80 წლის მამაკაცი ძილის წამლით გაგუდეს და სასქესო ორგანოში დაჭრეს - როგორ იძია გერმა შური მამინაცვალზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შურისძიება ისეთი რამაა, შეიძლება, შესაფერის დროს მთელი ცხოვრება ელოდო, მთელი შეგნებული ცხოვრება და ბოლოს, როცა მომენტი ჩაგივარდება, შური იძიო. ამიტომ, ნურასდროს გააბრაზებთ ადამიანებს ისე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიზნად შურისძიება ჰქონდეთ. მუდმივი არაფერი და ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ჩინიანსაც და უჩინოსაც...

 

„80-იანი წლების გარიჟრაჟი, თითქოს, საბჭოთა კავშირისთვის იდეალური იყო. რაც მთავარია, ქვეყანაში ძალიან მოიკლო კრიმინალმა და ეს იმიტომ კი არა, რომ კრიმინალების რიცხვი შემცირდა, არამედ, ძალიან გამოცდილი მაძებრები იყვნენ კონკრეტულ ადგილებში და საქმეებს მარტივად ხსნიდნენ. ამასთან, მძიმე დანაშაულებმაც აშკარად იკლო, რადგან ადამიანები სულ უფრო მეტად ენდობოდნენ მილიციას და რაც მთავარია, თითქმის არავის ერიდებოდა და ეთაკილებოდა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. ამიტომ, როცა მკვლელობის შესახებ შემოვიდა განცხადება, კოლეგებმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ. საქმეზე ჩემი გასვლა ბრძანეს, რადგან უცნაური სუნი ასდიოდა, რაზეც მკვლელობის ფორმა მეტყველებდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს, მართლაც, უცნაური სურათი დახვდათ. გარდაცვლილი იყო 80 წელს მიღწეული კაცი, რომელსაც დანა სასქესო ორგანოს მიდამოებში ჰქონდა ჩარტყმული, დანაზე კი წითელი თუმნიანი იყო წამოცმული (ვისაც არ ახსოვს, კომუნისტების დროს, 10-მანეთიანი მოწითალო ფერის გახლდათ და ზედ, როგორც ყველა სხვა კუპიურას, ლენინის თავი ეხატა). რა თქმა უნდა, მკვლელმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა და რისთვისაც აკეთებდა, ძალოვნებს კი თავი უნდა ემტვრიათ.

გასაკვირი კიდევ ის იყო, რატომ არ გაუწია გარდაცვლილმა წინააღმდეგობა მკვლელს, რადგან ასაკის მიუხედავად, ლოგინზე, სადაც იწვა, ბრძოლის კვალი არ შეინიშნებოდა. ამის პასუხი ექსპერტიზამ გასცა - მამაკაცს ცხენის დოზა დასაძინებელი ჰქონდა მიღებული და ეს წამალი მაყვლის კომპოტთან ერთად მიიღო, სავარაუდოდ, უგონოდ დაეძინა და სწორედ მერე დაარტყეს დანა. ექსპერტებმა ისიც თქვეს, გარდაცვალების მიზეზი სწორედ დასაძინებელი წამლის დიდი დოზაა, დანა რომც არ დაერტყათ, მაინც მოკვდებოდაო, თუმცა ჭრილობის გამოც, საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა.

რაღა თქმა უნდა, გამომძიებლებმა გარდაცვლილის ვინაობა მეზობლებისგან მალევე შეიტყვეს და მისი ისტორიის შესწავლა დაიწყეს. მამაკაცი ჩვეულებრივი პენსიონერი იყო, თავს ძლივს ირჩენდა, პატრონი არ ჰყავდა და მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ, მეუღლე გარდაეცვალა, ჰიგიენის სერიოზული პრობლემებიც გაუჩნდა, გაურეცხავი ტანსაცმლით დადიოდა, ჭუჭყის სუნი ასდიოდა და მეზობლებიც მასთან სტუმრად, პრაქტიკულად, არასდროს მიდიოდნენ. გვამი კი მალევე, მხოლოდ იმ მიზეზით იპოვეს, რომ საღამოს, მეზობელს შესასვლელი კარი დახვდა შეღებული და როცა დაძახილზე არავინ გამოხედა, ბინაში შევიდა და ის სურათი დახვდა, რომელიც სამართალდამცავებმაც ნახეს.

ძველმა მეზობლებმა ისიც თქვეს, რომ ამ ბინაში ქალი ცხოვრობდა, რომელიც გოგონას ზრდიდა, შემდეგ ქმარი გარდაეცვალა და მეორედ, სწორედ ამ კაცზე გათხოვდა, სხვა შვილი არ ჰყოლიათო. ისიც გაირკვა, რომ როცა გოგონა გაიზარდა, ტექნიკუმში ჩააბარა, მალევე გათხოვდა და მას შემდეგ, დედასა და მამინაცვალს იშვიათად აკითხავდა. დედის გასვენებაში იყო ჩამოსული, ოღონდ მხოლოდ გასვენებაში, მოიმიზეზა, გვიან შემატყობინეს, ჩამოსვლა ვერ მოვახერხეო. ჰოდა, იმ ქალს კარგად არავინ იცნობდა, მხოლოდ ერთ მეზობელს ჰქონდა ტელეფონის ნომერი და ურეკავდა ხოლმე, თუ რამე ხდებოდა სამეზობლოში. სწორედ ამ ქალს სთხოვეს სამართალდამცავებმა მისი კოორდინატები და მანაც უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები, მე კი მოგცემთ, მაგრამ ღვიძლ დედაზე არ შეიწუხა თავი, მამინაცვალზე ხომ საერთოდ, არაფერს იზამს, შესაძლოა, ბინის გამო გამოჩნდესო.

გამომძიებლები ჩაეკითხნენ და გაარკვიეს, რომ დედის გარდაცვალებიდან ორ საათში, შვილმა ყველაფერი ეს იცოდა და რაში დასჭირდა იმის თქმა, რომ მხოლოდ გასვენების დღეს გაიგო ყველაფერი, მეზობლის ქალი ვერ ხვდებოდა. ეს უკვე საინტერესო იყო და ძალოვნები მოკლული კაცის გერს შინ ეწვივნენ.

„მამის როლი არასდროს გაუწევია, უფრო დედის ქმარი იყო, ვიდრე მამაჩემი. ამიტომ, მისი გარდაცვალებით არც ნაწყენი ვარ, არც - გახარებული, სულ ერთი იყო ყოველთვის და ახლაც სულ ერთია. ვინც ფიქრობს, რომ ბინას დავხარბდები, ძალიან ცდება, შეუძლიათ, ის ბინა სახელმწიფოს მისცენ, ან რომელიმე მეზობელმა წაიღოს, არ მაინტერესებს, არც გასვენებაში მოვალ“, - განაცხადა ქალმა და გაიოცა, როცა უთხრეს, მეზობლის ქალმა დედის გარდაცვალება მალევე გაგაგებინა და მხოლოდ გასვენებაში რატომ მიხვედიო?!

როგორც მოკლულის გერმა ახსნა, მეზობელს, ალბათ, რაღაც აერია, რადგან გასვენების დღეს, დილით დაურეკა და დედის დასაფლავებას ძლივს მიუსწრო.

ექსპერტებმა სახლში უცხო ადამიანის თითის ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს, იყო რამდენიმე ადგილი, რომელიც საგულდაგულოდ გახლდათ გაწმენდილი ანუ მკვლელმა ყველაფერი საგულდაგულოდ გაასუფთავა. ისე გამოდიოდა, რომ მოტივი არავის ჰქონდა, გარდაცვლილის გერს ქმარ-შვილი ჰყავდა, თავზე არ გადასდიოდა, მაგრამ თავად ამბობდა, ბინის ინტერესი არ მაქვს, თუნდაც სახელმწიფომ წაიღოსო. მამინაცვალი და დედა გულზე რომ არ ეხატებოდა, ცხადი იყო, მაგრამ რამდენ შვილსაც მშობელი არ მოსწონს, იმდენმა თუ ხოცვა-ჟლეტვა დაიწყო, შორს ვერ წავალთ.

გვარიანი ძიების შემდეგ, მოკლულს და და დისშვილიც აღმოაჩნდა, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ. როცა გააგებინეს, თქვენი ნათესავი მოკვდაო, ისინი გაოცდნენ, წლებია, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ვთვლიდით, არც კი ვიცოდით, ცოცხალი თუ იყო, ყიამყრალი კაცი გახლდათ, ვიღაც ბავშვიან ქალს იყო გადაკიდებული, მერე გაქრა, ერთხელ დარეკა, მოგვიკითხა და ეგ იყო, მერე არც ჩვენ მოგვიძებნიაო. ეს ძაფიც გაწყდა ანუ რამე ინტერესი არც დას და არც დისშვილს გააჩნდათ და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, ექსპერტიზამ გამოძიებას მორიგი ვერსია შესთავაზა. ხანგრძლივი ანალიზის შემდეგ, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მაყვლის კომპოტში მცირე ოდენობით ალუჩის წვენიც იყო. ასეთი ფორმით კომპოტს იშვიათად აკეთებდნენ და აკეთებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ წვენს პიკანტური გემო და საინტერესო სიმჟავე ჰქონოდა. რაოდენ პარადოქსულიც უნდა ყოფილიყო, თუ გამომძიებლები იპოვიდნენ მას, ვისაც შინ მაყვლისა და ალუჩის კომპოტის ნარევი ჰქონდა, მკვლელობასაც გახსნიდნენ. ამიტომ, ისევ გარდაცვლილის სამეზობლოს მიადგნენ. მაშინ კომპოტები და მურაბები, პრაქტიკულად, ყველა დიასახლისს ჰქონდა ზამთრისთვის გადანახული, მაგრამ ასეთი შემადგენლობით ვერავინ იხსენებდა. მეტიც, თემა იმდენად გახმაურდა, რომ მაძებრებმა დრო არ დაკარგეს და ერთი-მეორის მიყოლებით, ორდერის გარეშე, ყველა სარდაფი გაჩხრიკეს. ძებნა მარტივი იყო - მაყვლის მუქ შეფერილობას ბევრი ძებნა არ სჭირდებოდა და ალუჩაც თუ იყო შიგნით, ადვილად გამოჩნდებოდა. ასეთს ვერაფერს მიაგნეს, სამაგიეროდ, არაერთმა თადარიგიანმა დიასახლისმა... კომპოტის ახალი რეცეპტი და კომბინაცია საგულდაგულოდ მოინიშნა.

„ასეთ მკვლელობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოტივი, ჩვენ კი მინიშნებაც არ გვქონდა მოტივზე და ეს გვაგიჟებდა. ამიტომ, სხვა გზა არ იყო, ისევ ნათესავების დამუშავებას შევუდექით და თუ ერთი ჯგუფი დის და მისი შვილის გარემოცვას სწავლობდა, მეორე ჯგუფი გერის ცხოვრების ძირეული შესწავლით დაკავდა. სწორედ ძირეულმა შესწავლამ მიგვიყვანა შედეგამდე“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გერის სამეგობროდან მასზე ცუდი არავის არაფერი უთქვამს. ერთ-ერთმა დაქალმა, ჯვარედინი დაკითხვებით გული რომ შეუწუხეს, გაბრაზებით თქვა, ბოღმიანი და ბოროტი კი არა, ისეთი კეთილია, ლამის, მთელ სადაქალოს გვეხმარება ზამთრის კონსერვების გაკეთებაში, თან იმდენად უცნაურ კომბინაციებს აკეთებს, ყველას გვიკვირს და მაგალითად, დარწმუნებული ვარ, თუთის მურაბა ლიმნის ქერქებით გასინჯული კი არა, გაგებულიც არ გექნებათო. გამომძიებელმა მურაბის შემადგენლობა შეიცხადა, მერე თავად ჩამოთვალა, რა ჰქონდა გაგებული და ალუჩა-მაყვლის კომბინაციაც ახსენა, რაზეც დაქალმა ტაში შემოჰკრა, ჩემი მეგობარიც აკეთებსო. სამართალდამცავები ქალს ჩხრეკის ორდერით დაადგნენ და რამდენიმე ქილა სწორედ ის კომპოტი უპოვეს, რომელიც კაცის დასაძინებლად გამოიყენეს. შემდეგ მისი ალიბი ახლიდან და საფუძვლიანად გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ მეგობრები, უბრალოდ, ხელს აფარებდნენ. ალიბის არქონა უკვე ბრალის აღიარების ტოლფასი იყო.

„დედაჩემი მეორედ რომ გათხოვდა, 12 წლის ვიყავი. 15 წლის გახლდით, როცა მთვრალმა მამინაცვალმა ჩემზე პირველად გამოიწია. დედას ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. მერე და მერე, ვცდილობდი მასთან მარტო არ დავრჩენილიყავი, მაგრამ სად უნდა გავქცეულიყავი, დედა მუდმივად სახლში არ იყო. ასე გამაუპატიურა ერთხელ, მეორედ... მერე, დედა რომ დაიძინებდა, ჩემთან შემოდიოდა ოთახში და ძალადობდა. გვიან მივხვდი, დასაძინებელ წამალს მაძლევდა. როგორც კი სკოლა დავამთავრე, სახლიდან კი არ წავედი, გავიქეცი. გავთხოვდი და მომავალ ქმარს ყველაფერი გულახდილად ვუთხარი. ხმა არ ამოუღია. დედის გასვენებაც ამიტომ არ მაინტერესებდა, ცოცხალი იყო, თუ მკვდარი, არც ის მაინტერესებდა, თუმცა მაინც მივედი, ჭორაობას მოვერიდე. მამინაცვალიც ვნახე, მომატირა, ახლა შენ უნდა მიპატრონოო. რა თქმა უნდა, მისკენ არც გამიხედავს, მაგრამ... რამდენიმე დღის წინ, ქმარი მთვრალი მოვიდა სახლში, მე ცუდად ვიყავი, იმან გამოიწია და ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში პირველად, ძალა იხმარა. ყველაფერი თვალწინ დამიდგა, ორი დღე გული მერეოდა, ქმარიც კი შემძულდა და მივხვდი, ის კაცი უნდა მომეკლა. კომპოტში დასაძინებელი გავურიე, ახლიდან დავხუფე და შებინდებულზე დავადექი. მოგივლი-მეთქი, ოღონდ ბინა უნდა დამიტოვო-თქო. გაუხარდა, ეგონა, მართლა ბინისთვის მივედი. კომპოტს ხარბად სვამდა, მალევე დაეძინა. მერე გავაკეთე ის, რაც გავაკეთე და მომეშვა. რაც დათესა, სწორედ ის ნაყოფი მიიღო. რაც შეეხება ათმანეთიანს... რომ გამაუპატიურებდა, მაძლევდა ხოლმე, შენთვის რამე იყიდეო. ჰოდა, ისიც დავუბრუნე“, - დაასრულა ქალმა მოყოლა.

სასამართლოზე მკვლელმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, მართლა აუპატიურებდა თუ არა ბავშვობაში მამინაცვალი, ამიტომ ეს შემამსუბუქებელ გარემოებად არ ჩაუთვალეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ბათო ჯაფარიძე