Menu
RSS

ყველა მხარის ექსკლუზიური პასუხი მთავარ კითხვაზე _ რატომ აძვირებს მომსახურებას „სილქნეტი“?

თუ რომელიმე საკაბელო ოპერატორის აბონენტი ხართ, შესაძლოა, 1 ივნისიდან ,,იმედის'', ,,რუსთავი 2''-ის (,,კომედი არხისა'' და ,,მარაოს'' ჩათვლით), ,,მაესტროსა'' და GDშ-ის მაუწყებლობა შეგიწყდეთ ან ფასიანი გახდეს. არც ისე დიდი ხანია, რაც ეს 6 მაუწყებელი ერთ კომპანიაში _ ,,მედია რაითს ჯორჯია'' გაერთიანდა, რომელსაც ,,მაესტროს'' დირექტორი, ზურაბ ნაყეური ხელმძღვანელობს. კომპანიამ საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ოპერატორს გაუგზავნა ოფიციალური წერილი და 6 ტელემაუწყებლის რეტრანსლირების (გადახვევა-დაპაუზების ფუნქცია) შემთხვევაში, მათგან ოფიციალური დასტური 20 მაისამდე მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მედია რაითს ჯორჯია'', საკაბელო ოპერატორებს ამ არხების რეტრანსლირების უფლებას 1 ივნისიდან შეუწყვეტს. 15 მაისს, კომპანია ,,სილქნეტმა'' საკუთარი აბონენტები საკაბელო მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ გააფრთხილა და შესაბამისი შეტყობინებაც გაუგზავნა. სატელევიზიო სივრცეში მოვლენები სწორედ ამის შემდეგ აირია და ქაოსში გადაიზარდა.
15 მაისს, ,,სილქნეტმა'' აბონენტები ,,მედია რაითს ჯორჯიასთან'' კომუნიკაციის გარეშე გააფრთხილა. შეტყობინებაში ეწერა, რომ ,,6 ტელეკომპანია შეთანხმდა და რეტრანსლირების შემთხვევაში, გარკვეული საფასური მოითხოვა. ამას ,,მედია რაითს ჯორჯიას'' დირექტორის, ზურაბ ნაყეურის, ,,იმედისა'' და ,,რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელების ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მოჰყვა. პარალელურად, საკაბელო ოპერატორების ასოციაციამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა და ,,მედია რაითს ჯორჯიას'' მოთხოვნის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
,,მედია რაითს ჯორჯიას'' დირექტორს მიაჩნია, რომ ქართული მაუწყებლები სხვა ქვეყნის მაუწყებლებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არიან. ნაყეური სწორედ ამით ხსნის დანარჩენ 5 ტელეკომპანიასთან კომერციული თანამშრომლობის სურვილის მიზეზს. „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ „გადახვევა-დაპაუზების“ შესაძლებლობის მქონე საკაბელოებისგან (IPTV ოპერატორები) გარკვეულ საფასურს ითხოვს, ,,იმედმა'' არხების ტრანზიტის შესახებ მოითხოვა გადასახადი, რაც საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ტელევიზიას ეხება, ხოლო ნაყეური საკაბელო ოპერატორებს მოლაპარაკებებზე იწვევს.
ზოგადად, ტელევიზიების გაერთიანებაში ცუდი არაფერია, მაგრამ რამდენად კანონიერია მათი მოთხოვნა საკაბელო ოპერატორების მიმართ, ამას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს. საგანგაშო ის კი არ არის, რომ რეტრანსლირების შემთხვევაში, 6 ქართული არხი საკაბელო ოპერატორს საფასურს სთხოვს, საეჭვო მხოლოდ მათი გაერთიანებაა ე.წ. პატარა მაუწყებლების გამოკლებით, რის გამოც ექსპერტები ,,მედია რაითს ჯორჯიას'' ოლიგოპოლიურ და კარტელურ შეთანხმებაშიც ადანაშაულებენ. პარალელურად, გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაუხადონ საკაბელო ოპერატორებმა ქართულ მაუწყებლებს გარკვეული თანხა, თუ ისინი იგივე მომსახურების საფასურს უცხოურ ტელევიზიებს უხდიან? თუ რომელიმე საკაბელო ოპერატორმა, პირობითად, ,,იმედს'' უნდა გადაუხადოს რეტრანსლირების საფასური, რატომ არ უნდა გადაუხადოს ,,კავკასიას'', ,,იბერიას'', ,,ტვ პირველს'' და სხვებს?
საქართველოსკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ გასულ კვირას, ,,მედია რაითს ჯორჯიას'' გადაწყვეტილების შესწავლის მიზნით, კომისიას საკაბელო ოპერატორების ასოციაციამ მიმართა: ,,კომისიამ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, მაგრამ 16 მაისს, ყველა დაინტერესებული პირის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გავრცელდა. ვგულისხმობ ,,რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელობის, ზურაბ ნაყეურისა და საკაბელო ოპერატორების ასოციაციის ახალ განცხადებას. საკითხში გარკვევის მიზნით, კომისიას დამატებითი ინფორმაცია სჭირდება და მხოლოდ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შევძლებთ დეტალურად საუბარს. განხილვის პროცესშია ჩართული კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველიც. თავდაპირველად, ,,მედია რაითს ჯორჯია'' ყველა ავტორიზებულ საკაბელო ოპერატორს რეტრანსლირების საფასურს სთხოვდა, რაც სხვა გარემოებაა, შემდეგ ,,რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელის განცხადება გავრცელდა, რომ მხოლოდ IPTV (გადახვევის ფუნქციის მქონე საკაბელო მომსახურება) მომსახურებაზე ავტორიზებულ საკაბელო ოპერატორებს სთხოვდნენ საფასურს, რაც სხვა გარემოებაა. ნაყეურმა განაცხადა, რომ საფასურს კი არა, მხოლოდ შეხვედრას ითხოვდა... საკითხში უნდა გავერკვეთ, გავიგოთ, რა ფაქტობრივი მდგომარეობაა, რას გეგმავენ და ამის შემდეგ გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას''.
კითხვაზე, თუ ,,მედია რაითს ჯორჯია'' საკაბელო ოპერატორებს 6 ქართული არხის რეტრანსლირების შემთხვევაში, საფასურს მოსთხოვს, არის თუ არა ეს მოთხოვნა კანონიერი, ყურაშვილმა გვიპასუხა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით'', ,,მასთ ქერი'' და ,,მასთ ოფერი'' უკვე დარეგულირებულია: ,,ამ კანონით, ,,მასთ ოფერი'' გულისხმობს საერთო მაუწყებლების ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, მისცენ საკაბელო ოპერატორს საკუთარი არხების რეტრანსლირების ნებართვა ფასით, ან მის გარეშე. თუ მაუწყებელი მიმართავს საკაბელო ოპერატორს, ვალდებულია, განახორციელოს რეტრანსლირება, თუმცა ყველა ხარჯს, მაუწყებელი თავად იხდის, ეს უკვე ,,მასთ ქერია''. ფასიანი რეტრანსლირების შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულია, რომ ბაზარზე დაფიქსირებულ საშუალო ფასთან შედარებით, 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. თუმცა ახლა მხოლოდ კანონში არსებული მუხლი განგიმარტეთ, რადგან ამ საკითხს კომისია სწავლობს''.
,,მედია რაითს ჯორჯიას'' დირექტორი ზურაბ ნაყეური, რომელიც პარალელურად, ,,მაესტროსაც'' ხელმძღვანელობს, ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ ეს კომპანია 6 ქართული მაუწყებლის შუამავალია საკაბელო ოპერატორებთან ურთიერთობაში. მისივე თქმით, ,,მედია რაითს ჯორჯია'' ამ 6 არხის დაკვეთას ასრულებს, ამიტომ 28 აპრილს, კომპანიამ საქართველოში ავტორიზებულ, დაახლოებით, 110 საკაბელო ოპერატორს ოფიციალური წერილი მისწერა, მათ შორის, ,,სილქნეტსაც'':
_ ბატონო ზურაბ, თუ წერილი ყველას გაუგზავნეთ, სადაც საფასურის გადახდაზე არაფერი ეწერა, ,,სილქნეტმა'' აბონენტებს მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ რატომ ამცნო?
_ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე, დაახლოებით, 110 საკაბელო ოპერატორი ირიცხება, მათგან ზოგი მოქმედია, ზოგი _ არა, მაგრამ წერილი ყველას გავუგზავნეთ. აქედან 12-მა ოპერატორმა უკვე მოგვმართა. ,,სილქნეტს'' არ მოუმართავს, მეტიც, არც განმარტება მოუთხოვია, არც მოლაპარაკებაზე წამოსულა. წერილში გარკვევით წერია, რომ ,,თუ დაინტერესებული ხართ ამ 6 არხის რეტრანსლაციით, გთხოვთ, მოგვმართოთ მიმდინარე წლის 20 მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 ივნისიდან შეგიწყდებათ რეტრანსლირების უფლება''. რამე გაურკვევლად წერია ან აქ ფასზე არის საუბარი?
_ ამ პერიოდში, ,,სილქნეტსა'' და თქვენს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა?
_ იმ წერილის პასუხად, მათი პოზიცია წერილობით არ მიგვიღია. სატელეფონო საუბრები შედგა, მაგრამ მხოლოდ იურიდიულ უფლებამოსილებაზე. არ გამოვრიცხავთ, ამ დღეებში ,,სილქნეტის'' წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ.
_ გაჩნდა მოსაზრება, რომ 6 ტელევიზიისგან შემდგარი კომპანია მონოპოლისტია...
_ გინდათ მითხრათ, რომ ,,თბილისი მოლი'' ან ,,გუდვილი'' მონოპოლისტები არიან? ამ ჰიპერმარკეტებში ,,ნაბეღლავის'', ,,ბორჯომისა'' და სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია იყიდება. ,,მედია რაითს ჯორჯია'' 6 სხვადასხვა კონტენტის მწარმოებლის გაერთიანებაა და მონოპოლიასთან საქმე არ გვაქვს! ძალიან გთხოვთ, განმარტებებს ნუ აურევთ, ასეთი შედარება უადგილოა!
_ რამდენით გაძვირდება ამ არხების რეტრანსლირება?
_ ეს დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. შესაძლოა, საკაბელო ოპერატორმა რეტრანსლირების საფასური ჩვენ გადაგვიხადოს, მაგრამ აბონენტებისთვის მომსახურება არ გააძვიროს. ეს ბიზნესმოლაპარაკების დეტალებია. თუ საკაბელო ოპერატორები უცხოურ კომპანიებს უხდიან გადასახადს, რატომ არ უნდა გადაუხადონ ქართულ მაუწყებლებსაც, ასე ხომ არათანაბარ პირობებში ვდგებით და არაკონკურენტული პროდუქციის წარმოება გვიწევს, განვითარების საშუალებაც კი აღარ გვეძლევა. აქ პრივილეგიებზე კი არა, თანაბარ პირობებზეა საუბარი, რადგან ბევრად კარგ და კონკურენტულ პროდუქციას შევთავაზებთ მაყურებელს.
_ ციფრული მაუწყებლობის პირობებში, როცა შემიძლია რომელიმე თანამგზავრული ოპერატორის აბონენტი ვიყო და უფასოდ მივიღო ეს არხები ან შევიძინო ,,სეტ-ტოპ ბოქსი'', საკაბელოს რატომ უნდა გადავუხადო დამატებითი გადასახადი?
_ იმიტომ, რომ ,,სეტ-ტოპ ბოქსს'' გადახვევის ფუნქცია არ აქვს. ასეთ დროს, რეკლამის ყურებადობა 90%-ით მცირდება, რადგან ის 400 000 აბონენტი, რომელსაც გადახვევის ფუნქცია აქვს, რეკლამას არ უყურებს.
_ MYVIDEO.GE-მ და IMOVIES.GE-მ თუ მიიღო თქვენი წერილი?
_ დიახ. მათთან მოლაპარაკებები დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო. ამ ოპერატორებთან უკვე ხელშეკრულების ცალკეულ მუხლებს გავდივართ. წინააღმდეგობა არ გვქონია. საკითხს გაგებით მოეკიდნენ.
***
რის საფუძველზე მიიღეს „სილქნეტის“ აბონენტებმა შეტყობინება, რომ შესაძლოა, საკაბელო მომსახურების საფასური გაძვირდეს? კონკრეტულად, რას ითხოვს „მედია რაითს ჯორჯია“ კომპანიისგან? მიმართა თუ არა ,,სილქნეტმა'' საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას? ამ კითხვებით, ,,ვერსიამ'' კომპანია ,,სილქნეტის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თეონა წერეთელს მიმართა. პასუხად კი ,,სილქნეტის'' იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული განცხადება მივიღეთ, რომლითაც კომპანია სულაც არ არის წინააღმდეგი, ,,მედია რაითს ჯორჯიასთან'' მოლაპარაკება გამართოს. თუმცა ,,სილქნეტში'' ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ,,მაესტროს'', ,,იმედისა'' და ,,რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებდნენ: ,,ჩვენთვის გაუგებარია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროს“ ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები. გვინდა დავიჯეროთ, რომ ზურაბ ნაყეურის წერილი, რომლითაც 20 მაისამდე მოლაპარაკებას მოითხოვდა, სხვა შემთხვევაში კი 1 ივნისიდან ქართული არხების გათიშვას ,,შეგვპირდა'', გაუგებრობა იყო. ჩვენთვის აუცილებელია, გვესმოდეს, კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი მოთხოვნა. ასევე გაუგებარია, რატომ გამოიწვია გაკვირვება ,,სილქნეტის'' მიერ ამ ინფორმაციის აბონენტებისთვის შეტყობინებამ იმ პირობებში, როდესაც ,,სილქნეტს'' ევალება მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილებების თაობაზე წინასწარ აცნობოს აბონენტებს. ასევე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოში ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევის გამო, კომპანიას შეუმცირდა მოგების მაჩვენებელი, ხოლო დამატებითი ხარჯები, აუცილებლად გამოიწვევს ტარიფის ცვლილებას. ,,სილქნეტი'' მზადაა მოლაპარაკებისთვის და იმედს ვიტოვებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული დიალოგი შედგება. ვფიქრობთ, მივაღწევთ შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც მხარეთა კომერციული ინტერესები, ასევე აბონენტების ფინანსური შესაძლებლობები''.
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ ამ დავაში ორივე მხარე _ ფასიანი სერვისის მიმწოდებელი საკაბელო ოპერატორებიცა და 6 ტელევიზიისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ულტიმატუმის ფორმით მიმართავს საკაბელოებს, არასწორად იქცევა: ,,ის, რომ კონტენტის მწარმოებელი მის გამავრცელებელს, რომელიც ამ გავრცელებიდან იღებს ფულს, თანხას სთხოვს, აბსოლუტურად კანონიერია. ამას ,,მაუწყებლობის შესახებ კანონი'' არეგულრიებს. წლების განმავლობაში, საქართველოში, ფასიანი მომსახურების კუთხით ის პაკეტი იყო მოთხოვნადი, რომელშიც ადგილობრივი არხებია. თუმცა საკაბელო, IPTV და თანამგზავრულ ოპერატორებს, რომლებიც ფულს იღებდნენ მაყურებლიდან, ჩემდა სამწუხაროდ, არასდროს უგრძნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, მათი მოზიდული თანხა, მთლიანად საზღვარგარეთ გაედინება! არასდროს უფიქრიათ, ამ თანხით ფონდი შეექმნათ, რომ რაიმე ფორმით, ქართული მაუწყებლების კონტენტი დაეფინანსებინათ. ამიტომ საკაბელო ოპერატორების დამოკიდებულებაც არასწორია, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა. ,,მედია რაითს ჯორჯია'', ანუ ძლიერი მაუწყებლები, კონსულტაციისა და შეხვედრების გარეშე იკრიბებიან და ულტიმატუმის ენით აპირებენ მეორე მხარესთან საუბარს, რაც არასწორია. წლების მანძილზე, სატელევიზიო წარმოების ინდუსტრია ვერ ახერხებს შეკრებას და ერთიანი, შეჯერებული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ამიტომ გვაქვს პრობლემა რეიტინგებშიც, რადგან რეალურად, ტელებაზარზე რეიტინგებს ორი კომპანია ითვლის და დღემდე ვერ გაგვირკვევია, რომელია მართალი. საბოლოოდ, თუ მაყურებელს დავაზარალებთ, ძალიან ცუდი შედეგი იქნება. პროცესს თვალს ვადევნებთ, ახლა ისეთი ვითარებაა, ვინ უფრო კარგად გადაუგრეხს ხელს მეორე მხარეს და რომელი უფრო მოერევა _ საკაბელო ოპერატორების ასოციაცია, რომელთა პოზიცია, საერთოდ არ გადაუხადონ ქართველ მაუწყებლებს თანხა, ბოლომდე სწორი არ არის, თუ გაერთიანებული ძლიერი ტელევიზიები, რომლებსაც სურთ ყველაფერი წაიღონ, მათ შორის სარეკლამო ბაზარიც და სააბონენტო თანხებიც. დიდ ტელევიზიებს სხვა ანუ ,,პატარა'' ტელევიზიები მხოლოდ გასაჭირში ახსენდებათ''.
რაც შეეხება ,,იმედის'', ,,რუსთავი 2''-სა და ,,მაესტროს'' ხელმძღვანელების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და ამ ფონზე, ,,სილქნეტის'' ერთგვარ ,,დაბნეულობას'', ნათია კუპრაშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მზადაა, მხარეებს მოსალაპარაკებლად, საკუთარი ოფისი დაუთმოს: ,,ყველა მხარეს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენს ოფისში, სადაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ზოგადად, ამ ინდუსტრიაში არსებული აქტორები ერთად დავსხდეთ და საკუთარ პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა არსებობს, საზოგადოებასთან გვაქვს კავშირი და მაყურებლების ანუ ჩვენივე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებზე ვსაუბრობთ. ეს მაინც უნდა გვაიძულებდეს, გადავდოთ 2 საათი და ერთად დავსხდეთ! გიმეორებთ, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ და იმსჯელონ, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება საერთო ენის, გეგმისა და ხედვის გამონახვა. არ არის სწორი, რომ ქართული არხების გადახვევა-ყურებადობაში ნაშოვნი ფული საზღვარგარეთ მიდის, ამ საკითხს გადახედვა სჭირდება ოღონდ ისე, რომ საკაბელო ოპერატორებმაც შეძლონ ფუნქციონირება და მაუწყებლებმაც''.
მაია მიშელაძე

back to top