რატომ მოკლა 24 წლის ქალმა მამინაცვალი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

„მე მოვკალი და არ ვნანობ!“

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

90-იანებში, საქართველოდან ძალიან ბევრი სიმდიდრე გავიდა. ქვეყნიდან გუდიაშვილისა და ფიროსმანის ნახატებიც გაიტანეს, აღარაფერს ვამბობ ანტიკვარულ ნივთებზე, რომლებიც ვაგონებით გაიზიდა და, პრაქტიკულად, უფასოდ გასხვისდა. უფასოდ იმიტომ, რომ ის თანხა, რასაც უცხოელები იხდიდნენ, იმდროინდელი საქართველოსთვის უზარმაზარი იყო, რეალურად კი... მარტივ მაგალითს გეტყვით: ძველებური ვერცხლის თასი, თავის დოქითა და ჭიქებით, 3 ათას დოლარად გაიყიდა და ზუსტად ეს თასი, „სოთბის“ აუქციონზე, ორ წელიწადში, მილიონ დოლარად შეიძინა ერთ-ერთმა მონაწილემ. სხვათა შორის, იმ თასს ქართველები მერეც გაჰყვნენ, როცა რეალური ფასი გაიგეს, მოპარვაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. დღეს ეს ნაკეთობა ჩეხეთში, კერძო კოლექციაში ინახება, თუმცა ეს სხვა ისტორიაა.

 

სწორედ 90-იანებში, თბილისის შემოგარენში, საკუთარ სახლთან, ანტიკვარიატით მოვაჭრე ჩაცხრილეს. მან ავტომობილი გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა, რათა ჭიშკარი გაეღო და სწორედ ამ დროს უწია „ქილერის“ ტყვიამ. მას ავტომატის ჯერი გადაატარეს და მკვლელი გაიქცა. სწორედ რომ მკვლელი და არა - მკვლელები, რადგან მეზობლები ამბობდნენ, მხოლოდ ერთი ადამიანი გარბოდაო. შებინდებული იყო და სილუეტის გარჩევა ჭირდა, თუმცა მოწმეები დაზუსტებით ამტკიცებდნენ, ვინც გარბოდა, ნიღაბი ეკეთა და შუა დღეც რომ ყოფილიყო, სახეს მაინც ვერ დავინახავდითო.

გარდაცვლილს ერთი წლით ადრე ცოლი მოუკვდა და მხოლოდ ქალიშვილი დარჩა, 24 წლის გოგონა, რომელიც დაბნეული იყურებოდა და არ იცოდა, რა ექნა. მეტიც, მან სამართალდამცავებს სთხოვა, ეგებ, ღამით დაცვა დატოვოთ, არავინ იცის, ვინ მოვაო, მაგრამ დაცვის დატოვების საჭიროება არ იყო - გარდაცვლილის დაკრძალვამდე, სახლში რამდენიმე ნათესავი რჩებოდა, მერე კი... მერე, გოგონას საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა ეზრუნა, მაგალთად, დაცვა აეყვანა, რაც ადვილად უნდა მოეხერხებინა, რადგან თბილისის შემოგარენში დატოვებული სახლის გარდა, მის მშობლებს დედაქალაქში ორი ბინაც ჰქონდათ. რაც მთავარია, ყველამ იცოდა, რომ ანტიკვარიატით მოვაჭრე განსაკუთრებით ძვირფას ნივთებს არ ყიდდა, იტოვებდა და ძალიან სოლიდური კოლექციის მფლებელი იყო. მოკლედ, გოგო უზარმაზარი მემკვიდრეობის მფლობელი გახდა, მაგრამ როგორც თავად ამბობდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომელი ნივთი რამდენი ღირდა და როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება.

გამომძიებლები კი თავს იმტვრევდნენ, ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა მამაკაცის სიკვდილი, რომელსაც თითქოს ყველასთან ყველაფერი დალაგებული ჰქონდა. ის არასდროს ჰკიდებდა ხელს ისეთ ნივთს, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ მოპარული იყო, არასდროს ამბობდა უარს ე.წ. კანონიერი ქურდებისგან ეყიდა სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძვირფასეულობა და ყველაზე კარგი გადამხდელის სახელიც ჰქონდა.  კარგ ურთიერთობაში იყო მებაჟეებთანაც და მცირე ნივთების გატანა კი არა, თუ დასჭირდებოდა, კონტეინერს ისე გაიტანდა საზღვარზე, არავინ ჰკითხავდა, რა მიგაქვსო. ძალოვნებმა მოჩხრიკეს და გაარკვიეს, რომ ანტიკვარიატით მოვაჭრის მკვლელს ე.წ. კანონიერი ქურდებიც გამალებით ეძებდნენ, რადგან მათ ხელის ძალიან კარგი დამცლელი მოუკლეს და მოუკლეს ისე, რომ „შავმა სამყარომ“ არაფერი იცოდა ანუ გადაახტნენ, არ გაითვალისწინეს, რაც კრიმინალთა ავტორიტეტს გვარიანად ლახავდა.

90-იანი წლები იდგა, „კანონიერი ქუდები“ „ბეზპრიდელს“ ისედაც ძლივს უმკლავდებოდნენ, ყველას და ყველაფრის კონტროლი არ გამოდიოდა, ახლადგაჩენილი საძმოები მათ სიტყვას სულ უფრო იშვიათად ითვალისწინებდნენ, ამ ვითარებაში, მკვლელის პოვნა აუცილებელზე აუცილებელი იყო. რაღა თქმა უნდა, თავისი ინტერესი ჰქონდათ სამართალდამცავებსაც, რომლებსაც კისერზე გაუხსნელი საქმე და თანაც მკვლელობა, არ აწყობდათ.

მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერც კრიმინალურმა სამყარომ და ვერც სამართალდამცავებმა, მკვლელის კვალს ვერ მიაგნეს. ის თითქოს არსაიდან გამოჩნდა და ასევე, უკვალოდ გაქრა. რაც მთავარია, ვერავინ ხსნიდა, რა მოტივი უნდა ჰქონოდა მკვლელს, როცა სახლიდან არაფერი წაიღო და გარდაცვლილის სახლში ნაპოვნი წიგნაკიდან, სადაც ის ბუღალტერიას აწარმოებდა, გაირკვა, რომ არავისი არაფერი ემართა, მისი ვალი კი ორ მეზობელს ჰქონდა, რომლებმაც გარდაცვალების დღესვე დააბრუნეს. ორივე შემთხვევაში, თანხა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ამის გამო, სასიკვდილოდ არავინ არავის გაიმეტებდა. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად მიდიოდა, მეტიც, გოგონამ დაცვა კი არა, ბუღალტერი აიყვანა, საკმაოდ წარმოსადეგი მამაკაცი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ მცველის ფუნქციებსაც ადვილად შეითავსებდა და აგენტურამ ინფორმაცია მოიტანა, ბოლო დროს, მამაკაცი გოგონასთან ერთად სახლში რჩება ანუ ღამეს იქ ათენებსო.

გაჩნდა ახალი ვერსია. იმის მიუხედავად, რომ მამაკაცი აშკარად ჯანზე იყო, ასაკის მიხედვით, 50 წელზე ნაკლების არ იქნებოდა. შესაბამისად, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მამა გოგოს, სწორედ ამ მამაკაცთან ურთიერთობას უკრძალავდა და კაცმა მომავალი სასიმამრო, უბრალოდ, მოკლა, რის შედეგადაც, ყველაფერს ერთად დაეპატრონა. დაიწყო მისი პიროვნების შესწავლა, თუმცა ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. მამაკაცი წარმოშობით რუსი იყო, რუსეთში, დიდ საწარმოებში მუსაობდა ბუღალტრად, ანტიკვარიატშიც გადასარეად ერკვეოდა და საქართველოში სულ რაღაც ნახევარი წლის ჩამოსული გახლდათ. ის ბინას ქირაობდა, მაგრამ სახლის მეპატრონე გააფრთხილა, რომ ოთახს მალე დაცლიდა, რადგან სხვაგან გადადიოდა საცხოვრებლად. ის სხვაგან კი, ყველაზე დიდი ალბათობით, სწორედ მოკლული მამაკაცის სახლი იყო. სამართალდამცავებმა ორივე მათგანზე თვალთვალი დააწესეს.

კაცი, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებდა, როცა გოგონა შინ არ იყო, ქუჩაში სეირნობდა, ძირითადად, მტკვრის სანაპიროზე, ხანდახან სკამზე ჩამოჯდებოდა, გაზეთებს კითხულობდა, მაგრამ როგორც კი გოგონას შინ დაბრუნების დრო მოვიდოდა, მაშინვე სახლში მიდიოდა და შინ ხვდებოდა.

რაც შეეხება გოგოს, ის ცდილობდა, სილამაზის ერთ-ერთი სალონი ეყიდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მერე... მერე ახალგაზრდა კაცს ხვდებოდა, რომლის მიმართაც გულგრილი აშკარად არ იყო, მერე კი შინ მიდიოდა და... პირდაპირ ჭიშკართან, უკვე ასაკოვან მამაკაცს, მთელი სულითა და გულით ეხუტებოდა. გამოძიებას საფუძველი არ ჰქონდა, რომ ან ერთი დაეკავებინა, ან მეორე, მაგრამ ცხადზე ცხადი იყო, რაღაც ხდებოდა, მაგრამ ის „რაღაც“ ადვილი მისახვედრი არ გახლდათ.

როგორც იქნა, გოგონამ სალონი შეიძინა და მის ახლებურად მოწყობას შეუდგა. ძალიან უხაროდა ყველაფერი ეს და ამ საქმეში ორივე მამაკაცი ეხმარებოდა. ჰოდა, როცა დიდი სარკეები შეიტანეს, მუშებმა რაღაც ვერ გათვალეს, სარკე შესასვლელ კარს წამოედო, დაბზრიალდა და გატყდა. ნამსხვრევი გოგონას ფეხში შეერჭო და სისხლმა შადრევანივით გაასხა. მამაკაცებს სასწრაფოსთვის არც დაუცდიათ, ფეხზე ქამარი გადაუჭირეს და საავადმყოფოში გააქანეს. ოპერმუშაკები, რომლებიც ყველაფერ ამას უყურებდნენ, უკან მიჰყვნენ. საავადმყოფოში გოგონა უგონოდ მიიყვანეს, ემოციის, ან ბევრი სისხლის დაკარგვის ფონზე, გზაში გაითიშა.

„ბევრი სისხლი დაკარგა, უნდა გადავუსხათ, ჩვენ ერთი ჯგუფი გვაქვს, ჩემი შვილია“, - უმისამართოდ ყვიროდა ასაკოვანი კაცი და ყველაფერი ეს, ოპერმუშაკებს კარგად ესმოდათ. როცა პროცედურები ჩატარდა და გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მამაკაცს ხელზე ბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

„საქართველოში ადრეც ვიყავი,  ერთი გოგო მომეწონა და მასთან ორი თვე ვიცხოვრე. მერე მოსკოვში დაბრუნება მომიხდა, თან ისე, რომ ამ გოგოს ვერ გამოვემშვიდობე. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოვახერხე დარეკვა, რადგან მეგონა, რომ ტელეფონის ნომერი დაკარგული მქონდა, მაგრამ შემთხვევით ვიპოვე. როგორც მითხრა, მე აღარ დამელოდა, ასე რომ მივაგდე და გათხოვდა. შარშან დამირეკა... ვკვდები, მე გოგონა მყავს, შენი შვილია, მაგრამ არ იცისო. შოკი იყო, ნამდვილი შოკი. მე ცოლი არ მომიყვანია, რაღაც ვერ მოვაბი თავი და ამ დროს, გოგონას მამა აღმოვჩნდი. იქ ყველაფერი გავყიდე და საქართველოში წამოვედი, აქ ვაპირებდი დასახლებას, ჩემი გოგოს გვერდით. შევხვდი კიდეც, ყველაფერი გადასარევად გაიგო, მერე კი ის უბედურება მოხდა, მას მამინაცვალი მოუკლეს, თუმცა, როგორც ვიცი, ბოლომდე არ იცოდა, რომ სხვისი შვილი გაზარდა, მეც თქმა ვერ მოვასწარი, ფორმას ვეძებდი, ყველაფერი როგორ მიმეწოდებინა“, - განაცხადა დაკავებულმა.

ის, რომ ანტიკვარიატის სპეციალისტი, შესაძლოა, ამ კაცს მოეკლა, პრაქტიკულად, გამოირიცხა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ შვილთან გადასარევი ურთიერთობა ააწყო და მამინაცვალს რომც დაეშალა, ის მამას მაინც შეხვდებოდა. მეორე და მთავარი - მოსკოველ სტუმარს მართლაც სოლიდური დანაზოგი ჰქონდა და ისეთ სახლს, როგორშიც გარდაცვლილი ცხოვრობდა, ხუთს იყიდდა ანუ  მოტივი, უბრალოდ, არ ჰქონდა. მაშ, ვინ და რატომ მოკლა კაცი? ამ დროს საავადმყოფოდან დარეკეს, ექიმი გამომძიებელს კითხულობდა.

„არ ვიცი, რაში დაგეხმარებათ, მაგრამ გოგონას, რომელსაც ფეხი დაუზიანდა, რთული ოპერაცია გავუკეთეთ და როცა ნარკოზიდან გამოდიოდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, ხო, მე მოვკალი, ღირსი იყო და მოვკალიო“, - თქვა ექიმმა.

ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს და საავადმყოფოში წავიდნენ. მეტიც, მათ ჩხრეკის ორდერი მოიპოვეს და სახლში საგულდაგულოდ გადამალული შავი ტანისამოსი ამოიღეს, რომელსაც დენთის კვალი და გოგონას თმა ჰქონდა შერჩენილი.

„მამინაცვალი რომ იყო, მეც ცოტა ხნის წინ გავიგე. არ მჯერა, რომ ეს არ იცოდა, რადგან ძაღლივით მექცეოდა მთელი ცხოვრება. როცა მამაჩემი გამოჩნდა, ცას ვეწიე სიხარულით. მამამ მითხრა, შევეცდები, ავუხსნა, რა და როგორ მოხდა, უბრალოდ, დრო მჭირდება საჭირო სიტყვების მოსაძებნადო. სამაგიეროდ, მე არ მჭირდებოდა და პირში მივახალე, ნამდვილი მამა მყავს, შენ არავინ არ ხარ-მეთქი. ყურადღებით დამაკვირდა და მითხრა, აქ მოსული აღარ დაგინახო, შენ არც სახლი გაქვს, არც კარი და არც არაფერი, ყველაფერს ძმისშვილებს დავუტოვებო. ავტომატი ადრე იყიდა, მერე მიავიწყდა, მაგრამ მე ვიცოდი, სადაც ჰქონდა და სროლაც ვიცოდი. ჩვენმა თაობამ იცის ავტომატის მოხმარება. ჰო, მე მოვკალი და არ ვნანობ, 24 წელი ჯოჯოხეთად მიქცია და ამიტომ არ ვნანობ. თანაც, ზუსტად ვიცი, რომ ციხეში დიდხანს არ ჩავჯდები“, - ყვიროდა გოგო.

ქართულმა სასამართლომ გოგონას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მემკვიდრეობაზე ყოველნაირი უფლება ჩამოართვა, თუმცა... ერთ წელიწადში, რაღაც მანქანებით, გოგო კვლევებისთვის რუსეთში გადაიყვანეს, შემდეგ სასჯელის მოხდა იქ გააგრძელა, მაგრამ აქაური ნაცნობები ამბობენ, მკურნალობა და სასჯელის მოხდა რუსეთში გადაყვანის მიზეზი იყო, თორემ აეროპორტში, პირდაპირ, ნამდვილ მამას ჩაუსვეს მანქანაში და შინ გაატანესო.