Menu
RSS

ტურისტულად აქტიურ ადგილებში, ინვესტორებს სასტუმროების ასაშენებლად, სახელმწიფო უძრავ ქონებას გადასცემს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში'' აცხადებენ, რომ ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შემდეგ, ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. ამ მიზნით, ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო'' ინვესტორებს მიმზიდველ პროექტს სთავაზობს _ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. პროექტის ფარგლებში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში, სასტუმრო-ინფასტრუქტურის მოსაწყობად, ინვესტორებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას შესთავაზებს. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ'', მიმდინარე ელექტრონული აუქციონები უკვე გამოაცხადა. გასაყიდი ქონება ტურისტულად პოპულარულ ადგილებში, მათ შორის, თბილისში _ უზნაძის ქუჩაზე, ციხისძირში, ყვარელსა და სურამშია განთავსებული. პროექტის დეტალებზე ,,ვერსიას'' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურის უფროსი, სოფო ჭელიძე ესაუბრება:
_ სოფო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ინვესტორი, რომ სასტუმროს ასაშენებლად, სახელმწიფო ქონება მიიღოს?
 
_ განსაკუთრებული პირობები არ არსებობს. მხოლოდ იმ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც _ მხარე, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. ამ ნაწილში არავითარი შეზღუდვა და პირიქით _ არც პრეფერენციული რეჟიმი გვაქვს. სასტუმროს პროექტი შეღავათიან პირობებს არ გულისხმობს, ესაა ერთიანი შეთავაზება, რადგან მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენთან მოდიოდნენ ინვესტორები და სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ქონების მოძიებაში დახმარებას გვთხოვდნენ. ვინაიდან ტურიზმის ნაწილში კარგი, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, გადავწყვიტეთ, ყველაფერი სისტემურად გაგვეკეთებინა. თავად მოვიძიეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ისეთი ქონება, როგორებიცაა ყოფილი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები საკურორტო ადგილებში, ან ისეთ ლოკაციებში, სადაც ადრე ტურისტული ინფრასტრუქტურა არ იყო, მაგრამ, ვფიქრობთ, შესაძლებელია, ამ მხრივ განვითარდეს. ასე გაჩნდა პროექტი ,,50 ქონება შენი სასტუმროსთვის'', რომელიც 2016 წლიდან დაიწყო. ობიექტები პრივატიზებისთვის მოვამზადეთ და ნაწილი, ანუ ექვსი, უკვე გაიყიდა კიდეც, ექვსიც ახლაა გამოტანილი მიმდინარე აუქციონზე. იმედი გვაქვს, წარმატებით დასრულდება, რადგან ინვესტორები საკმაოდ მაღალ ინტერესს იჩენენ, აქტიურად რეკავენ ქოლ-ცენტრში, გვიკავშირდებიან, ადგილზე ნახულობენ ქონებას და ვფიქრობთ, აუქციონი წარმატებით დასრულდება.
_ ცნობილია, რომ 2016 წლიდან დღემდე, 26 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა. კონკრეტულად, სად, რა ტიპის ქონებაზეა საუბარი და ვინ არიან ინვესტორები?
_ დიახ, შედარებით მსხვილი ლოტები იყო, მათგან სამი _ თბილისში, სამი _ რეგიონებში. ინფორმაცია საჯაროა და დეტალურად გაგაცნობთ:
თბილისში, გორგასლის შესახვევის #5-ში განთავსებული ქონება ანუ ავტოფარეხების ყოფილი ტერიტორია შპს ,,სისტემ ნეტმა'' შეიძინა და სასტუმროს განათავსებს; აღმაშენებლის გამზირზე, #44-ში მდებარე შენობაში, სასტუმროს შპს ,,ნევადა'' მოაწყობს; ახვლედიანის ქუჩა #22-ში მდებარე შენობაში კი სასტუმროს შპს ,,ბეტა ჯგუფი'' ააშენებს; ონში, სოფელ უწერაში, ყოფილი მეტყევის სახლი ბადრი ჯაფარიძემ შეიძინა; ქალაქ ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე, პირველი შესახვევის #11-ში მდებარე შენობა _ ბექა ბარსონიძემ; ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში ქონება კი შპს ,,ბლექ სი რიზორთმა''. ამ კომპანიამ აუქციონზე 14 მილიონ ლარად შეიძინა ქონება, მაგრამ სასტუმროს ასაშენებლად, 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
_ ინვესტორი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, თუ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახელმწიფო ქონების შეძენა?
_ ამ მხრივ შეზღუდვა არ არის, რადგან პროექტის ფარგლებში, არასასოფლო-სამეურნეო მიწებს ვყიდით. რაც შეეხება ინვესტორებს, ძირითად შემთხვევაში, აუქციონებში საქართველოში დაფუძნებული კომპანიები მონაწილეობენ, თუმცა ჩვენი პირობები იმის საშუალებას იძლევა, რომ ინვესტირება და ნებისმიერი სახის ოპერირება, უშუალოდ, მესამე პირის საშუალებით განხორციელდეს. შესაბამისად, ვინ იქნება ეს მესამე პირი, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კომპანიას საშუალება აქვს, უცხოური კომპანია, ინვესტორი, ან ცნობილი ბრენდი შემოიყვანოს. როგორ განახორციელებენ კომპანიები სასტუმროების ოპერირებას, წინასწარ ჩვენთვის ცნობილი არ არის და ამაში არც ვერევით.
_ პროექტის სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ 50 ქონებას სახელმწიფო სასტუმროების ასაშენებლად გადასცემს ინვესტორებს, მაგრამ შესაძლებელია, სასტუმროს ნაცვლად, სხვა ობიექტი ააშენონ?
_ არა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პრივატიზების ფორმად არჩეული გვაქვს აუქციონი _ პირობით. საქართველოს კანონმდებლობა პირობიანი აუქციონის დროს, წინასწარ გაცხადებულ პირობებში ცვლილებების შეტანას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ის მინიმალური პირობები, რასაც სასტუმროს მოწყობა გულისხმობს, აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. სასტუმროს მოწყობის შემდეგ, თუ დარჩება ტერიტორია, რომელიც შესაძლოა, სხვა დანიშნულებით განვითარდეს და ინვესტორსაც ამის სურვილი ექნება, ცხადია, შეზღუდული არ იქნება და ამაში ხელს არ შევუშლით.
_ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, ტურისტულად პოპულარულ ადგილებად თბილისში _ უზნაძის ქუჩა, ციხისძირი, ყვარელი და სურამია შერჩეული. აუქციონები უკვე გამოცხადებულია, მაგრამ რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს ლოკაციები, განსაკუთრებით უზნაძის ქუჩა თბილისში?
_ თბილისში მსხვილი ობიექტები აღარ დაგვრჩა, სულ რამდენიმე ლოტია გასასხვისებელი. შესაბამისად, ის ქონება, რაც განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებშია დარჩენილი, ვცდილობთ, სასტუმროს მოწყობის მიზნით, განვკარგოთ. თუმცა ერთია, ჩვენ რა გვინდა და მეორე _ ბიზნესის მოთხოვნა. ეს ქონება ახლა იმიტომ განთავსდა აუქციონზე, რომ სათანადო შემოთავაზებები, სწორედ ინვესტორებისგან მივიღეთ. თავდაპირველად, ეს ობიექტები განვათავსეთ ვებ-გვერდზე, დაინტერესდნენ ინვესტორები, შეიმუშავეს პროექტი, დაითვალეს, დაფიქრდნენ, ადგილზე მივიდნენ და როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, პირდაპირ განაცხადები წარმოადგინეს კონკრეტული ქონების შესაძენად. დაემთხვა, რომ რამდენიმე ანალოგიური განაცხადი მოგროვდა, რადგან ზაფხული შედარებით პასიური პერიოდია და, როგორც წესი, ყველა სექტემბრიდან აქტიურდება. შესაბამისად, ჩვენც გარკვეული დრო დაგვჭირდა, რათა ეს ობიექტები აუქციონისთვის მოგვემზადებინა. თქვენი კითხვის პასუხიც ესაა _ აუქციონები ტურისტულად აქტიურ ადგილებში, სწორედ ინვესტორების დაინტერესების შემდეგ გამოცხადდა.
_ აღმაშენებლის გამზირის განახლების შემდეგ, ეს ტერიტორია ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, უზნაძის ქუჩა ამ პრინციპით შეარჩიეთ?
_ რა თქმა უნდა! აუქციონზე გამოვიტანეთ უზნაძის #14-ში განთავსებული ობიექტი, ესაა ყოფილი მუზეუმის შენობა, რომელიც კულტურის სამინისტროს სარგებლობაში იყო. შენობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და პრაქტიკულად, ამორტიზებულია. ამიტომ ინვესტორს მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოუწევს, მაგრამ ჩვენ ამაში არ ჩავერევით.
_ უკვე გაყიდული ექვსი ქონებიდან, სასტუმროების მშენებლობა თუ დაიწყეს ინვესტორებმა?
_ თავდაპირველად, ჩვენი მონიტორინგის ზოგად მოდელს აგიხსნით და კითხვაზე ამის შემდეგ გიპასუხებთ. ზოგადი მოდელი ასეთია: როცა ქონება ვალდებულებებით განიკარგება, ინვესტორმა მათი შესრულების გარანტია უნდა წარმოადგინოს. თუ საქმე ფინანსურ ვალდებულებებთან გვაქვს, ანუ ინვესტიციის ნაწილში თანხას ვასახელებთ, მაშინ ამ თანხის 10%-ის ოდენობით, საბანკო გარანტიას ვითხოვთ, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გარანტია მიექცევა ბიუჯეტში, ქონება კი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება. თუ ფინანსური ვალდებულება განსაზღვრული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ პირობითად, 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს ინვესტორმა, ეს ვალდებულება დოკუმენტურად, ვადების დაცვით უნდა დადასტურდეს. თუმცა ეს მომსახურება ჩვენ აუთსორსზე გვაქვს გატანილი, ლიცენზირებული აუდიტორები წარმოადგენენ დასკვნას და მის საფუძველზე ვადასტურებთ შესრულებას. თუ დამოუკიდებელი აუდიტორის ოფიციალური დასკვნა გვაქვს, რომ ესა და ეს თანხა, ამა და ამ ობიექტზე, ამა და ამ მიზნობრიობით დაიხარჯა, თამამად შეგვიძლია, ვალდებულებები დავადასტუროთ, მაგრამ უშუალოდ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. პრობლემების შემთხვევაში კი ჯერ ჯარიმებისა და შემდეგ უფრო რადიკალური ზომების საშუალებით, გარკვეული ბერკეტებიც გაგვაჩნია.
რაც შეეხება კითხვას, მაგალითად, ციხისძირში არსებული ქონება ზაფხულში გაიყიდა, ხელშეკრულება კი სექტემბერში გაფორმდა. ამიტომ მეეჭვება, რომ იქ სერიოზული ძვრები იყოს, მით უმეტეს, ყოველდღიურად არ ვერევით ამ პროცესში. დანარჩენ ობიექტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მაგალითად, გორგასლის მოედანსა და ახვლედიანის ქუჩაზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე, ინვესტორებს ვალდებულებების სიღრმისეული დადასტურება არ მოეთხოვებათ. რაც შეეხება აღმაშენებლის გამზირზე და რაჭაში გაყიდულ ქონებას, იქ უკვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
_ პროექტის ფარგლებში, რა ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს ინვესტორმა?
_ ზოგ შემთხვევაში, თანხა მითითებულია, ზოგ შემთხვევაში _ არა. ამას ინდივიდუალურად და შემოთავაზების კვალდაკვალ ვაკეთებთ. თუმცა ზოგადი მიდგომა ასეთია _ ვცდილობთ, მცირე ზომის ობიექტები ვალდებულებებით არ გადავტვირთოთ. მსხვილ ობიექტებზე კი თანხაც და სასტუმროს მშენებლობის ვადებიც განსაზღვრულია.
მაია მიშელაძე

back to top