Menu
RSS

რის მიღწევას ცდილობს და რატომ აცხადებს ოპოზიცია არჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად

ყველას ან თითქმის ყველას, ვინც ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს და აკვირდება, ალბათ, ერთგვარი „დეჟა ვუს“ განცდა აქვს. ყოველ შემთხვევაში, იმის მიხვედრას, რომ ვიღაცები 2003 წლის სცენარის გათამაშებას ცდილობენ, დიდი მარჩიელობა არ სჭირდება ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, როგორც მაშინ, ახლაც იქმნება ფონი, რომ არჩევნები უეჭველი გაყალბდება, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვა.
ცალკეულ უბნებზე შესაძლოა, გაყალბება მართლაც დაფიქსირდეს _ ზოგადად, ასეთი ექსცესებისგან დაზღვეული პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი არა, თვით მაღალი დემოკრატიის ქვეყნებშიც არ არიან, მაგრამ წინასწარ იმის მტკიცება, კენჭისყრის შედეგები, გინდა თუ არა, რეალობის ამსახველი არ იქნებაო, პოლიტიკური ანალიტიკოსების ნაწილში გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ არასახელისუფლებო ძალები რაღაცისთვის ემზადებიან.
ისე, თავად ოპოზიციაც არ უარყოფს, რომ 21 ოქტომბრის შემდეგ შესაძლოა, ქუჩაში გავიდეს და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყოს.
ძნელი სათქმელია, აქციები მასშტაბური იქნება თუ არა, მაგრამ პოლიტტექნოლოგებში ცნობილი მეთოდია _ რაღაცაზე, სანამ ეს რაღაც მოხდება, საზოგადოებრივი აზრი მიზანმიმართულად უნდა შეიქმნას. კომუნისტები ამას პროპაგანდას ეძახდნენ, დემოკრატიულ ქვეყნებში კი მსგავს მანიპულაციას მასების მართვას უწოდებენ.
ერთი სიტყვით, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ოპოზიცია _ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, რომელსაც ცასა და დედამიწასავით განსხვავებული პლატფორმა აქვს, ერთგვარი შეთქმულებისთვის ემზადება.
ამასთან, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ჯერარჩატარებული არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება პოლიტიკური შანტაჟის ხერხია და მეტი არაფერი.
 
ზოგადად, პოლიტიკაში შანტაჟი აპრობირებულია, პოლიტიკური ოპონენტები თუ პარტნიორები ერთმანეთს ხშირად აშანტაჟებენ და საამისოდ, როგორც წესი, კომპრომატებს იყენებენ.
საუბარს ამ კუთხით თუ გავაგრძელებთ, საქართველოში ყველაზე გაყიდვადი პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებია _ ამა თუ იმ პოლიტიკოსზე შესაძლოა, მოწინააღმდეგე გუნდს ფარული კადრები ჰქონდეს. ვინაიდან და რადგანაც საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, საბჭოეთში კი, მოგეხსენებათ, სექსი არ არსებობდა და ის ვითომ დამოუკიდებლობის აღმართზე შემდგარ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშიც დიდ ცოდვად ითვლება.
ამიტომაც, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ტიპებს ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, ემანდ, ვინმემ „ლოგინის ამბები“ არ ამოუქექოს. ჰოდა, როცა კონკრეტული პიროვნების მართვა სჭირდებათ, კონკურენტები თუ სპეცსამსახურები სწორედ „ლოგინის თემას“ იშველიებენ ხოლმე, თუმცა ეს შანტაჟის მაინც ლოკალური ფორმაა.
აი, ის კი, რისი მომსწრენიც ახლა ვართ, შეგვიძლია, ფართომასშტაბიან შანტაჟად მივიჩნიოთ ანუ მთელი თუ არა, ნახევარი ოპოზიცია კუნთებს ათამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებისადმი არაკეთილად განწყობილთა ნაწილი უკვე ქუჩაშია გასული და შიმშილობს, მეორე ნაწილი კი იგივეს გაკეთებას 21-ის მერე აპირებს.
პროტესტის თუნდაც უკიდურესი ფორმის, ესე იგი, შიმშილობის უფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ამ ლოგიკით, ქუჩაში გასვლას ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ დღევანდელი ქართული პროტესტის კვალი, შესაძლოა, შანტაჟამდე მიდიოდეს ანუ ცალკეული ოპოზიციონერები მმართველ გუნდს აშანტაჟებენ, თუ არჩევნებში ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადავლახავ, მაშინ ქვას ქვაზე არ დავტოვებ და რევოლუციასაც მოვაწყობო.
სხვა საკითხია, ხელისუფლება ამ შანტაჟს წამოეგება თუ არა, მაგრამ ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო, თან ერთი წლის მერე საქართველოში ისევ არჩევნებია _ პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რასაც საპარლამენტო არჩევნებიც მოჰყვება. ჰოდა, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ხელისუფლებას არეულობა არ უნდა აწყობდეს, თან ამ არეულობას, უფრო სწორად, არეულობის მუქარას უფრო საგარეო მოხმარების სუნი ასდის.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ იგივე საერთაშორისო არენაზე შეიქმნება განცდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს, ამით პრობლემები მმართველ ძალას კი არა, ქვეყანას შეექმნება _ მაგალითად, შეწყდება საგარეო გრანტები, ტრანშები და შესაძლოა, საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს.
ხელისუფლება, რომელსაც საგარეო მხარდაჭერა არ აქვს, მინიმუმ, წელში გამართული ვერ იქნება და ამას, სხვა თუ არაფერი, 90-იანი წლების დასაწყისიც მოწმობს. ყოველ შემთხვევაში, დღემდე აქტუალურია მოსაზრება, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ კრახი იმიტომ განიცადა, რომ მას ზურგი დასავლეთმა აქციაო.
დასავლეთმა ეროვნულ მთავრობაზე გული რომ აიცრუა, ამას აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის სიტყვებიც მოწმობს, რომლის თანახმადაც, ზვიად გამსახურდია, როგორც ქვეყნის მმართველი, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა.
ახლა არც 90-იანი წლებია და არც _ 2000-იანი, შესაბამისად, სისხლიანი თუ უსისხლო რევოლუციის ალბათობა არცთუ დიდია, მაგრამ შანტაჟი მაინც საუკეთესო საშუალებაა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ამბიცია დაიკმაყოფილოს და თბილისის თუ არა, საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქის საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლობა შექმნას.
ისე, ამბობენ, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. ამ აქსიომიდან გამომდინარე, 2003 წლის ქრონიკის განმეორებას არც ჩვენი პოლიტელიტა უნდა ცდილობდეს, მაგრამ რას იზამთ _ სამთავრობო სკამი ადამიანებს ანდამატივით იზიდავს, თან ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა დაუსაქმებელია. ჰოდა, ზოგმა მარტივ გამოსავალს მიაგნო _ პოლიტიკოსობას იბრალებს _ პოლიტიკა სამუშაოდ გაიხადა და ფიქრობს, ხელისუფლებაში თუ ვერ მოვალ, შანტაჟით ფულს მაინც ვიშოვიო.
ყველაფერი ეს პოლიტიკური თამაშები კი არა, წმინდა პოლიტიკური თაღლითობაა, რომელიც წესით, დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ რომელ პოლიტიკურ კრიმინალის დასჯაზეა ლაპარაკი, როცა ნამდვილი თაღლითებიც თავს მშვენივრად გრძნობენ!
რაც შეეხება გამოცხადებული არეულობის ქრონიკას და 2003 წელთან პარალელს, მაშინაც, დღევანდელის მსგავსად, ნაციონალები აცხადებდნენ, არჩევნები გაყალბდებაო _ 2003 წლის 2 ნოემბრის მერე, როცა ცხონებული ზურაბ ჟვანია მაშინდელ მოქკავშირს დაემუქრა, თუ გინდა რევოლუცია, მიიღებ და ქუჩაში მილიონ გაბრაზებულ ადამიანს გამოვიყვანთო, მოსახლეობა არეულობისთვის მზად იყო. ჰოდა, როგორც ჩანს, ვიღაცები ახლაც მსგავსი ფონის შექმნას ცდილობენ, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, უკვე სხვა დროა. კი ბატონო, აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში არცთუ შორეულ წარსულში ხელისუფლება რევოლუციით შეიცვალა, მაგრამ საქართველოში არაარჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა მაინც ფანტასტიკის სფეროა, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხს მშვიდი ცხოვრება მოენატრა და ქუჩაში სირბილისთვისაც არ სცხელა!
ნინო დოლიძე

back to top