Menu

რა აუდიტორული ანგარიში უნდა წარედგინა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქისთვის?!

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე აეროპორტში დააკავა. პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას, რათა ნატრიუმის ციანიდით მაღალი სასულიერო პირი, სავარაუდოდ პატრიარქი მოეწამლა... ამ გახმაურებულ სკანდალში ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მათ შორის, უმთავრესია საპატრიარქოში არსებული ფინანსური დარღვევები, ან თუნდაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და უმაღლეს სასულიერო პირებს შორის არსებული კორუფციული გარიგებები, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას სწორედ მამალაძე ფლობდა. არ არის გამორიცხული, მისი დაკავების რეალური მიზეზი სწორედ ის ინფორმაციაა, რომელსაც თავად ფლობდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. პარალელურად, წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა. ამ სამშობიაროში არსებულ ფინანსურ დარღვევებსა და საპატრიარქოს კუთვნილ, მილიონობით ლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე ,,ვერსიაში'' უკვე ვწერდით. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მამა გიორგი მამალაძის გახმაურებული დაკავების ფაქტი, საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ სკანდალს უკავშირდება.
ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ქონების მართვის სამსახური საპატრიარქოს იმ უძრავ ქონებას განკარგავს, რომელიც ეკლესიას სახელმწიფოსგან გადაეცა. წლების მანძილზე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებდნენ კვლევებს სახელმწიფოსგან ეკლესიისთვის სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაცემული მილიონობით ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების შესახებ. ამ კვლევებში იმ კომპანიებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას, რომლებიც კანონის დარღვევით, საპატრიარქოს წიაღში იქმნებოდა. წლების წინ, ,,ვერსია'' ამ თემასაც დეტალურად აშუქებდა.
სხვათა შორის, ფინანსური დარღვევებისა და ეკლესიის კუთვნილი ქონების კორუფციული გარიგების შედეგად დატაცების ფაქტების გამო, არც ისე დიდი ხნის წინ, საპატრიარქოში, მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა დაიწყო. ,,ვერსიაში'' ამასთან დაკავშირებით ვწერდით, რომ კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე თეოდორეს (ჭუაძე), ვერაზე, მილიონ ნახევარ დოლარად შეფასებული პენტჰაუსი ჩამოართვეს და საპატრიარქოს გადასცეს. პენტჰაუსის სკანდალი ირიბად წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიაროში არსებულ ფინანსურ დარღვევებსაც უკავშირდება. მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მაღალჩინოსნების კორუფციულ კავშირებსაც ამხელდა...
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც ,,ვერსიამ'' მათსავე საიტზე მიაკვლია, მთავრობამ, კონკორდატით გათვალისწინებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 50 მილიონი ლარის ქონება გადასცა: ,,საპატრიარქოს გადაეცა მეცხრე საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული სემინარიის შენობა, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობა და ერეკლე მეორეს ქუჩაზე მდებარე ტერიტორიის ნაწილი, ასევე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ობიექტი და ტყის მასივები. ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საპატრიარქოს კანცელარიაში გადაეცა. გადაწყდა, რომ საპატრიარქოსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოსთვის გადასაცემი სხვა ობიექტების სიას შეადგენენ. კონკორდატით ასევე გათვალისწინებულია ეკლესია-მონასტრების აღდგენაც. პრეზიდენტის განკარგულებით, საპატრიარქოს შენობა-ნაგებობები სიმბოლურ თანხად – 1 აშშ დოლარად გადაეცა''.
ფაქტია, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სამშობიაროს დირექტორად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა, რომელსაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა უნდა გამოესწორებინა. გამორიცხული არ არის, რომ დეკანოზმა ისეთ მასალებს მიაკვლია, რომლითაც უნებლიედ, საპატრიარქოს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი გარკვეული პირების ინტერესები გადაკვეთა. აქედან გამომდინარე, ნატრიუმის ციანიდით პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ამბავი სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ,,ციანიდის სკანდალი'' სწორედ იმ პირებმა აუგორეს, რომლებიც ამა თუ იმ კორუფციულ გარიგებაში თავად დეკანოზმა ამხილა, ან აპირებდა, რომ ემხილა.
,,ვერსიის'' ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე, შპს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორი იყო და პარალელურად, შპს ,,დიმოილში'' 50%-იან წილსაც ფლობდა. იმის გასარკვევად, იცოდნენ თუ არა ამ ფაქტის შესახებ საპატრიარქოში, ,,ვერსია'' სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა: ,,ის, რომ დეკანოზი ჩაქვის სკოლის დირექტორი იყო, ვიცოდი, რადგან დაახლოებით ერთი წლის წინ, ის თბილისში, სწორედ ამ ეპარქიიდან გადმოვიდა. შპს ,,დიმოილი'' ჩემთვის უცხოა და ამ კომპანიის შესახებ არაფერი ვიცი. დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მუშაობდა, მაგრამ არ ვფლობ ინფორმაციას მისი მონაწილეობის შესახებ ამა თუ იმ შპს-ებში, რადგან ეს ჩემი საქმიანობის სფერო არ გახლავთ. გარდა ამისა, დეკანოზი წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო კლინიკის დირექტორი იყო. ამ სამშობიარო სახლს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს და ვფიქრობდით, რომ შესაძლოა, მას გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, მაგრამ ეს შედეგი მივიღეთ... ვნახოთ, გამოძიება რა მტკიცებულებებს დადებს. ჩვენ გაოგნებულები ვართ. ვერც წარმოვიდგენდით, რომ სასულიერო პირთან დაკავშირებით, ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო''.
იმის გამო, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ნებისმიერი სახის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელი უპრებლემოდ მიუწვდებოდა. გარდა ამისა, ის საკმაოდ დიდ ქონებასაც განკარგავდა, ყოველ შემთხვევაში, ეს მისი უშუალო მოვალეობა იყო. ,,ვერსიის'' კითხვაზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში ეჭვი ხომ არ გაჩნდა, მიქაელ ბოტკოველმა ასე გვიპასუხა:
,,არა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი ჩემამდე არ მოსულა. რაც შეეხება სამშობიაროში არსებულ ფინანსურ დავალიანებას, ეს დეკანოზ მამალაძის მუშაობის დროს არ გაჩენილა. მანამდე სხვა დირექტორი ჰყავდა სამშობიაროს და სწორედ იმ დროს შეიქმნა ფინანსური პრობლემები. ახალ დირექტორს დეტალური ანგარიში უნდა ჩაებარებინა სამშობიაროში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით. ორიოდე შეხვედრას დავესწარი, როცა მან უწმინდესს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული, რას საქმიანობდა სამშობიარო და როგორ ვითარდებოდა მოვლენები კრიზისის შემდეგ. დეკანოზის საქმიანობას ვერ შევაფასებ, სპეციალისტი არ ვარ. ამას აუდიტი სჭირდება''.
ის, რომ შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალური დაპატიმრება საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ გარიგებებს და იმ ქონებრივი დეკლარაციების აუდიტს უკავშირდება, რომელსაც დღემდე არავინ ახმაურებს, საპატრიარქოში არ დაგვიდასტურეს. სამაგიეროდ, 13 თებერვალს, ,,რუსთავი 2''-მა გაავრცელა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა უწმინდესს გაუგზავნა. ამ წერილით, ,,ვერსიის'' ეჭვს თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე ადასტურებს. დოკუმენტით დასტურდება, რომ მან პატრიარქს იმ ფინანსური დარღვევების შესახებ აცნობა, რაც წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში და ზოგადად, საპატრიარქოში იყო შექმნილი. ამავე წერილით ისიც ირკვევა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) სთხოვა, საკითხი არ გაეხმაურებინა. ,,ვერსია'' წერილს მცირე შემოკლებით გთავაზობთ: „თქვენო უწმინდესობავ! მადლობას მოგახსენებთ ჩემს მოსასმენად გამოყოფილი დროისთვის და გიდასტურებთ ჩემს მორჩილებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე... მოგეხსენებათ, 2015 წლის 14 სექტემბერს, შეიქმნა ქონების მართვის სამსახური, ხოლო მე დავინიშნე სამსახურის უფროსად. 2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე, რომელზეც სურვილი მქონდა წარმომედგინა სამსახურის 3-თვიანი მუშაობის ანგარიში, გარკვეული ჯგუფის მიერ, ხელოვნურად იქნა დაბლოკილი ამ მოხსენების წარდგენა. ყოველივე ამის შემდეგ, ამ ძალების დიდი მცდელობების შედეგად, გამათავისუფლეს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა მუშაობა გავაგრძელე ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და კვლავაც ხელი მიმიწვდებოდა მასალებზე.
შევეცდები, მოკლედ გადმოგცეთ და იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ შეგიქმნათ წარმოდგენა, რომელიც ეკლესიის ქონებებს ეხება... სამსახურმა უმოკლეს პერიოდში მოახდინა სახელმწიფო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ამოღება და შესწავლის დაწყება. არსებული მდგომარეობა ძალზე სავალალო აღმოჩნდა. საქართველოს საპატრიარქოს 100%-იანი წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (შპს), რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას. მაგალითად, ნავთობპროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოებას, აქვეა სამშენებლო კომპანიები, რაგბისა და სხვა სპორტული კლუბები და ა.შ. ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
საკითხს ართულებს ის, რომ ვერ ვარკვევთ, სად დარეგისტრირდნენ კომპანიები, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით, კათალიკოს-პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე, მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია... სამწუხარო კი გახლავთ ის, რომ მღვდელთმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა, მინდობილ პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება, რაც ეკლესიის იმიჯზე ნამდვილად არ ისახება კარგად... საკითხის სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ დღემდე გაურკვეველი კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს წინაშე იმყოფებიან ფინანსურ დავალიანებებში და მათი საბუღალტრო აღრიცხვიანობა შესასწავლია, რაც ჯამში, ეკლესიის ზოგად ქონებას უქმნის საფრთხეს.
ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომლებიც ეკლესიის მფლობელობაშია იურიდიულად, მაგრამ დატაცებულია... დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოსგან გამოთხოვადი 3 000 საკითხი შეჩერებულია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, საკუთრებაში არსებული ათასობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია ბუნდოვანი გარიგებების საფუძველზე, რომლითაც საპატრიარქოს ოფიციალური სარგებელი არ აქვს. სამწუხაროდ, იკვეთება კერძო პირების სარგებელი.
მაგალითად, თბილისის #1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო ღOOMშ-ის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი, დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებულია კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს არ იღებს.
ასევე ყურადსაღებია მიღებული ქონებების იურიდიული, თუ ფინანსური მდგომარეობაც. მაგალითისთვის არსებობს ფაქტები, როდესაც ფინანსური დავალიანების მქონე მიწის ნაკვეთები, თუ შენობა-ნაგებობები გადმოეცემა ეკლესიას და ეს ვალდებულებები ავტომატურ რეჟიმში გადმოყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, მსგავსი ფაქტები ეკლესიას არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რაც საეკლესიო ქონებებს საფრთხეს უქმნის.
ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონებების მდგომარეობაც, რომელთა შესწავლაც არ ხდება და ეკლესია არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდება. ვფიქრობ, ეს ეკლესიის იმიჯის საწინააღმდეგოდ, სპეციალურად გადადგმული ნაბიჯი და ასევე მავანთა ხელის მოთბობის საშუალებაა. ასევე აღსანიშნავია წავკისის თავშესაფარი, ეს სახლი ეკუთვნოდა ბატონ სულხან მოლაშვილს. მადლობა ღმერთს, ამ სახლის გადაცემა მოხდა მეპატრონეზე, მაგრამ ფაქტი მრავალ კითხვისნიშანს ბადებს.
ასევე დელისი 2, ყოფილი საყოფაცხოვრებოს კუთვნილი ბინა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მოქალაქემ გამოისყიდა ნაწილობრივ და ამ საკანონმდებლო ცვლილების გამო, სახელმწიფომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით, რომ ეკლესიაზე გადმოცემის მერე, ეკლესია დაუბრუნებდა ამ ქალბატონს უკან, რათა პროცედურა უფრო მარტივი ყოფილიყო. რამდენიმე წელია, ეს ოჯახი ამაოდ ელის ამ ბინის დაბრუნებას (ოჯახს შესაბამისი გადახდების დოკუმენტაცია გააჩნია, ხოლო მეუფეთა უმრავლესობა იცნობს მათ და შეუძლიათ გადამოწმება). ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, რომელსაც მიღების დროს, სოლიდური კომუნალური დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, არ გაითვალისწინეს ეს ფაქტი და ქონება დავალიანებითურთ მივიღეთ. დავალიანების გამო, დღეს იქ მცხოვრებ დედებს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.
განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ, მრავალი საჩივრის საფუძველზე, ჩვენ იქ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ. აღმოჩნდა 5 მილიონ ლარამდე დავალიანება, რომელიც არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით დაგროვდა და სადაც, სავარაუდოდ, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ, არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე, საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა, კატეგორიულად მომთხოვა, არ გამეხმაურებინა იგი. ბუნებრივია, გავაგრძელე ამ საკითხების მოკვლევა.
ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია და რომელში გარკვევაც, უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. სნოს წყალი შეიქმნა 50%-50% მონაწილეობით, საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით, 25 მილიონიანი საწარმოს 30% გასხვისდა 150 ლარად იმ პირობით, რომ 3 თვეში, ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ქონება არ დაბრუნებულა.... უწმინდესის დავალებით, მოვითხოვეთ კუთვნილი 30%, მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით, დარჩენილი 20% უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%-ის მფლობელს. თუმცა საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად ერთი წელია, გასხვისების მიუხედავად, საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100%-იანი წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები.
თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას, ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები გამოიკვეთა საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემს მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს.
ამ და მრავალი სხვა საკითხის გადასაჭრელად, ქონების მართვის სამსახური გთხოვთ, თქვენი ლოცვა-კურთხევით, ჩატარდეს საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტი, რათა მოიხსნას ბევრი საკითხის ბუნდოვანება. ჩვენი თვალთახედვით, ბევრი ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულს, რომლის კვალიც საპატრიარქოს საერო და სასულიერო მაღალჩინოსნებამდე მიდის. ასევე მინდა გთხოვოთ, სინოდალურად გადაწყვიტოთ პატრიარქის ყველა მინდობილობის გაუქმება (სანამ ბუნდოვანი საკითხები არ გაირკვევა), რომლებიც ეხება ქონებრივ საკითხს შესაბამის ნოტარიუსებთან. თქვენო უწმინდესობავ, მაქვს თქვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს. დამლოცეთ! დეკანოზი გიორგი მამალაძე“.
მაია მიშელაძე

back to top