Menu
RSS

შეუწყო თუ არა ხელი აქციზის გადასახადის გაზრდამ კონტრაბანდას

აქციზის გადასახადის ზრდა კონტრაბანდის საფრთხეს ქმნის. ამ რისკებზე ,,ვერსიაში'' მაშინ ვწერდით, როცა ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსის ცვლილება დააანონსა და საზოგადოებას სააქციზო გადასახადის მორიგი ზრდა აუწყა. მართალია, სააქციზო განაკვეთის ზრდა ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ სამაგიეროდ, ამას სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის _ თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელის, ნავთობპროდუქტის გაძვირება და არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ, სწორედ ამ პროდუქციის არალეგალური გზით შემოტანა მოჰყვება. ორიოდე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური სასმელის, კერძოდ კონიაკი ,,ჰენესის'' კონტრაბანდა აღკვეთა.
ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის _ თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური სასმელის, კონიაკი ,,ჰენესის'' აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა, რის გამოც, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კანონსაწინააღმდეგოდ, ერთმა ბრალდებულმა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის უაქციზოდ რეალიზაცია განახორციელა. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით, საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო. ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, რითაც მას უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გადაჰქონდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს.
იგივე მუხლით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კიდევ ერთი საქმის მოკვლევა დაიწყო. უწყების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უწყებამ ორი პირი დააკავა, რომლებსაც დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კონიაკი ,,ჰენესი'' შემოჰქონდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას აქციზური მარკის გარეშე აპირებდნენ, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2017 წლის 9 მარტს, ბრალდებულები დიდი ოდენობით კონიაკი Hennessy X.O-ს რეალიზაციისას დააკავეს, ხოლო ნივთმტკიცების სახით, უწყებამ უაქციზო კონიაკი ამოიღო. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მართალია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული თამბაქოსა და კონიაკის შემოტანის ფაქტები აღკვეთა და სავაჭრო ქსელში მათი რეალიზაცია არ დაუშვა, მაგრამ აშკარაა, რომ კონტრაბანდა ,,რაღაც'' გზით, ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდა. იმის გამო, რომ კონტრაბანდა საქართველოს ტერიტორიაზე, პროდუქციის რეალიზაციამდე აღკვეთეს, პროდუქცია ან საბაჟოს გავლითYშემოიტანეს, ან ჩვენი ქვეყნის უკონტროლო ტერიტორიებიდან. ამ კითხვით ,,ვერსია'' ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყებაში ოფიციალურად გავრცელებული მშრალი ინფორმაციის გარდა, დეტალებს არ აკონკრეტებენ, ჩვენს კითხვაზე კი გვიპასუხეს: ,,სამწუხაროდ, ინფორმაციას ვერ დაგიკონკრეტებთ, რადგან ამის უფლება არ გვაქვს''.
***
როგორ და რა გზით მოხვდა კონტრაბანდული თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი საქართველოს ტერიტორიაზე? რა პრევენციულ ზომებს მიმართავენ შესაბამისი სტრუქტურები არალეგალური საქონლის აღკვეთის მიზნით? გაითვალისწინა თუ არა კონტრაბანდის მატების რისკი მთავრობამ მაშინ, როცა საგადასახადო კოდექსში, აქციზის გადასახადის ზრდას გეგმავდა? ,,ვერსიას'' ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე ესაუბრება.
_ ბატონო ლევან, აქციზის გადასახადის გაზრდის შემდეგ, კონტრაბანდის ფაქტები გამოვლინდა. როგორ მოხვდა საქართველოში უაქციზო თამბაქო და კონიაკი?
_ კონტრაბანდული საქონლის, როგორც თამბაქოს, ასევე ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანის რისკი ყოველთვის არსებობდა. რისკი მაშინ მატულობს, როცა აქციზის გადასახადი იზრდება, რადგან არაკეთილსინდისიერ მეწარმეებში მაღალი მოგების მიღების ცდუნება ჩნდება. რაც შეეხება კონტრაბანდას, რეალურად, ორი გზა არსებობს: ჩვენი ეკონომიკური სივრცე ბოლომდე დაცული არ არის და ბუნებრივია, გარკვეული ხვრელებია, რომლებსაც მცირე პარტიის შემოსატანად იყენებენ და მეორე _ ესაა ლეგალური გზა ანუ ქვეყანაში კონტრაბანდა საბაჟოს საშუალებით, ლეგალური, დაცული და კონტროლირებადი ეკონომიკური საზღვრის გავლით მოხვდა...
_ საბაჟოზე განხორციელებული რეფორმის შემდეგ, კონტროლირებადი საზღვრის გავლით, კონტრაბანდა როგორ მოხვდა ქვეყანაში?
_ როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, შემოტანისას ხდება გარიგება საბაჟო სამსახურების წარმომადგენლებსა და არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს შორის, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული დაშვებაა. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და კონკრეტული ფაქტი არ გვეცოდინება, კონტრაბანდა უკონტროლო ეკონომიკური საზღვრიდან ანუ ე.წ. ხვრელებიდან შემოვიდა თუ ლეგალური საზღვარი გადმოკვეთა, საუბარი ძნელია, თუმცა ვიმეორებ, ცდუნება იზრდება, როგორც არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს შორის, რათა უაქციზო საქონელი შემოიტანონ, ასევე ლეგალურ სტრუქტურებშიც _ გარიგების გზით, დამატებითი შემოსავალი მიიღონ!
_ დავუშვათ, კონტრაბანდა საზღვრის გავლით შემოვიდა. არ მსმენია, ამის გამო მებაჟეები დაეკავებინათ... რამდენად დასაშვებია, კონკრეტულ მებაჟეებს არაკეთილსინდისიერ მეწარმეებთან გარიგების ცდუნება ჰქონოდათ?
_ სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ. ცდუნების თეორიულ დაშვებას ვერ გამოვრიცხავთ, რადგან იგი ყოველთვის არსებობდა _ გააჩნია, დროს, ადგილსა და მაცდუნებელ თანხას. ბუნებრივია, საბაჟო სტრუქტურები დღეს გამართულად მუშაობენ და ეს იცის თითოეულმა მომხმარებელმა, რომელიც ეკონომიკურ საზღვარს სისტემატურად კვეთს. საბაჟოზე საკმაოდ გამართული სისტემაა, როგორც პროფესიული, ასევე ტექნიკური აღჭურვის თვალსაზრისით, მაგრამ გიმეორებთ, ცდუნება არსებობს, რასაც გარკვეული პრევენცია სჭირდება. კონკრეტულ მებაჟეებთან დაკავშირებით, ასეთი ფაქტები არ მსმენია და ბედნიერი ვიქნები, თუ აღმოჩნდება, რომ ასე არ არის! თუმცა ისიც ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა იყოს. როცა აქციზის გადასახადს ვზრდიდით, ეს რისკი წინასწარ იდენტიფიცირებული იყო, წინასწარვე იყო მოსალოდნელი, რომ ამგვარი ცდუნება ორივე მიმართულებით, როგორც არაკეთილსინდისიერ მეწარმეებში, ასევე საბაჟო სტრუქტურებშიც გაიზრდებოდა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს მხოლოდ თეორიული დაშვებაა. კარგია, რომ საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული საქონელი რეალიზაციამდე აღკვეთა და ამის სტატისტიკა არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, არავინ იცის, რა ვერ აღკვეთა სახელმწიფომ. შესაბამისად, ამის სტატისტიკა არ არსებობს! აქედან გამომდინარე, თეორიული დაშვება, რომ ასეთი უკონტროლო საქონელი შესაძლოა, საცალო ქსელში ხვდებოდეს, არსებობს და ამას ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა მომატებული რისკის პარალელურად, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რაც ჩვეულებრივ პირობებში, გასულ წლებში, ამ სახის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენდა. მოსალოდნელი კონტრაბანდის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს ჩვეულებრივი გეგმა ჰქონდა, მაგრამ ეს ღონისძიებები დღეს საკმარისი აღარაა. საჭიროა განსაკუთრებული კომპლექსური ღონისძიებები, როგორც ძალოვანი სტრუქტურების, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური პროფილის უწყებების მონაწილეობით, რათა კონტრაბანდული საქონლის ალბათობა და რისკი მაქსიმალურად შემცირდეს. მეზობელ ქვეყნებში მოქმედ დაბეგვრის რეჟიმებს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული, უკონტროლო ეკონომიკური საზღვრები და ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, ე.წ. ეკონომიკური ბუფერებიც ემატება, რაც ჯამში, არაკეთილსინდისიერი მეწარმეებისთვის ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველოში, აქციზის გადასახადის ზრდის პარალელურად, კონტრაბანდული საქონელი შემოიტანონ. ჩვეულებრივი რეჟიმი, რომელიც აქციზის მომატებამდე არსებობდა, დღეს უკვე საკმარისი აღარაა. ახლა განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ ამ ღონისძიებებში?
_ არ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით, ახალი ქართული ველოსიპედი უნდა გამოვიგონოთ. ბევრ განვითარებულ ქვეყანას, როდესაც ეკონომიკური საჭიროების გათვალისწინებით, აქციზის გადასახადის ზრდა უწევს, კონკრეტული სქემები აქვს შემუშავებული. ეს სქემები ჩვენი შესაბამისი უწყებებისთვისაც ცნობილია. იციან, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ან რა სისტემით განხორციელდეს პრევენცია, რათა ქვეყანაში კონტრაბანდული საქონელი არ შემოვიდეს. ეს არის კომპლექსური ღონისძიებების ერთიანი სისტემა, რაც ამ ეტაპზე, ხელისუფლებამ დიდი მასშტაბით უნდა აამოქმედოს.
_ თქვენი ინფორმაციით, გეგმავენ თუ არა ეკონომიკური პროფილისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები კომპლექსური ღონისძიებების გატარებას?
_ კონტრაბანდული საქონლის გამოვლენის ფაქტების გახშირება უკვე მოწმობს, რომ ხელისუფლება გარკვეულ ღონისძიებას ახორციელებს. მთავრობას წინასწარ ჰქონდა იდენტიფიცირებული და გააზრებული, რომ აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ამგვარი რისკებიც გაზრდილიყო. ჩემი ინფორმაციით, წინასწარ, ვიდრე ეს ცვლილება ძალაში შევიდოდა, გარკვეული სამუშაოები ამ მხრივ მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, ესაა კომპლექსური, უწყებათაშორისი კოორდინაციის მაღალი სტანდარტისა და ხარისხის პირობებში გასატარებელი ღონისძიება, მაგრამ იმავდროულად, ეს საკმაოდ საიდუმლო სისტემაა. აქ ჩართულია ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაცვლის განსხვავებული სტანდარტები, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში, ეკონომიკური პროფილის უწყებები არ იყენებენ. აქედან გამომდინარე, საჯარო უწყებები ამ თემაზე ღიად არ ისაუბრებენ და პრინციპში, არც უნდა ისაუბრონ, რადგან სისტემის მექანიზმის დეტალების გამჟღავნებით, შესაძლოა, პრევენციის ხვედრითი წილიც შემცირდეს. სხვათა შორის, ჟურნალისტებიც, ამ პროცესს გარკვეულ მონიტორინგს უკვე უწევთ. ახლა მთავარია, დაველოდოთ, რამდენად ეფექტური იქნება ეს საქმიანობა და როგორ გამოიხატება კონკრეტულ ციფრებში. ისე, ამ პრობლემის იდენტიფიცირება ხდება მაშინ, როცა საზოგადოება საცალო ქსელში კონტრაბანდული საქონლის მომატების შემჩნევას იწყებს. ჯერჯერობით, ეს ნიშნები არ არის ანუ ქსელში, მაღაზიების დახლქვეშ, კონტრაბანდულ საქონელს _ თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელს ვერ ვხედავთ. შესაძლოა, კონტრაბანდის გარკვეული პარტიები არსებობს ქსელში, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო, როგორც კონტრაბანდული საქონლის პრევენციისა და ანტიკონტრაბანდული პოლიტიკის განხორციელების შემაკავებელი ფაქტორი, კარგად მოქმედებს. ამ ეტაპზე, შესაბამისი უწყებების მუშაობის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფეხი ფეხზე უნდა გადავიდოთ. აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ, რისკები საკმაოდ მაღალია და ის, რომ ჩვენ კონტრაბანდული საქონელი დავაკავეთ, თვითკმაყოფილებისა და თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. კომპლექსური ღონისძიებების სისტემა მუდმივ პროცესში უნდა გადავიტანოთ!
მაია მიშელაძე

back to top