Menu
RSS

საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი საკუთრების ჩამორთმევის კანონში ცვლილებები შედის

თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელ ქონებას ფლობთ, ეს სტატია ყურადღებით უნდა წაიკითხოთ! იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, რომლის ავტორი მთავრობის ადმინისტრაციაა, ინიციატორი კი _ მთავრობა. კანონპროექტით ექსპროპრიაციასთან (სახელმწიფოს მიერ საკუთრების, ან საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ქონების იძულებით ჩამორთმევა, ან გასხვისება, _ ავტ.) დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები იხვეწება და საკომპენსაციო გარანტიებიც მკაფიოდ დგინდება.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, კანონპროექტი იმიტომ მომზადდა, რომ არსებული რეგულაციები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ ის კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს: „კანონპროექტი პირდაპირ ეხება საკუთრება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ცვლილება კონსტიტუციის ჭრილში დავინახოთ''.
რა იცვლება ახალი კანონპროექტით, რა ტიპის კომპენსაციას და ვინ გასცემს იმ შემთხვევაში, თუ პირი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელ ქონებას ფლობს?
ბოლო წლებში, სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით კი, სივრცითი მოწყობა პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, მომავალში უფრო გააქტიურდება ელექტროსადგურების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. ამ ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, დღის წესრიგში კერძო საკუთრების ჩამორთმევის აუცილებლობა დგება, რაც მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნება. სამწუხაროდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა გაუმართავია და უამრავ ხარვეზს შეიცავს. მაგალითად, ქონების შეფასებისა და სამართლიანი ღირებულების დადგენის კრიტერიუმები მკაფიოდ განსაზღვრული არაა, ბუნდოვანი და ფრაგმენტულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას, ქონებაჩამორთმეული სუბიექტის მიერ კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ამის ნათელი მაგალითი წლების წინ, ,,ბრითიშ პეტროლიუმის'' მიერ განხორციელებული, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტია, რომლის ფარგლებშიც აუცილებელი გახდა იმ ქონების ჩამორთმევა, სადაც უშუალოდ ნავთობსადენის მაგისტრალი გადიოდა, თუმცა კერძო მესაკუთრეთა უფლებებიც ხშირად ირღვეოდა, კანონით დადგენილი არ იყო, იძულებით ქონებაჩამორთმეულთათვის სამართლიანი კომპენსაცია გაეცათ.
კანონპროექტის მიღების მიზეზი ექსპროპრიაციის პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრაა, რომლებიც დაკავშირებულია, როგორც მესაკუთრეთა უფლებების უკეთ დაცვასთან, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებისა და სამუშაოების დაგეგმილ ვადებში განხორციელებასთან.
ამიერიდან, თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად კერძო საკუთრება ანუ მიწის ნაკვეთი უნდა გამოთავისუფლდეს, მოხდება განსახლება, რომელიც ორი _ მორიგებითი და იძულებითი ეტაპისგან შედგება. მორიგებითი განსახლებისას, საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტის განმახორციელებელი, საექსპროპრიაციო ქონებას მესაკუთრესთან შეთანხმებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებს. იძულებითი განსახლება კი ისეთ ექსპროპრიაციას გულისხმობს, რომლის დროსაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტის განმახორციელებელი საჭირო ქონებას მასზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით მიიღებს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით განხორციელდება.
მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას, მასზე არსებულ ნათესების ღირებულებას გაითვალისწინებენ და საკომპენსაციო თანხა იმ შემოსავლით საფუძველზე დაანგარიშდება, რომელსაც ქონების მფლობელი მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში მიიღებდა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეფასებისას კი მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (მშენებარე, აშენებული, ან დანგრეული) გარდა, მრავალწლიანი ნარგავების _ ხე-მცენარეების ღირებულებასაც გაითვალისწინებენ. რაც შეეხება ექსპროპრირებული ქონების კომპენსაციას, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნებისთვის ჩამოსართმევი ქონების კომპენსაცია სამართლიანად განისაზღვრება და მესაკუთრეს წინასწარ, სრულად აუნაზღაურდება!
კანონპროექტით, ექსპროპრიაციის დროს, საკომპენსაციო თანხა გადასახადისა და მოსაკრებლისგან თავისუფლდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქონების გადაცემის, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ და სხვა საექსპროპრიაციო ხარჯებს (ქონების აღწერა და შეფასება) ექსპროპრიატორი აანაზღაურებს, თუმცა აუცილებელია, რომ მან ქონების გადმოცემაზე თანხმობა მესაკუთრესთან მოლაპარაკების გზით მიიღოს.
კანონპროექტის მიხედვით, წინასაექსპროპრიაციო ეტაპზე სავალდებულოა მორიგებითი განსახლების შემდეგი პროცედურები: საჭირო მიწის ნაკვეთის გამოვლენა; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს ინფორმირება დაინტერესებულ პირთა გამოვლენის, პროექტის მოსალოდნელი განხორციელების, განსახლების პროცედურების, ვადებსა და შედეგებზე, საჯარო ინფორმაციის გავრცელების მიზნით; მესაკუთრის, მოსარგებლის დადგენა და ინფორმირება განსახლების პროცედურების, ვადებისა და შედეგების, აგრეთვე მოსალოდნელ ექსპროპრიაციაზე; დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება; მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების დეტალური აღწერა-ინვენტარიზაცია აქტის შედგენით, აგრეთვე ფოტო ან ვიდეომასალით, მისი შეფასებისა და კომპენსაციის დადგენის მიზნით; დამოუკიდებელი ექსპერტის ან აუდიტორის მიერ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე ქონების შეფასება პროექტით განსაზღვრულ ვადებში); მესაკუთრესთან მოლაპარაკებების წარმოება ქონების გამოსყიდვისთვის.
განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მონაწილეობის საკითხიც. კერძოდ, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების დეტალური აღწერა-ინვენტარიზაციის აქტში ასახული ინფორმაციის ნამდვილობის დასადასტურებლად, შესაძლებელია, პროცესს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც ესწრებოდეს. თუ პროექტის განმახორციელებელსა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, იძულებითი განსახლების პროცედურები დაიწყება და პროცესში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური კომისია ჩაერთვება. კომისია შეისწავლის, სრულყოფილად განხორციელდა თუ არა წინასაექსპროპრიაციო პროცედურები. მისი დასკვნის საფუძველზე, გაიცემა მინისტრის ბრძანება, რომლითაც განსახორციელებელი სამუშაოების ან პროექტის აუცილებელი საზოგადოებრივი ხასიათი დადგინდება და ექსპროპრიატორი გამოვლინდება.
თუ საექპროპრიაციო ქონება სადავოა, მიზანშეწონილია, კომპენსაციის თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდეს. კანონპროექტში მკაფიოდაა განმარტებული, რა შემთხვევაში ითვლება ქონება სადაოდ. მაგალითად, თუ საექსპროპრიაციო ქონებაზე სასამართლო ან საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს; თუ ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ მიეკუთვნება სამკვიდრო ქონებას, რომელზეც კანონმდებლობის შესაბამისად არაა დადგენილი მემკვიდრე; თუ ეს ქონება უმკვიდროა, არ არის გადაცემული შესაბამისი პირის ან სახელმწიფოს საკუთრებაში; თუ ქონება დატვირთულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სახელშეკრულებო ვალდებულებით, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით, იპოთეკით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვით; თუ მხარეები საკომპენსაციო თანხაზე ვერ თანხმდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უგზო-უკვლოდ დაკარგულიადა მისი ქონება სამართავადაა გადაცემული კანონიერ მემკვიდრეებზე, საკომპენსაციო თანხას მემკვიდრეები მიიღებენ. სამწუხაროდ, განმარტებული არაა, რა ხდება, თუ ქონება მესაკუთრეს იპოთეკით აქვს დატვირთული, საკომპენსაციო თანხა კი საკმარისი არ არის. თუ საკომპენსაციო თანხაზე ვერ თანხმდებიან, მესაკუთრეს უფლება კი აქვს, სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ვფიქრობთ, ამ დეტალის დაზუსტება აუცილებელია. პარლამენტში ახალი კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენითაც არ განხილულა, პროცედურების მიხედვით კი, პირველ, მეორე და მესამე მოსმენებს შორის, საკომიტეტო განხილვები კვლავაც გაიმართება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხარვეზები გამოსწორდება.
განისაზღვრა გონივრული ვადაც, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ ქონება უნდა გაათავისუფლოს. კერძოდ, მიწა, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული _ არაუმეტეს ერთ თვეში, ხოლო მიწა, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას, არაუმეტეს 14 კალენდარულ დღეში უნდა გათავისუფლდეს. ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, სამართალდამცავ ორგანოს მიმართოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება მოითხოვოს. მართალია, ამ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება, მაგრამ ეს ცვლილება განსაკუთრებული გარემოებითაა გამოწვეული, რაც კანონპროექტში დეტალურადაა ახსნილი. ექსპროპრიატორს სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება, რაც ქონების მის საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მესაკუთრე ექსპროპრიატორის კუთვნილ ქონებას ხელყოფს ან ხელს უშლის, ექსპროპრიატორს ყოფილ მესაკუთრესთან იგივე ქონებაზე ხელახალი სასამართლო დავა აღარ უნდა დასჭირდეს, ვინაიდან ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ისედაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ექნება მინიჭებული.
მაია მიშელაძე

back to top