Menu
RSS

წელს პროექტში 661 კომპანია მონაწილეობს

10 ოქტომბერს, პროექტის _ ,,ბიზნესდაჯილდოება 2017'' ორგანიზატორებმა, შუალედური შედეგები შეაჯამეს. თიბისი ბანკმა და ,,ჯეოსელმა'', პროექტის მონაწილეებს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლეს, საღამო კი მუსიკალურად თბილისის ,,ბიგ-ბენდმა'' გააფორმა.
პროექტის ორგანიზატორების მიზანია, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას ხელი შეუწყონ. შესაბამისად, „ბიზნესდაჯილდოების“ მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება. ამ ჰეშთეგით, პროექტში მონაწილე კომპანიები სოციალურ ქსელსა და მედიაში, მთელ საქართველოს საკუთარი წარმატების ისტორიებს უზიარებენ.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, პროექტში _ ,,ბიზნესდაჯილდოება 2017'', წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა. მონაწილეები 7 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ: წლის სტარტაპერი _ 233 კომპანია; წლის მცირე ბიზნესი _ 230 კომპანია; წლის ბიზნესი _ 152 კომპანია; წლის ინოვაციური ბიზნესი _ 142 კომპანია; წლის ქართული პროდუქტი _ 132 კომპანია; წლის ტურისტული ბიზნესი _ 95 კომპანია; წლის აგრობიზნესი _ 42 კომპანია.
,,უკვე მეორე წელია, ,,ბიზნესდაჯილდოების'' პროექტს ვახორციელებთ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ შარშან ამ პროექტში 523 კომპანია მონაწილეობდა, წელს კი უკვე 661 კომპანია დარეგისტრირდა. ეს ნიშნავს, რომ ,,ბიზნესდაჯილდოება'', ცალსახად, წარმატებული პროექტია, რაც ძალიან გვახარებს. ვფიქრობთ, კომპანიებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ, ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება ახარებთ, რადგან პროექტის მიზანია, ერთმანეთს საკუთარი წარმატება გავუზიაროთ. ამით უფრო მეტ სტიმულსა და მოტივაციას ვქმნით, რათა პროექტში ბევრი ახალი კომპანია დარეგისტრირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ციფრი _ წელს, ამ პროექტში დარეგისტრირებული კომპანიების 80%, პირველად მონაწილეობს. შარშან და წელს, ჯამში, ამ პროექტში 1 200-მდე კომპანია ჩაერთო და სწორედ ეს 1 200 კომპანია ცდილობს, სხვებს საკუთარი წარმატება გაუზიაროს''.
ნიკა ქურდიანის თქმით, პროექტ ,,ბიზნესდაჯილდოება 2017''-ის სარგებელი ისაა, რომ საკუთარი წარმატების გაზიარებითა და საინტერესო საქმის კეთებით, მეტი სტიმული შეიქმნას სხვებისთვის. სხვა სარგებელი ამ პროექტს არ აქვს, რადგან არავითარი ფულადი ჯილდო არ არის _ ორგანიზატორებიცა და მონაწილეებიც მაქსიმალურად ხარჯავენ საკუთარ რესურსებს, რათა წარმატებული ბიზნესისტორიებისა და ქეისების გაზიარებით, თემის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.
პროექტში დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციას ,,ბიზნესდაჯილდოების'' Facebook-ის გვერდიდან _ ბიზნესდაჯილდოება Business აწარდ მიიღებთ. კომპანიების შესახებ სტატიებს კი ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge-ზე იხილავთ.
დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. რამდენიმე დღეში, ფინალისტების ვინაობაც გაირკვევა, როდესაც თითოეულ ნომინაციაში, სამ ფინალისტს შეარჩევენ. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას პროექტის ორგანიზატორები _ თიბისი ბანკი და ,,ჯეოსელი'' განახორციელებენ.
გამარჯვებულ კომპანიებს დეკემბერში, ,,ბიზნეს დაჯილდოების'' ფინალურ ცერემონიაზე დაასახელებენ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, გამონაკლისი კი ნომინაცია _ „წლის სტარტაპერი“ იქნება, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება. ამ ნომინაციაში ხმის მიცემა ნოემბერში დაიწყება.
ნიკა ქურდიანმა განაცხადა, რომ დეკემბერშივე გაიხსნება ახალი სივრცე ბიზნესისთვის. მისი თქმით, ბიზნესის მხარდასაჭერად, ეს თიბისი ბანკის ახალი პროექტია: ,,წარმოიდგინეთ, საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე კონფერენციების, ფორუმებისა და პრეზენტაციების ორგანიზებაც. აქვე ჩატარდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რაც სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებზე იქნება მორგებული''.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში