Menu
RSS

რა დამსახურებისთვის გადასცეს გიგი უგულავასა და მეგის ქარდავას ძმებს, ბიზნესმენ თემურ უგულავასა და „ზარალას“ სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად

2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ,,დაუყოვნებლივ შეაჩეროს თბილისის მერიამ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის თავისუფლების მოედანსა და თაბორის მთაზე ტერიტორიების სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაცემის საკითხი'', _ ეს ნაციონალების აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო. ზოგადად, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად ანუ 1 ლარად გადაცემა დანაშაული არ არის. მთავარია, ამის შემდეგ ინვესტორმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს და საინვესტიციო პირობები არ დაარღვიოს. სახელმწიფო ქონების 1 ლარად ჩუქების ფაქტები არც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისთვის იყო ,,უცხო ხილი'' და ამგვარ, თითქოსდა უწყინარ ეკონომიკურ ,,ჟესტს'' ხშირად სწორედ პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს'' კვლევაზე დაყრდნობით, ,,ვერსია'' ყველა იმ ქონების სრულ ჩამონათვალს გთავაზობთ, რაც წინა ხელისუფლების დროს, უფრო ზუსტად, 2007-2012 წლებში სხვადასხვა პირს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადასცეს.

2007 წელი: ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს'' კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში ჩუქების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახებს. ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები) გადასცეს.
2008 წელი: ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, 19 მაისის გახმაურებული ბრძანება გამოსცა, რომლითაც სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 კვ.მ) და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 კვ.მ), ასევე აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მოგვიანებით, ბურჯანაძის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო, ჩამოართვეს.
2008 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს საპატრიარქომ 1 ლარად მიიღო თბილისში, სიონის ქ. #13/40-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 4 971 კვ.მ და მასზე დამაგრებული 2 272 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე წელს საპატრიარქომ ხულოს მუნიციპალიტეტში კინოთეატრ ,,ხულოს“ შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთიც საჩუქრად მიიღო.
2010 წელი: პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადასცეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდაბანში, რუსთავში, დაბა ასპინძასა და თბილისში მდებარე, ჯამში 8 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და 1 310 კვ.მ შენობა-ნაგებობები.
ამავე წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას დიდ დიღომში მდებარე ბინა გადასცეს.
2010 წელსვე, სახელმწიფო ქონება (გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე 21 მიწის ნაკვეთი) საპრივატიზაციო პირობის გარეშე, 1 ლარად მიიღო ააიპ ,,თელეთი 2009''-მ. ამავე წელს, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, ქუთაისში, აკაკი ხორავას ქუჩა #1-ში, შენობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცეს.
2011 წელი: საქართველოს საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცა მესტიის (1 206 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 122 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა), ქარელში, სოფელ აბისში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 137კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობით 402 კვ.მ
2011 წელს, დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით, პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. მაგალითად, ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 10 001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 23 9265 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მურთაზ კუპრეიშვილს (სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 386 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); კობა ახვლედიანს (ქ. თბილისი, ყიფშიძის #3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე არსებული ბინა #12, რომლის საერთო ფართობი 78კვ.მ-ია და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ზურაბ შამათავას (ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა #43 და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მარინა კუპატაძეს (ბორჯომში, ფიროსმანის ქ.#5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
სახელწიფო ქონება, ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე, 1 ლარად გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ არასასოფლო.-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
2012 წელი: საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადაეცა უძრავი ქონება თბილისში, ფოთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, წყალტუბოში, ბაღდადში, ქუთაისში, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ონში. გადაცემული უძრავი ქონების საერთო რაოდენობამ 149 541 კვ.მ შეადგინა.
ამავე წელს, საინვესტიციო პირობის გარეშე, სახელმწიფო ქონება გადაეცა: შპს Hოსპიტალ Dიგომი-ს (თბილისი, ლუბლიანას ქუჩის #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა #7, ფართობით 206 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 4 283 კვ.მ; ,,კავკასიის სამთო ჯგუფს'' (ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. #2-ში მდებარე 29 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ,,გოდაკო პლუსს'' (ყვარელში, ილიას ტბასთან მდებარე 520 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ,,ლოპოტა ტურ სერვისს'' (თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქობულეთის ქ. 3/15“ (თბილისში, ქობულეთის #15-ში მდებარე 387 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 და #2 შენობა-ნაგებობები); სს „ინტერ ბიზნეს სერვისს“ (თბილისში, იუმაშევის #23-ში მდებარე 1 315 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1 685 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); შპს „კავკასუს როუდ პროჯექტს“ (ყვარელში, კუდიგორაზე მდებარე 1 312 კვ.მ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
2012 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „ჯეოლენდს“, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, 8 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. შპს „ჯეოლენდი“ დარეგისტრირდა 2003 წლის 10 ივლისს, ამ კომპანიის 50%-იან წილს თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა ფლობდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შპს „განმუხურის სასტუმროს“ სოფელ განმუხურში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 14 699 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ასევე, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცა.
შპს Avante Hospital Management Group-ს, შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის“ 100% წილი 1 ლარად გადასცეს. ამავე კომპანიას, ასევე 1 ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზუგდიდში, ხელაიას ქუჩის #3-ში მდებარე 15 140 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
2012 წელსვე, შპს „ქროსვეისს“, ბორჯომში, რუსთაველის მოედნის #1-ში მდებარე 3 875 კვ.მ შენობა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცეს. შპს „ქროსვეისის“ ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ უგულავაა.
ამავე წელს, შპს „ველაჯიოს“ სახელწიფოსგან სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირის #25-ში მდებარე 4 782 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა.
შპს ,,ახალ ოფისს'', სომბოლურ ფასად _ 1 ლარად გადასცეს თბილისში, ,,ვარდების რევოლუციის'' მოედანზე მდებარე 3 259 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 521 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა _ #1-ის (შადრევანი); ასევე თბილისში, საქანელას #23-ში მდებარე შენობის 90.95/416 ნაწილი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შპს „ახალი ოფისის“ დამფუძნებელია კომპანია „სილქ როუდ ბიზნესცენტრი“, რომლის მფლობელია ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ,,ზარალა''.
2012 წელსვე, ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას“ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადასცეს კახეთის გზატკეცილზე, #3-ში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 3 7366 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
შპს „ჯემედს“ თბილისში, სანაპიროს ქუჩა #2-ში, ნულოვან სართულზე განთავსებული 183 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცეს.
2012 წელს, შპს „საქართველოს მეტროპოლიის ცენტრს“ 1 ლარად გადაეცა თბილისში, ჩარგლის ქუჩა #67-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, სარდაფი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 384 ცალი (სახეობის) მოძრავი ქონება.
ამავე წელს, სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად მიიღო რამდენიმე სახის ქონება. კერძოდ, თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, აეროპორტის ავტოსადგომის მიმდებარედ 4 141 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისი, აეროპორტი 5 307 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, სოფელ დიღომში 1 8910 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ,,ავტოვაზის'' მიმდებარედ _ 12 026 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ _ 4 711კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, მტ-კვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ _ 3 229კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2012 წელს, პირდაპირი მიყიდვის გზით, 1 ლარად სახელწიფო ქონება მიიღო 27-მა იურიდიულმა პირმა; უძრავ ქონებასთან ერთად, საინვესტიციო პირობის გარეშე, სახელმწიფომ 1 ლარად გაასხვისა მოძრავი ნივთებიც. ამავე პერიოდში, 7-მა შპს-მ, 1 365 ერთეული მოძრავი ქონება, მათ შორის, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა და სხვადასხვა სახის ტექნიკური ინვენტარი მიიღო.
მაია მიშელაძე

back to top