, რასაც გარკვეული ობიექტური ფაქტორები განაპირობებდა. პირველ რიგში, არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ყოველთვის უნდა გაუფასურდეს, ამიტომ ამგვარი მოლოდინი გარკვეული ქცევის კორექტირებას იწვევს. აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ, პირადად მეც ველოდი, რომ ლარი გაუფასურდებოდა. თუმცა როდესაც მოლოდინის კორექტირებაზე ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა გამოვრიცხოთ _ პირობითად, რამდენი 100 დოლარიც უნდა ვიყიდოთ თითოეულმა მოქალაქემ, შესაძლოა, გარკვეული ტრენდი ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ ზოგად სურათს კარდინალურად ვერ შევცვლით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მთავარი ბიზნესის ქცევებია, რაც სწორედ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიცვალა. ბიზნესწრეების წარმომადგენელთა მოსაზრებით და აქ ძირითადად, იმპორტიორებს ვგულისხმობ, არჩევნების შემდეგ ლარის კურსი უნდა შეცვლილიყო, რის გამოც მათი მოთხოვნა დოლარზე გაიზარდა. მართალია, იმპორტიორებს ბევრი ფული არ აქვთ, რომ დიდი სასაქონლო მარაგები შეიძინონ, მაგრამ სავაჭრო თვალსაზრისით, დეკემბერი ყოველთვის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, ამ დროს მეტი საქონელი იყიდება და ამიტომ, თადარიგს ყოველთვის წინასწარ იჭერენ. ეს ნიშნავს, რომ იმპორტიორებს წინასწარ, დეკემბრის დადგომამდე, ჩვეულებრივ, მეტი საქონელი შემოაქვთ, ვიდრე სხვა თვეებში. მეტ საქონელს კი მეტი დოლარი სჭირდება. შესაბამისად, დოლარზე გაზრდილმა მოთხოვნამ გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. იმპორტიორებს რამეს კი არ ვაბრალებ, მაგრამ მათ იმდენი დოლარი უნდა იყიდონ, რამდენიც სჭირდებათ. ჩვენი პრობლემა სხვაა _ იმდენად მცირე და ჯერ კიდევ სუსტი ეკონომიკა გვაქვს, რომ ასეთმა მცირე ცვლილებებმაც კი, იმის პარალელურად, რომ მოლოდინიც შეიცვალა, ლარის კურსი გააუფასურა. აქედან გამომდინარე,
პრობლემა არა ლარსა და კურსის ცვლილებაში, ან თუნდაც იმპორტიორებში, არამედ ქართული ეკონომიკის სისუსტეშია. ჩვენი გრძელვადიანი გეგმები და ლარის ,,მკურნალობა'' ყოველთვის დაკავშირებული იქნება ქართული ეკონომიკის მდგრადობასთან და მის ზომასთან. თუ შევძლებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ეკონომიკური მაჩვენებლები, რათა ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდეს, ლარის კურსის რყევის ამპლიტუდაც შემცირდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ ლოგიკურად იქცევა, როცა ქვეყნის მთავარმა ბანკირმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები დროებითი რყევებია. მისი თქმით, პანიკა არ არის, მაგრამ ცუდი ტრენდია, რაშიც სრულიად ვეთანხმები. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვინაიდან ლარის კურსის გაუარესებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს, დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა იმპორტიორების, მოსახლეობისა და კომპანიების მხრიდან, გარკვეულ პერიოდში გაიწოვება და ბუნებრივია, ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება. ძნელია იმის თქმა, გამყარდება ან დაუბრუნდება თუ არა ლარი ძველ ნიშნულს, მაგრამ გარკვეული სტაბილურობა დაფიქსირდება და ეს ფაქტია. ეროვნულ ბანკს ერთი პრობლემა აქვს _ ის, რომ ლარის კურსი შეიცვალა და ცოტა ხანგრძლივპერიოდიანი ტენდენცია დაიჭირა. შესაძლოა ამან დამატებითი ზეწოლა მოახდინოს ინფლაციაზე. ჩვენ ახლა 6.6%-იანი ინფლაცია გვაქვს, არადა ინფლაციის თარგეთი 4%-ია ანუ უკვე 2.2%-იანი ცდომილებაა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების ფასით.
უფრო ღრმად თუ გავაანალიზებთ _ ამ პროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდით. თუ ლარის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში ისევ გაგრძელდება, ეს ინფლაციის მაჩვენებელზეც ნეგატიურად აისახება...
_ უკვე აისახა ნეგატიურად _ რამდენიმე დღის წინ, ბენზინი 50 თეთრით გაძვირდა.
_ ეს ნიშნავს, რომ რეალურად, ნოემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი უფრო გაიზრდება. ამ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უკვე მოუწევს მის ხელთ არსებული, გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენება. ერთი მხრივ, ლარის კურსის ნეგატიური ცვლილება უკვე ტენდენციურ ხასიათს იძენს ანუ ეს რყევა კი არა, უკვე გაუფასურებაა და მეორე მხრივ, ინფლაციის ზრდის მომატებული რისკი პირდაპირ უბიძგებს ეროვნულ ბანკს, რომ ანტიინფლაციური ღონისძიება გამოიყენოს, რაც ამ შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ნიშნავს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დეკემბრის პირველ რიცხვებშია ჩანიშნული და თუ იქამდე დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა იმპორტიორებში არ შემცირდება, ამავდროულად კი ინფლაციური რისკიც მოიმატებს, ცხადია, ეროვნულ ბანკს ამ ინსტრუმენტის გამოყენება მოუწევს.
_ დეკემბერში და წინასაახალწლო ვაჭრობისას, ინფლაციური რისკი იმატებს. წელს, ამ პერიოდს ლარის კურსის მკვეთრი გაუარესება უძღოდა წინ. რა გველის დეკემბერში, გაძვირდება პროდუქტები, მით უმეტეს, საწვავი უკვე გაძვირდა?
_ ზუსტი პროგნოზი ძნელია, თანაც რაც ჩამოთვალეთ, ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ დეკემბრის ინფლაცია სეზონური მოვლენაა. გარდა ამისა, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ამის გათვალისწინებით კი პოზიტიური პროგნოზირება საკმაოდ რთულია. თუმცა ერთადერთი, რაც შეიძლება ამ ეტაპზე გაკეთდეს ისაა, რომ თუ ინფლაციური რისკი ნოემბრის ბოლომდე შენარჩუნდება, დეკემბრის დასაწყისში, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უნდა გაზარდოს, რითაც ხელს შეუშლის ინფლაციური ტრენდის გაგრძელებას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ მხრივ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმაც გადადგას გარკვეული ნაბიჯები, ვგულისხმობ საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციას. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მცირე მთავრობაზე, რასაც ახლა ახორციელებს ხელისუფლება, მაგრამ სამინისტროების შერწყმასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდეს ანუ ხარჯები შემცირდეს. ჩემი ინფორმაციით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და ბიუროკრატიულ ნაწილში, გარკვეულ ეკონომიას უნდა ველოდოთ. რაც მთავარია, 2018 წლის განმავლობაში, მთავრობამ ეს კურსი უნდა გააგრძელოს, ვგულისხმობ მცირე მთავრობის ჩამოყალიბებასა და ხარჯების შემცირებით, ბიუროკრატიის ეფექტურობის ზრდას.
საუბარი, რომ მოკლე ვადაში ლარი დასტაბილურდება, არასწორია. ასეთი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ამას ობიექტური, გრძელვადიანი საფუძველი სჭირდება ანუ ის, რაც ეკონომიკაში ცვლილებებს მოაქვს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ _ საქართველოში ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ რატომღაც, არცერთი სტრუქტურა ან უწყება, ცალკე აღებული, პასუხისმგებლობას არ იღებს ლარის კურსზე. არადა, ლარი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებს ასახავს. შეიძლება რომ ინფლაციასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიმე უწყება პასუხისმგებელი არ იყოს? ასევეა ლარიც, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკას კი საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ერთად ატარებს, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს საუბარი, რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი არცერთი უწყება არ არის! ვფიქრობ, უნდა გამოიკვეთოს ერთი უწყება, ან კოლექტიური ორგანო, ამ შემთხვევაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, რომელიც ამ პასუხისმგებლობას იტვირთებს.
მოლოდინის ფორმირებაში, მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, შესაბამისად, საუბარი, რომ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, განცხადებები არ კეთდება, არასწორია! თუმცა ეროვნული ბანკისა და მთავრობის წევრებმა იმაზე კი არ უნდა ისაუბრონ, როგორ გაამყარებენ ლარს, მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და უნდა დაანახონ ინსტრუმენტები, რისი გამოყენების მზაობაც გააჩნიათ. რაც უფრო ბევრს და სწორად ვისაუბრებთ ადამიანურ ენაზე, მით უფრო დაკორექტირდება და პოზიტიური გახდება მოლოდინი. მოსახლეობამ არ იცის, დღეს რომ ლარი გაუფასურდება, ხვალ როგორ მოიქცეს, ამიტომ ჩნდება შიში და დოლარზე მოთხოვნაც იზრდება. მოლოდინი კი თავისით არ იქმნება, მას სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მართვის პოლიტიკა სჭირდება, რომელიც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა, ერთად უნდა შეიმუშაოს.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში