Menu

მიწის ნაკვეთები და ბინები თბილისში, წავკისში, ბაკურიანსა და ბათუმში _ ყოფილი მთავარი პროკურორის მილიონიანი ქონების საიდუმლო

12 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა. ინციდენტი თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,ელ ცენტროში'' მოხდა. ლაშა თორდია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 1-დან 4 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს, 15 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია იმ მასალებს გაასაჯაროებს, რომლებშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2015-2016 წლებში, თბილისის მერიის მიერ იმ მიწების გადაცემა-ჩანაცვლებას იკვლევს, რომლებიც ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში აღმოჩნდა. თორდია ეჭვობს, რომ თავდასხმის საბაბი სწორედ ეს გახდა.
კონკრეტულად, რა ფაქტებს იკვლევს სახელმწიფო აუდიტის სამსახური და რა ოდენობის უძრავი ქონება აღმოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორის ხელში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა? მონიტორინგის ცენტრ ,,მედიატორის'' ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ხაბეიშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში დიდი ოდენობის უძრავი ქონება ირიცხება:
,,თანამდებობის დატოვების შემდეგ ოთარ ფარცხალაძე დიდი ოდენობის უძრავ ქონებას ფლობს. ინფორმაცია, რომელსაც ახლა მოგაწვდით, ოფიციალურია, რადგან კვლევა იმ ფაქტებზე დაყრდნობით განვახორციელეთ, რაც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული და დასტურდება. ყოფილი მთავარი პროკურორის საკუთრებაში ირიცხება 101 კვ.მ და 130 კვ.მ თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, 75 კვ.მ _ მგალობლიშვილის ქუჩაზე, 38 კვ.მ და 90 კვ.მ _ კოსტავას ქუჩაზე, 143 კვ.მ და 336 კვ.მ _ ფალიაშვილის ქუჩაზე, ასევე 4 მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, სოფელ წავკისში _ 1 027, 1 205, 856 და 1 001 კვ.მ-ს ფართით, ბაკურიანში, კომპლექს ,,დიდველში'' ორი ბინა _ 25 კვ.მ და 26 კვ.მ-ს ფართით''.
ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უფრო დეტალური კვლევა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში გამოაქვეყნა. ამ კვლევის თანახმად, 2015-2016 წლებში, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და მისმა მეუღლემ თბილისში 3 ბინა და 4 კომერციული ფართი შეიძინეს, ბათუმში ბინა, ბაკურიანში 2 ბინა, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 4 ნაკვეთი. ამ ქონების საერთო ღირებულება, დაახლოებით, 1 130 000 აშშ დოლარია.
საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა; მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფარცხალაძის ოჯახის საკუთარებაში მხოლოდ ერთი უძრავი ნივთი _ მეუღლის, ქეთევან ცქვიტინიძის სახელზე რეგისტრირებული ბინა ირიცხებოდა, რომელიც თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. იმავე წელს, მთავარმა პროკურორმა თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე 140 000 აშშ დოლარად კიდევ ერთი ბინა შეიძინა. მას შემდეგ, რაც ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, 1 130 000 აშშ დოლარის ქონება შეიძინა. სწორედ ამ პერიოდშია მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში, ფალიაშვილისა და ბარნოვის ქუჩებზე ორი კომერციული ფართი (500 კვ.მ), რომლის საერთო ღირებულება 645 000 ლარია; ორი კომერციული ფართი და ერთი ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, საერთო ღირებულება 250 000 აშშ დოლარი.
2016 წელს, ბინებისა და კომერციული ფართების გარდა, ოთარ ფარცხალაძემ კომპანიაც შეიძინა _ შპს ,,ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის'' 100%-იან წილში 235 000 აშშ დოლარი გადაიხადა. სხვათა შორის, ვიდრე ფარცხალაძე შეიძენდა, ეს კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთად, თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის მშენებლობის 85-მილიონ აშშ დოლარადღირებული პროექტის თანაინვესტორი იყო. შპს ,,ბი სი არ სი დი ჯი დეველოპმენტის'' ოფისი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ამავე ქუჩაზეა კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი, რომელშიც 2016 წელს, ოთარ ფარცხალაძემ 73 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ამავე პერიოდში, ოთარ ფარცხალაძის სახელზეა რეგისტრირებული მიწის 4 ნაკვეთი ტაბახმელაში, სოფელ წავკისში. კერძოდ: 1 205 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი _ 15 000 აშშ დოლარი; 1 027 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი _ 15 000 აშშ დოლარი; 856 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი _ 12 000 აშშ დოლარი; 1 001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი _ 15 000 აშშ დოლარი; ასევე, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო კომპლექს ,,დიდველში'' მდებარე 26 კვ.მ და 25 კვ.მ ფართის ორი ბინა _ თითოეულში ფარცხალაძემ 24 000 აშშ დოლარი გადაიხადა; ყოფილი მთავარი პროკურორის სახელზეა რეგისტრირებული ბათუმში, სასტუმრო კომპლექს ,,ორბში'', მე-20 სართულზე მდებარე ბინა, რომელიც 44 000 ლარად შეიძინა და ორი ავტოსადგომი თბილისში, ყაზბეგისა და ბარნოვის ქუჩებზე, რომელთა ღირებულება 13 500 აშშ დოლარია.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე კომპანია ,,ლუკოილში'' გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
მაია მიშელაძე

back to top