Menu
RSS

ბიუჯეტის დამტკიცების რა მავნე პრაქტიკა დამკვიდრდა ქვეყანაში და რას უნდა დავაკვირდეთ საბიუჯეტო ცვლილებების დროს?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 2017 წლის 12 ნოემბერს გაიმართება. ცესკო-ს დადგენილებით, ჯამში, არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ,,ვერსიაში'' უკვე ვწერდით, რომ თბილისის ახალი მერი კახა კალაძე, მოვალეობის შესრულებას სავარაუდოდ, 20 ნოემბრიდან შეუდგება. საბიუჯეტო კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტი 15 ნოემბერს უნდა გადაიგზავნოს. კალაძეს გაუმართლა და პირველივე ტურში გაიმარჯვა. მართალია, ბიუჯეტის დამტკიცების ვადები დაირღვევა, მაგრამ რეალურად, პრობლემა არც ესაა _ ნარმანიას გუნდმა ახალ, 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დიდი ხნით ადრე დაიწყო. კალაძეს კი დოკუმენტში მხოლოდ საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ჩამატება მოუწევს. გაცილებით რთული ვითარებაა მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, სადაც არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ ახლადარჩეული მერები და გამგებლები მოვალეობის შესრულებას დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ შეუდგებიან. დაირღვევა თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების ვადები საქართველოს მუნიციპალიტეტებში? ,,ვერსიას'' მოძრაობა ,,შენების'' ერთ-ერთი ლიდერი, თენგიზ შერგელაშვილი ესაუბრება:
 
_ საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, როცა საბიუჯეტო პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო ციკლი ერთმანეთს ემთხვევა. ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო არც შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენის ვადებს დაემთხვა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, კანონით, მომდევნო წლის ბიუჯეტი, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 25 დღით ადრე უნდა დამტკიცდეს. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობაა, რადგან რეალურად, დეკემბრის მესამე დეკადამდე ანუ იქამდე, ვიდრე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტს არ დაამტკიცებენ, არცერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ მტკიცდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პირველ და გნებავთ, მეორე ტურში არჩეული მერები მოვალეობის შესრულებას ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ შეუდგნენ, მაგრამ ეს არსებით პრობლემებს არ გამოიწვევს.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ბიუჯეტის დამტკიცების მავნე პრაქტიკა დამკვიდრდა, რადგან ძირითად ფინანსურ დოკუმენტში, წელიწადში, საშუალოდ, 8-10 ცვლილება შედის. ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივ ბიუჯეტებსაც. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ფორმალურად, საბიუჯეტო ვადების დაცვით დაამტკიცონ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები, მაგრამ იანვარსა და თებერვალში ცვლილებები შეიტანონ, თანაც შესაძლოა, ეს პროცესი რამდენჯერმე განმეორდეს კიდეც. ბიუჯეტის ვადების დაცვით დამტკიცებაზე მნიშვნელოვანია, როგორ და რა ფორმით აისახება ადგილობრივ ბიუჯეტებში ის დაპირებები, რასაც კანდიდატები ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდნენ. ფაქტია, რომ ,,პირველად'' ანუ ვადების დაცვით დამტკიცებულ ბიუჯეტებში ეს დაპირებები არ იქნება. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, საბიუჯეტო ცვლილებების დროს დავაკვირდეთ, შეასრულებენ თუ არა გამარჯვებული კანდიდატები წინასაარჩევნო დაპირებებს.
_ რა გარანტიაა, რომ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად ხელისუფლების კანდიდატები გაიმარჯვებენ, მით უმეტეს, რომ თიანეთის პრეცედენტი უკვე გვაქვს. სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა რომ გაიმარჯვოს, არ გაუჭირდება არსებულ და თუნდაც ფორმალურად დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა?
_ ასეთ შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის სასწრაფო რეჟიმში გადაკეთება მოუწევთ და ამის შემდეგ, საკრებულო ან დაამტკიცებს, ან _ არა, გააჩნია, მასში რა პოლიტიკური კონფიგურაცია იქნება. ეს პროცედურები კანონით გაწერილია და ამ საკითხს ანუ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის გამარჯვებას, როგორც ქვეყნის დაქცევას, ისე არ უნდა ვუყურებდეთ. ევროპის ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მერები ჰყავს, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
_ რა მოხდება, თუ სხვადასხვა საკრებულოები ბიუჯეტს ახალი წლის დაწყებამდე ვერ დაამტკიცებენ, უკვე დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ გაგრძელდება?
_ ასეთ შემთხვევაში, კანონით გაწერილია, რომ წლის ბოლოს, ამ შემთხვევაში დეკემბერში, წინა წლის ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში გაწერილი თანხის 1/12-ს დახარჯავენ. თუ მომდევნო წლის ბიუჯეტი, მარტის ჩათვლით ვერ დამტკიცდა, საკრებულოცა და გამგეობაც დაიშლება და განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. ახლა 2018 წლის ბიუჯეტი მტკიცდება, შესაბამისად, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ყველაფერი განსაზღვრული და დამტკიცებულია. როგორც გითხარით, 2018 წლის 1 იანვრამდე ბიუჯეტის დამტკიცებას ნებისმიერ შემთხვევაში მოასწრებენ. საბიუჯეტო ვადების დარღვევის დროს, ერთადერთი პრობლემა შეიქმნება _ თუ ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდება და პირობითად, 2018 წელს, რომელიმე მუხლის მიხედვით, მეტი თანხის დახარჯვაა დაგეგმილი, სწორედ ამას ანუ მეტი ფულის ხარჯვას ვერ შეძლებენ, რადგან წინა წლის ბიუჯეტის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული თანხის 1/12-ზე მეტს ვერ დახარჯავენ.
_ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რა ვითარება იყო ამ მხრივ?
_ მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის არჩევნების დროს, მეორე ტური იმაზე მეტ მუნიციპალიტეტში დაინიშნა, ვიდრე წელს, პრობლემა მაინც არ ყოფილა. 2014 წელს, 7 მუნიციპალიტეტი გაიყო, მაგრამ ჩვენ წინასწარ გვქონდა მიღებული მთავრობის დადგენილება ბიუჯეტების გაყოფის შესახებ. ამ დადგენილების შესაბამისად, ყველა საჭირო ტექნიკური პროცედურა დეტალებში იყო გაწერილი და 7 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, 14 მუნიციპალიტეტზე უმტკივნეულოდ გაიყო. მართალია, ახლა ისევ გაერთიანდა, მაგრამ ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე გაყოფა.
_ ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსების მიხედვით, რა შეღავათი მივიღეთ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით?
_ არავითარი! მეტიც, მუნიციპალიტეტების გაერთიანება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო, რამაც საქართველოს განვითარებას ზიანი მიაყენა! ეს იყო პიროვნულ კაპრიზზე დაფუძნებული ნაბიჯი, რომელსაც საერთო არ ჰქონდა არც თვითმმართველობასთან და არც ქვეყნის განვითარებასთან. თუ დღეს თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, ამ გაერთიანების შედეგად, 15 წელიწადში, ქვეყნის მოსახლეობის 60% იცხოვრებს, თუ 2014 წელს დაწყებული რეფორმა არ გავაგრძელეთ. ვინც თვითმმართველობის კოდექსსა და მუნიციპალიტეტების ისევ გაერთიანებას ხელი მოაწერა, თავის დროზე, ყველას მოეკითხება, როგორც პოლიტიკურად, ასევე _ ადამიანურად!
მაია მიშელაძე

back to top