„ოპოზიციას ნერვებს ვუშლით და არ ვუყვარვართ!“ - ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 „ერთადერთი, თუ ვინმეს იმედი მაქვს სამყაროში, აშშ-ია!“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას ფრაზა - „ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი“, მეტად აქტუალური და განსჯის საგანია. ალბათ, იმიტომ, რომ აშშ-ის ელჩის მიმართ გამოთქმული, რბილად რომ ვთქვათ, „მკვახე“ განცხადებები, ბოლო დროს, ერთგვარ ტრენდად იქცა მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მხრიდან. თუმცა, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ როდესაც იაგო ხვიჩია აშშ-ის ელჩს თავის „პატრიარქად ასახელებლდა“, მაშინ სახელისუფლებო ძალას კი არა, ოპოზიციას აკრიტიკებდა, რომელთა მხრიდანაც აშშ-ის ელჩის მიმართ მწვავე განცხადებებს აპროტესტებდა...

„ვერსია“ იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 - დავიწყებ იმით, რომ ეს ფრაზა ოპოზიციის გასაკრიტიკებლად წელიწადნახევრის წინ ვთქვი, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა - ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ აშშ-ის ელჩი გალანძღეს. ავხსენი, რომ ეს, დაახლოებით, ისეთი შეურაცხყოფაა საქართველოში იმ ხალხისთვის, რომლებსაც აშშ-ის გვჯერა, როგორც - მორწმუნესთვის პატრიარქის შეურაცხყოფა. მართლა, ერთადერთი, თუ ვინმეს იმედი მაქვს სამყაროში, აშშ-ია, რომელიც ყველაზე ერთგული და ძლიერი მოკავშირეა და მისი წარმომადგენლის ლანძღვა არაფერში წერია. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩემს პოზიციაზე იყვნენ, უბრალოდ, ახლა, როცა ანტიამერიკული კამპანია დაიწყო, „გაშავება“ დაიწყეს.

მადლობელი ვარ, რადგან როგორც ჩანს, რაც ვთქვი, თავის დროზე, აშშ-ის საელჩოსაც არ გაუგია. მოგეხსენებათ, ოპოზიცია მაშინ აშშ-ის საელჩოში იკრიბებოდა, ჩვენ კი არ გვეძახდნენ და იმედია, ამის მერე მაინც რთული იქნება ჩვენი „მოტეხვა“ ასეთი სიტუაციებიდან.

- იაგო, როგორ აფასებთ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, რას ემსახურება და რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს?

- ვინაიდან მოტივი არ ვიცი, რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს კამპანია, კომენტარს ვერ ვაკეთებ. ძალიან მარტივია, ვთქვა, ეტყობა, რუსეთისკენ გადავიდნენ ესენი-მეთქი, მაგრამ ვინაიდან ამის მოტივს ვერ ვხვდები, უბრალოდ, არ მესმის, რა თამაშია. ყურადღებით ვაკვირდები და მაინტერესებს, სადამდე გაგრძელდება ეს ისტერიკა.

- გასაგებია... თქვენ იმ სამუშაო ჯგუფის წევრი ხართ, რომელიც პარლამენტში არაერთ საკითხზე მუშაობს. ხელისუფლებასთან ერთად რა საკითხებზე მსჯელობთ და რაზე მიაღწიეთ კონსენსუსს?

- ახლა მუშაობის პროცესი არ მიმდინარეობს, ჩემი აზრით, ეს ბუტაფორიაა და მიზანია, რომ შეთანხმება არაფერზე მოხდეს. შესაბამისად, ვერ გეტყვით, რომ რამეზე ვმუშაობთ, უბრალოდ, ვაკვირდები პროცესს და საზოგადოებას ვეტყვი სიმართლეს ამ პროცესზე.

- რაც შეეხება პარლამენტში შექმნილ მეორე ჯგუფს, რომელიც ოპოზიციამ დააკომპლექტა, მასშიც მონაწილეობთ?

- არა... ის ჯგუფი, ჩემი აზრით, ხელისუფლების დახმარებით, სპეციალურად შეიქმნა, რომ ეს ძირითადი პროცესი ჩაშლილიყო, ოღონდ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას დაბრალებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემი კოლეგები, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების თამაშში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი და დღემდე არ გამოდიან. 

- სექტემბრიდან, პარლამენტში აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს და გარკვეული პარტიები ისევ ბოიკოტის თემას ააქტიურებენ. ამაზე რას იტყვით?

- ბოიკოტზე საუბარი სულ არასერიოზული იყო და ახლა განსაკუთრებით იმიტომ, რომ არასდროს იყო მკაფიო დასაბუთება და არასდროს იყო ამისთვის მომზადებული ოპოზიცია. არც იცოდა, რა უნდოდა, როგორ უნდა მიეღწია ვადამდელი არჩევნებისთვის...

- თქვენი ხედვით, როგორია სწორი სტრატეგია, რომელსაც ოპოზიცია უნდა გაჰყვეს მიზნის მისაღწევად?

- ოპოზიციამ უნდა მოიფიქროს, რა უნდა და როგორ წარმოუდგენია ამ ქვეყნის მომავალი „ქართული ოცნების“ გარეშე.

- ხშირად ამბობთ, ოპოზიცია ერთადაც კი ვერ ვსხდებით მოსალაპარაკებლად და რა საერთო სტრატეგიაზეა საუბარიო... ახლა არ არის მცდელობა, რომ პროდასავლური პარტიები საერთო სტრატეგიაზე შეჯერდეთ, ან თქვენ რატომ არ იჩენთ ამის ინიციატივას?

- ჩვენ ვართ ინიციატორი, ყველას ველაპარაკებით და მერე, როცა საქმე საქმეზე მიდგება, საკითხს პირდაპირ დავაყენებთ, ხდება ახალი „ჩატების“ გაკეთება, ჩვენი არდაპატიჟება შეხვედრებზე... ეს პროცესი გავლილი გვაქვს და ჩვენი კოლეგების დიდ ნაწილს ვუყურებთ, როგორც არასერიოზულ ხალხს.

- ასე რატომ გექცევიან?

- ვერ გეტყვით. შეიძლება, ეს იყოს შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“, შეიძლება, თავისი სისულელით მოსდიოდეთ...

- შეიძლება, ამის მიზეზი ის იყოს, რომ თქვენ ღიად საუბრობთ ყველა საკითხზე მედიასთან?

- არ მგონია იმიტომ, რომ კარგად იციან, ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლება.

- ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე საქართველოში მასშტაბური აქციები დაიწყება? თქვენი ექსთანაგუნდელის, ზურა ჯაფარიძის განცხადებებს როგორ აფასებთ, რომელიც რევოლუციასა და საპროტესტო აქციების აუცილებლობაზე საუბრობს?

- თუ ამას დაგეგმილად აკეთებ და იცი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შენს ქმედებასა და იმას შორის, რაც გინდა, შეიძლება ჰქონდეს აზრი, მაგრამ მოუმზადებლად... ის, რომ უბრალოდ დავიწყებ აქციებს და ხელისუფლებას დავამხობ, ეგეთი აქციების მეტი რა გვინახავს...

- ოპოზიციამ საპროტესტო აქციები რომ დაგეგმოს, მიიღებთ მონაწილეობას?

- ჯერ დაგეგმონ და მერე დავაკვირდებით...

- დაგეგმილ აქციებში ჩაერთვებით თუ არა?

- ეს ხომ არასერიოზული შეკითხვაა?!..

- რატომაა არასერიოზული? - მახსოვს აქციები, რომლებზეც არ მიხვედით, მაგალითად, ივლისში გამართულ მასშტაბურ აქციებზე...

- მასეთ აქციებზე ახლაც არ მივალთ. ჩვენ ხომ არ შევცვლილვართ? - იგივე ხალხი ვართ, რაც ვიყავით. ამიტომ, არასერიოზულ აქციებს აქამდე თუ არ ვუერთდებოდით, მომავალშიც არ ვიზამთ ამას და მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ იქ, საერთოდ არ გველოდებიან...

- რატომ არ გელოდებიან?

- არ ვუყვარვართ...

- ვის არ უყვარხართ?

-  ოპოზიციას, ნერვებს ვუშლით და არ ვუყვარვართ.

- მართლა ეგ განცდა გაქვთ? ოპოზიციაში ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობთ?

- ზოგადად, კრებსითი სახელწოდება ნაციონალური მოძრაობა გამოდის იქიდან გამომდინარე, რომ როცა აყოლილი არიან ერთმანეთზე და ყველაზე დიდი პარტია ნაციონალური მოძრაობაა, როცა იზიარებ და მიჰყვები მას... ვინ რომელ პარტიაშია, მაგას ხომ არ აქვს მნიშვნელობა? - ვინ რას აკეთებს, ესაა მნიშვნელოვანი.

- თუ სააკაშვილი წავა პოლიტიკიდან და ენმ დაიშლება ანუ იმ სახით აღარ იარსებებს, როგორც ახლაა, როგორი პროცესი დაიწყება ქართულ ოპოზიციურ სპექტრში? მახსოვს, არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად, საჭიროა ენმ დაიშალოსო...

- სააკაშვილის წასვლით, „მტრის ხატი“ გამოეცლება „ქართულ ოცნებას“... რაც შეეხება პარტიის დაშლას, თუ სააკაშვილი წავა პოლიტიკიდან, ჩემი აზრით, ეს პროცესი ასე თუ ისე დაიწყება და თუ დაშლა არა, მინიმუმ, დიდი ტრანსფორმაცია მაინც არის მოსალოდნელი ამ პარტიაში.