Menu
RSS

რომელ სამინისტროებს გაეზარდა და რომელს შეუმცირდა დაფინანსება 2018 წელს

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო. დოკუმენტის განხილვა მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომით დასრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომიტეტების დასკვნებსა და შენიშვნებს, საქართველოს მთავრობას 20 ოქტომბრამდე გადაუგზავნიან. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარზე მეტია. ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა.
პირველადი ვერსიით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 949 000 000 ლარით გაიზარდა და 12 364 500 000 ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო სახსრები 10 911 500 000 ლარი, გრანტები _ 165 000 000 ლარი, ხოლო კრედიტები _ 1 288 000 000 ლარია. ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 504 545 000 ლარია, მათ შორის, შრომის ანაზღაურება _ 1 397 524 000 ლარითაა განსაზღვრული, საქონელი და მომსახურება _ 1 188 000 000 ლარით, პროცენტი _ 550 000 000 ლარით, სუბსიდიები _ 437 900 000 ლარით, გრანტები _ 1 303 000 000 ლარით, სოციალური უზრუნველყოფა _ 3 413 000 000 ლარით და სხვა ხარჯები _ 1 214 000 000 ლარით. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით _ 1 433 000 000 ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით _ 636 700 000 ლარია გათვალისწინებული.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში აღნიშნულია, რომ მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით დაიგეგმა და 2018 წლისთვის, მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი _ 3.5%-ია. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი _ 3%-ის ფარგლებში.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, 2018 წლის ბიუჯეტით, ყველაზე მეტ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით, 111 200 000 ლარით იზრდება და 3 527 000 000 ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%) შეადგენს. აქედან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის _ 2 463 000 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხის ფარგლებში, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსებაა დაგეგმილი; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრულია _ 982 800 000 ლარი, მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის _ 704 000 000 ლარი; იმუნიზაციისთვის _ 22 400 000 ლარი; ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის _ 16 000 000 ლარი; ინფექციური დაავადებების მართვისთვის _ 10 500 000 ლარი; ტუბერკულოზის მართვისთვის _ 15 600 000 ლარი; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამისთვის _ 10 000 000 ლარზე მეტი, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციისთვის _ 35 000 000 ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის _ 21 000 000 ლარი; დიაბეტის მართვისთვის _ 13 000 000 ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის _ 39 000 000 ლარი; სოფლის ექიმისთვის _ 26 000 000 ლარი; რეფერალური მომსახურებისთვის _ 22 300 000 ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის – 10 000 000 ლარი; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის _ 25 000 000 ლარი.
2018 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 572 000 000 ლარით გაიზარდა და 1 830 000 000 ლარით განისაზღვრა. ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტიდან 1 283 000 000 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტით, 2018 წელს, შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) _ 250 000 000 ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) _ 80 000 000 ლარი; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა _ 150 000 000 ლარი; ბათუმის ახალი შემოვლითი გზა _ 70 000 000 ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია _ 45 000 000 ლარი; ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა _ 30 000 000 ლარი; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია _ 30 000 000 ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა-ზემო ოსიაური) _ 20 000 000 ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე)-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა _ 25 000 000 ლარი; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა _ 20 000 000 ლარი; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა _ 60 000 000 ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა _ 53 000 000 ლარი; თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა _ 25 000 000 ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია _ 25 000 000 ლარი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა _ 25 000 000 ლარი; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა _ 10 000 000 ლარი.
გარდა ამისა, 2018 წლის ბიუჯეტით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262 000 მლნ ლარი, მათ შორის, მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის _ 60 000 000 ლარი; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამისთვის – 71 000 000 ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია, ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტისთვის _ 45 000 000 ლარი; რეგიონული განვითარების პროექტისთვის (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) _ ჯამში, 43 700 000 ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, 254 900 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისის წყალარინების პროექტი უნდა განხორციელდეს; გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარი უნდა მოეწყოს; საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კი წყლისა და წყალარინების, ასევე საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62 600 000 ლარით გაიზარდა და 1 178 770 000 ლარით განისაზღვრა; აქედან ზოგადი განათლება 681 100 000 ლარით დაფინანსდება, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები _ 598 900 000 ლარით; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა _ 11 900 000 ლარით; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა _ 12 800 000 ლარით; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა _ 23 000 000 ლარით; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა _ 22 100 000 ლარით; პროფესიული განათლება _ 38 000 000 ლარით; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები _ 135 100 000 ლარით; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა _ 62 600 000 ლარით; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება _ 97 200 000 ლარით.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის, ენერგეტიკის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს დაფინანსება შეუმცირდათ. მაგალითად, 2017 წელს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748 000 000 ლარი იყო, 2018 წელს _ 702 000 000 ლარი; 2017 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 370 500 000 ლარით დაფინანსდა, რომელიც 2018 წელს, 116 000 000 ლარით შემცირდა და 253 800 000 ლარით განისაზღვრა; თითქმის მილიონი ლარით შემცირდა ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი, რადგან 2017 წელს, ეს უწყება 132 300 000 ლარით, 2018 წელს _ 131 000 000 ლარით დაფინანსდა.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც შემცირდა. 2017 წელს, ამ უწყებისთვის 62 015 000 ლარი გამოიყო, 2018 წელს _ 62 000 000 ლარი. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება არ შეცვლილა. 2017 წლის მსგავსად, 2018 წელსაც, ამ უწყებისთვის 82 300 000 ლარია გამოყოფილი.
მაია მიშელაძე

back to top