Menu
RSS

ჩაქვის სასტუმროში 1 ღამეში გადახდილი 704 ლარი, გაბერილი პრემია-დანამატები, სამივლინებო ხარჯები და არასწორად ჩატარებული ტენდერები დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეამოწმა. აუდიტის პერიოდი 2016 წელს მოიცავდა. დაუსაბუთებელი პრემია-დანამატები, მივლინებებსა და სარესტორნე მომსახურებაში დახარჯული სახელმწიფო სახსრები, დარღვევებით ჩატარებული ელექტრონული ტენდერები _ ეს დარღვევები არც მეტი, არც ნაკლები, დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში აღმოჩნდა. არადა, აუდიტორული შეცდომები სწორედ ფინანსთა სამინისტროში არ უნდა აღმოჩენილიყო. შემოსავლების სამსახური, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, გამოცდილი და პროფესიონალი აუდიტორებითაა დაკომპლექტებული. მართალია, სამინისტროში აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხს ეს სსიპ-ი არ აგებს, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, სამინისტროს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს ფინანსური დოკუმენტების მომზადებისას, კონსულტაციები შემოსავლების სამსახურში გაევლოთ...


გაბერილი პრემიები და დანამატები
 
დაუჯერებელი ფაქტია, მაგრამ გაბერილი პრემიები და დანამატები, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმ უწყებაში აღმოჩნდა, რომლის პირდაპირი ფუნქცია სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენაა. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წელს, გამონაკლისის სახით, აპარატის 40-მა თანამშრომელმა მიიღო პრემია ზღვრული ოდენობის ზევით. თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირის შუამდგომლობაში მითითებული არ ყოფილა, რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრემია დადგენილი ნორმის ზევით გაცემულიყო. კერძოდ, 2016 წლის განმავლობაში, პრემია სამმა დამხმარე მოსამსახურემ _ თითოეულმა 17-ჯერ მიიღო, 21-მა დამხმარე მოსამსახურემ _ თითოეულმა 16-ჯერ, ორმა დამხმარე მოსამსახურემ _ თითოეულმა 15-ჯერ, ხოლო ერთმა თანამშრომელმა _ რვაჯერ. წლის განმავლობაში, 19 თანამშრომელზე გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე, თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობას აჭარბებდა, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს 107 შემთხვევაში აღემატებოდა.
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: ,,ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის #20 ბრძანებით, აპარატის 220 თანამშრომელს დანიშნული ჰქონდა დანამატი. ბრძანებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს დამატებით ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის ყოველწლიურად, შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში. წლის განმავლობაში, დანამატების სახით გაწეული ფაქტობრივი ხარჯი 2 306 100 ლარი იყო, აქედან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, მხოლოდ 176 100 ლარი გაიცა. თუმცა არც ბრძანებით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით, პერსონალზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ფუნქციები დაკონკრეტებული არ ყოფილა. აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი დოკუმენტაციით (სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის აღრიცხვის გაანგარიშების ტაბელები), არ დასტურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება იმ მოხელეთა მხრიდან, რომლებზეც 2016 წელს პრემიები გაიცემოდა''.
მივლინებები და რესტორნები სახელმწიფოს ხარჯზე
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის განმავლობაში, სამინისტრომ თანამშრომელთა მივლინებაზე 305 545 ლარი დახარჯა, მათ შორის, 15 270 ლარი _ ქვეყნის შიგნით, ხოლო 290 275 ლარი _ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საზღვარგარეთ მივლინებების დროს, ავიაბილეთების შესაძენად 87 338 ლარი გამოყვეს, რომელიც შპს ,,თრეველინს“ ბილეთების შესაძენად გადაუხადეს:
,,უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, თანამშრომელთა მივლინებებისთვის ავიაბილეთების შესასყიდად, ბაზრის მოკვლევა არ მიმდინარეობდა, რადგან თითოეული თანამშრომელი, რომელიც მივლინებაში უნდა გამგზავრებულიყო, თავად არჩევდა, სად შეეძინა ავიაბილეთი. შესაბამისად, აპარატს არ გააჩნდა ინფორმაცია, რამდენად რაციონალურად ხორციელდებოდა ავიაბილეთების შესაძენად საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა, რაც კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს''.
ქვეყნის შიგნით მივლინებებისას, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას, ზოგიერთ შემთხვევაში, საკმაოდ ძვირი თანხაა გადახდილი. მაგალითად, 2016 წლის 30 ივლისს, დაბა ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ განთავსების 1 დღის ღირებულებამ 704 ლარი შეადგინა (?!), რაც აღემატება არა მხოლოდ საქართველოში არსებულ საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და ლუქსემბურგში საცხოვრებელი ფართების დაქირავების ხარჯებსაც კი! მეტიც, 2016 წლის 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში'', ერთი დღე-ღამით განთავსების ღირებულება 649 ლარი იყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო კლასის სასტუმროს ღირებულებას. სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები და კონტროლის სისუსტე უწყების მიერ, სარესტორნე მომსახურების შეძენის დროსაც აღმოაჩინეს:
,,მაგალითად, შესაბამის ბრძანებებში არ იყო მითითებული სტუმრების რაოდენობა, ღონისძიების ჩატარების ადგილი, დრო და სავარაუდო ხარჯები. მოხსენებით ბარათებში არ იყო დაკონკრეტებული ღონისძიებაში მონაწილე პირთა ვინაობა, ხოლო ორ შემთხვევაში საერთოდ არ იყო მითითებული, რამდენ კაცზე უნდა გამართულიყო ღონისძიება (სადილი). სარესტორნო მომსახურების გაწევისას, უწყებამ მიღება-ჩაბარების აქტები და ,,ჩეკ-მენიუები'' ვერ წარმოადგინა, ამიტომ ღონისძიებაში მონაწილე პირთა რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ზოგ შემთხვევაში, სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ხარჯები. მაგალითად, 2016 წლის 25 აგვისტოს, რესტორან „კოპალაში“, 14 პერსონის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე, სამინისტრომ 2 397 ლარი ანუ 1 პერსონაზე _ 171 ლარი დახარჯა; 2016 წლის 5 დეკემბერს, სამინისტროს აპარატმა რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართულ საქმიან ვახშამზე, 1 პერსონაზე _ 188 ლარი, ხოლო ჯამში 25 პერსონაზე _ 4 689 ლარი გადაიხადა. არადა, იგივე რესტორანში, ამავე უწყების საგამოძიებო სამსახურმა, იტალიელი სტუმრებისთვის გამართულ ვახშამზე, 1 პერსონაზე _ 75 ლარი, ჯამში 8 პერსონაზე _ 600 ლარი გადაიხადა; 2016 წლის 8 დეკემბერს, რესტორან ,,ვინოტელში“, 20 პერსონის მისაღებად, 3 259 ლარი გადაიხადეს ანუ 1 პერსონაზე _ 163 ლარი. იგივე რესტორანში კი 19 დეკემბრის ვახშმის ღირებულება 1 485 ლარი ანუ 1 პერსონაზე _ 99 ლარი დაჯდა!''
დარღვევები ტენდერებში
აუდიტის დროს, დარღვევები აღმოჩნდა ელექტრონულ ტენდერებშიც. სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სავარაუდო სატენდერო ღირებულებები ბევრად აღემატებოდა შესაბამისი სამუშაოს/საქონლის/მომსახურების საბაზრო ღირებულებებს. მაგალითად, ერთი კომპლექტი ქსელური სისტემის (თანმდევი მომსახურებითა და ინსტალაციით) შესყიდვის მიზნით, 2016 წლის 3 ივნისს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 27 200 ლარი იყო, სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. 20 000 ლარით, შპს „აიტინეომ“ გაიმარჯვა, რომელთანაც 2016 წლის 30 ივნისს, #159 ხელშეკრულება გაფორმდა. ფასთწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად, შპს „აიტინეომ'' სახელმწიფო აუდიტორებს, შპს „კა ელ ჯი +“-ის 2016 წლის 20 ივნისის ინვოისი წარუდგინა, რომლითაც გაირკვა, რომ მისაწოდებელი საქონლის ღირებულება (თანმდევი მომსახურებითა და ინსტალაციით) 20 000 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 15 300 ლარი დაჯდა.
63-წამიანი სარეკლამო რგოლის სამ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო არხზე განთავსების მიზნით, რომელიც საგადასახადო რეფორმას ეხებოდა, 2016 წლის 15 ივნისს, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 95 000 ლარი იყო. ტენდერში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა, მათ შორის საუკეთესო ფასი _ 69 800 ლარი (73.5%) შპს „ბეთერ ფლაიმ“ დააფიქსირა და 2016 წლის 15 ივლისს, მასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის იმავე დღის #90454 მოხსენებითი ბარათისა და ხელშეკრულების #164/1 შეთანხმებით, სარეკლამო კლიპის ქრონომეტრაჟი 63 წამიდან, 54 წამამდე შეამცირეს, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულებად 63 000 ლარი დააფიქსირეს. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2''-ს სარეკლამო რგოლების განსათავსებლად _ 41 200 ლარი, „იმედს“ _ 16 200 ლარი, ხოლო „მაესტროს“ _ 2 600 ლარი, მათი რეიტინგების შესაბამისად გადაუხადეს.
2016 წლის 11 აგვისტოს, საგამოძიებო სამსახურისთვის ფეხსაცმლის შესაძენად, გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 36 000 ლარი იყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შემსყიდველმა 120 წყვილი ზაფხულის მაღალყელიანი ფეხსაცმლის მიწოდება მოითხოვა. ტენდერში შპს „კოზტრანსმა“ საწყისი თანხით _ 36 000 ლარით გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ ერთი ერთეული ფეხსაცმლის ღირებულება 300 ლარი ჯდებოდა! მართალია, ექსპერტიზის დასკვნით, შპს „კოზტრანსმა“ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ წარდგენილი საქონლის ნიმუში სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს შეესაბამებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება მაინც გააფორმა!
მაია მიშელაძე

back to top