სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ვაჩიანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. მინისტრის მოადგილემ პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობაში საქმიანობის გაგრძელება მიულოცა.
ვაჩიანში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. ვაჩიანის პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 19 სოფელსა და 11 000-მდე მოქალაქეს მოემსახურებიან.
ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე, თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახი და სპორტული დარბაზი.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, უწყების დანაყოფებისთვის არაერთი ახალი შენობა აშენდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები იზრდება. მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.