Menu

13 მაისს პეკინში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. „საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის ქვეყანა, ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი პერმანენტულად გვეზრდება. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ მსგავს დიდ ეკონომიკებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფორმებაში, რადგან ვთვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ყველაზე ხელსაყრელი, კომფორტული და მიმზიდველი პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის; ასევე ობიექტურად გვესმის, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, გარკვეულწილად, შეზღუდულია და ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას არ ვაფასებთ მხოლოდ ექსპორტის მიმართულებით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიყოთ ეფექტური სავაჭრო პლატფორმაც. ამისთვის დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ მათი გაფორმებისთვის მუშაობა სხვა ქვეყნებთანაც“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. „ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის საერთაშორისო ინვესტიციების, ვაჭრობისა და ხალხთაშორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ახალ, გაცილებით მაღალ დონეზე აჰყავს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო 2015 წლის მარტში, როდესაც მაშინდელმა ვიცე–პრემიერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაძლებლობების შესწავლის მემორანდუმს მოაწერა ხელი და დღეს უკვე მივიღეთ შეთანხმება, რომელსაც აბსოლუტურად ახალ დონეზე გადაჰყავს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. მინდა, როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს მივულოცო ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა. ხელშეკრულების ფარგლებში, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელი, ჯემი, წვენი, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტი, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში _ 7 თვეში დასრულდა. გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი და ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილის დასრულება გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლოსთვის, თუმცა მხარეებს შორის ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებების ძირითად ნაწილზე შეთანხმება მიღწეულ იქნა სამ რაუნდში. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის, ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზე, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელი, ლუდი, მინერალური წყალი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფორმატია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ჩინეთს სულ გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 14 შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან და ამ სიას საქართველოც დაემატა. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა და ჩინეთთან.
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით _ 270%)
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ახლა უკვე ჩინეთთანაც.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება
ძალიან სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის.
,,ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის დანაზოგები და ხელმისაწვდომობა საბანკო-საფინანსო რესურსებისადმი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განვითარების ის ტემპები იყოს უზრუნველყოფილი, რომელიც ყველას ინტერესებში შედის; ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ თავისუფალი ბაზარი, როგორც ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულება, ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულებაც არის ამ ხედვის გაგრძელება და ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოს სასარგებლოდ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. პოტენციური ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის სიგნალი, რომ ამ ქვეყნიდან შესაძლებელია ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე გასვლა და ოპერირება, როგორიც არის ამ შემთხვევაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზარი.
როდესაც ვამბობთ, რომ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ახლა უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობების ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ხდება ინვესტორთათვის ამ ქვეყანაში'', _ აღნიშნა რომან კაკულიამ.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ამოქმედების შედეგად სხვადასხვა ქვეყნების ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ჩინეთი-ჩილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდგომ ჩილედან განხორციელებული ექსპორტი 132%-ით, ინვესტიციები კი 280%-ით გაიზარდა.
ჩინეთი-ახალი ზელანდიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ახალი ზელანდიიდან ჩინეთში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა.
ჩინეთი-სინგაპურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩინეთში ექსპორტი სინგაპურიდან 10%. ხოლო სინგაპურში შემოსული ინვესტიციები 36%-ით გაიზარდა.
ჩინეთი-პერუს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ პერუდან ჩინეთში ექსპორტის საშუალო ზრდამ 13% შეადგინა.
ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში.
აღსანიშნავია, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა თბილისი-პეკინის მიმართულებით, ურუმჩის გავლით, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბრიდან ხორციელდება კვირაში ორჯერ.
,,აბრეშუმის გზის'' პროექტის ფარგლებში პირველად შესრულდა ტრანსპორტირება ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებლის მიერ. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია-ევროპას.
2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მაია მიშელაძე

back to top