Menu

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამწლიანი რეფორმის დეტალები

,,საზოგადოებრვი მაუწყებლის'' განვითარების სამწლიან გეგმას აჟიოტაჟი მოჰყვა. თუმცა მომხრეებიცა და ოპონენტებიც თანხმდებიან, რომ არხს რეფორმა სჭირდება. ვნებათაღელვა გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივმა ხარჯვამ. ახალი მენეჯმენტის განცხადებით, 2006-2016 წლებში, 410 მილიონი ლარი ხელფასებსა და მივლინებებში გაიხარჯა, მაუწყებელი კონკრეტული ადამიანების ,,კარმუშკა'' იყო. ტელევიზიას არ აქვს რეგიონული ოფისები, ინგრევა შენობა, ფუჭდება ტექნიკა, ჟურნალისტები უმძიმეს პირობებში მუშაობენ, ნადგურდება უნიკალური არქივი... 2014 წელს, აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა მაუწყებლის 2011-2012 წლების აუდიტორული შემოწმების სკანდალური დასკვნა მოამზადა, რომელიც ,,ვერსიამ'' მოიპოვა და გააშუქა სტატიაში: ,,რაში გადაუხადეს ნაციონალებმა ივანა მელაის 161 ათასი? (პროკურატურა მილიონ 500 ათასიანი გაფლანგვის საქმეს სწავლობს)''. სახელმწიფო აუდიტორებმა ,,საზმაუს'' ფინანსური დარღვევების გარდა, ტელეკომპანია ,,პიკის'' უმაღლესი მენეჯმენტის სახელფასო და ბინის ქირის ასტრონომიულად მაღალ ხარჯებზეც გაამახვილეს ყურადღება. ,,ვერსიის'' სტატიას, როგორც მოსალოდნელი იყო, რეაგირება არ მოჰყოლია. აუდიტის სამსახურმა დასკვნა მთავარ პროკურატურაშიც გადაგზავნა, მაგრამ... დასკვნის ყველაზე სკანდალურ ნაწილს ,,ვერსიის'' შემდეგ ნომერში გავიმეორებთ იმედით, რომ სამართალდამცავები ახლა მაინც დაინტერესდებიან. მანამდე, გთავაზობთ ინტერვიუს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის'' გენერალური დირექტორის ფინანსურ მრჩეველ ნოდარ ჭიჭინაძესთან, რომელიც ,,ვერსიას'' რეფორმის სამწლიანი გეგმის დეტალებზე ესაუბრება.
_ ნოდარ, რის საფუძველზე ამბობთ, რომ 2006-2016 წლებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 410 მილიონი ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა?
_ ამ მონაცემის ნახვა ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებსა და ტელევიზიის ვებგვერდზე Aშესაძლებელია. 410 მილიონი ლარი მოკრძალებულად დათვლილია, შესაძლოა, მეტიც დაიხარჯა. როცა მაუწყებელზე ახალი მენეჯმენტი მოვიდა, პირველ რიგში, არსებულ ვითარებას გაეცნო. პირადად ფინანსური მდგომარეობა შევისწავლე. ვუყურებდი შენობას, ტექნიკურ საშუალებებს, რომელთა დიდი ნაწილი 1977 წელსაა გამოშვებული და მიკვირდა, რაში დაიხარჯა ეს თანხა? თუ ვინმეს მართლაც შესტკივა გული, სტრუქტურა რომ ინგრეოდა, ხმას რატომ არ იღებდა? სამაგიეროდ, ახლა ჩვენს რეფორმას დაუპირისპირდნენ და დანგრეულ ტელევიზიაზე გვეუბნებიან, ანგრევთო. ტექნიკური ჯგუფი ვერ იძლევა გარანტიას, რომ ხვალ ტექნიკა არ გვიმტყუნებს და ტელევიზია არ გაჩერდება. ,,მაუწყებელი'' განადგურებულია და ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის. ტელევიზიაში 1 300 კაცი მუშაობს. არსებობს ეჭვი, ვიღაცები უბრალოდ გაფორმებულები არიან, თუმცა ეს გამოძიების თემაა. ვფიქრობ, საგამოძიებო სტრუქტურებს მივმართავთ. დაახლოებით თვეა აუდიტორული შემოწმება მიმდინარეობს, თუმცა 2014 წელსაც დაიდო დასკვნა, რომელიც 2011-2012 წლებს ეხება. გაირკვა, მრავალი ათასი ლარია დახარჯული ცალკეული პირების ხელფასებზე, მათი ბინების ქირასა და ავტომობილით მომსახურებაზე. ეს იმ თანამშრომლების შეურაცხყოფაა, რომლებიც დღემდე გმირულად უძლებენ საშინელ პირობებს. ვინც ტელეარხის ამ ფორმით არსებობას უჭერს მხარს, რეალურად, ამ ტელევიზიის წინააღმდეგია.
_ 2011-2012 წლების აუდიტის დასკვნაზე ,,ვერსიაში'' ვწერდით. ივანა მელაის და ,,პიკის'' სხვა უცხოელი ჟურნალისტების ხელფასებს და ხარჯებს გულისხმობთ?
_ დიახ. ივანა მელაის ყოველთვიური ხელფასი 10 000 დოლარი იყო. არადა, გენდირექტორის ჯამაგირი 5 500 ლარია (ხელზე 4 400 ლარს იღებს). თანამშრომელთა დიდი ნაწილის ხელფასი 1 000 ლართან ახლოს, ან ქვევითაა. ამ ადამიანებს ისინი შეურაცხყოფენ, ვინც მელაისა და სხვა უცხოელების მაღალ ხელფასებსა და ხარჯებზე ხმას არ იღებდნა! ზოგი სპეციალისტი, მათ შორის, ბორდ-ის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ფულს რემონტში კი არა, მაუწყებელში იხდიან. რატომაა გამიჯნული სამუშაო გარემო, ტექნიკა და პროდუქტი, ვერ ვხვდები. მაშინ სიჩუმე აწყობდათ, საზღვარგარეთ სწავლობდნენ და აქ ხელფასი ერიცხებოდათ. დღეს აწყობთ იხმაურონ, რომ გრანტები აიღონ. კი ბატონო, იხმაურონ, ყველა ბრალდებას პასუხს გავცემთ! ზოგი ტელევიზიის წარმომადგენლებმა პრეტენზია გამოთქვეს, რატომ არ ჩავრთეთ რეფორმის შემუშავებაში. ისინი მედიაექსპერტები არიან თუ ტელევიზიის მფლობელები?
_ ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, ,,მაუწყებელი'' ყველას ტელევიზიააო და ალბათ, ამიტომ გამოთქვეს პრეტენზია.
_ კარგი, ნუ დავარქმევთ კონკურენტებს სხვა ტელევიზიების მფლობელებს, რომლებიც გადასახადების გადამხდელები არიან და უფლება აქვთ, გული შესტკიოდეთ ,,მაუწყებელზე''. თუმცა ყველაფერს თავის ფასი აქვს. შესაძლოა, მათ უღირთ გადასახადების გადახდა, რომ ,,მაუწყებელი'' მაჩანჩალა ტელევიზია იყოს, რადგან ყველას თავისი ინტერესი აქვს. ყველას მოვუწოდებ, ხალხისა და მთელი საქართველოს სახელით ნუ ისაუბრებს!
_ 2016 წელს, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 40 მილიონი ლარიდან, 60% ხელფასებსა და მივლინებებზე დაიხარჯა. ხომ შეიძლებოდა, ამ თანხით არხზე კოლაფსის აშორება?
_ საკადრო ოპტიმიზაცია აუცილებელია. ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება ხალხის გაშვებაა, რაც წინა მენეჯმენტმა ვერ შეძლო. ვინმეს გათავისუფლება თვითმიზანი არ არის, ეს ნაბიჯი ფინანსებს უკავშირდება. დღესვე შეიძლება დავიწყოთ ტექნიკის შეძენა და გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა გვქონდეს. ამ რეფორმას 45 მილიონი ლარი დასჭირდება, რაც სამწლიან ვადაზე გაიწერება. მაგალითად, ტექნიკა რომ განვადებით ვიყიდოთ, 5 მილიონი ლარი დაგვჭირდება, შენობის მოდერნიზებასაც გარკვეული თანხა სჭირდება, არქივის ციფრულ ფორმატში გადატანა 5 მილიონი ევრო დაჯდება. სამწუხაროდ, არქივში ბევრი რამ წაიშალა, მათ შორის, თბილისის ,,დინამოსა'' და ,,კარლ ცაისის'' თამაშის პირველი ტაიმი, რომელიც თუ დაგვჭირდა, უნდა ვიყიდოთ სხვა ქვეყნების არქივებიდან. ვაპირებთ, ,,მაუწყებელი'' იმავე ტერიტორიაზე დარჩეს, მაგრამ მესამე კორპუსში გადავალთ, რომელიც სწრაფად და იაფად აღდგება. ტელევიზიას სრულფასოვანი შენობა ექნება, ისეთი სტუდიითა და პავილიონით, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის.
_ პირველი კორპუსი გაიყიდება?
_ ან შენობა უნდა გავყიდოთ და სხვაგან წავიდეთ, ან გადავიდეთ იქვე და არაფერი გავყიდოთ. ჩვენ მეორე ვარიანტს ვირჩევთ. რატომ ვიჩქაროთ გაყიდვა? ესაა ,,მაუწყებლის'', სახელმწიფოსა და ხალხის საკუთრება, ამიტომ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს ქონება პოლიტიკურ და სხვა ინტერესებს არ უნდა გადაყვეს!
_ გულწრფელად მაინტერესებს, რას ნიშნავს გადაცემების ერთი წლით შეჩერება, ამბობთ, რომ არ ხურავთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ხურავთ?
_ მეც გულწრფელად აგიხსნით. დღეს საჭიროა თანხა, არადა, საბიუჯეტო სახსრები გადაცემებზეა გადანაწილებული. ახლა პრიორიტეტია შენობა, ტექნიკა და ინვესტიციები. შემდეგ უნდა ვიფიქროთ საეთერო ბადის შევსებაზე. კანონით, ,,მაუწყებელს'' ვალდებულება აქვს, თავისი პროდუქციის მინიმუმ 25% გარედან შეიძინოს, ანუ აუთსორსზე გაიტანოს. მცირე გამონაკლისის გარდა, დღეს ეს მოთხოვნა არ სრულდება. რაც მთავარია, არ არსებობს კონკურენციის პრინციპი, რის მიხედვით უნდა ჩაიშვას გადაცემა ეთერში, ან რა კრიტერიუმით უნდა გაუქმდეს. სუბიექტურ შეფასებებს კი არ დავეყრდნოთ, საკონკურსო პრინციპები უნდა ამოქმედდეს. საეთერო ბადეში წარმოდგენილ ვარიანტებს შორის საუკეთესო გადაცემა ჩაეშვება. ,,მაუწყებლის'' მართვაში ისეთი პრინციპების დანერგვას ვგეგმავთ, რომლებიც ორიენტირებულია შემოსავლების ზრდაზე, ასევე ხარჯების ოპტიმიზაციასა და კონკურენციის პრინციპის დანერგვაზე. დღეს თანხები იხარჯება გადაცემებზე, რომლებსაც არავინ უყურებს. ყურებადობა უნდა გაიზარდოს. ხალხმა შედეგი უნდა მიიღოს. დღეს ვერავინ იტყვის, რომელი გადაცემაა უკეთესი, რადგან ყურებადობის თვალსაზრისით, ერთნაირი, ნულთან მიახლოებული რეიტინგი აქვს.
_ ,,მაუწყებელი'' ,,კარმუშკა'' მენეჯმენტისთვის იყო?
_ არა, ეს გლობალური საკითხი და საერთო პოლიტიკის ნაწილი იყო, რომლითაც ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებს, კარგი ანაზღაურებით უზრუნველყოფდა. საუბარია შეუსაბამო თანამდებობებზეც კი... დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან დოკუმენტი არ მაქვს. ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ. ბევრი ადამიანია ტელევიზიაში, ვინც არხს ჯანმრთელობა, ენერგია და წლები შესწირა.
_ ვასილ მაღლაფერიძე და ია ანთაძე GDშ-ზე მუშაობდნენ, თქვენ 20/30-ის ექსპერტი იყავით. ახალ ,,კარმუშკას'' ქმნით ,,ოცნების'' მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებისთვის?
_ ლოგიკური კითხვაა. გინდ გულწრფელობაში ჩამითვალეთ, გინდ _ თვალთმაქცობაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასე არ იქნება! არ ვმალავ და პირიქით, მეამაყება, რომ ორიოდე წლის წინ, GDშ-ში ვმუშაობდი. ია ანთაძეც იქ მუშაობდა. ჩვენს გარდა ,,მაუწყებელზე'' არავინ გადმოსულა. 20/30-ის დახურვის შემდეგ, ჟურნალისტების დიდი ნაწილი სხვადასხვა ტელევიზიებმა წაიყვანეს. თუ საჭირო გახდა, პროფესიონალები ,,მაუწყებელში'' სხვა მედიასაშუალებებიდანაც მოვლენ. ყველას ეცოდინება, ვის ავიყვანთ და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნა, გადმობარგდა თუ არა GDS ,,მაუწყებელზე''.
_ მაუწყებელი 9 რეგიონული ოფისის შეძენა-აღჭურვას გეგმავს. არჩევნების წინ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
_ დიახ, ამ იდეას რეგიონული კორესპონდენტების დიდი აღტაცება მოჰყვა, რომლებიც ცუდ პირობებში მუშაობენ. გვწერენ, რომ ,,პეტლიჩკები'', კამერის შტატივები, განათებაც არ აქვთ და ტელეფონების ფანრებს იყენებენ, საეთერო ტანსაცმელს ონლაინკრედიტებით ყიდულობენ... ეს სამწუხარო რეალობაა. ამ ადამიანებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ არხი კბილებით უჭირავთ. ასევე _ ტექნიკურ ჯგუფს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ არხი არ გაჩერდეს. სამწუხაროდ, ერთი გადაცემა უკვე წაიშალა და ეთერშიც ვეღარ გადის.
_ რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავთ?
_ მაგალითად, საბიუჯეტო დაფინანსების პრინციპის შეცვლას. გვინდა, თანხა, რომელიც მიმდინარე წელს ვერ დაიხარჯება, მომდევნო წელს ნაშთად გადაყვეს ისე, როგორც ეს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებშია. კიდევ ერთი ცვლილება სპონსორობის სისტემის შეცვლას უკავშირდება. კომერციულ რეკლამებს კი არა, სპონსორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და მეგა-შოუებს ვგულისხმობ. თამამად უნდა შეგვეძლოს თქმა, რომ პირველ ადგილზე გასულ პირს, ესა თუ ის კომპანია გარკვეულ პრიზს გადასცემს. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, ,,მაუწყებელმა'' ადგილობრივი პროდუქციის შესაძენად ტენდერი უნდა ჩაატაროს, რაც ტელევიზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაცემის ხარისხს აგდებს (ტენდერის დროს პრიორიტეტი დაბალი ფასია). გვინდა, ადგილობრივი, ინტელექტუალური პროდუქცია კონკურსის წესით შევიძინოთ, რომელსაც ფასის გარდა, არჩევის სხვა კრიტერიუმებიც აქვს. საკანონმდებლო ცვლილებები საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა და ორიენტირებულია, რომ მაუწყებელი უფრო მოქნილი გახდეს და 45 მილიონი ლარი, საინტერესო პროდუქციის შექმნაში დაიხარჯოს.
მაია მიშელაძე

back to top