Menu
RSS

საქართველოს ეროვნული ბანკი საზოგადოებას აფრთხილებს!

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ფინანსური პირამიდების შესახებ, საზოგადოებას საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურები წარუდგინა. პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, სასტუმრო ,,რუმსში'' გაიმართა, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამ ღონისძიებით, ქვეყნის მთავარი ბანკი, საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

ეროვნული ბანკის განცხადება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურა, ,,გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის'' (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა. ვიდეორგოლსა და ბროშურაში წარმოდგენილი მასალა საზოგადოებას ამცნობს, რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და როგორ ავირიდოთ ფინანსური საფრთხეები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური რისკები და მათგან თავის დაცვა, ფულის დაზოგვა და მისი გონივრული მართვა, ქვეყნის მთავარი ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტული საკითხებია. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო მასალა საზოგადოებისთვის საინტერესო, მარტივი ტექსტითა და ანიმაციითაა აგებული. ვიდეორგოლსა და ბროშურაში აღწერილი მასალების მიზანია, გააფრთხილოს მომხმარებლები, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თანხების დაბანდებისას, ის ფინანსური და სამართლებრივი რისკები გაითვალისწინონ, რომლებიც მაღალრისკიანი კომპანიებისთვის დანაზოგების მინდობას უკავშირდება. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ფულის გონივრული დაზოგვის, თაღლითური სქემების, ფინანსური რისკებისა და საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე:
,,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ამ გზით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაისახა. შესაბამისად, საზოგადოებაში დაზოგვის მნიშვნელობისა და დაზოგვის უსაფრთხო ფორმების შესახებ დისკუსიის ხელშეწყობას ვგეგმავთ. გვსურს, მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს, სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ამ გზით დავეხმარებით მოსახლეობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ფინანსურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მიაღწიონ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფინანსური პირამიდების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი''.
კობა გვენეტაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი, ფინანსური განათლების წელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი ბანკი ამ მიმართულებით, გაისად გაცილებით მეტ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს დაგეგმავს.
რა არის ფინანსური პირამიდა
ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციები მოსახლეობისგან თანხებს იზიდავენ. სანაცვლოდ კი, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით, გაცილებით მაღალ სარგებელს სთავაზობენ. ხშირ შემთხვევაში, ფინანსური პირამიდა მომგებიან ინვესტიციას არ ახორციელებს. შესაბამისად, მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო, ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ამასთან, ყოველ შემდგომ ეტაპზე, არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად, სულ უფრო და უფრო მეტ თანხას იზიდავენ. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც _ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებულია ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.
მსოფლიოს მასშტაბით, პირამიდული სქემები განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გავრცელდა. ბიზნესის წარმოების მსგავსი სისტემა ხშირად ხორციელდება გარკვეული საქონლისა და მომსახურების, როგორებიცაა აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული საგზურები და სხვა, გაყიდვების გზითაც. თუმცა ასეთი საქონლისა და მომსახურების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ამგვარი სქემის მიზანია, წევრმა დამატებით გაყიდოს აღნიშნული საქონელი და მომსახურება და ამ გზით, სხვებიც გააწევრიანოს სქემაში. გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი ახალი წევრების ჩართვა, მათგან სახსრების მოზიდვაა და არა პროდუქციის რეალიზაციით, ბიზნესის განვითარება!
განვიხილოთ ფინანსური პირამიდის გამარტივებული მოდელი. ამ მოდელში, სქემის ორგანიზატორი, მონაწილისგან 100 ლარის მოზიდვას ცდილობს, სანაცვლოდ კი ამ თანხის ერთ თვეში გაორმაგებას პირდება. მოზიდული თანხის დაბანდების ნაცვლად, შეპირებულ სარგებელს ახალი მონაწილეებიდან მოზიდული სახსრების საშუალებით დაუბრუნებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ორგანიზატორმა შეპირებული თანხა გადაიხადოს, მონაწილეთა რაოდენობა ყოველთვე უნდა გააორმაგოს! P
პირველ თვეში, ორგანიზატორი სქემის პირველი ორი მონაწილიდან _ თითოეულისგან 100 ლარს აიღებს. ვინაიდან ორგანიზატორმა 200 ლარი უკვე მოიზიდა, დაპირებული სარგებლის გადასახდელად, მეორე თვეში, მან 400 ლარი უნდა მოიზიდოს ანუ ოთხი ახალი მონაწილე სჭირდება! მესამე თვეში, ორგანიზატორს 800 ლარი აქვს გადასახდელი, ამიტომ მან 8 ახალი მონაწილე უნდა იპოვოს! საბოლოოდ, სქემის გაფართოებასთან ერთად, ორგანიზატორი ახალი მონაწილეების გიგანტურ რაოდენობას ითხოვს, რათა ფუნქციონირება განაგრძოს. მეცხრე თვეში, ორგანიზატორს 1 024 ახალი მონაწილე სჭირდება, მე-17 თვეში ანუ საქმიანობის დაწყებიდან წელიწადნახევარში, მან 250 000 ახალი მონაწილე უნდა იპოვოს!
როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა
ფინანსური პირამიდის ამოსაცნობად, საქართველოს ეროვნული ბანკი საზოგადოებას რეკომენდაციების სახით, მარტივ რეცეპტს სთავაზობს. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეძლებთ, თავი დაიცვათ ფინანსური რისკისგან და არც პირამიდის ქსელში გაეხვევით.
თუ კომპანია პოტენციურ წევრს, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით, გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს, ან შემოსავალს პირდება; სარგებლის მისაღებად კი თქვენგან სქემაში ახალი წევრების მიყვანას, ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას ითხოვს, გახსოვდეთ, ეს ფინანსური პირამიდაა!
ძირითადად, ფინანსური პირამიდები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების _ შპს-ს ფორმით რეგისტრირდებიან. თუმცა შესაძლოა, ისინი ე.წ. შუამავლობასაც უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს. კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება.
კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია! კომპანია აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს, მათ შორის, სოციალური ქსელითა და ინტერნეტ საშუალებებით. ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ე.წ. საქველმოქმედო აქციებსაც ატარებს!

მაია მიშელაძე

back to top