Menu

კონკორდატით გათვალისწინებული შეთანხმებით, მთავრობამ მართლმადიდებლურ ეკლესიას 50 მილიონის ლარის ქონება გადასცა. პრეზიდენტის განკარგულებით, შენობა-ნაგებობები საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცა. ესაა ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც ,,ვერსიამ'' საპატრიარქოს ვებგვერდზე მიაკვლია. წლების მანძილზე აქტუალური თემა _ საპატრიარქოს წიაღში შექმნილი საწარმოები _ ბოლო დროს ისევ გააქტიურდა. ამას დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილიც ადასტურებს, რომელიც ,,რუსთავი 2''-მა მოიპოვა. ,,ვერსია'' წერილში მითითებული იმ საწარმოებითა და ქონებით დაინტერესდა, რომელსაც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახური განკარგავს. თუმცა კათალიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ვიდრე საპატრიარქოს დელეგაცია გერმანიიდან არ დაბრუნდება, ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება.
2013-2014 წლებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპატრიარქოს წიაღში, მისი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაცემული ქონების კვლევა ჩაატარა. იმ პერიოდში, კვლევის საფუძველზე, ,,ვერსიაში'' არაერთი სტატია გამოქვეყნდა. მკვლევართა განცხადებით, საპატრიარქოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები სხვადასხვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
,,ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტისა'' (IDFI) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს'' მკვლევარებს ,,ვერსია'' კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. გავარკვიეთ, რომ 2014 წლის შემდეგ, ამ ტიპის კვლევა აღარ ჩატარებულა, რადგან კომპანიების დიდ ნაწილს საპატრიარქო აღარ ფლობს, სამეწარმეო რეესტრში კი შესაბამისი ცვლილებები არ ასახულა. ამ ფონზე, ,,ვერსია'' ამ სტატიაში არცერთ, თუნდაც ყველაზე გახმაურებულ და ცნობილ კომპანიას არ ასახელებს და მხოლოდ ზოგადი, სტატისტიკური მონაცემებით შემოვიფარგლებით.
2014 წლის კვლევით, საპატრიარქოს საკუთრებაში 27 კომპანიაა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ; კერძოდ, ესაა წყლის ბიზნესი, სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტები, ჯანდაცვა, განათლება... ამავე კვლევის საფუძველზე, საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის, 4 უნივერსიტეტი, 5 სასულიერო სემინარია, 25 სკოლა, 8 სოციალური დაწესებულება, 18 საქველმოქმედო და განვითარების ფონდი და 16 კულტურული და სულიერი განვითარების ცენტრი. საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია 90-მდე საგანმანათლებლო და სოციალური პროფილის დაწესებულება _ სემინარიები, სკოლები და საბავშვო ბაღები, ასევე რამდენიმე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 2 000-ზე მეტი თანამშრომელი და 18 000-მდე მოსწავლე ირიცხება. ამ სკოლების უმრავლესობა საპატრიარქომ დააფუძნა და მათ ამჟამად ეპისკოპოსები, ან ეკლესიის მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო წარმომადგენლები მართავენ...
რატომ და რა მიზნით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწარმოები და კომპანიები, თუნდაც საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც საპატრიარქოს წილობრივი მონაწილეობით იქმნება, გარკვეული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. რეალურად, ეს ნონსენსია, რადგან საგადასახადო კოდექსი და კონკორდატი ამგვარ შეღავათს არ ითვალისწინებს. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების ერთ-ერთმა ავტორმა და კომისიის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიები, რომლებიც საპატრიარქოს წილობრივი მონაწილეობით იქმნება, არავითარი საგადასახადო შეღავათებით არ სარგებლობენ და ამგვარ დათქმას არც კონკორდატი ითვალისწინებს: ,,თუ ვინმე კანონს არღვევს, კანონის მოქმედებითვე უნდა შეჩერდეს! თუ ვინმეს გადაცდომა აქვს, ამაზე პასუხი უნდა აგოს და პრევენციაც აუცილებელია. როცა კონკორდატზე ვმუშაობდით, რისკებზე იყო საუბარი, რადგან ასეთი შეღავათები ყოველთვის სარისკოა''.
კონკორდატის მე-6 მუხლის მიხედვით: ,,ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით; ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია _ მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან''.
კონკორდატის მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეებში, განსაკუთრებით, 1921-1990 წლებში, ეკლესიას მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა. ამიტომ სახელმწიფო, როგორც ეკლესიისთვის ჩამორთმეული ქონების მფლობელი, მატერიალური კომპენსაციის ვალდებულებას იღებს. ამ მიზნით, კონკორდატის გაფორმებიდან ერთ თვეში, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკლესიას ეტაპობრივად უბრუნებს მის კუთვნილ ქონებას. სწორედ კონკორდატი ითვალისწინებს იმასაც, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, შენობა-ნაგებობები ეკლესიას სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცემა.
2009-2010 წლებში, კონკორდატით გათვალისწინებული სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი წევრი ხათუნა გოგორიშვილი იყო, რომელმაც ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის კომპანიის დამფუძნებელი, რადგან ნებისმიერი საწარმო თანაბარ საგადასახადო რეჟიმშია: ,,ერთადერთი გამონაკლისი არსებობს საპატრიარქოს წიაღში დაფუძნებული კომპანიების მიმართ _ ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადება, შემოტანა, რეალიზაცია გათავისუფლებულია გადასახადებისგან. იმისთვის, რომ მსგავსი გაუგებრობა არ ყოფილიყო, საგადასახადო კოდექსში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება და დაკონკრეტდა, რას ნიშნავს საეკლესიო მსახურებისთვის განკუთვნილი ნივთები და გაკეთდა მათი ჩამონათვალი: სანთელი, ცვილი, სასანთლე, საეკლესიო ლიტერატურა... ეს რეჟიმი სხვა პროდუქციაზე არ ვრცელდება''.
,,ვერსიის'' კითხვაზე, რა ღირებულების ქონება გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებებით, ხათუნა გოგორიშვილმა გვიპასუხა, რომ ზუსტი ციფრის დასახელება ახლა ძნელია: ,,თუ იმ პერიოდში, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებებს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ თითოეულ საკითხს დეტალურად ვიხილავდით. ხშირად, ამა თუ იმ ქონების გადაცემაზე კომისია უარსაც ამბობდა. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით _ თბილისში, შარტავასა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე არსებული სკოლის ეზო საპატრიარქოს უნდა გადასცემოდა, რადგან ადრე აქ თურმე, ეკლესია ყოფილა. როდესაც ეს საკითხი დეტალურად შევისწავლე, გავარკვიე, რომ ამ სკოლაში ინკლუზიური ბავშვები სწავლობდნენ, ამიტომ კომისიის სხვა წევრებიც დავითანხმე, უარი გვეთქვა. ამის გამო რამდენიმე სასულიერო პირთანაც კი შემექმნა პრობლემა. ანუ, კომისია ყველა შემოსულ მოთხოვნას ბრმად არ აკმაყოფილებდა''.
საგადასახადო კოდექსით, ყველა მეწარმე და კომპანია თანაბარ საგადასახადო რეჟიმშია. თუმცა ლოგიკური კითხვა ჩნდება, რატომ და რა მიზნით იქმნება კომპანიები საპატრიარქოს წილობრივი მონაწილეობით? რა ხიბლი აქვს კომპანიის საპატრიარქოში დაფუძნებას? გარკვეული პირების მენტალური პრობლემის ბრალი ხომ არ არის, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ შპს-ს საპატრიარქოს სახელით შექმნიან, საგადასახადო სამსახურებთან პრობლემები აღარ შეექმნებათ? ამ კითხვებით ,,ვერსია'' ექსპერტ ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა: ,,კონკორდატში, რომელიც შინაარსობრივად, კონსტიტუციური რანგის დოკუმენტია, განსაზღვრულია და მკაფიოდაა მითითებული, რომ ეკლესიის ჩვეულებრივი, ქონებრივი, სამეწარმეო ურთიერთობები საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსით, მკაფიოდაა განსაზღვრული გადასახადის სახეები, მათგან გათავისუფლების პირობები და საქმიანობის სახეობები. ამ მხრივ, არცერთი კომპანიის მიმართ გამონაკლისი არ არსებობს! საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საქართველოში ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათები არ დგინდება! ესაა რიტორიკა, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული''.
,,ვერსიის'' კითხვაზე, რა ხიბლი აქვს საპატრიარქოს წილობრივი მონაწილეობით კომპანიების დაფუძნებას, ალაფიშვილმა გვიპასუხა, რომ საპატრიარქოს კომერციული საქმიანობის უფლება არ აქვს. თუმცა ეკლესიას შესაძლოა ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს კიდეც გარკვეული მეურნეობა, რისთვისაც დამხმარე პირები სჭირდება, მაგალითად, პურის საცხობის, კვების, სოფლის მეურნეობისა და რძის პროდუქტების კომპანიების დასაფუძნებლად: ,,რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, საპატრიარქო მათ საქველმოქმედო საქმიანობისთვის იყენებს, მაგრამ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსს ვერ მოიპოვებს. შესაბამისად, ამ მიმართულებას სწორედ ააიპ-ების საშუალებით წარმართავს, რომლებიც საპატრიარქოს წიაღშია შექმნილი. როგორც წესი, საბიუჯეტო დაფინანსება, 25 მილიონი ლარი, რომელსაც საპატრიარქო იღებს, კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესს ხმარდება. ამ თანხას უშუალოდ საპატრიარქო ბავშვებისა და ახალგაზრდების სწავლა-განათლებისთვის იყენებს. საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ლიცენზია სჭირდება, საპატრიარქო ლიცენზიას ვერ მიიღებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი კომერციული კომპანიების სახით ამიტომ ფუნქციონირებს. როგორც წესი, ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი არამომგებიანია და უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, თვითკმარი იყოს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას მოგება არ აქვს, მაგრამ ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა შეუძლია და საკუთარ თავსაც ინახავს. მეეჭვება, მაგრამ შესაძლოა, თბილისში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულება მომგებიანი იყო, თუმცა მაღალმთიან აჭარასა და სვანეთში, იგივე დაწესებულება არამომგებიანი იქნება''.
ბოლო პერიოდში, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა _ ესაა საპატრიარქოს კუთვნილი ქონების ფინანსური აუდიტი. აუდიტის სახელმწიფო სამსახურს უფლება არ აქვს, საპატრიარქო დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს. მეტიც, თუ საპატრიარქო მიმართავს, აუდიტის სახელმწიფო სამსახური ქონების აღწერაში დაეხმარება, მაგრამ ის მაინც ვერ დადგინდება, სად დაირღვა ან არ დაირღვა კანონი. მიზეზი მარტივია, საპატრიარქოსთვის გადაცემულ საჯარო რესურსებზე საკანონმდებლო რეგულაციები არ ვრცელდება!
მაია მიშელაძე

back to top