Menu
RSS

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე). წინა წელთან შედარებით, 2018 წელს, საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია. საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით, არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წარმატებასთან ერთად, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგია.
DB 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ახალი ზელანდია
2. სინგაპური
3. დანია
4. კორეა
5. ჰონგ-კონგი, ჩინეთი
6. ამერიკის შეერთებული შტატები
7. დიდი ბრიტანეთი
8. ნორვეგია
9. საქართველო
10. შვედეთი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია შემდეგ 5 ინდიკატორში:
• ბიზნესის დაწყება – მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი);
• ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი);
• მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი);
• კონტრაქტების აღსრულება – მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი);
2013 წლის ანგარიშით, საქართველო მე-9 ადგილს იკავებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან Doing Business-მა შეცვალა მეთოდოლოგია (პროცედურების სიმარტივისა და სისწრაფის მაჩვენებელთან ერთად, მეთოდოლოგიას დაემატა ასევე, ხარისხობრივი მაჩვენებელიც) და მოახდინა წინა წლების შედეგების გადაანგარიშება. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2013 წელს დაკავებული მე-9 ადგილი გაუტოლდა 23-ე ადგილს. შესაბამისად, 2013 წლის ანგარიშთან შედარებით, წელს ჩვენ 14 ადგილით დავწინაურდით.
2018 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგია:
• ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების ინდიკატორი – რეფორმით შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური და პროცედურების რაოდენობა.
• მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის ინდიკატორი – მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით, 2017 წლის მაისში, ცვლილებები შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებში. ასევე, 2016 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელმაც, ასევე დადებითად იმოქმედა ზემოაღნიშნულ ინდიკატორზე. ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად არის დაცული მცირე აქციონერთა უფლებები. მათ გააჩნიათ მეტი ხელმისაწვდომობა კომპანიის შიდა დოკუმენტებთან, მენეჯერების ანაზღაურებასთან. დაიხვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა აუდიტის კომიტეტთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეგულაციები.
• გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის ინდიკატორი – 2017 წლის მაისში ცვლილება განხორციელდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც მოვალის, ასევე კრედიტორ(ებ)ის უფლებების დაცვა. ცვლილებებით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია, განცხადების შეტანა მოვალის გადახდისუუნარობაზე, ხოლო მოვალეს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ასევე რეაბილიტაციაც. ცვლილებებით დარეგულირდა, აგრეთვე, კრედიტორთა მიერ მოვალის ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვისა და მოვალისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულებების შეუწყვეტლობის საკითხები.
• რაც შეეხება ბიზნესის დაწყების ინდიკატორს – აქამდე დუინგ ბიზნესის გუნდი ცალკე სავალდებულო პროცედურად ითვლიდა საბანკო ანგარიშის გახსნასა და სარეგისტრაციო თანხის გადახდას; რეფორმის შედეგად სარეგისტრაციო თანხის გადახდა და განაცხადის ჩაბარება ერთ ფანჯარასთან ხდება, ხოლო დუინგ ბიზნესის გუნდთან ჩატარებული განმარტებითი სამუშაოს შედეგად გუნდი დარწმუნდა, რომ საბანკო ანგარიშის გახსნა არ არის ცალკე სავალდებულო პროცედურა, რადგან ბიზნესის რეგისტრაციისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, დუინგ ბიზნესის გუნდმა აღიარა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციას ჭირდება სულ 2 პროცედურა (კომპანიის რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია);
• კონტრაქტების აღსრულებასთან დაკავშირებით, DB-ის გუნდმა 2018 წლის ანგარიშში ჩაგვითვალა მიწოდებული ინფორმაცია აღსრულების წინასწარ საფასურთან დაკავშირებით, რომელიც არის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%, ნაცვლად DB 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებული აღსასრულებელი მოთხოვნის 6,9%-ისა.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს და აცხადებს: „საქართველომ ძალიან წარმატებულად იმუშავა. ის არის ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენ ბიზნესის წარმოების აღრიცხვა დავიწყეთ 15 წლის წინ. მსოფლიო ბანკი მონიტორინგს უწევს 196 ქვეყანას. საქართველოს აქვს დიდი რაოდენობით რეფორმები გატარებული. მას მოჰყვება ყაზახეთი. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ბიზნესის წარმოების სფეროში. ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა, ამ მძიმე სამუშაოების განხორციელების შემდეგ. არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის, რომ ის შევიდა მსოფლიოში ქვეყნების პირველ ათეულში ბიზნესის წარმოების საქმეში”. მისი თქმით, საქართველოს მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეფასებით, საქართველო ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა.
„როცა საქართველო არის პირველ ათეულში, ეს არის ძალიან კარგი გარემოება ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ეს აჩვენებს ინვესტორებს, რომ საქართველო ახორციელებს რეფორმებს. ისინი დაინახავენ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ ის აძლიერებს თავის ეკონომიკას და დამატებითი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას, გაზრდის სამუშაო ადგილებს. ამიტომ ეს არის ფაქტობრივად საჩუქარი, უდიდესი მიღწევა, რომელიც წაადგება ქვეყანას და საქართველო უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით”, – აცხადებს მერსი ტემბონი.
საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორს შეფასებით, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმები განსაკუთრებით სასაზღვრო ვაჭრობის კრიტერიუმთან დაკავშირებით: „ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის სასაზღვრო ვაჭრობის კრიტერიუმში საქართველოსთვის. ამ კუთხით ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ბანკთან და ხელს შევუწყობთ საქართველოს მოსახლეობას, რომ გაუმჯობესდეს ეს პერამეტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზანსწრაფულობა რომელიც გამოამჟღავნა ქვეყნის მთავრობამ ამ წლების განმავლობაში, საშუალებას გვაძლევს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველო ამ პარამეტრსაც გააუმჯობესებს” .
საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის თქმით, ბიზნესის წარმოების სიმარტივის შეფასებას მსოფლიო ბანკი ყოველ წელს ახორციელებს. საქართველო რეფორმების შედეგად წარმატებას მომდევნო წლებშიც მიაღწევს: „რეფორმების შედეგების დანახვას გარკვეული დრო სჭირდება და, დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში ჩვენ ამას დავინახავთ”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან დაწინაურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წარმატებასთან ერთად, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგია: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, ახალი წარმოებების შექმნისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს“.
პრემიერ-მინისტრმა მოკლედ ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციას განაპირობებს. მათ შორისაა, ექსპორტის ზრდა 28.5%-ით; ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და საქართველოში 6.5 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა; გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა.
„ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4,7%-ს. არის მართლაც ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ აისახება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ტენდენცია ჯანსაღია და არსებობს ყველა წინაპირობა, მომავალ წელს, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დაგეგმილია უამრავი პროექტი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს; მომავალ წელს, შარშანდელთან შედარებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა თითქმის გაორმაგდება და ეს ყველაფერი აისახება კერძო სექტორზე, მეწარმეობაზე, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გაუმჯობესებული ქულების მქონე ინდიკატორებია:
• ბიზნესის დაწყება – 97.84 (შედეგი გაუმჯობესდა 0.01-ით)
• მშენებლობის ნებართვის მიღება – 77.57 შედეგი გაუმჯობესდა 0.02-ით)
• ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55-ით)
• მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00-ით)
• გადასახადების გადახდა – 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04-ით)
• გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57-ით)
საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით.

back to top