Menu
RSS

შეუნარჩუნდება თუ არა ცირკს პროფილი?

თბილისის ცირკი იყიდება. მედიაში ეს ინფორმაცია საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია ჩოლლიერს International Georgia-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ბროკერმა, გიორგი შუკაკიძემ ,,ვერსიას'' კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუდასტურა და განუცხადა, რომ თბილისის ცირკი 18 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. მეტიც, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ცირკის გარდა, ეს კომპანია საიუველირო ქარხანა ,,ზარაფხანასა'' და პრეზიდენტის კრწანისის რეზიდენციასაც ყიდის.
საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისის ცირკის ისტორიული ნაგებობა, მისი მრავალფუნქციური განვითარების პოტენციით იყიდება. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურ მყიდველს, რომელსაც თბილისის ცირკში საწყის ფასს _ 18 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობენ, შეუძლია ეს შენობა ოფისებისთვის, სასტუმროსთვის, ან საკონცერტო დარბაზისთვის გამოიყენოს.
,,იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილმა საბჭოთა არქიტექტორმა, ნიკოლაი ნაპრინცევმა 1939 წელს ააშენა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი 21 014 კვ.მ-ია. თბილისის ცირკის შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქტივზე არსებობს ბიზნესგეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად. თბილისის სამი, ყველაზე აქტიური და პოპულარული უბანი _ ვაკე, ვერა (მთაწმინდა) და საბურთალო, სწორედ ამ ადგილას ხვდება ერთმანეთს. შენობას აქვს თვალისმომჭრელი პანორამული ხედი თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, მათ შორის, ქალაქის ისტორიულ ნაწილზე, მთაწმინდასა და მტკვარზე''.
საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის ბროკერმა, გიორგი შუკაკიძემ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ თბილისის ცირკთან დაკავშირებით, რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორებისგან უკვე მიიღეს. თუმცა ამ ეტაპზე, დეტალების დაკონკრეტებისგან შუკაკიძე თავს იკავებს. ,,ვერსიის'' კითხვაზე, შეუნარჩუნებს თუ არა პოტენციური მყიდველი თბილისის ცირკს პროფილს, გიორგი შუკაკიძემ გვიპასუხა, რომ ამას ინვესტორი გადაწყვეტს.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისის ცირკის მფლობელი სააქციო საზოგადოება ,,თბილისის ცირკია''. 2003 წელს, თბილისის ცირკი ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა და შენობა კაპიტალურად შეაკეთა. მისი ინიციატივით, თბილისის ცირკს ძირითადი პროფილი შეუნარჩუნდა, რის გამოც ისევ ბავშვებისა და მოზარდების საყვარელ ადგილად იქცა. 2007 წლიდან, თბილისის ცირკი დროებით დაიხურა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ბიძინა ივანიშვილმა გარდაცვლილილი ბიზნესმენის ოჯახს, სააკაშვილის მიერ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა. ამ პერიოდში, თბილისის ცირკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაიწყეს და სულ მალე, ბიზნესმენის ოჯახმა ცირკი ისევ გახსნა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ს/ს ,,თბილისის ცირკის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის და, ნანა პატარკაციშვილია. საბჭოს წევრები არიან ალექსანდრე ამაშუკელი და ოთარ დაბრუნდაშვილი, ხოლო დირექტორი _ დემურ ლორია. ,,ვერსიასთან'' საუბრისას, დემურ ლორიამ აღნიშნა, რომ თბილისის ცირკის გაყიდვის დეტალები არ იცის, რადგან დაქირავებული დირექტორია, გადაწყვეტილება კი მფლობელმა ანუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნანა პატარკაციშვილმა მიიღო: ,,ვფიქრობ, ხელშეკრულებაში, რომელიც სამომავლოდ ინვესტორსა და მფლობელს შორის გაფორმდება, აუცილებლად ჩაიდება მუხლი, რომ თბილისის ცირკის პროფილი შენარჩუნდეს. თავის დროზე, როდესაც ეს შენობა გარდაცვლილმა ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა, ყველაფერი გააკეთა, რათა ბავშვებს მათი საყვარელი ადგილი არ დაეკარგათ. წლების მანძილზე, ეს ოჯახი თბილისის ცირკზე ზრუნავდა და ვფიქრობ, ახლაც ასე იქნება. მართალია იყიდება, მაგრამ სავარაუდოდ, პროფილი შენარჩუნდება, შესაძლოა, ასეთი სურვილი იმ ინვესტორსაც ჰქონდეს, რომელიც ამ შენობას იყიდის''.
,,ცირკის მოღვაწეთა კავშირის'' თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ თავაძემ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ პატარკაციშვილების ოჯახმა თბილისის ცირკის გაყიდვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ სცადა:
,,ინვესტორიც შერჩეული იყო, ებრაელი ბიზნესმენი, რომელიც აქ სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. ვინაიდან გაყიდვა გადაწყდა, თბილისის ცირკში დასაქმებული მსახიობები, თითქმის მთელი დასი სამსახურიდან გაგვათავისუფლეს. მოგვიანებით, ოჯახმა ცირკის გაყიდვა გადაიფიქრა, მაგრამ დასი აღარ დააბრუნეს. არადა, ცირკი ბავშვების გასართობი და საყვარელი ადგილია. ბევრ ქვეყანას საკუთარი ცირკი არ აქვს, ეს ფუფუნებაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს და ვაუქმებთ? ახლა ისევ იყიდება ცირკი, ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად მაქვს, მაგრამ საკითხავია, შეუნარჩუნდება თუ არა მთავარი ფუნქცია? ნებისმიერ შემთხვევაში, ,,ცირკის მოღვაწეთა კავშირი'' პარლამენტს, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას მივმართავთ, რომ დედაქალაქში თბილისის ცირკი აუცილებლად იყოს. მართალია, გაყიდის თუ არა შენობას, ეს მისი მფლობელის გადასაწყვეტია, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, შეინარჩუნებს თუ არა ცირკს!''
თბილისის ცირკის გარდა, საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია ჩოლლიერს International Georgia, საიუველირო ქარხანა ,,ზარაფხანასა'' და პრეზიდენტის კრწანისის რეზიდენციასაც ყიდის. სავარაუდოდ, ორივე ობიექტი დეველოპერული მიზნისთვის იყიდება, რაც ნიშნავს, რომ პოტენციურმა ინვესტორებმა ორივე ობიექტი საცხოვრებელი ან საოფისე ფართების ასაშენებლად უნდა გამოიყენონ. საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის მმართველმა დირექტორმა, ირაკლი კილაურაძემ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ,,ზარაფხანას'' შემთხვევაში _ 1 კვ.მ. ფართის ფასი 500 აშშ დოლარი, ხოლო პრეზიდენტის კრწანისის რეზიდენციის შემთხვევაში _ 1 კვ.მ. ფართის ფასი 120-150 აშშ დოლარია. კომპანიის ვებ-გვერდზე ორივე ობიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული, რომლითაც ირკვევა, რომ საიუველირო ქარხნის საწყისი ფასი 1 მილიონი აშშ დოლარია, რადგან ჯამში 2 000 კვ.მ ფართი იყიდება. თუმცა 1 მილიონის გარდა, ინვესტორს კიდევ 3 800 000 აშშ დოლარის გადახდაც მოუწევს, რაც ჯამში 4 800 000 აშშ დოლარია: ,,სახელმწიფოსგან საკუთრების გამოსყიდვისთვის საჭიროა 2 100 000 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის, დაგროვილ გადასახადებსა და ჯარიმებში; 1 700 000 აშშ დოლარი ინვესტორმა 2019 წლის მესამე კვარტლამდე უნდა გადაიხადოს, გადახდები კი კვარტალურად უნდა განახორციელოს. ობიექტი მდებარეობს დიღმის მასივში, სადაც განლაგებულია საავადმყოფოები და კლინიკები. ,,ზარაფხანას'' უპირატესობა ისაა, რომ ეს ობიექტი ახლოსაა სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“, რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, სარეკრეაციო პარკსა და ჩოგბურთის მოედნებთან''.
რაც შეეხება კრწანისის რეზიდენციას, ირკვევა, რომ ობიექტი ორ ძირითად მიწის ნაკვეთადაა გაყოფილი, ერთი _ 12.5 ჰექტარი, ხოლო მეორე _ 18 ჰექტარია, საერთო სამშენებლო პოტენციალი 562 000 კვ.მ-ია. თუ 562 000-ს პირობითად, 150-ზე გადავამრავლებთ, გამოდის, რომ ამ ობიექტის საწყისი ფასი 84 300 000 აშშ დოლარია: ,,ობიექტი მდებარეობს კრწანისის ქუჩა #49-ში, შემაღლებულ ადგილზე და გადაჰყურებს თბილისს. მიწის ნაკვეთები თავისუფლების მოედნიდან 5 წუთის სავალ მანძილზეა, ხოლო საცხოვრებელი და კომერციული ტერიტორია მისგან სამხრეთით მდებარეობს. ობიექტის უპირატესობას იდეალური ბუნებრივი გარემო წარმოადგენს, მათ შორის, პატარა ხევი, უმშვენიერესი ტბა და გამწვანებული ტერიტორია. ტერიტორია ადვილად მისადგომია, როგორც ქალაქის ცენტრიდან, ასევე _ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან''.
მაია მიშელაძე

back to top