Menu
RSS

რა რისკებს შეიცავს კანონპროექტი და რისი გათვალისწინება მოუწევთ ავტორებს

2018 წლის მესამე კვარტლიდან, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ეროვნულ ბანკთან ერთად ამზადებენ, განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. კერძოდ, დასაქმებულები, დამსაქმებლები და სახელმწიფო, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თანხას, თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით შეიტანენ. თვითდასაქმებული პირები, შემოსავლის 4%-ს გადადებენ, სახელმწიფო კი, დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების სასარგებლოდ, დამატებით, დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს გადარიცხავს. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება საჯარო და კერძო სექტორში. მასში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის სავალდებულო, ხოლო მათთვის, ვისაც 40 წელი კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა, ნებაყოფლობითი იქნება. კანონპროექტი ,,დაგროვებითი სისტემის შესახებ'', პარლამენტში წლის ბოლომდე შევა.
პროექტი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ
თითოეული მოქალაქისთვის გაიხსნება საპენსიო ანგარიში, რომელზეც დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2-2%-ს გადარიცხავენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განმარტებით, ეს რეფორმა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის სოციალური პასუხისმგებლობის ერთგვარი გადანაწილებაა: „პროცესში სახელმწიფოს კონტრიბუცია უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს, რომ შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და პენსიის გატანა, გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისგან“.
ჯავახაძის თქმით, ახალ საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულებიც ჩაერთვებიან, თუმცა მათ ყოველთვიური ხელფასის 4%-ის შეტანა მოუწევთ, რადგან ისინი ერთდროულად, დასაქმებულებიც არიან და დამსაქმებლებიც. ახალი საპენსიო სისტემა არ გულისხმობს ძველი ფიქსირებული პენსიის გაუქმებას, რომელიც დღეს 180 ლარია. პირიქით, ეს ძირითადი საპენსიო თანხის ერთგვარი დანამატი იქნება. საპენსიო რეფორმა არც საპენსიო ასაკის ცვლილებას გულისხმობს. ამიტომ პენსია მამაკაცებისთვის ისევ 65 წლიდან, ქალბატონებისთვის _ 60 წლიდან დაინიშნება.
პენსიაზე გასული ადამიანი, მთლიანი თანხის გატანას ვერ შეძლებს. სპეციალური პროგრამა მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას დაიანგარიშებს, გაყოფს დაგროვილ თანხას თვეების მიხედვით და ყოველთვიურ პენსიას ინდივიდუალურად განუსაზღვრავს. კანონპროექტი არ გულისხმობს პენსიის ინდექსაციას, თუმცა პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, ასეთი პუნქტი მასში გაჩნდეს. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული საპენსიო ასაკამდე, ან პენსიაზე მყოფი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი დანაზოგი კანონიერ მემკვიდრეებს გადაეცემათ.
ახალი სისტემა ადამიანს პენსიაზე გასვლის გადავადებისა და დანაზოგის დაგროვების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, როცა ის საპენსიო ასაკს მიაღწევს, სახელმწიფო და დამსაქმებელი მის საპენსიო ფონდში 2-2%-ის გადარიცხვას შეწყვეტენ. დანაზოგის გაზრდას ის მხოლოდ საკუთარი 2%-იანი შენატანებით განაგრძობს.
ახალი საპენსიო სისტემა საპენსიო სააგენტოს შექმნასაც გულისხმობს, რომელსაც სამეურვეო და საინვესტიციო საბჭოები ექნება. საინვესტიციო საბჭო მომავალი პენსიონერების თანხების ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებსა და სხვა აქტივებში დაბანდებას განახორციელებს, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო სამეურვეო საბჭო _ ადმინისტრაციული საქმეებით დაკავდება. სამეურვეო საბჭოში შევლენ ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ინვესტიციების წყალობით, ძირითადი დაგროვილი თანხის გარდა, დანამატის სახით, მოსახლეობას ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისგან მიღებული მოგებაც დაერიცხება. 5-კაციანი საინვესტიციო საბჭოს საქმიანობას ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. პირველი ხუთი წლის განმავლობაში, საინვესტიციო საბჭო მომავალი პენსიონერების თანხების ბრუნვას ქართულ ბაზარზე და ქართულ კომპანიებთან ურთიერთობაში განახორციელებს, შემდეგ კი თანხების დაბანდება უცხოურ კომპანიებშიც გახდება შესაძლებელი. თანხების ინვესტირების პროცესს საინვესტიციო საბჭო განახორციელებს, თუმცა მასში მონაწილეობას მოქალაქეებიც შეძლებენ. ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მაღალი რისკების მქონე კომპანიებში დანაზოგების დაბანდებისგან თავი შეიკავონ. პირველი სამი წლის განმავლობაში, საპენსიო სააგენტოს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო ამის შემდეგ არსებობას უკვე მოქალაქეების შემოსულობების ხარჯზე შეძლებს. კანონპროექტის ავტორები ელიან, რომ მისი ამოქმედებიდან პირველი ფისკალური წლის განმავლობაში, შენატანების ჯამური თანხა 400 მილიონი ლარი იქნება.
ახალი საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელსაც ჯერ კანონპროექტის სახე არ აქვს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბიზნესასოციაციების წევრებსაც გააცნეს. საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირინა კვახაძის განცხადებით, კერძო სექტორისთვის ეს რეფორმა მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ-ერთი ბერკეტია, რომელმაც კაპიტალის ბაზარი უნდა განავითაროს: ,,სწორედ ამიტომ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები რეფორმის განხილვაში და საკმაოდ დიდი მოლოდინიც გვაქვს. რეფორმის ყველა ეტაპი სწორად უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, აუცილებელია, კერძო სექტორის მოსაზრებები და შენიშვნები გაითვალისწინონ. ეს დიდი რეფორმაა და რისკების გარეშე მისი განხორციელება წარმოუდგენელია. რისკი ბევრია, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად განხორციელდება თითოეული ეტაპი და რა დამზღვევი მექანიზმები ჩაიდება მასში''.
საპენსიო რეფორმის რისკები
როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საპენსიო რეფორმას გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც კანონპროექტის ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეტიც, ვიდრე საპრეზენტაციო პროექტი კანონპროექტის სახეს მიიღებს და პარლამენტში გადაიგზავნება, მასში დაზღვევის და ამ რისკების დაცვის ერთგვარი გარანტიებიც უნდა ჩაიდოს. რა რისკები ახლავს დაგროვებით საპენსიო სისტემას და როგორ აფასებს ახალ რეფორმას? ,,ვერსიას'' საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი ესაუბრება:
_ საპენსიო რეფორმა უალტერნატივოა. მსოფლიოში ითვლება, რომ ყველაზე სტაბილური სამსვეტიანი სისტემაა. პირველი სვეტი სახელმწიფო პენსიაა, მეორე _ სავალდებულო დაგროვებითი, ხოლო მესამე _ ნებაყოფლობითი დაგროვებითი. საპენსიო რეფორმის არსი ადამიანის ღირსეული სიბერეა ანუ მთავრობა უნდა დაეხმაროს მოქალაქეს, დაგროვებით შეძლოს, პენსიაზე გასვლის შემდეგ მისი ცხოვრების დონე არ გაუარესდეს. ითვლება, რომ თუ ადამიანი ჯამური საპენსიო შემოსავლის 60%-ს მიიღებს, ცხოვრების დონის შენარჩუნებას შეძლებს. საპენსიო რეფორმაზე საქართველოში 20 წელია საუბრობენ, მაგრამ ბოლომდე არ მისულა. პროექტი, რომელიც ახლა შემოგვთავაზეს, ჩვეულებრივი, მეორე სვეტია, მაგრამ არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფოს მიერ, ასეთი უხვი შემოთავაზება არ მინახავს.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ სავალდებულო დაგროვების შემთხვევაში, დასაქმებული იხდის 2%-ს, დამსაქმებელი _ 2%-ს და სახელმწიფოც _ 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული _ 4%ს და სახელმწიფო _ 2%ს, რაც საკმაოდ უხვი შემოთავაზებაა. გარდა ამისა, პირველი სამი წლის განმავლობაში, საპენსიო ფონდის ხარჯებსაც მთავრობა ფარავს და ამ ნაწილს არ ბეგრავს. შესაბამისად, სახელმწიფო დიდ შეღავათს აკეთებს. თუ ვაღიარებთ, რომ სამსვეტიანი სისტემა გვჭირდება, სადაც მეორე სვეტი სავალდებულო დაგროვებაა, მაშინ ეს სავალდებულო დაგროვების ისეთი ფორმაა, როცა სახელმწიფო უპრეცედენტოდ მაღალ სტიმულს აძლევს მოსახლეობას. ამის მიუხედავად, არ მომწონს, რომ ჩვენს ქვეყანაში, საპენსიო სისტემის მეორე სვეტშიც კი, სახელმწიფოა მთავარი აქტორი, რადგან ამით მთავრობას პოლიტიკური რისკები ეზრდება. ფაქტობრივად, პირველი სვეტიც სახელმწიფოს კისერზეა და მეორეც მისი პასუხისმგებლობის ქვეშაა.
_ შესაძლოა, სახელმწიფოს ,,უხვი შემოთავაზება'' ერთგვარი ფინანსური გარანტი იყოს, მაგრამ 25 წლის წინ, ქვეყანა სწორედ სახელმწიფო შენატანების გამო გაკოტრდა, ვგულისხმობ საბჭოთა ანაბრებს...
_ 25 წლისწინანდელ ამბავს საპენსიო რეფორმას ნუ შევადარებთ, რადგან იმ ქვეყნის სამართალმემკვიდრე არ ვართ. თუ 90-იანების მსგავსი პოლიტიკური ცვლილება მოხდება, ყველაფერი კიდევ ერთხელ დაიკარგება. მაგალითად, ჩვენი ქვეყანა რომ ისევ გაწითლდეს და ხელისუფლებაში ,,ბოლშევიკები'' მოვიდნენ, ყველაფერს დავკარგავთ. თუმცა ბოლშევიკებსაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერ დაგროვებით სისტემას ახლავს რისკები, რაც ინვესტმენტის ნაწილიდან მოდის.
_ იმის გამო, რომ სამართალდამცავებს ბრალეულობა არ დაუმტკიცებიათ, მოვერიდები დასახელებას, რეალურად ვის გამო დაიკარგა ანაბრები, მაგრამ რა გარანტიაა, რომ საპენსიო სააგენტოშიც არ გამოჩნდება ვინმე მსგავსი თაღლითი?
_ დაგროვებითი სისტემები საფინანსო ბაზრებზე, ინვესტმენტზეა დამოკიდებული. არაჩვეულებრივი, პროფესიონალი და წესიერი ხალხი რომ დაასაქმოთ სააგენტოში, კრიზისი თუ მოხდა, როგორც მაგალითად, 2008 წელს იყო, დანაზოგების ნაწილი მაინც დაიკარგება. ეს ინვესტმენტის თანმდევი პროცესია. პრობლემა ისაა, სწორია თუ არა, რომ საპენსიო სისტემის მეორე სვეტსაც სახელმწიფო იღებს თავზე. რატომ არ უშვებს კერძო სისტემაში, მაგალითად, სადაზღვევო სისტემის ზედამხედველობით ნაწილში, რომელსაც თითქმის 100%-იანი გარანტია აქვს? მეორე, რაც არ მომწონს ისაა, რომ საპენსიო სისტემის მესამე სვეტიც მეორე სვეტშია გაერთიანებული ანუ სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაგროვება თითქმის ერთდროულადაა წარმოდგენილი. კანონპროექტის ავტორებს ვურჩევ, მესამე სვეტი დამოუკიდებლად, სხვადასხვა პროდუქტის საშუალებით შექმნან. მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა არანაკლებ 10 წლის ხანგრძლივობის პრემიის რეგულარული გადახდით, როგორც ბევრ ქვეყანაშია. ესეც დაგროვების ხელშეწყობაა და საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომლებიც ფორმალურად ამ სისტემაში არ არიან, ჩაერთონ. საპენსიო რეფორმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დღეს ის, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის 10%-ს ეხება. მას პოლიტიკურად სუსტი საყრდენი აქვს. პოლიტიკური რისკის შესამცირებლად კი მნიშვნელოვანია, რომ ხელშეწყობით დაგროვებით სისტემაში გაცილებით მეტი ადამიანი ჩაერთოს.
_ და როგორ უნდა ჩაერთოს მეტი ადამიანი რეფორმაში?
_ საპენსიო სისტემის მესამე სვეტია გასაკეთებელი ანუ ნებაყოფლობითი, ფისკალურად ხელშეწყობითი დაგროვების სისტემა, მაგრამ არა მარტო საპენსიო, არამედ სიცოცხლის დაზღვევის სპეციალური პროდუქტებით, რომლებიც ადამიანებსა და მათ ასაკზე იქნება მორგებული. ვფიქრობ, ეს მეტ სტაბილურობას შეძენს რეფორმას. დღევანდელი შემოთავაზება კი სადაზღვევო ინდუსტრიას თამაშგარე მდგომარეობაში აყენებს, არადა, 17 წელია, ორი სადაზღვევო კომპანია არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევას ახორციელებს. იმის გამო, რომ მთავრობისგან ფისკალური ხელშეწყობა არ აქვთ, მათი ეფექტურობა დაბალია, რადგან სულ 20 000 ადამიანია ჩართული. კარგია, რომ დაგროვებას ეხმარება მთავრობა, მაგრამ უნდა გააფართოვოს და მესამე სვეტიც დაამატოს, რათა კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდოს მათთვის მორგებული, სხვადასხვა პროდუქტის საშუალებით.
_ ვინაიდან დაზღვევის ინდუსტრია თამაშგარე მდგომარეობაშია, ეს რეფორმა კიდევ ერთხელ ხომ არ დაარტყამს ამ ბიზნესს ისე, როგორც ნაციონალების დროს, ჯანდაცვის რეფორმის შედეგად, სადაზღვევო სექტორი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა?
_ ამაზე სხვა აზრი მაქვს, რადგან მგონია, რომ მაშინდელ სახელმწიფო პროგრამებს სადაზღვევო სექტორის კორპორატიული განვითარება მოჰყვა. ადრე თუ ყველა სადაზღვევო კომპანიას, ერთად 60 000 კონტრაქტი ჰქონდა ჯანდაცვაში, რეფორმის შემდეგ, ამ სექტორში მათი კონტრაქტების რაოდენობა 2 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა გეთანხმებით, რომ საპენსიო რეფორმაში სადაზღვევო სექტორი ჩართული არაა და იმ ორ კომპანიას, რომელიც 17 წელია კერძო საპენსიო დაგროვებას ახორციელებს, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, მაგრამ ეს ამ რეფორმის მიზანი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის მესამე სვეტი გაკეთდება, რასაკვირველია, მასში სადაზღვევო სექტორი ჩაერთვება და სხვადასხვა პროდუქტს განავითარებს. კარგია, რომ ვიდრე კანონპროექტი პარლამენტში შევა, ფართო აუდიტორიის წინაშე, პრეზენტაციის სახით გამოიტანეს და საშუალება მოგვცეს, ვიმსჯელოთ.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში