Menu
RSS

ვინ ადგენს ფსიქოტროპული მედიკამენტების კვოტებს და რომელი ჩინოვნიკი შეეწირება სააფთიაქო ნარკომანიას

სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რამდენიმე თვეა თანამშრომლობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ორი უწყების ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მიწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი დააკავა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში კი ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის _ შპს ,,ნიუ ჯორჯიასა'' და შპს ,,ნედფარმა საქართველოს'' ხელმძღვანელი პირები მისცეს. სასამართლომ დავით სამუშიასა და პაატა გურგენიძეს გირაო, დავით მაჭარაშვილს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა. ამის შედეგად, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა საჭიროზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25-332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლებია სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა მიმდინარეობს: ,,ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა და შედეგად, ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით, ეს კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივი ღონისძიებები გატარდა და გამოძიება დაიწყო. გამოძიების დასრულების შემდეგ მეტი დეტალი გაირკვევა. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა უკანონო საქმიანობით იყოს დაკავებული, პასუხს აგებს კანონის წინაშე''.
კონკრეტულად, რას ედავება ბრალდება ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს? ,,ვერსია'' დავით მაჭარაშვილის ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს დაუკავშირდა.
_ ბრალდების არსი ისაა, თითქოს მაჭარაშვილმა არასწორად გასცა ნებართვა ორ კომპანიაზე, რომლებმაც საქართველოში ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები შემოიტანეს. ოფიციალური ბრალდებით, კომპანიების ხელმძღვანელები წამქეზებლები არიან, მაჭარაშვილმა კი საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა. 4 მარტს, დავით მაჭარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 20 აპრილს, წინასასამართლო სხდომა გაიმართება. მაჭარაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია. მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, რა მოტივით მოქმედებდა მაჭარაშვილი ანუ რა სარგებელი მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მაჭარაშვილი ხელს შეუშლიდა გამოძიებას და ახალ დანაშაულს ჩაიდენდა; არადა თვეებია, ძიება მიმდინარეობს, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ეს მაჭარაშვილმაც კარგად იცოდა, მაგრამ არავისთვის შეუშლია ხელი. ამის საფუძველი არც ბრალდებას გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შუამდგომლობით მიმართავდნენ სასამართლოს, რათა მაჭარაშვილი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. რაც შეეხება ბრალდების მეორე საფუძველს, თითქოს მაჭარაშვილი თავისუფლებაში ყოფნისას დანაშაულს ჩაიდენდა, ეს ნონსენსია, რადგან ამ შემთხვევაში, ანალოგიური დანაშაულის ჩადენის რეციდივს წარსულშიც უნდა ჰქონოდა ადგილი. ამ მხრივ, საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის, მაჭარაშვილი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, თანაც მას ბრალი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში ედება. აქედან გამომდინარე, მსგავსი, დაუსაბუთებელი ბრალდების წარდგენა საეჭვო ვითარებაზე მიგვანიშნებს _ ვეჭვობთ, მის მიმართ არაჯანსაღი ინტერესი არსებობს.
_ რას გულისხმობთ, ვის აქვს ამგვარი ინტერესი?
_ ძიების პროცესში ეს აუცილებლად გამოჩნდება. მაჭარაშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობის პირი იყო და ვფიქრობ, არაკეთილისმსურველებიც ეყოლებოდა.
_ ბრალდების მიხედვით, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და იმპორტის რაოდენობის დადგენისას მაჭარაშვილმა ორ კომპანიას არამართლზომიერი უპირატესობა მიანიჭა, რის გამოც ქვეყანაში საჭიროზე მეტი ამ ტიპის მედიკამენტი აღმოჩნდა. დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობს ძიება ამ შემთხვევაში?
_ ბრალდების პოზიცია ამ ნაწილში აბსურდია; მეტიც _ კვოტირება საეჭვო საკითხია, რადგან, როგორც ბატონმა დავითმა ამიხსნა, ასეთი ციფრები არ არსებობს. ვთქვათ, გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები ქვეყანაში მართლაც შემოვიდა, რა უშლიდა ხელს, ისინი მაცივრებსა და საწყობებში შეენახათ? ის, რომ აფთიაქებმა კანონისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად უნდა გასცენ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები, სხვა საკითხია და ამაში მაჭარაშვილს ბრალი არ ედება. ვფიქრობ, ეს საკითხი ამ თემას ,,შავი პიარისთვის'' მიაბეს. ვერც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ვხედავ, თუმცა საქმე მოცულობითია და როცა შევისწავლით, სრული წარმოდგენა გვექნება.
***
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება #01-64/ნ, სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს'' დებულებას განსაზღვრავს. დებულებით, სააგენტოს ფუნქციაა ,,ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე საქართველოს ყოველწლიური მოთხოვნილების შემუშავება, რათა გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს დასამტკიცებლად წარუდგინოს და დამტკიცებული კვოტის ფარგლებში, ამ საშუალებათა იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლი დააწესოს''.
რაც შეეხება ბრალდების მთავარ ნაწილს _ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებას, ასევე ამ ტიპის მედიკამენტების იმპორტ-ექსპორტის დროს, საჭირო რაოდენობის განსაზღვრას, საქმეში კარგად ჩახედულმა სპეციალისტმა ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ამას ადგენს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ერთობლივი ბრძანება _ #01-14/ნ/#117, რომელიც 2016 წლის 27-28 მარტით თარიღდება.
მის საფუძველზე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც საერთაშორისო კონტროლს არ ექვემდებარება და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე, ქვეყნის შიდა კვოტებს ადგენს სპეციალური საბჭო, რომელიც ჯანდაცვისა და შს მინისტრების სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მიერ დადგენილი კვოტები კი ორი მინისტრის ერთობლივი აქტით მტკიცდება: ,,შს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში, მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გენერიკული დასახელება და შესაბამისი წლისთვის, კვოტით დადგენილი რაოდენობა. კვოტის გაანგარიშება-დადგენისას, არ გაითვალისწინება სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკური მიზნით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ან/და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის შემთხვევები, აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო ნიმუშები''.
ჯანდაცვის მინისტრი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო შს მინისტრი _ თანათავმჯდომარეა. საბჭოს წევრები არიან მათი მოადგილეები, ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს'', შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის, ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს'', დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. საბჭოს საქმიანობაში შეიძლება მონაწილეობდნენ პარლამენტისა და მთავრობის სხვა წევრებიც, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
მაია მიშელაძე

back to top