Menu

მტაცებლური ფასების სკანდალური ანატომია

ადგილობრივი მწარმოებლები უცხოურ იმპორტიორებს დემპინგში ედავებიან. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველი შემთხვევაა, როცა ბიზნესმა საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა ამოიღო. ზოგადად, დემპინგი სპეციფიკური ტერმინია და პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზებას ნიშნავს. მართალია, კომპანია, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტს დემპინგურ ფასად ყიდის, გარკვეულ ზარალს ნახულობს, მაგრამ ამ რისკზე მაინც მიდის, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, დემპინგური ფასით მიყენებულ ფინანსურ ზიანს არათუ ერთი-ორად აინაზღაურებს, არამედ ბაზარს მიიტაცებს და მისი სრული მონოპოლისტიც გახდება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები დემპინგს მტაცებლურ ფასსაც უწოდებენ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია დემპინგს, როგორც იტყვიან, ხმალამოღებულნი ებრძვიან.
აქვე, აღსანიშნავია, რომ დემპინგს, როგორც წესი, ტრანსნაციონალური კომპანიები ე.წ. მესამე სამყაროს, მაშასადამე, ისეთ ქვეყნებში მიმართავენ ხოლმე, სადაც მაკონტროლებელი, საკანონმდებლო თუ ხელისუფლების სხვა შტოების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კორუფციაში ჩართვის ალბათობა გამორიცხული არ არის.
იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ უცხოური იმპორტიორები საქართველოშიც ანალოგიური სქემით მუშაობენ, არ არსებობს, მაგრამ ამ მხრივ გარკვეული ეჭვები ჩნდება, თუმცა მოდი, მოვლენათა განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, თამბაქოს ეროვნულ მწარმოებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მსოფლიოში ცნობილი სიგარეტის მწარმოებლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტით არიან დაკავებულნი, ქართული ბაზრიდან მათი განდევნის მიზნით, რამდენიმე დასახელების სიგარეტს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდდნენ; ამიტომაც სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.
ახლახან, თბილისის საქალაქო სასამართლომ თამბაქოს ეროვნული მწარმოებლების ეჭვი დაადასტურა ანუ ტრანსანაციონალურ იმპორტიორებს დემპინგი დაუდასტურა და ადგილობრივი მწარმოებლების სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა დააკისრა. შესაბამისად, ჯარიმა, რომელიც „ფილიპ მორის საქართველომ“ და „ბრიტიშ ამერიკენ თობაქომ“ უნდა გადაიხადონ, სპეციალისტების თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებას მოხმარდება, რასაც ავტომატურად, მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნა კი არა, გარკვეულწილად, ქართული ეკონომიკის გაჯანსაღებაც მოჰყვება, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ასევე, ექსნაციონალები, ადგილობრივი წარმოების კი არა, უცხოური იმპორტიორების ინტერესების დამცველებად მოგვევლინნენ და იმის მტკიცებას მოჰყვნენ, თითქოს სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა (ამის თაობაზე „ვერსია“ წინა ნომერში წერდა).
ექსნაციონალების, კერძოდ, ევროპული საქართველოს პოზიცია გასაგებია _ ცდილობს, ისეთი ფონი შექმნას, თითქოს საქართველოში უსამართლო გარემოა და ამით ხელისუფლებას იგივე ევროპულ სტრუქტურებში იმიჯი შეულახოს. აქ საინტერესო უფრო არასამთავრობო სექტორის აქტიურობაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, „ენჯეოები“ სიგარეტის კომპანიების დამცველებად არსად გვევლინებიან ანუ ცივილურ სამყაროში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თამბაქოს მწარმოებელი ინდუსტრიის ინტერესების დაცვა, მინიმუმ, სირცხვილად ითვლება, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ზემოხსენებული კომპანიები თავიანთ ბიზნესში თინეიჯერებსაც იყენებენ, რაც აკრძალული და დაუშვებელია.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ „ფილიპ მორისის“ ინტერესების დაცვა?
სხვათა შორის, ეს კითხვა პრესკონფერენციაზე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს დაუსვეს, რაზეც ეკა გიგაურმა უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლა „ფილიპ მორისმა“ სთხოვა. დავუშვათ ასეა, მაგრამ საინტერესოა, სიგარეტის ტრანსნაციონალურ იმპორტიორს საქმის შესწავლა რომ არ ეთხოვა, იგივე გამჭვირვალობა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეეპარებოდა თუ არა?
აქვე საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო ჩინოვნიკების, მინიმუმ, მოსყიდვაში, თავად ის იმპორტიორი კომპანიები არიან ეჭვმიტანილნი, რომელსაც ქართული არასამთავრობოები იცავენ. იმის თაობაზე ინფორმაცია, რომ თამბაქოს მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანიები ე.წ. მესამე სამყაროს ანუ საქართველოს მსგავს ქვეყნებში კორუფციაში არიან ჩართულები, 2015 წელს, გავლენიანმა დასავლურმა ტელევნიზია BBჩ-მ გაავრცელა.
BBჩ-ს მონაცემებით, თამბაქოს მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანიები აფრიკის ქვეყნების ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კორუფციულ გარიგებებში იმ მიზნით შედიოდნენ, რომ ამ უკანასკნელებს თვალი დაეხუჭათ გარემოსადმი ზიანის მიყენებაზე.
ამავე ფილმში ისიცაა აღნიშნული, რომ თამბაქოს მწარმოებელი გიგანტები, რომლებიც საქართველოში დემპინგურ ფასებს აწესებენ, უარს არც კორპორატიულ შპიონაჟსა და კონკურენტების წინააღმდეგ საბოტაჟზე ამბობენ.
2016 წელს კი ამერიკელი კონგრესმენ ლოიდ დოგეტისა და სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე გამოძიების ჩატარება მოითხოვეს, რადგან იეჭვეს, რომ თამბაქოს მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანიები აშშ-ს ანტიკორუფციული აქტის მოთხოვნებს არღვევენ.
მოგვიანებით, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ეს კორუფციული მასშტაბები შეიძლება იმაზე ფართო იყოს, ვიდრე ეგონათ.
საქართველოში თამბაქოს ტრანსნაციონალური კომპანიების დემპინგი კორუფციის შედეგია თუ არა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ პირად საუბრებში ადამიანები, ვინც ამ ბიზნესს კარგად იცნობენ, ხელაღებით არაფერს გამორიცხავენ და თეორიულად იმასაც უშვებენ, რომ იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა „ფილიპ მორისს“ მერკანტილური მოსაზრებებით ლობირებს.
ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, რომ ეკა გიგაური და „ფილიპ მორისის“ ადვოკატი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრები არიან, რასაც არც თავად გიგაური უარყოფს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე, როცა ეს კითხვა დაუსვეს, მან განაცხადა, რომ მხოლოდ სავაჭრო სამრეწველო პალატის კი არა, სხვა ორგანიზაციის წევრიც არის, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ფილიპ მორისის“ ქეისი ამ მიზნით არ შეუსწავლია და თუ დასახმარებლად მიმართავენ, სხვა ბიზნესმენებსაც დაეხმარება.
რაც შეეხება თავად დემპინგს, საერთაშორისო ნორმებით, დემპინგი კრიმინალი არ არის, მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქით როქველის თქმით, თუ მწარმოებელი პროდუქციას ნორმალურ ფასზე იაფად ყიდის, ამას შესაძლოა, რეაგირება მოჰყვეს და ქვეყნის მთავრობამ მწარმოებელს ბეგარა დაუწესოს.
სხვათა შორის, 2015 წელს, საქართველომ ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა დაიწყო და გარკვეული რეკომენდაციებისთვის ევროკავშირსაც მიმართა. მართალია, ეს კანონი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე ამბობს, რომ ევროკავშირი მზადაა, ექსპერტული მოსაზრებებით დაგვეხმაროს, რათა მიღებული კანონი სრულებით შეესაბამებოდეს მსო-ს მიერ გაწერილ პრინციპებსა და მითითებებს. „ეს კანონი შეიძლება, დასჭირდეს საქართველოს, რადგან საკუთარ საწარმოო ინდუსტრიას ავითარებს“, _ აცხადებს ევროკავშირის ელჩის მოადგილე.
ნინო დოლიძე

back to top