28 ოქტომბრის არჩევნების სისხლიანი პრელუდია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

X-ფაილი

  რატომ მოიცილა საბჭოთა კა გე ბე- მერაბ კოსტავა - ბორითის ტრაგედიის 33-წლიანი საიდუმლო 

 ვანო პავლიაშვილი

 

ზუსტად 32 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მაშინ ამ არჩევნებზე მთელი ერი დიდ იმედს ამყარებდა და, მინიმუმ, იმას მაინც ვარაუდობდა, რომ მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა დიქტატურას დაამხობდა. მართლაც, ასე მოხდა, თუმცა მრავალპარტიულობა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებმა, ჩვენებურად გავიგეთ და დღეს ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ორასი პარტია მაინც არსებობს ანუ ხუმრობენ ხოლმე, ვინც სამსახურს ვერ შოულობს, პარტიას ქმნისო. ხუმრობა იქით იყოს და, დემოკრატიის სიომ საქართველოში ბევრი უბედურება მოიტანა, რაც ალბათ, ლოგიკურიც იყო - სახეშეცვლილ ბოლშევიკებს ხელისუფლება არ ეთმობდათ და ამიტომ, ველნაირ ბოროტებაზე აწერდნენ ხელს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება კი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ლიკვიდაცია იყო. მართალია, კოტავას გარდაცვალების მიზეზად, ოფიციალურად, ავტოსაგზაო შემთხვევა დასახელდა, მაგრამ 33 წელია, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერი მიზანმიმართულად მოიშორეს, თან მოიშორეს მაშინ, როცა პირველი მრავალპარტიული არჩევნები კარს იყო მომდგარი ანუ უბედური შემთხვევა 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, 1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მოხდა. ავტოავარიის საბაბ-მიზეზი - არც მეტი, არც ნაკლები - ხბო გახდა და სწორედ ამის გათვალისწინებით, სკეპტიკოსები, ალბათ, იტყვიან, მკვლელობა რა შუაშია; რა, მკვლელობის დამგეგმავ-შემკვეთებმა პირუტყვი ისე გაწვრთნეს და დაარიგეს, რომ ბორითის ტრასაზე სწორედ მაშინ გახიდულიყო, როცა იქ ნივა გამოჩნდებოდაო?! ეს არგუმენტი, ერთი შეხედვით, ალოგიკური არაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ: მართალია, სულს ღაფავდა, მაგრამ 1989 წელს, საბჭოთა კავშირი, ყოველ შემთხვევაში, მისი უშიშროების სამსახური ჯერ კიდევ ერთ მუშტად იყო შეკრული. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ წითელმა მონსტრებმა ყველაფერი ისე მოაწყვეს, მომხდარს უბედური შემთხვევის ელფერი ჰქონოდა და არა - შეკვეთილი მკვლელობის!.. 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან 32 წლის შემდეგ, ვერსია მერაბ კოსტავას იდუმალებით მოცულ გარდაცვალებას მიზანმიმართულად იხსენებს, რადგან წეღანდელი თქმისა არ იყოს, პასუხგაუცემელი კითხვა ბევრია და იმის განცდაც არსებობს, მერაბი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, შესაძლოა, ამდენი სისხლით არ დაწერილიყო.

მაშ ასე: როგორ დაიგეგმა 1989 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედია? - ვერსია, ტრადიციულად, პირად არქივსა და ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიის X-ფაილს ადგენს, ტრაგედიისას, რომლის საიდუმლოც 33 წელია, არ გაშიფრულა და რომელმა ტრაგედიამაც საქართველოს უახლესი ისტორია ყირაზე დააყენა!

 

კა ბე- გამქრალი არქივი

საერთოდ, მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არაერთი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა. საბჭოთა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ნადირობა ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე დაიწყეს და თავდაპირველად მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე მოიშორეს, მერე - ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია... არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკური მკვლელობების გახსნა ანუ ნამდვილი შემკვეთის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია... პრინციპში, ასეცაა, რადგან ორ ათეულ წელზე მეტია, იგივე, მერაბ კოსტავას გარდაცვალება ბურუსითაა მოცული... როგორ გეგმავს სპეცსამსახური მკვლელობებს? - ეს კითხვა რამდენიმე წლის წინ სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელს დავუსვი და იქვე ჩავეკითხე, გჯერათ, რომ მერაბ კოსტავა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა-მეთქი? მახსოვს, თანამოსაუბრემ ორაზროვნად შემომხედა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, მომიგო:

მერაბ კოსტავა ეროვნული მოძრაობის შემკვრელი და სულისჩამდგმელი იყო ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა და ასაკოვან თაობას ერთმანეთთან აკავშირებდა. ამიტომაც, პირველად, სწორედ მერაბი მოიცილეს.

მერაბ კოსტავას მოცილების ვერსია მოგვიანებით ანუ მას შემდეგ უფრო გამყარდა, როცა ზვიად გამსახურდიაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ისე, მერაბისა და ზვიადის სიკვდილს შორის, შეიძლება, პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ ეს ორი ტრაგედია ერთმანეთს რაღაცით ჰგავს. ამიტომაც, უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის ინტერვიუც ჩემს პირად არქივში ინახება, ბორითის ტრაგედიიდან, პირდაპირ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე გადავიდა. ამასთან, მახსოვს, საუბრისას რუსეთის აგენტებიც ახსენა, ლუსტრაციის კანონიც და ამ კონტექსტში ბევრი საინტერესო მინიშნება გააკეთა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გთავაზობთ სკანდალურ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

„- 1990 წლის მიწურულს, როცა კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა...

- ესეც „კა გე ბე“-ს გეგმა იყო... როგორ გგონიათ, საბჭოთა კავშირი „კა გე ბე“-ს გარეშე დაიშალა? სხვათა შორის, გახრწნის პროცესი, სწორედ საბჭოთა უშიშროებაში დაიწყო.

- ეს, როგორ?

- როგორც კი, ეროვნული მოძრაობები გააქტიურდა, ეროვნული მოტივები „კა გე ბე“-ს თანამშრომლებშიც გაჩნდა. ამიტომ, სისტემა ისეთი მძლავრი აღარ იყო, რომ საბჭოთა კავშირის იდეოლოგია უზრუნველეყო!..

საერთოდ, საბჭოთა კავშირი ნაციონალური სახელმწიფოების ნაკრები იყო, რომლის ნაციონალური პოლიტიკაც სტალინს ებარა. სხვათა შორის, ლენინმა თავის დროზე თქვა, რუსი ბიუროკრატი „პადლეცია“ და „ნასიდნიკიაო“... მოკლედ, მართალია, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა, რომ კავშირიდან გასვლის უფლება ნებისმიერ რესპუბლიკას ჰქონდა, მაგრამ ეს კონსტიტუცია ე.წ. „საბჭოთა ერების“ უფლებებს არ იცავდა. საბჭოთა კავშირი ძალადობრივ დიქტატურაზე დამყარებული სახელმწიფო იყო, რომლის იდეოლოგიაც სტალინის რეჟიმმა განამტკიცა. ყველაფერ ამის სულისჩამდგმელი, სამწუხაროდ, ქართველი, უფრო სწორად, ბოროტი ქართველი იყო - იმაზე დიდი ბოროტება რაღა უნდა იყოს, რომ 1921 წელს, საქართველოს მენშევიკური მთავრობა, სწორედ ქართველებმა დაამხეს და რუსულ მე-11 არმიას საქართველოში შემოუძღვნენ?! სამწუხაროდ, ისტორიას ხშირად არ ვიხსენებთ...

ისიც, რაც საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, გარკვეულწილად, რენეგატი ქართველების ორგანიზებული იყო... 200 წელია, რუსულ იმპერიას თავი ვერა და ვერ დავაღწიეთ...

- თუ იცით, ბორითის ოპერაციაში ანუ მერაბ კოსტავას ლიკვიდაციაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა?

- ეს არ ვიცი, რადგან მაშინ უშიშროებაში არ ვმუშაობდი.

- შეიძლება, მაგრამ სპეცსამსახურში არქივი ხომ დაგხვდათ?

- არქივში ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, არ ინახება, თან არქივის დიდი ნაწილი საქართველოდან იქამდე გაიტანეს, ვიდრე დამოუკიდებლობა აღდგებოდა.

- ანუ, კომუნისტებმა თადარიგი დაიჭირეს და არქივი ხელისუფლებაში მრგვალი მაგიდის მოსვლამდე გადამალეს?

- დიახ, „მრგვალ მაგიდას“ უშიშროებაში, პრაქტიკულად, ცარიელი ადგილები დახვდა. რუსებმა, პირველ რიგში, აგენტურული და პირადი საქმეები გაიტანეს. ის მცირეოდენი კარტოთეკა კი, რაც დატოვეს, მათ ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგნენ.  ჩემი ინფორმაციით, ყველაფერ ამაზე ელიზბარ ჯაველიძემ უნდა იცოდეს... ისე, „კა გე ბე“-ს არქივები საქართველოდან ორმა ქართველმა გაიტანა, აქედან ერთი გარდაცვლილია... არქივი სმოლენსკში წაიღეს... საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება შეუძლებელი სწორედ იმიტომაა, რომ არქივი აღარ არსებობს - თუ დოკუმენტები არ არსებობს, მხოლოდ ლუსტრაციის კანონით საბჭოთა აგენტურის გამოვლენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია...

- ...ლუსტრაციის კანონის არმიღებით საქართველომ რა დაკარგა?

- რა, და, საბჭოთა „კა გე ბე“-ს ე.წ. ოპერატიულმა წყაროებმა ხელისუფლების ყველა ეშელონში შეაღწიეს, გავლენის აგენტები გახდნენ და რუსეთის ფედერაციის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ...

ლუსტრაციაზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ის რისკ-ჯგუფები, რომლებზეც ოპერატიული მეთვალყურეობა დღესაც უნდა წარმოებდეს. ასეთი აგენტურა, შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: 1. ყოფილი საბჭოთა კავშირის სუკ-ის მესამე მთავარი სამმართველოსა („ასობი ატდელი“) და „გე რე უ“-ს აგენტურული აპარატი; 2.ყოფილი საბჭოთა კავშირის სუკ-ის პირველი სამმართველოს (დაზვერვა) და ე.წ. „პე გე უ“-ს აგენტურული აპარატი, რომელიც როგორც წესი, საზღვარგარეთ, საბჭოთა მოქალაქეების გამგზავრებისას გამოიყენებოდა; 3. „კა გე ბე“-ს მიერ, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდგომ გადაბირებულები; 4. სამეცნიერო წრეებიდან გადაბირებული აგენტურული აპარატი; 5. საბჭოთა სუკ-ის ე.წ. „მე-5 სამმართველოს“ ანუ იდეოლოგიური კონტრდაზვერვის აგენტურული აპარატი. ამასთან, მნიშვნელოვანია საბჭოთა მენტალიტეტის მატარებელი რისკ-ჯგუფებიც - „კა გე ბე“-ს ყოფილი თანამშრომლები, პარტიული და საბჭოთა ნომენკლატურა, ე.წ. საბჭოთა ინტელიგენცია... პირველი რისკ-ჯგუფის გამოვლენა შეუძლებელია, სხვა ჯგუფების ლუსტრირება კი, ნაწილობრივაა შესაძლებელი. ამასთან, ქართული ძალოვანი უწყებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდნენ „კა გე ბე“-ს ოფიცრებისგან...

რუსეთის დღევანდელი სპეცსამსახურების, კერძოდ, იდეოლოგიური კონტრდაზვერვის ყურადღების ცენტრში მუდამ იქნება საბჭოთა მენტალიტეტის რისკ-ჯგუფი ანუ ე.წ. საბჭოთა ინტელიგენცია, რომლითაც საქართველოში რუსული იდეოლოგიის შენარჩუნებას ცდილობენ.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი საქართველოდან გატანილ უშიშროების არქივებს არ დააბრუნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლუსტრაციის კანონის მიღება ისტორიული აუცილებლობაა. სხვათა შორის, ლუსტრაცია ერთჯერადი აქტი არაა, ის მუდმივი პროცესია, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობაზეა დამოკიდებული“...

 

მკვლელი ხბო თუ საბურავი?

მოკლედ, თუკი სიღრმეში წავალთ, გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები მერაბ კოსტავას იმთავითვე „გამორჩეულად“ ვერ იტანდნენ. ცხადია, „ვერსია“ იმას არ ამბობს, რომ ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებს წითელი მმართველობა ხელისგულზე ერბო-კვერცხს უწვავდა, მაგრამ კომუნისტებმა მხოლოდ მერაბ კოსტავა და ირაკლი წერეთელი გააციმბირეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ როგორც ჩანს, ლენინის სულიერი შვილები იმედოვნებდნენ, რომ კოსტავა ციმბირის კლიმატს ვერ გაუძლებდა და სულს განუტევებდა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაბადებული ეროვნული გმირი სისხლისფერ დემონებს არ დანებდა და, მართალია, ჯანმრთელობაშერყეული, მაგრამ სამშობლოში მაინც დაბრუნდა. საერთოდ, ისინი, რომლებსაც 70-80-იანი წლების ეროვნული მოძრაობა კარგად ახსოვთ, მინიმუმ, პირად საუბრებში არ მალავენ, რომ მერაბ კოსტავა კლასიკოსის ვაჟს აბალანსებდა. არადა, იმისთვის, რომ ეროვნულ მოძრაობას სახელი გასტეხოდა, ექსცენტრიულობა იყო საჭირო. მაშასადამე, პოლიტიკური ღმერთები და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზები ხვდებოდნენ, რომ სანამ კოსტავა ცოცხალი იქნებოდა, მიზანი საშუალებას ვერ გაამართლებდა ანუ ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია ვერ მოხერხდებოდა. აქედან გამომდინარე, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ ის, რაც 1989 წლის 13 ოქტომბერს, ბორითში მოხდა, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ამ ვერსიას, პირდაპირ თუ ირიბად, თამარ ჩხეიძეც იზიარებს. სხვათა შორის, 1989 წლის 13 ოქტომბერს, ესე იგი, ტრაგედიის დღეს, ავტომანქანას სწორედ თამარ ჩხეიძე მართავდა. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც 2013 წლით თარიღდება, ნათქვამია:

თამარ ჩხეიძის აზრით, რაღაც ეტაპზე, მერაბ კოსტავა ხელშემშლელ ფიგურად იქცა იმ სცენარის განხორციელებისთვის, რაც დაგეგმილი იყო. სცენარი კი სწორედ ისე დაგეგმეს, რაც შემდგომში განხორციელდა - ქართული პოლიტიკის სრულიად არასწორი მიმართულებით წარმართვა, ჩვენი ერის კონფლიქტებში ჩათრევა, ქართული საზოგადოების შიგნით სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, პროცესების არარეალისტურად წარმართვა. ამას კი განსაკუთრებით ორი ადამიანი უშლიდა ხელს - მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე (ბორითის ტრაგედიის შედეგად, 1989 წლის დეკემბერში, ზურაბ ჭავჭავაძეც გარდაიცვალა - ..).

ამასთან, თამარ ჩხეიძე ფიქრობს, რომ რა ეტაპზეც ზვიად გამსახურდიამ მათ მიერ გათვალისწინებული სცენარისთვის საკუთარი თავი ამოწურა, ისიც მოკლეს.

მართალია, მერაბ კოსტავას დაღუპვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, გამოძიების დონეზე არ არის გარკვეული, იმ ტრაგიკულ გზაზე საბურავი გამოვარდა თუ ხბომ გადაირბინა, მაგრამ თამარ ჩხეიძის თქმით, საამისო ფოტომასალაც არსებობს, რომ საეჭვო საგანი სწორედ შავი საბურავი იყო, რამაც ავარია გამოიწვია.

სავსებით შეეძლოთ, სამუხრუჭე სისტემა ხელოვნურად გაეფუჭებინათ, რათა მანქანა ვერ შემეჩერებინა. მანამდე, ჩვენ ქუთაისის ერთ-ერთ შენობაში ვიყავით შესულნი და იმ დროს ეს თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ. სხვათა შორის, მერაბი ელოდა მსგავს სცენარს იმპერიული ძალისგან, მუდმივად ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა, ნემსის გაკეთებასაც ამიტომ უწევდა წინააღმდეგობას. ლაპარაკის საშუალება აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას სწევდა. ზურაბ ჭავჭავაძეც თავისით არ დაიღუპა, ის უკვე გამოჯანმრთელების გზაზე იყო და სრულიად ხელოვნურად შეყარეს ჰეპატიტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სწორედ სისხლით გადადის, - აცხადებს თამარ ჩხეიძე. 

 

ტრაგედია უგმიროდ

1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს. პატიმრობის სამი წელი მერაბმა პერმში გაატარა... გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს და, როგორც „ხულიგანი“, ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს... სწორედ ამ დროს, 1985 წელს, მერაბ კოსტავას ვაჟი, 25 წლის ირაკლი საეჭვო ვითარებაში იღუპება. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წელს თავისუფლდება. მის საქართველოში დაბრუნებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვება.

„1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, დედაენასთან დაკავშირებით ახალგაზრდობა რომ გამოვიდა, პირველად მაშინ დავინახე პლაკატი - თავისუფლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას! ხალხი კითხულობდა, ვინ არის მერაბ კოსტავა, რატომ თავისუფლება, დაპატიმრებულია? მოგვიანებით გავიგე, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ხეზე ავიდნენ და ეს პლაკატი ისე აღმართეს. ათწლიანი პატიმრობიდან სამშობლოში მერაბი ძალიან თავისუფალი, ლაღი დაბრუნდა. ეტყობოდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ყველაფერ იმაზე, რაზეც მანამდეც წერდა. გარშემომყოფებს არასდროს ახვევდა ვაჟიშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს, - იხსენებს ციცინო მაღლაფერიძე...

სხვათა შორის, 1987 წელს, გადასახლებიდან ახლადდაბრუნებული მერაბ კოსტავას ინიციატივით, თბილისში, ახალგაზრდების ჯგუფმა 26 მაისი ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მერე, წლები რომ გავა, ციცინო მაღლაფერიძე ამ დღეს ასე გაიხსენებს: ჯავახიშვილის #1-ში (ამჟამად, ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში 30-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მცირერიცხოვანი, მაგრამ პირველი მიტინგი ჩატარდა. ჩვენთვის ეს მაშინ სიახლე იყო. მერაბმა, სიტყვით გამოსვლისას, ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა. დაახლოებით, საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა, ცოტა ხანში, მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართულიო. ამის შემდეგ მერაბმა თქვა, სიონისკენ წავიდეთო და რუსთაველს გავუყევით, ჩვეულებრივად, ტროტუარზე მივდიოდით. მერაბს უკვე ცნობდნენ და გზადაგზა ახალგაზრდები გვიერთდებოდნენ. ლესელიძის ქუჩასთან მილიციის კორდონი დაგვხვდა, სიონისკენ ჩასვლის საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ კორდონი გავარღვიეთ და გზა გავაგრძელეთ. სიონთან ახლოს, სანაპიროზე გაჩერების საშუალება არ მოგვცეს, რადგან უკვე 500-მდე ვიყავით და იცოდნენ, რომ იქ ხალხი შემოგვემატებოდა. გვითხრეს, ბერიკონში შედით და მიტინგი იქ ჩაატარეთო... იმ საღამოს სუფრა ვაჟა ადამიას სახლში გაიშალა და მერაბის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობისა და საკუთარი დაბადების დღე, მერაბ კოსტავამ ბოლოს 1989 წელს აღნიშნა: როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ დღეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა.  მანამდე კი, მერაბს ნარიყალაზე სამფეროვანი დროშა აუტანია.

1989 წლის 26 მაისს, მერაბ კოსტავა 50 წლის გახდა... იმ დღეს მერაბმა ერთი უცნაური საჩუქარი მიიღო - ხის გადაჭრილი ტოტი, რომელზეც 50 სანთელი ენთო... იმ სანთლებთან ერთად, მერაბ კოსტავაც სიცოცხლეც ჩაიწვა...

და მაინც, რა მოხდა 1989 წლის 13 ოქტომბერს, ბორითთან? - ესაა კითხვა, რომელსაც პასუხი ტრაგედიიდან 33 წლის მერეც არ გასცემია... ისე, ამ 33 წლის განმავლობაში, საქართველომ ათასი უბედურება გადაიტანა... რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ... სამწუხაროდ, ერთსაც არ მოსვლია აზრად, რომ ბორითის ტრაგედია ხელახლა გამოეძიებინა.

რატომ? - ალბათ, იმიტომ, რომ ბორითის საიდუმლოს გაშიფვრა ბევრ რამეს ყირაზე დააყენებს...