Menu
RSS

ვინ არის, რა ბიზნესებს ფლობს საქართველოში და რა აკავშირებს თემურ ქარჩავასთან გიორგი სიგუას

ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ანაკლიაში უძრავი ქონება ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე, _ ავტ.) წესით ჩამოერთვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქარჩავას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის არეალშია მოქცეული და მართალია, სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ორგანიზაცია ,,გეოგრაფიკმა'' ქარჩავას ქონების გამოსყიდვის მიზნით მიმართა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ბიზნესმენის ქონების ექსპროპრიაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. დოკუმენტით ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს მას შემდეგ მიმართა, რაც უძრავი ქონების გამოსყიდვაზე ქარჩავასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. სააგენტომ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიზნით, ქარჩავას კუთვნილი უძრავი ქონების ექსპროპრიაცია მოითხოვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 1 აგვისტოს ბრძანებით, ბიზნესმენ თემურ ქარჩავას 27 274 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავი ქონება ჩამოერთმევა, თუმცა ნავსადგურის პროექტის ზემოქმედების არეალში ქარჩავას საკუთრებაში არსებული 19 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიც მოხვდა. ბრძანებაში კი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ ამ 19 600 კვ.მ-დან, საექსპროპრიაციო ფართი მხოლოდ 1 604 კვ.მ. მიწის ნაკვეთია. მართალია, დარჩენილი 17 996 კვ.მ-ის ბედი გაურკვეველია, მაგრამ დოკუმენტში წერია, რომ საკომპენსაციო თანხის შეთავაზებაზე სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ქონების მესაკუთრის ან მისი რწმუნებულისგან არც თანხმობა მიუღია და არც _ უარი. „მინდობილ პირს გამოსყიდვის შეთავაზებით განსაზღვრულ ვადაში შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ, ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების (თანხმობა ან უარი) თაობაზე პოზიცია არ განუცხადებია. მითითებულ შეთავაზებაში განმარტებულია, რომ ვადის გაშვება განიხილება, როგორც უარი. დადგენილია, რომ გამოსყიდვის შეთავაზებებით მესაკუთრეს მიეწოდა ინფორმაცია, რომ უარის შემთხვევაში, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა. ამასთან, ექსპროპრიაციის შემთხვევაში, მესაკუთრე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდა'', _ აღნიშნულია დოკუმენტში.
ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ერთ-ერთი იყო, რომელიც ანაკლიის პორტის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა. მისი კომპანია ANAKLIA INDUSTRIAL ECO PARK AND PORT LTD ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას ჩინურ კომპანია Pოწერ ჩჰინა-სთან ერთად გეგმავდა, მაგრამ ტენდერში ,,თიბისი ჰოლდინგისა'' და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეშენალის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კომპანიებმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს, რომელსაც სახელმწიფომ ეს პორტი სამართავად 49-წლიანი ვადით გადასცა. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 7 ეტაპად წარიმართება. მისი გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა უნდა იყოს, რომელიც შერეულ ტვირთებზე იქნება გათვლილი. ანაკლიის პორტი მოემსახურება როგორც კონტეინერებს, ისე – თხევად, მყარ და მშრალ ტვირთებს.
თემურ ქარჩავა ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ბიზნესმენმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მითვისებაში დაადანაშაულა. ქარჩავას თქმით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეცნო, 2001 წელს კი, მისი დაკვეთით, ღრმაწყლიანი პორტის პროექტიც შეიქმნა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ანაკლიის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის _ „ლაზიკას“ აშენება იგეგმებოდა, სადაც საზღვაო პორტიც უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ეს იდეა ვერ განხორციელდა.
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება'' მოვიდა, ანაკლიაში, ახალი ქალაქის ნაცვლად, მხოლოდ პორტის მშენებლობა გადაწყდა. საბოლოოდ, 2014 წლის აგვისტოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. თავდაპირველად, ინტერესი 12-მა კომპანიამ გამოხატა, თუმცა სამთავრობო კომისიამ, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, 7 კომპანია შეარჩია. საბოლოოდ, ტენდერში, რომელიც შარშან ჩატარდა, ორი კომპანია მონაწილეობდა და ორივემ _ ,,თიბისი ჰოლდინგმა'' და ამერიკულმა ,,კონტი ინტერნეშენალმა'' გაიმარჯვა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიზნესმენი თემურ ქარჩავა? ,,ვერსიამ'' ბიზნესმენთან დაკავშირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ბიზნესმენის პოზიცია დავაფიქსიროთ. მანამდე კი ამ თემაზე, მედიაში გავრცელებულ მის კომენტარს გთავაზობთ. ერთ-ერთ პუბლიკაციაში ქარჩავა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მდებარე მის კუთვნილ უძრავ ქონებას არ გაყიდის, თუმცა გამონაკლისს ერთი პირობით დაუშვებს _ თუ პროექტის დეტალებს გააცნობენ, რათა დარწმუნდეს, რომ პორტი აუცილებლად აშენდება. ქარჩავა ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მის კუთვნილ მიწას მთავრობას აჩუქებს.
ვინ არის და რა ბიზნესებს ფლობს თემურ ქარჩავა? ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს'' ინფორმაციით, ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა წლები განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საქმიანობდა. კერძოდ, მოსკოვში VIP კლუბ ,,ნაციონალს'' ფლობდა. 2004 წელს, ქარჩავა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 2006 წლის 27 ივლისს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გაამართლა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ქარჩავამ საქართველოში საქმიანობა 2008 წელს დაიწო _ მის მიერ 100%-იან წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანია „ანაკლია პორტს“ სოფელ ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა. შპს „ანაკლია პორტმა“ 2009 წლის 20 ოქტომბერს რეგიონული სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის კონტრაქტი მიიღო, რომელიც პორტის, სატვირთო აეროპორტის, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობებს, ასევე ახალი დასახლების ელეტროენერგიითა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს მოიცავდა. 2013 წლამდე, „ანაკლია-პორტს“ ამ ობიექტებში 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. სანაცვლოდ, თემურ ქარჩავამ 6 340 445 ლარად, 2 113 ჰა მიწა ანუ 298 კერძო მიწის ნაკვეთი მიიღო. 2010 წლის 10 ივნისს, თემურ ქარჩავამ „ანაკლია-პორტი“ და მისი მრავალმილიონიანი ქონება, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ OLIMP MANAGMENT-ს მხოლოდ 2 000 ლარად მიყიდა. იმავე წლის 27 სექტემბერს, OLIMP MANAGMENT-ის ერთადერთმა დირექტორმა რია კლაინმა, ქარჩავა შპს „ანაკლია-პორტის“ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
2012 წლის ზაფხულში, სააკაშვილის ხელისუფლებამ „ანაკლია-პორტის“ ქონების კონფისკაცია განახორციელა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ კომპანია მშენებლობისთვის დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტია. ქარჩავას მტკიცებით, მთავრობამ შეთანხმება მას შემდეგ დაურღვია, რაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი დასახლების _ ,,ლაზიკას'' მშენებლობა გადაწყვიტა.
2012 წლის სექტემბერში, ეკონომიკის სამინისტრომ თეიმურაზ ქარჩავას სასამართლოში უჩივლა და, საინვესტიციო პირობების დარღვევისთვის, 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომელიც 2013 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თეიმურაზ ქარჩავა წილებს რამდენიმე კომპანიაში ფლობს: შპს ,,ეპიკ სტოუნ ინტერნეშენალ ანაკლიაში'' ქარჩავა 100%-იანი წილის მფლობელია, მაგრამ ამ შპს-ს დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსი გიორგი სიგუაა. ეს ის სიგუაა, რომელიც ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს GEM FEST-ს ორგანიზატორობს; ამასთან, თეიმურაზ ქარჩავა შპს ,,ანაკლია პორტის'' დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ოლიმპ მენეჯმენტ ლიმიტედია'', რომელიც ასევე, ქარჩავასთანაა დაკავშირებული; შპს ,,ინდუსტრიული ეკოლოგიური პარკი ანაკლიაში'' ქარჩავა 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია; ს/ს ,,შატო მანავში'' – გენერალური დირექტორი; შპს ,,ღვინის სამყაროში'' – დირექტორი; შპს ,,შავი ზღვის პორტი ანაკლიაში'' – 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი; შპს ,,შავი ზღვის ნავსადგურიში'' – 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი; შპს ,,ეგრისი 2009''-ში – 100%-იანი წილის მფლობელი; შპს ,,ჭურიაში'' – 100%-იანი წილის მფლობელი; შპს ,,პრემიერ პროჯექტ დეველოპმენტში'' – 100%-იანი წილის მფლობელი; შპს ,,ანაკლია გაზში'' – 100%-იანი წილის მფლობელი.
რაც შეეხება თეიმურაზ ქარჩავას კუთვნილ კონსორციუმ ANAKLIA INDUSTRIAL ECO PARK AND PORT LTD-სა და Pოწერ ჩჰინა-ს, მასში ორი მსხვილი, ჩინური და ბრიტანული კომპანიებია გაერთიანებული. ჩინური კომპანია HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO.LTD 1998 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი მიმართულება ელექტროინჟინერია და ელექტროტექნოლოგიების წარმოებაა. დაარსების დღიდან, კომპანიამ 11 ელექტროსადგური, 2 568 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და 4 ქვეელექტროსადგური ააშენა.
BTITISH ECO POWER კი ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ბრიტანული კომპანიაა, რომელიც სამთავრობო და ინსტიტუციურ პროექტებს უწევს მენეჯმენტს. გარდა ამისა, კომპანია საკუთარი სამშენებლო კომპანიებისა და კონსორციუმებისთვისაც ქმნის სხვადასხვა სახის პროექტებს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგეტიკა, ბიომასის ენერგეტიკა (BIOMASS ENERGY), ასევე თორიუმის ბირთვული ენერგია და მცირე ბირთვული რეაქტორები.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში