Menu
RSS

აუდიტის სკანდალური დასკვნა _ უშტატო თანამშრომლებზე გაცემული ფული, საბუღალტრო შეცდომები და დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე სახელმწიფო უწყების აუდიტი ჩაატარა. სახელმწიფო აუდიტორებმა 2016 წლის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა დევნილთა საქმეების, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტებში შეისწავლეს და უამრავი ფინანსური ხარვეზი გამოავლინეს. შტატგარეშე თანამშრომელთა ხარჯზე, კანონდარღვევით გაბერილი შტატები და უმიზნოდ გახარჯული საბიუჯეტო სახსრები, დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებსა და უხეში შეცდომები საბუღალტრო აღრიცხვებში _ ეს იმ ფინანსური დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა აღმოაჩინეს.
აუდიტით გაირკვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, შტატით მომუშავეთა ფაქტობრივი რაოდენობა 46 ერთეული იყო. 2016 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი ამ დეპარტამენტში 16 შტატგარეშე მომუშავე დაასაქმეს და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 85 085 ლარის ხელფასი გასცეს. აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, შტატგარეშე მომუშავეებს გრძელვადიან პერიოდში, დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად ასაქმებდნენ, თუმცა დეპარტამენტს დამატებითი საშტატო ერთეულის გამოყოფის მოთხოვნით, ზემდგომი ორგანოსთვის არ მიუმართავს.
,,მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით, ან შრომითი ხელშეკრულებით, მხოლოდ გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მოპოვებული მტკიცებულებებით, შტატგარეშე მომუშავეებს არა დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით, მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად ასაქმებდნენ. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად გახარჯულ სახსრებს ეკონომიური, ეფექტური და პროდუქტიული მართვის მაგალითად ვერ მივიჩნევთ'', _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
ანალოგიური დარღვევა გამოვლინდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტშიც, სადაც შტატით მომუშავეთა რაოდენობა 23 ერთეული იყო, მაგრამ 2016 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ დეპარტამენტში 12 შტატგარეშე თანამშრომელი იყო დასაქმებული. მათზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 218 ლარის ხელფასი გასცეს. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება განპირობებული იყო სხვა, დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად. იუსტიციის დეპარტამენტმა ზემდგომ უწყებას ანუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საშტატო რაოდენობის 3 ერთეულით გაზრდის თხოვნით მიმართა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საპასუხო წერილით, ზემდგომმა უწყებამ საშტატო რიცხოვნობის ზრდა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
აუდიტით ასევე გაირკვა, რომ იუსტიციის დეპარტამენტში 8 შტატგარეშე პირი 2016 წლის მთელი პერიოდის განმავლობაში (12 თვე) აიყვანეს და მათთვის 34 767 ლარის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 400-600 ლარი გასცეს. ამასთან, ოთხი მათგანი მთელი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა თავდაპირველად დაკისრებულ მოვალეობებს, დანარჩენ ოთხს კი გარკვეული პერიოდულობით, ფუნქციებს უცვლიდნენ.
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, ,,შრომის ანაზღაურების'' მუხლით, 2016 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, 2015 წლის საკასო ხარჯზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციის ფუნქციები და კომპეტენცია არსებითად არ გაზრდილა, 2016 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა შტატით მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 4%-ით გაზარდა.
აუდიტის პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში, გამარტივებული შესყიდვით, 10 731 ლარის ღირებულების სარემონტო მასალები და 6 433 ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინეს. იმის გამო, რომ თითოეული, CPV კოდით შესყიდული ობიექტის ჯამური თანხა დადგენილ მონეტარულ ზღვარს არ სცდებოდა და საჭიროებიდან გამომდინარე, ოფისის სარემონტო სამუშაოები მუდმივად იცვლებოდა, დეპარტამენტმა ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, გამარტივებული შესყიდვები გამოიყენა. სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ბაზარს უშუალო დათვალიერებისა და ზეპირი გამოკითხვის გზით იკვლევდნენ, რაც ოფიციალურად (დოკუმენტურად) ვერ დასტურდება:
,,ამ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სათანადო და საკმარისი ღონისძიებების განხორციელებას ვერ ასახავს. ეს გულისხმობს შესყიდვების წლიური გეგმისა და შესყიდვის ობიექტების სპეციფიკაციების პროექტის პირველადი საჭიროებების მკაფიოდ განსაზღვრას ანუ საჭიროებების დაკმაყოფილების ალტერნატივების განხილვას და ყველაზე მისაღების შერჩევას; ბაზრის სრულყოფილი კვლევის მიზნით, შესყიდვის ობიექტების მიმართ წაყენებული მოთხოვნების მოკლე აღწერასა და სავარაუდო პრეტენდენტებისათვის შესაბამისი წერილების გაგზავნას (ოფიციალური კორესპონდენცია). ეს ყველაფერი მოქმედი კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმვის ეტაპზე. ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ პრობლემებზე, ასევე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს, რაც ფაქტობრივად არ იძლევა შესყიდვების უფრო გამჭვირვალედ და რაციონალურად განხორციელების შესაძლებლობას''.
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში, სახელმწიფო შესყიდვების 22 შემთხვევაში, შესრულება-შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაფორმებულა. ერთიანი ელექტრონული სისტემის ჩMღ მოდულში, 70 შესრულება-შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ატვირთულა, ვადის დარღვევით კი 6 ხელშეკრულება, 5 შესრულება-შეუსრულებლობის დამადასტურებელი და გადახდის დამადასტურებელი 14 დოკუმენტი იყო ატვირთული; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, 2016 წელს შეძენილი 375 ლარის ღირებულების არამატერიალური აქტივი (ვებგვერდი), რომელიც საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივია, შეცდომით აღიარეს ძირითად აქტივად და ცვეთაც დაარიცხეს; 2016 წელს შესყიდული 2 234 ლარის ღირებულების ,,გრძლვადიანი მცირეფასიანი აქტივების'' შეძენისა და ხარჯებში ჩამოწერის ოპერაციები კი ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ ასახულა; ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში საწყის ნაშთად არ დაფიქსირებულა 2015 წლის 31 დეკემბერს, შპს „რომპეტროლ საქართველოსგან'' მიღებული 1 146 ლარის ღირებულების საწვავის (780 ლიტრი) ტალონები; პრაქტიკულად გახარჯული 720 ლარის ღირებულების (490 ლიტრი) ტალონების საფასური 2016 წლის 8 თებერვალს გადაიხადეს, დარჩენილი 426 ლარის ღირებულების (290 ლიტრი) საწვავის ტალონები კი, შესაბამისი გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების გარეშე, შპს „რომპეტროლ საქართველოს'' დაუბრუნეს. ტალონების შეძენისა და ხარჯვის ოპერაციები 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-სა და ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ ასახულა. აქედან გამომდინარე, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, არაფინანსური აქტივების აღრიცხვისა და ხარჯვის კუთხით წარმოდგენილი ინფორმაცია, რეალურ მდგომარეობას უტყუარად (სწორად), სრულად და საიმედოდ ვერ ასახავდა.
იგივე სახის დარღვევები აღმოჩნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტშიც, სადაც ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, საწყის ნაშთად არ დაფიქსირებულა 2015 წლის 31 დეკემბერს, შპს „რომპეტროლ საქართველოსგან'' მიღებული 565 ლარის ღირებულების საწვავის (385 ლიტრი) ტალონები:
,,ტალონების შეძენისა და ხარჯვის ოპერაციები 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-სა და ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ ასახულა; ბალანსის დანართ ფორმა #3-ში, ანგარიშზე ,,7 300 _ ძირითადი კაპიტალის მოხმარება'', ცვეთის თანხა _ 15 132 ლარი არ იყო დაფიქსირებული; ,,საქონელი და მომსახურების მუხლიდან'' შეძენილი 798 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების, მათ შორის, 565 ლარის ღირებულების 385 ლიტრი საწვავის ტალონი და 6 575 ლარის ღირებულების მცირეფასიანი აქტივების მიღება-გასვლა, ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ აუსახავთ; 668 ლარის ღირებულების დანაკლისები ანუ 2011 წელს მოპარული ლეპტოპები (?!), ბალანსის დანართ ფორმა #7-ში არ აუსახავთ. შესაბამისად, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, არაფინანსური აქტივებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვის კუთხით წარმოდგენილი ინფორმაცია, რეალურ მდგომარეობას უტყუარად (სწორად), სრულად და საიმედოდ ვერ ასახავდა!''
სახელმწიფო აუდიტორებმა თითქმის იგივე დარღვევები გამოავლინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტშიც ანუ ამ დეპარტამენტებშიც 2016 წელს 375 ლარის ღირებულების არამატერიალური აქტივია (ვებგვერდი) შეძენილი, რომელიც საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივია, მაგრამ თურმე, შეცდომით ძირითად აქტივად აღიარეს და ცვეთაც დაარიცხეს; ,,საქონელი და მომსახურების მუხლიდან'' შეძენილი 1 997 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების, მათ შორის, 882 ლარის ღირებულების 600 ლიტრი საწვავის ტალონის მიღება-გასვლა ასახული არ იყო ბალანსის დანართ ფორმა #5-ში; ,,საქონელი და მომსახურების მუხლიდან'' შეძენილი 798 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების, მათ შორის, 565 ლარის ღირებულების 385 ლიტრი საწვავის ტალონი და 6 575 ლარის ღირებულების მცირეფასიანი აქტივების მიღება-გასვლა ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ აუსახავთ; 12 773 ლარის ღირებულების დანაკლისები, რაც ზემო აფხაზეთში დარჩენილ ქონებას წარმოადგენს, ბალანსის ფორმა #7-ში არ აუსახავთ. შესაბამისად, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, არაფინანსური აქტივებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვის კუთხით წარმოდგენილი ინფორმაცია, რეალურ მდგომარეობას უტყუარად (სწორად), სრულად და საიმედოდ ვერ ასახავდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა, სსიპ ,,გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს'' კვარტლური და წლიური ბალანსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ დაამტკიცა.
მაია მიშელაძე

back to top