თბილისური კრიმინალი - ინდური ფილმის სცენარით

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 

რა ნათესაური კავშირი ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცს 80 წლის ქალთან, რომელიც საძილე საშუალებებით მოკლა

 

ბათო ჯაფარიძე

 

ანდერძი და მემკვიდრეობა - ეს ორი ცნება დღეს უკვე ყველამ იცის, თორემ ადრე, ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობდა. თითქოს, წესი იყო, ოჯახში რჩებოდა უმცროსი შვილი, გოგოს, ძირითადად, არაფერი ხვდებოდა და ის ქმრის ოჯახის წევრი იყო, მამა ცდილობდა, თუ ორი ბიჭი ჰყავდა, მეორესაც შეხვედროდა რამე და ა.შ. მერე და მერე, კარგად გავითავისეთ, რომ „ლეკვი ლომისა სწორია“, თურმე, შოთას ტყუილად არ დაუწერია და საბედნიეროდ, ბიჭის ძებნაში, გოგონებზე აბორტების კეთების რიცხვმაც იკლო. რადგან აბორტი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ 10 ოქტომბერს, პარლამენტს წარედგინა კანონი და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება აუცილებლად შევა, რომლითაც თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ცხადდება. პროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ოთხიდან რვა წლამდე ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ხუთიდან ცხრა წლამდე ვადით. პროექტის მიხედვით, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ცხრიდან ცამეტ წლამდე, თუ ჩადენილი იქნება: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ. ასევე, ჯგუფურად; გენდერის ნიშნით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; განსაკუთრებული სისასტიკით; არაერთგზის; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ანგარებით ან შეკვეთით; ხულიგნური ქვენა გრძნობით; ცვლილებების მიხედვით, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით.

თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პროექტის მიხედვით, აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრი სასჯელი იქნება გათვალისწინებული. ორსულობის შეწყვეტის იძულება, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ორიდან ექვს წლამდე ვადით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, წესითა და რიგით, ინდური ფილმივით უნდა დასრულებულიყო, ბედნიერი ღიმილითა და ცრემლით, მაგრამ...

90-იანი წლების გარიჟრაჟზე, მაშინ, როცა პრაქტიკულად, ყველას გაუჭირდა, გახშირდა შემთხვევები, როცა მოხუცებს სხვა ოჯახები უვლიდნენ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბინა რჩებოდათ. სწორედ ასეთი მოხუცი გარდაიცვალა თბილისის ერთ-ერთ უბანში და სამართალდამცავებს მისმა მომვლელმა გამოუძახა. საქმე ის გახლდათ, რომ შედგენილი ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ, სხეული აუცილებლად უნდა გაეკვეთათ და თუ ექსპერტიზა ბუნებრივ სიკვდილს დააფიქსირებდა, სამოთახიანი ბინა მომვლელს რჩებოდა, ხოლო თუ სიკვდილი ბუნებრივი არ იყო, ბინა... სახელმწიფოს გადაეცემოდა. ახლა, მომვლელი ქალი, რომელიც გარდაცვლილის მეზობელი იყო, ხმამაღლა ლოცულობდა, ღმერთო, ბუნებრივი სიკვდილით იყოს მკვდარიო. ძალოვნებს ეჭვი არაფერში შეპარვიათ, ქალს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა, თუმცა ექსპერტიზაზე მაინც წაიღეს და გაკვეთის შედეგს დაელოდნენ. გაკვეთამ აჩვენა, რომ მოხუცი... საძილე საშუალების დიდი დოზის მიღების შედეგად იყო გარდაცვლილი. საძილე აბებს კი სწორედ მომვლელი აძლევდა. სანამ ამბის თხრობას გავაგრძელებთ, ისიც ვთქვათ, ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის მომვლელი და გარდაცვლილი.

როგორც მეზობლები ამბობდნენ, გარდაცვლილი ამ ბინაში მეუღლესთან, გემის კაპიტანთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღეს კი ცნობა მოვიდა, რომ გემის კაპიტანი გარდაიცვალა, ზღვაში დაიხრჩო. ქალს ქმრის მეგობრები აქცევდნენ ყურადღებას, შემდეგ კი ყველას გაუჭირდა და მანაც გამოსავალი მოძებნა - მომვლელი აიყვანა, რომელიც მისივე მეზობელი, 60 წელს მიტანებული ქალი იყო. რაც შეეხება მომვლელს, თავიდან, იმ ბინაში მისი შვილი ცხოვრობდა, რომელიც შემდეგ დაორსულდა, შემდეგ სხვაგან წავიდა, ბოლოს კი ბებია და შვილიშვილი დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა გარდაიცვალა. შვილიშვილი ჭკვიანი ბიჭი იყო, გარდა იმისა, რომ წარჩინებული სტუდენტი გახლდათ, მეგობრებთან ერთად, მცირე საწარმოც ჰქონდა, რკინის რიკულებს აკეთებდა, სავაჭრო ჯიხურიც ედგა და ბედს არ უჩიოდა. შესაბამისად, ბებიას უფლება მისცა, მეზობელი ქალისთვის მოევლო, წამლებსაც ყიდულობდა და არც საკვებს აკლებდა. მეზობლებმა ისიც თქვეს, დაახლოებით, ორი თვის წინ, გარდაცვლილთან გემის კაპიტნის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი იყო მოსული და მასთან სამი დღე დარჩაო. ეს არც მომვლელმა უარყო და აღნიშნა, ქალმა მამაკაცი ქმრის მეგობრად გაგვაცნო და მათ შორის რაიმე სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბარიც კი სისულელეა, გარდაცვლილი 80-ს მიტანებული იყო და ის კაპიტანიც 70 წელზე ნაკლების არ იქნებოდაო.

ყოველნაირი ლოგიკით, გამოძიებას მომვლელის მონაწილეობა მკვლელობაში უნდა გამოერიცხა, რადგან ქალმა ზუსტად იცოდა, რომ ყველა ვარიანტში, გარდაცვლილს ექსპერტიზას დაუნიშნავდნენ, ეს ეწერა მის ანდერძში, ეს იცოდა მისმა ადვოკატმა, რომელსაც თავის დროზე გარდაცვლილმა სოლიდური თანხა გადაუხადა. მოკლედ, როგორც კი არაბუნებრივი სიკვდილი დაფიქსირდებოდა, მომვლელი ბინას დაკარგავდა და ამდენი წლის ხარჯი წყალში ჩაეყრებოდა. ამიტომ, გამომძიებლებმა ისეთ ნათესავებს დაუწყეს ძებნა, რომლებსაც ბინის ხელში ჩაგდების იმედი უნდა ჰქონოდათ. იმის მიუხედავად, რომ მაშინ ბინებიც იაფი ღირდა, თბილისში, სამოთახიანს ფასი მაინც ედო და იმ დროისთვის არცთუ მცირე. ასეთი ნათესავი ვერ ნახეს და ახლა სამეზობლოს შესწავლა დაიწყეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ. არცერთ მეზობელს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, მოეკლა ქალი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბინიდან არც კი გამოდიოდა და არავის ეკონტაქტებოდა. ის კარსაც კი არავის უღებდა, მომვლელს სახლის გასაღები ჰქონდა და თავად შედიოდა საჭირო დროს, ულაგებდა, ურეცხავდა, აჭმევდა, ასმევდა... თავად ფაქტი, რომ გარდაცვლილი კარს არავის უღებდა, საინტერესო იყო. საკეტს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა ანუ ვიღაცამ კარი გააღო, შევიდა, საძილე წამალი ზომაზე მეტი დაალევინა და კარი ისევ გასაღებით დაკეტა. გასაღები კი მხოლოდ მომვლელს ჰქონდა და მისი გამოყენება შვილიშვილსაც შეეძლო.

ძიებით დადგინდა, რომ ანდერძის შესახებ შვილიშვილმაც იცოდა და შესაბამისად, მოხუცის მკვლელობა არც მას აწყობდა. გადაწყდა, როგორმე, ის კაცი მოეძებნათ, რომელიც მოხუცს ბოლოს სტუმრობდა და ამის გაკეთება ძალიან იოლი აღმოჩნდა - მომვლელს გარდაცვლილის საოჯახო ალბომი დაათვალიერებინეს, სადაც მისი ქმრის სურათებიც იყო მეგობრებთან ერთად გადაღებული და ქალმაც ერთ-ერთს ხელი დაადო, სწორედ ეს კაცი გახლდათ სტუმრადო. კაპიტანი მალე იპოვეს.

„ქალი მოკლეს? კი, მაგრამ, რატომ? მისი ქმარი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. გარდაცვალებამდე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, რამდენიმე დიდ ქარხანაში აქციები დაარიგეს, მოსახლეობას ეუბნებოდნენ, ქარხანა თქვენია, მეწილეები ხართო და შემდეგ ეს ქარხნები, ერთი-მეორის მიყოლებით, იხურებოდა. ამ ხალხს აქციები გემებთან მოჰქოდათ, პროდუქტზე სურდათ გადაცვლა. არავინ უცვლიდა ჩემი მეგობრის გარდა, ის სულ ამბობდა, მოვა დრო და ეს აქციები მილიონები ეღირებაო. მერე ის გარდაიცვალა, აქციები მე შემრჩა, თუმცა მის სახელზე. ახლა კი, ერთ-ერთი ქარხნის შეძენა სურთ, აქციებით დაინტერესდნენ და მე მომადგნენ, მე კიდევ, რა უფლება მქონდა, გამეყიდა? საბუთებით, ეს ქონება ჩემი მეგობრის იყო, მისი მემკვიდრე კი ცოლი გახლდათ. ამიტომ, აქციები მას ჩავუტანე და ვუთხარი, რომ დიდი ფულის შოვნა შეეძლო. შემდეგ წამოვედი, ერთადერთი, რაც ვიცი, ადვოკატს დაურეკა ჩემი თანდასწრებით და უთხრა, სასწრაფოდ მნახე, ანდერძის შეცვლა მსურსო“, - განაცხადა კაპიტანმა.

ეს რაღაც ახალი იყო - ადვოკატს არ უხსენებია, რომ ქალს ანდერძის შეცვლა სურდა. ამიტომ, ის სასწრაფოდ დაკთხვაზე დაიბარეს. როგორც კი ადვოკატი მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო, მკვლელობა მისთვის შეეტენათ, პირი დააღო.

„მომვლელ ქალთან მოლაპარაკებული ვიყავი. თუ მოხუცი ანდერძის შეცვლას დააპირებდა, მისთვის უნდა მეცნობებინა. როგორც კი მოხუცმა დამირეკა, მის შვილიშვილს ვუთხარი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, თუ მოკლავდნენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

სამართალდამცავებმა მომვლელი ქალი და მისი შვილიშვილი დააკავეს.

„მე იმ კაპიტნის შვილი ვარ და ეს მოხუცმაც იცოდა. ბებიას წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. როცა დედა დაორსულდა, გარდაცვლილმა გაიგო და აიძულებდა, აბორტი გაეკეთებინა, რამდენჯერმე, ნაცნობ ექიმთანაც ჰყავდა, მაგრამ დედა გამოიქცა. ბოლოს აქედან საერთოდ წავიდა და სოფელში დასახლდა, იქ გამაჩინა, მაგრამ თავად გარდაიცვალა. ექიმები ამბობდნენ, აბორტის გაკეთების მცდელობა ჰქონდა, მაშინ დაუზიანდა რაღაც და მშობიარობის შემდეგ, ის რაღაც გაურთულდაო. აქ როცა დავბრუნდით, ქალი კი მიხვდა, რომ მისი ქმრის შვილი ვიყავი, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. სანამ კაპიტანი ცოცხალი იყო, მეუბნებოდა, მე აქციები მაქვს, ადრე თუ გვიან, მილიონერი გახდებიო. ეს ბინა არც მაინტერესებდა, ის აქციები მაინტერესებდა. როცა კაპიტანი გამოჩნდა, ჩემი თვალით ვნახე, როგორ გადასცა მოხუცს აქციები, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს. მერე ადვოკატმა დარეკა და დავრწმუნდი, რომ საქმე სწორედ აქციებს შეეხებოდა, ამიტომ დასაძინებელი წამლის დოზა გავზარდე, ბინას ვკარგავდი, მაგრამ, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, აქციები მრჩებოდა“, - ეს განცხადება ბიჭმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ქურთუკის ჯიბეში ექსპერტებმა დასაძინებელი წამლის ნაწილაკები იპოვეს. არადა, წესით, მას აბებთან შეხება არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ დამარტებითი აბების წყალში გარევის დროს, ფრჩხილში წამლის მტვერი დარჩა და შემდეგ - ჯიბეშიც...

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ბოლოს მოხდა. გარდაცვლილის დასაფლავებაზე მისულმა მისმა მეგობარმა, რომელსაც მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა, ტირილით თქვა, რომ მოხუცი ანდერძში ცვლილების შეტანას მართლა აპირებდა და აქციებს, რომელიც მას ჩამოუტანეს, მთლიანად მისი ქმრის უკანონო შვილს უტოვებდა.