Menu

გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის წარმოქმნილი აბსურდი, რომელსაც ენერგოომბუდსმენი ამართლებს

თუ იმხელა ფართს ფლობთ, რომლის გარკვეული ნაწილის გაქირავებაც შეგიძლიათ და რომელსაც შპს ან კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირი იქირავებს, მაშინ ეცადეთ, სველი წერტილები და აღრიცხვის კვანძები გამიჯნოთ. მაგალითად, სასურველია, წყლის, გაზისა და დენის ორ-ორი მრიცხველი დაამონტაჟოთ, რათა შპს-ს მფლობელმა კომუნალური გადასახადები კომერციული, თქვენ კი, როგორც ფართის გამქირავებელმა ფიზიკურ პირთათვის დადგენილი ტარიფებით გადაიხადოთ. სხვა შემთხვევაში, თქვენ, როგორც შპს-ს მფლობელს, მოგიწევთ, კომერციული ტარიფი მთლიანი ფართის შესაბამისად გადაიხადოთ.
,,ვერსიას'' ერთ-ერთი შპს-ს მფლობელი დაუკავშირდა, რომელსაც საოფისე ფართი თბილისის ისტორიულ უბანში, კერძო სახლში აქვს აღებული. გამქირავებელიც ამავე სახლში ცხოვრობს ანუ მას 100 კვ.მ-დან მხოლოდ 30 კვ.მ აქვს გაქირავებული. სახლში ორი სველი წერტილია, ელექტროენერგია გამიჯნულია და დენის ორი მრიცხველია დამონტაჟებული, თუმცა ცენტრალური გათბობაა და მხოლოდ ერთი საქვაბე, შესაბამისად, ერთი მრიცხველია.
ვინაიდან შპს-ს მფლობელი კომერციული პირია, ვალდებულია, მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური კომერციული ტარიფით გადაიხადოს. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა და არც სტატიას დავწერდით, შპს-ს მფლობელი გაზის საფასურს მხოლოდ მის მიერ იჯარით აღებულ ფართზე ანუ 30 კვ.მ-ზე რომ იხდიდეს და არა _ ზემოხსენებულ 100 კვ.მ-ზე.
,,ყაზტრანსგაზთბილისის'' წარმომადგენელთა განცხადებით, ერთი მრიცხველის პირობებში, გაზის საფასურის გაყოფა შეუძლებელია, ამიტომ შპს-ს მფლობელი ვალდებულია, კომერციული საფასური 100 კვ.მ ფართის შესაბამისად გადაიხადოს, რაც იჯარის გადასახადთან ერთად, სოლიდური თანხაა.
,,ფართი თბილისის ისტორიულ უბანში ვიქირავე და ამიტომ იჯარის გადასახადიც საკმაოდ ძვირია, რასაც ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფიც ემატება, თან იმ ფართზეც, რომელსაც არ ვიყენებ. წინააღმდეგი არ ვარ, რომ კომერციული ტარიფი გადავიხადო, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც იჯარით მაქვს აღებული ანუ რატომ არ შეიძლება, გაზის საფასური ფართის მიხედვით გადავიხადო?'', _ კითხულობს შპს-ს მფლობელი.
ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, ,,ვერსია'' ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს ორ კერძო პირს შორის დავაა, რომელშიც ენერგოოუმბუდსმენი ვერ ჩაერევა:A
_ კომერციულმა პირმა, რასაკვირველია, კომერციული ტარიფი უნდა გადაიხადოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ორ კერძო პირს _ ფართის გამქირავებელსა და შპს-ს მფლობელს შორის არსებული ურთიერთობაა. შპს იქნება თუ კერძო სამართლის მქონე სხვა სუბიექტი, უნდა ეცადოს, უნაკლო ფართი იქირაოს. მოცემულ შემთხვევაში, შპს-ს მფლობელმა ისეთი სახით იქირავა ფართი, როგორიც გამქირავებელმა შესთავაზა. შპს-ს მფლობელს საკუთარი პირობების წაყენება თავიდანვე შეეძლო ანუ უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომ ფართს, რომელსაც იქირავებდა, აღრიცხვის კვანძები, მათ შორის, გათბობის მრიცხველი, ცალკე ექნებოდა, რასაც კომერციული ტარიფით გადაიხდიდა, დანარჩენ ფართზე კი საფასურს გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის დადგენილი ტარიფით დაფარავდა; ამიტომ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში საქმე ორ კერძო პირს შორის წარმოშობილ პრობლემასთან გვაქვს. შესაბამისად, მათ ურთიერთობაში ენერგოომბუდსმენი ან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ვერ ჩაერევა.
_ შპს-ს მფლობელი და ფართის გამქირავებელი ამ ფაქტის წინაშე შარშან დადგნენ, როცა გამქირავებელმა სახლში ცენტრალური გათბობის სისტემა დაამონტაჟა. მანამდე შპს-ს მფლობელი ნაქირავებ 30 კვ.მ-ში გაზის გადასახადს ცალკე იხდიდა, რადგან გაზის გამათბობელი ჰქონდა დამონტაჟებული.
_ მნიშვნელობა არ აქვს, რით გავთბებით, კომერციულმა პირებმა გაზის ხარჯი კომერციული ტარიფით უნდა გადაიხადონ, ფიზიკურმა პირებმა კი _ მათთვის დადგენილი ტარიფით. თუ კონკრეტულ ფართში კერძო სამართლის იურიდიული პირი დარეგისტრირდება, რა თქმა უნდა, გადასახადების გადახდა განსხვავებული, ცოტა მაღალი ანუ იმ ტარიფით მოუწევს, რაც კომერციული ობიექტებისთვისაა დადგენილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტს ვერ ვხედავ და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ჩემი განსახილველი თემა არაა. შპს-ს მფლობელს შეუძლია, გამქირავებელს სათანადო პირობების შექმნა მოსთხოვოს ანუ გაზის აღრიცხვის ორი კვანძი დაამონტაჟებინოს, რათა არ დაზარალდეს და კომერციული ფასი მხოლოდ მის მიერ იჯარით აღებული ფართის შესაბამისად გადაიხადოს.
_ რამდენად შესაძლებელია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს-ს მფლობელმა გზის კომერციული ტარიფი მხოლოდ იმ 30 კვ.მ-ის შესაბამისად გადაიხადოს, დანარჩენი 70 კვ.მ-ზე კი გამქირავებელმა ფიზიკური პირებისთვის დადგენილი ტარიფით ისარგებლოს?
_ ერთი მრიცხველის პირობებში, ასეთი რამ წარმოუდგენელია, რადგან ფართების გამიჯვნა შეუძლებელია.
_ გამოდის, ამ ფართში გაზის ორი მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს?
_ რა თქმა უნდა, რადგან, თუ ერთ ფართში ფიზიკური პირი ცხოვრობს და თან ამავე ფართის ნაწილი გაქირავებულია, უმჯობესია, აღრიცხვის კვანძები გაიყოს. სხვაგვარად, შპს-ს მფლობელიც ზარალდება, რადგან გაზრდილი ტარიფის გადახდა მთლიან ფართზე უწევს. გიმეორებთ, ერთი მრიცხველის პირობებში, ფართების გამიჯვნა და გადასახადების გაყოფა წარმოუდგენელია!
_ ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე რატომ არ ზრუნავს?
_ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო რა შუაშია, არ მესმის!
_ აგიხსნით: შპს-ს მფლობელი გადასახადებს იმ ფართზეც იხდის, რომელსაც არ იყენებს, ამას იჯარის გადასახადიც ემატება ანუ ბევრი ხარჯი აქვს ბიზნესს როგორღა განავითარებს?
_ გასაგებია, მაგრამ შპს-ს მფლობელი სახელმწიფომ აიძულა, მაინცდამაინც ასეთ ფართში შესულიყო? შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო არაფერ შუაშია! შპს-ს მფლობელს პრეტენზია სახელმწიფოს კი არა, ფართის გამქირავებლის მიმართ უნდა ჰქონდეს, რომელმაც ასეთი ხარვეზიანი ფართი მიაქირავა. შეუძლია, ისეთი ფართი იქირაოს, სადაც ჩაზიარებული არავინ ეყოლება.
ცნობისთვის: 2015 წლის 1 მარტიდან, იურიდიული პირებისთვის ანუ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდა. ტარიფის მატების მთავარი მიზეზი ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა იყო. შესაბამისად, 1 კუბურ მეტრ გაზზე კომერციული ტარიფი 15 თეთრით _ 75-დან 90-თეთრამდე გაიზარდა.
სემეკ-მა გაზის იმპორტიორი კომპანიების მოთხოვნა ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა, თუმცა სემეკ-ისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამომხმარებლო ანუ ფიზიკური პირებისთვის დადგენილი ტარიფი არ შეიცვლებოდა.
რაც შეეხება კომერციულ საფასურს, იქიდან გამომდინარე, რომ გაზის კომპანიები იმპორტირებულ ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ, ცხადია, ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებოდათ...
მაია მიშელაძე

back to top