ელიტური ბრილიანტების სისხლიანი საიდუმლო

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რატომ ფიგურირებს საქმეში ყოფილი ძალოვანი

 

ბათო ჯაფარიძე

 

„ვარდების რევოლუციის“ გარიჟრაჟზე ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ერთ-ერთი პირველი, ვისაც „რეფორმატორები“ დაერივნენ, ძალოვანი უწყების თანამშრომლები გახლდნენ. მათ, უბრალოდ, სამსახურებიდან ყრიდნენ, გამომძიებლებს დაწყებულ საქმეებს ართმევდნენ და ართმევდნენ ისე, რომ არც ეკითხებოდნენ, რა ეტაპზე იყო ძიება, რას ფიქრობდა გამომძიებელი. ძალოვნების 90%-ს კორპუმპირებულის იარლიყი მიარტყეს და სინამდვილეში, რეალობა სხვაგვარი იყო. არავინ მალავს, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის პირობებში, კორუფცია იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ფულს იღებდა და რაც მთავარია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კორუფცია ელიტური გახდა - ზედა ეშელონებში გადაინაცვლა და თუ მანამდე, საქმის მოგვარებას 10 ათასი სჭირდებოდა, „ნაციონალების“ პირობებში, ამ ციფრს ერთი ნული დაემატა. სწორედ მაშინ „გაიმასქნდა“ საქმე, რომელიც წესითა და რიგით, ხმაურიანი უნდა გამომდგარიყო, მაგრამ საქმე „დელიკატურ ძვირფასეულობას“ ეხებოდა.

 

1992 წელს, მაშინ, როცა საქართველოში სიმართლე იმის მხარეს იყო, ვისაც უფრო მეტი იარაღი ჰქონდა, ქვეყანა კონტრაბანდული ბრილიანტების სატრანზიტოდ გამოიყენეს. ბრილიანტების ტრანზიტის შესახებ ერთ-ერთმა საძმომ გაიგო, გზაზე გადამტანები დააყაჩაღეს, ჩაცხრილეს და საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმ გარჩევას დაემსგავსა, რომელიც მაშინ მრავლად ხდებოდა, თუმცა ინფორმაციამ გაჟონა და რაც მთავარია, ბრილიანტები შავ ბაზარზე გამოჩნდა. ნაწილის ამოღება სამართალდამცავებმა გადამყიდველებისგან მოახერხეს, ნაწილი უკვალოდ გაქრა, მაგრამ ძალოვნებმა იმდენი შეძლეს, რომ საქმეში ეჭვმიტანილები დააკავეს და ვინაიდან მათ ის „კანონიერი ქურდებიც“ ერჩოდნენ, რომლებიც ამ კონტრაბანდაში იყვნენ გარეულნი, გაასამართლეს და 10-10 წელიც ჩამოურიგეს. მათ შორის იყო ბანდის ბუღალტერიც, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა ბრილიანტების გაყიდვა და ეს ბუღალტერი „ზონაზე“ გადაყვანის შემდეგ, „კანონიერი ქურდების“ ხელში ჩავარდა. აბა, „ზონაზე“ ვინ გაითვალისწინებდა იმას, რომ კაცს გულის პრობლემები ჰქონდა და როგორც კი ცემა დაუწყეს იმის გასარკვევად, სად იყო შენახული ბრილიანტების დარჩენილი ნაწილი, მას გულის შეტევა დაემართა და... გარდაიცვალა. შემდეგ ბანდის სხვა წევრებს დაერივნენ, თუმცა ხელს ყველა ბუღალტრისკენ იშვერდა, იმან იცოდა, ჩვენ არაფერი ვიცითო. ასე შემოაკვდათ ყველა, გარდა ერთისა, რომელმაც ცემას გაუძლო და რაც მთავარია, ყველა დააჯერა, რომ ბრილიანტების შესახებ არაფერი იცოდა. ეს პიროვნება ციხიდან 2002 წელს გამოვიდა და მისი გამოსვლა დაემთხვა ბუღალტრის ცოლის მკვლელობას. ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს,

„მისი მოკვლა ჯერ დანით სცადეს, ორჯერ დაარტყეს დანა ყელის არეში, შემდეგ სცადეს გაეგუდათ, ბოლოს კი, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მოკლეს. სავარაუდოდ, მკვლელი ქალია, რადგან დანის დარტყმის სიძლიერე, ყელზე თითების განლაგება და ბოლოს, ბლაგვი საგნით მიყენებული სამი ჭრილობა იმას მოწმობდა, რომ მკვლელი ძლიერი არ იყო და მოკვლას ვერ ახერხებდა“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

სამართალდამცავები, ყველა ლოგიკის გათვალისწინებით, ციხიდან გათავისუფლებულ კრიმინალს ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ - მის კვალს ვერ მიაგნეს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მკვლელობა სწორედ მან ჩაიდინა. გარდაცვლილი ქალის ერთადერთმა შვილმა სახლი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ნივთი იყო დაკარგული, მათ შორის, ოქროს სამაჯური, არაფრით გამორჩეული შიშველი ქალის ქანდაკება და ასევე, არაფრით გამორჩეული ნახატი. გარდაცვლილის რძალი სახეს იხოკავდა, ის ოქროს სამაჯური ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი იყო, ოჯახის რელიქვია და წესით, მე უნდა მრგებოდა, მაგრამ იმას კი არ ვჩივი, რომ ოქროსი იყო, უბრალოდ, ოჯახისთვის ბევრს ნიშნავდაო. სამართალდამცავები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გათავისუფლებული კრიმინალის მოძებნის შემდეგ, საქმეს გახსნიდნენ, მაგრამ მასშტაბურ ძიებას ხელს ისიც უშლიდა, რომ ქუჩაში იმ დროს აქციები იყო და რიგით თანამშრომლებს ვინ ჩივის, ხალხის შესაკავებლად ქუჩაში განყოფილებების უფროსებიც იდგნენ.

სწორედ მაშინ, როცა საქართველოს ახალი ისტორია იწერებოდა, მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს. ტელევიზიებს მაშინ ამისთვის არ ეცალათ, რა გვამი და კრიმინალი, ქვეყანაში რევოლუციის სუნი იდგა. ძალოვნებს გაუკვირდათ, როცა გარდაცვლილში მათ მიერ ძებნილი კრიმინალი ამოიცნეს და რაც მთავარია, ის ნაწამები იყო. გამოდიოდა, რომ ვიღაცამ ის დაიჭირა, აწამა და შეეცადა, ბრილიანტების საიდუმლო დაეცდევინებინა, მაგრამ გამოუვიდა თუ არა, ვერავინ ამბობდა. ისიც გაირკვა, რომ გათავისუფლების შემდეგ, მოკლული დასთან, აფრიკის დასახლებაში ცხოვრობდა. გამომძიებლებმა ბინის ჩხრეკა ჩაატარეს, საინტერესო ვერაფერი იპოვეს, თუმცა დის ჩვენებამ ყველა გააოცა.

„როცა ჩემი ძმა ციხიდან გათავისუფლდა, ჩვენთან მოვიდა, ასე თქვა, უნდა დავისვენო, მერე ამ ქვეყნიდან გავასწრო, მომავალი არ აქვს არც ქვეყანას და არც ხალხსო. შემდეგ ვიღაც კაცი მოვიდა მის სანახავად, ვიფიქრე, ძველმა მეგობრებმა შეახსენეს თავი-თქო, მაგრამ მითხრა, ძველი მეგობრები აღარ მყავს, ყველა მკვდარია, ეს კაცი კი ყოფილი ძალოვანია, ერთ-ერთია იმათგან, ვინც დამიჭირაო. კი გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ის კაცი მეორედაც მოვიდა, რაღაც დაძაბული საუბარი ჰქონდათ, აივნიდან ვუყურებდი, ხელებს უშლიდნენ ერთმანეთს. ჩემი ძმა არაფერს ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ დაიძაბა და მართლა გასწრებაზე იყო“, -განაცხადა დამ.

სამართალდამცავებმა 1992 წელს ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა სამართალდამცავის ფოტო მონახეს და დას ამოცნობაზე მიუტანეს. მან ხელი ერთ-ერთს დაადო, უკვე პენსიაზე მყოფ პოლიციელს და დაბეჯითებით თქვა, ჩემს ძმას სწორედ ეს აკითხავდაო. ერთ საათში, ყოფილი პოლიციელი დაკთხვაზე იჯდა და ჩვენებას აძლევდა. მან კატეგორიულად უარყო ბუღალტრის ქვრივის მკვლელობა, თუმცა თქვა, რომ მას უთვალთვალებდა და მეტიც, ყოფილი კრიმინალი მის სახლთან თავად მიიყვანა, რათა იქიდან... იაფფასიანი, შიშველი ქალის ქანდაკება უნდა მოეპარა, რადგან ბრილიანტების ნაწილი სწორედ მის ძირში იყო დამარხული. ყოფილი პოლიციელი კრიმინალს დის მკვლელობით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, საქმეში რამდენიმე კაცი ვართ და მე რომ რამე დამემართოს, შენს დას მაინც მოკლავენო.

„სახლთან მივიყვანე და ვდარაჯობდი. ის იქიდან მალე გამოვიდა და მითხრა, ქალი მკვდარია, ქანდაკება კი არსადაა, აშკარად ვიღაცამ დაგვასწროო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, ჯერ იქ გავჩხრიკე, მერე წავიყვანე და ვაწამე, მაგრამ ვერაფერი ვათქმევინე. წამების დროს შემომაკვდა, არ მინდოდა მომეკლა. შემდეგ მეზობლები გამოვკითხე, ძველი „ქსივა“ შემორჩენილი მაქვს და კარის მეზობელმა მითხრა, სანამ ის კაცი მოვიდოდა, მანამდე ბინაში რძალი იყო მოსულიო. მგონია, რომ რძალმა რაღაც გაიგო და ბრილიანტები მას აქვს“, - განაცხადა დაკავებულმა.

სამართალდამცავებმა რძლის ბინა გაჩხრიკეს და ქანდაკება ვერა, მაგრამ სამაჯური იპოვეს. სამაჯური საგულდაგულოდ კი იყო გაწმენდილი, მაგრამ ექსპერტიზამ გარდაცვლილი ქალის სისხლის კვალი მაინც აღმოაჩინა.

„წლებია, ქმართან და შვილთან ერთად, ერთოთახიანში ვცხოვრობ. დედამთილი ოთხოთახიან ბინას არ გვითმობდა, მოვკვდები და თქვენი იქნებაო. ბოლო თვეებია, შვილი სერიოზულად გვყავს ავად, უჰაერობა სჭირს და ექიმმა გვირჩია, ცოტა დიდი ბინა გინდათო. დედამთილი უარზე იყო, თავად ერთოთახიანში გადმოსულიყო და არც ჩვენ გვიშვებდა, სიმშვიდე მინდა, ხმაურს ვერ ავიტანო. ორი არჩევანი მქონდა, ან შვილის სიკვდილისთვის უნდა მეყურებინა, ან დედამთილი მომეშორებინა. დიახ, მე მოვკალი და მკვლელობის იარაღი, შიშველი ქალის ქანდაკება მტკვარში გადავაგდე“, - განაცხადა დაკავებულმა.

ქანდაკება მტკვრიდან მყვინთავებმა მაშინ ამოიღეს, როცა ხელისუფლების ცვილილება უკვე განხორციელებული იყო. ის იქვე დაშალეს და მისი ძირიდან, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ათზე მეტი, არცთუ მცირე ზომის ბრილიანტი გადმოვარდა. როგორც ჩანს, რძალმა ბრილიანტების შესახებ არაფერი იცოდა, ოქროს სამაჯურს კი ვერ შეელია და აპირებდა, ვითომ შემთხვევით, რომელიღაც ლომბარდში „აღმოეჩინა“ და ქმრისთვის ასე შეეტენა. რაც შეეხება ბრილიანტებს...

როგორც გვეუბნებიან, საქმიდან ჯერ რამდენიმე ქვა გაქრა, შემდეგ ეს ქვები ისევ გამოჩნდა, საბოლოო აქტში კი ჩაიწერა, რომ ბრილიანტები ქანდაკებაში არ იყო და ეს გახლდათ ცირკონის თვლები, რომელსაც, პრაქტიკულად, არავითარი ღირებულება არ ჰქონდა. თუმცა, რეალურად, ცირკონის თვლებით ბრილიანტის ჩანაცვლებაზეც არავის უწვალია, უბრალოდ, ქაღალდზე დაწერეს და საქმის მთავარი მტკიცებულება გააქრეს. რა ძნელი მისახვედრია, რომ აღნიშნული საქმის ყველა გამომძიებელი და ოპერმუშაკი საქმის დახურვის შემდეგ, უმუშევარი დარჩა, ისინი ხომ „კორუმპირებულები“ იყვნენ.