Menu
RSS

„შატო აკურაში“, „საბასა“ და „გავაზის საუკეთესო ვენახებში“ წელს 300 ტონამდე ყურძენი დაიწურა

კახეთის რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა. ეს საწარმოები თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მევენახეობის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდა. წელსვე, სამივე კოოპერატივმა 300 ტონამდე ყურძენი უკვე გადაამუშავა.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში _ ,,შატო აკურა'', ,,საბა'' და ,,გავაზის საუკეთესო ვენახები'', ჯამში 60-ზე მეტი მეპაიეა გაერთიანებული, ხოლო კოოპერატივებში მობილიზებული ვენახი 70 ჰა-ზე მეტია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებიდან, თითოეულმა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა მიიღო. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ, ყურძნის რეალიზაციის გარდა, სარგებელი უკვე ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.
,,სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება, როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ, სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებითაც. მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სამივე კოოპერატივმა უკვე მიიღო საჭირო აღჭურვილობა. შესაბამისად, თითოეულმა მათგანმა ,,რთველი _ 2017''-ის ფარგლებში, 100 ტონამდე ყურძენი უკვე გადაამუშავა კიდეც''.
გიორგი მიშელაძემ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ მევენახეობის სამივე კოოპერატივს საკუთარი ვენახები აქვს. მისივე თქმით, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტში გამოცხადდა. დადგენილი პირობების თანახმად, პროგრამაში მონაწილეობისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა არანაკლებ 20 მეპაიე უნდა ყოფილიყო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მის მეპაიეებს, საკუთრებაში უნდა ჰქონოდათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა ყოფილიყო ვაზის ჯიშები _ რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის (რაჭული) თეთრა: ,,მევენახეობის კოოპერატივს ან კოოპერატივის მეპაიეებს უნდა ჰქონოდათ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწები, ვენახები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებოდნენ სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში, მათი ვალდებულება იყო, თანამონაწილეობის სახით, აეშენებინათ, მინიმუმ 300 კვ.მ. ფართობის შენობა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საერთაშორისო სტანდარტებთან, ხოლო ჩვენ 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო, სრულ აღჭურვილობას გადავცემდით. ამ კოოპერატივებში დაწურული ღვინო პირველადი გადამუშავებისაა ანუ ჩამოსხმის ხაზი მათ ჯერ არ აქვთ. ამიტომ კოოპერატივებმა მათი დაწურული ღვინო, ჩამოსხმის გარეშე უნდა მიაწოდონ ადგილობრივ ბაზარს, ან ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებსაც ჩამოსხმის ხაზები აქვთ, რათა ჩამოასხან და საექსპორტო ბაზრებზე გაიტანონ''.
გიორგი მიშელაძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ კახეთის მუნიციპალიტეტში გახსნილი კოოპერატივების ბრენდირებაში ხელშეწყობა სამომავლოდ იგეგმება. ,,ვერსიის'' კითხვაზე, ჩაიბარებს თუ არა ,,შატო აკურა'', ,,საბა'' და ,,გავაზის საუკეთესო ვენახები'' რიგითი ფერმერებისა და მევენახეებისგან ყურძენს, გიორგი მიშელაძემ გვიპასუხა ,,კოოპერატივის შესახებ კანონის თანახმად, კოოპერატივი უფლებამოსილია, რომ წლის განმავლობაში, კოოპერატივის არაწევრ პირებს, მთლიანი ბრუნვის არა უმეტეს 30%-ის ფარგლებში მოემსახუროს. შესაბამისად, ამ კოოპერატივებს შესაძლებლობა აქვთ, არა მარტო საკუთარი მეპაიეების მოწეული ყურძენი გადაამუშაონ, არამედ სხვა ფერმერებისგანაც ჩაიბარონ''.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში