Menu
RSS

„ყველა კომპანია, რომელიც ამ ბაზარზეა, „ცენტრ პოინტის“ მსგავსი პრობლემის წინაშე დგას“

ურბანისტი ნიკო კახეთელიძე მშენებლობის სამინისტროს აღდგენას ითხოვს
საქართველოში მშენებლობების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია. შესაბამისად, დაზარალებული მენაშენეების პრობლემის წინაშე, მხოლოდ ერთი, კონკრეტული კომპანია კი არა, ყველა ის დეველოპერი დგას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. ამ ფონზე, დავინტერესდით, რატომ იქცა ერთი, კონკრეტული სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ პოინტი’‘ განტევების ვაცად? რატომ არ სთხოვს ხელისუფლება პასუხს სხვა სამშენებლო კომპანიებს? რა პრობლემები არსებობს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ,,ვერსიას’‘ ურბანისტი ნიკო კახეთელიძე ესაუბრება.
_ ბატონო ნიკო, სპეციალისტების მოსაზრებით, სამშენებლო კრიზისი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, როცა დეველოპერებს დევნილებისთვის სახლების მშენებლობა დაავალეს, რასაც 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაემატა...
_ ამ კრიზისს თავისი ისტორია აქვს. დეველოპერული ბიზნესი არასწორად წარიმართა. გარკვეულწილად, ამას ხელი სახელმწიფომაც შეუწყო, როცა დიდი ტერიტორიები ძალიან იაფად, 1 კვ/მ 10-15 ლარად მიჰყიდა. ჩემი აზრით, ეს მარტივი, ადამიანური სისუსტეა, რასაც სიხარბეს ვუწოდებ: როცა სამშენებლო კომპანიაში კონკრეტული სახლის მშენებლობაზე შემოდიოდა თანხა, დეველოპერები სხვა ტერიტორიებს იძენდნენ და თითქოს იქაც იწყებდნენ მშენებლობას. რეალურად, ერთი სახლის თანხით, ორი-სამი სახლის (კორპუსის) მშენებლობას იწყებდნენ და სიხარბეშიც ამას ვგულისხმობ. სწორედ ასე განვითარდა დეველოპერული კრიზისი ანუ, ნებით თუ უნებლიედ, ე.წ. პირამიდა იმთავითვე იდო მათ საქმიანობაში და ეს მხოლოდ ერთი კომპანიის პრობლემა არ იყო. ამას დაემატა 2008 წლის აგვისტოს ომი და შემდეგ ფინანსური კრიზისი.კრიზისს ბანკებმაც შეუწყვეს ხელი. მათ ე.წ. ადვილი ფული ჰქონდათ, ამიტომ დეველოპერებსა და ბინების კლიენტებს, თავისუფლად აკრედიტებდნენ. საბანკო ზედამხედველობა ამ პროცესში სუსტი აღმოჩნდა. მაგალითად, იყო ხალხი, რომელიც პირობითად, 50 000 აშშ დოლარის სესხს იღებდა, არადა, შემოსავალი თვეში 500-600 ლარი ჰქონდა. თავის დროზე, ეს პროცესი ყოველმხრივ მიშვებული იყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ,,ცენტრ პოინტსაც’‘ იდენტური პრობლემა აქვს _ ხალხმა სესხი აიღო, გადაუხადა კომპანიას, რომელმაც კორპუსი ვერ ააშენა და აუშენებელ სახლში დღესაც სესხს ისტუმრებს. კარგია, რომ ადამიანს ბინის შეძენა სურს, მაგრამ უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა შესაძლებლობა. რისკის თვალსაზრისით, მხოლოდ დეველოპერებისკენ ხელის გაშვერა არ შეიძლება.
_ თუ ყველა კომპანიას ეს პრობლემა აქვს, მხოლოდ ,,ცენტრ პოინტს’‘ რატომ ვთხოვთ პასუხს?
_ ,,ცენტრ პოინტი’‘ სამშენებლო ბაზრის 60-70%ს ფლობს, რის გამოც აქ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი და ხმაურიც ამიტომ ატყდა. გარდა ამისა, როცა ვალების გასტუმრებაზე მიდგება საქმე, იმ კომპანიის დაკმაყოფილება უფრო ადვილია, რომელსაც 100-200 მომჩივანი ჰყავს, ,,ცენტრ პოინტში’‘ კი 6 000 კაცის პრობლემაა მოსაგვარებელი. დაზარალებულთა დიდი რაოდენობაა პრობლემა, თორემ ,,ცენტრ პოინტის’‘ ჯინი არავის სჭირს! ეს კომპანია ბუღალტერიასაც არ აწარმოებდა ნორმალურად, მენეჯმენტი თანხას არასწორად ხარჯავდა. თუ ვინმე ფიქრობს, მეორე ტალღა არ დაიწყება, ცდება! ,,აქსისიც’‘ ამ მდგომარეობაშია, განსხვავება მხოლოდ მშენებლობის მოცულობებსა და დაზარალებულთა რაოდენობაშია. ყველა კომპანია ამ პრობლემის წინაშე დგას.
_ სამშენებლო ბაზრის პრობლემა გრძელდება. სხვა შემთხვევაში, თბილისი ბეტონის უსახურ ნაგებობათა ქალაქად როგორ იქცეოდა?
_ მშენებლობას პროგრესი, წინსვლა, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების განვითარება უნდა მოჰყვეს. ჩვენთან ამგვარი არაფერი ხდება. ბეტონისა და ცემენტის გარდა, ყველაფერი შემოგვაქვს. სხვა ქვეყნებს ვამდიდრებთ და ინდუსტრიების განვითარებაზე არავინ ფიქრობს. რატომ არ შეიძლება, ჩვენც გამოვუშვათ სამშენებლო ფილები, საღებავები ან სხვა ტიპის მოსაპირკეთებელი საშუალებები? დარგს კი არ ავითარებენ, მშენებლობების რაოდენობას ზრდიან, რაც აშენებული ობიექტების ხარისხზეც მოქმედებს. ცუდი რამ მოხდა და სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება _ არსად, ამ მიმართულებას ინჟინერ-მშენებელი არ მართავს, საქართველოში ინჟინრების პრობლემაა და საკანონმდებლო ბაზაც მოუწესრიგებელია.
_ მშენებლობაზე ნებართვის გაცემას გულისხმობთ?
_ მარტივად გეტყვით, პროექტის დამტკიცების დროს, თბილისის მერია არ ითხოვს სამშენებლო პროექტს. არქიტექტორი რაღაცას დახატავს რეინდერზე, ზოგად პარამეტრებს მიუთითებს და ამაზე დაყრდნობით გასცემენ ნებართვას! აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისითაც, სერიოზული პრობლემები ჩნდება!
_ ამის გამო ბევრი მუშა დაიღუპა სხვადასხვა ობიექტზე.
_ ამას ვამბობ! ქალაქის ხელმძღვანელები ამ პრობლემას ვერ გრძნობენ. გარდა ამისა, თუ მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს, საქმე სასამართლომდე მიდის, სადაც პროცესი დროში იწელება. არ მეგულება მოსამართლე, რომელიც სამშენებლო ბიზნესში კარგად ერკვევა, ამიტომ იმ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რასაც მხარეები წარუდგენენ. ისინი კი, უმეტესად, ფალსიფიცირებულია. ვგულისხმობ ექსპერტიზის დასკვნას.
_ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებია ფალსიფიცირებული?
_ რატომ გადავაკვდით სამხარაულის ბიუროს? ყველა უბედურების 90%, რაც მშენებლობასთან დაკავშირებით მოხდა, სწორედ მის კისერზეა! სხვა საექსპერტო კომპანიებიცაა, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებები ,,სამხარაულს’‘ მიმართავენ. მას ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების პრივილეგია აქვს. თუ ჩვეულებრივი ექსპერტიზის ბიურო გადის აკრედიტაციას,ეს ბიურო რატომ არ გადის? მართალია, ვიღაც 44 წელია ამ საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგ საექსპერტო დასკვნას მოამზადებს. ცხადია, მხოლოდ მშენებლობის ინდუსტრიას ვგულისხმობ და არა სისხლის სამართალს.
_ რატომ ჯანჯლდება სამშენებლო კოდექსის მიღება, რომლითაც ეს პრობლემები მოგვარდებოდა?
_ სამშენებლო კოდექსის რეგლამენტია მიღებული, მაგრამ რაც მიიღეს, ჩვეულებრივი ,,კოპირაითია’‘ _ კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობა თარგმნეს. როგორ შეიძლება, თუნდაც ამერიკაში მოქმედი კანონი გადმოიღო საქართველოში, რომელსაც ურთულესი სეისმური პირობები აქვს? სხვათა შორის, რაც ვერეს ხეობაში მოხდა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ,,გაპრავებული’‘ იყო. წინა ხელისუფლების დროს, მერიამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას, პროექტიდან გეოლოგიური დასკვნა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ამოიღო. არადა, ამ დასკვნების ამოღებით გამოუსწორებელ შედეგებს მივიღებთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მშენებლობა კანონიერია, რასაც ,,კანონიერ აბსურდს’‘ ვუწოდებ!
_ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან ,,არაგვის’‘ ადგილას, სასტუმრო ,,ჰაიატი’‘ და ბიზნესცენტრი უნდა აშენებულიყო, თუმცა იქ დღემდე დიდი ორმოა, რომელიც დაჭაობებულია. მათ რატომ არავინ სთხოვს პასუხს?
_ რესტორანი ,,არაგვი’‘ ერთ-ერთი, გამორჩეული და ლამაზი ობიექტი იყო. როგორც ვიცი, სასტუმროს იმიტომ ვერ აშენებენ, რომ თურმე, ქვემოთ მეტროს ხაზი გადის. გამოდის, ეს ტერიტორია შეუსწავლელი იყო, მაგრამ არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, ეს მიზეზი დავიჯერო. წარმოუდგენელია, კომპანიას, რომელიც ამხელა ინვესტიციას ახორციელებს, ობიექტი სათანადოდ არ შეესწავლა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჩვენი პრობლემაა, ინვესტორებს ყველაფრის უფლებას რომ ვაძლევთ, არადა, ვიღაცამ პასუხი აუცილებლად უნდა აგოს. ამხელა ტრაგედია მოხდა ვერეს ხეობაში, სახელმწიფოს ასობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა, ხალხი დაიღუპა და მაჩვენეთ ერთი ადამიანი, რომელიც ამის გამო დაიჭირეს! გიგი უგულავა გამოვიდა ციხი¬დან და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, არადა სწორედ მისი მერობისას მოხდა უამრავი დარღვევა სამშენებლო ბიზნესში და სამწუხაროდ, დარღვევები გრძელდება.
_ როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა ხელისუფლებამ?
_ სამშენებლო კოდექსი ახალ არეულობას გამოიწვევს, ამიტომ ის რეალობას უნდა შევუსაბამოთ. ახლა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას ველოდებით. ვფიქრობ, მასშიც უამრავ ხარვეზს აღმოვაჩენთ. ზოგადად, განვითარებას ვუწოდებ მაღალ ტექნოლოგიებს, უსაფრთხო გარემოს, რასაც გააზრება, დრო და პროფესიონალები სჭირდება. გამოცდილება ბევრი მიმართულებით არ გვაქვს, ამიტომ აუცილებელია უცხოელი სპეციალისტების მოწვევა. მარჯანიშვილი რომ გადაკეტეს, სახლები შეღებეს და ამას რესტავრაცია უწოდეს, სინამდვილეში, ჩვეულებრივი რემონტი იყო. არავის ვლანძღავ, თუმცა ბოლო დროს ყველას ვუთითებ, რა უნდა გააკეთონ. 2003 წლამდე არსებობდა ,,თბილქალაქპროექტი’‘, სადაც გამოცდილი ინჟინრები მუშაობდნენ, მაგრამ ნაცმოძრაობამ ეს ინსტიტუტი დაანგრია, შენობა გაყიდა. როგორც კი რეგულაცია მოიხსნა, თუ მანამდე პირობითად, 10 კომპანია აშენებდა, უკვე 100-მა დაიწყო მშენებლობა. რაოდენობრივად ამას ერთგვარი ეფექტი აქვს, მაგრამ რეალურად, ეს ნგრევის დასაწყისია!
_ თბილისის განვითარების გეგმას, ჩანასახშივე სკეპტიკურად რატომ აფასებთ?
_ იმიტომ, რომ როცა განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებ, ქალაქში მშენებლობები უნდა შეზღუდო, რაც არ მომხდარა _ 2016 წელს, 5 000-მდე ნებართვა გაიცა. სხვათა შორის, გენგეგმაზე ცუდი სპეციალისტები არ მუშაობენ, უცხოელი პარტნიორიც ჰყავთ, თუმცა თბილისის მერი რომ ვიყო, ქალაქის ცენტრში შევზღუდავდი მშენებლობას, პერიფერიებზე კი სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვიფიქრებდი, რა გამეკეთებინა მთლიანად უბნის განსავითარებლად. თბილისის განვითარების გენგეგმას სათანადო გააზრება სჭირდება. პირობითად, ქალაქის რომელიმე ცენტრში რომ 24-სართულიან კორპუსს ჩააკვეხებ, ეს განვითარებას არ ნიშნავს. დღეს, თბილისში ტრავერტინის ქვაა მოდაში და ყველაფერს ამ ქვით აპირკეთებენ. იგივეა ძველი ქართული აგურის შემთხვევაშიც. შეიძლება, რესტორანი, სახლი, ღვინის მარანი ძველი ქართული აგურით მოაპირკეთო? ამ პრობლემების მოგვარებას მშენებლობის მარეგულირებელი ორგანო სჭირდება, რომელიც ჩემი აზრით, სამინისტრო უნდა იყოს. ჩვენ გვქონდა ეს სამინისტრო, მაგრამ სააკაშვილმა გააუქმა, ფუნქციები კი სხვადასხვა სამინისტროებში გადანაწილდა. მაგალითად, იუს¬ტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლებს აშენებს, რომლებიც მრავალმილიონიანი პროექტებია. სინამდვილეში, დამკვეთი მშენებლობის სამინისტრო უნდა იყოს ისევე, როგორც საბაჟო¬ების მშენებლობა ფინანსთა სამინისტროს საქმე არ არის!
_ ახლა, როცა მცირე მთავრობის თემა აქტუალურია, კიდევ ერთი სამინისტროს შექმნა აშკარად არარელევანტურია.
_ არა, მშენებლობის მარეგულირებელი ორგანო სწორედ სამინისტრო უნდა იყოს! დეპარტამენტის სახით, ამგვარი სტრუქტურული ერთეული ახლაც არსებობს ეკონომიკის სამინისტროში, მაგრამ ვინმემ იცის, ვინ არიან და რას აკეთებენ? ბიუროკრატიული მექანიზმი მაქსიმალურად უნდა შეიკვეცოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, დარგი დაშალო და გააუქმო! საქართველოს ეკონომიკა დღეს მშენებლობაზე დგას, ამდენ გზას ვაშენებთ, უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ და ვფიქრობ, მშენებლობის სამინისტრო უნდა არსებობდეს.
მაია მიშელაძე

back to top