„კახპები ხართო“ - რის გამო გამართეს ცემა-ტყეპა ოპოზიციონერებმა პირდაპირ ეთერში - პაატა მანჯგლაძისა და გიორგი გუგავას განმარტებები ჩხუბის შემდეგ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

(ო)პოზიცია

 

ავტორი: თათია გოჩაძე

 5 ივნისს, "ტვ პირველის" ეთერში, ლეიბორისტული პარტიისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გუგავამ პაატა მანჯგალაძეს „მოსყიდული“ უწოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩხუბი ეთერს გარეთაც გაგრძელდა. რის გამო დაუპირისპირდნენ ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს? - „ვერსია“ გიორგი გუგავას და პაატა მანჯგალაძეს ესაუბრა...

 გიორგი გუგავა: - პოლიტიკურ  პოლემიკაში თავშეკავებაა საჭირო და ყოველგვარი ძალადობა უნდა გამოირიცხოს. ამ ძალადობის ინიციატორი არ ვიყავი და არც დამიწყია, მაგრამ მაინც ბოდიშს ვუხდი მაყურებელს. საუბარი იმაზე იყო, რომ ივანიშვილის „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში, რაშიც ხელი შეუწყო პარლამენტში ე.წ.  ოპოზიციამ, მათ შორის, ვაშაძის ჯგუფმა. ამაზე გვქონდა დავა და ვუთხარი, ეს გამოგივიდათ ბიძინასთვის სასიკეთო საქმე და არა - პენსიონერებისთვის-მეთქი. უცებ დავინახე, გავეშებული ადამიანი მოდიოდა საცემად.

- მას მოსყიდული უწოდეთ?

-  არა, სიტყვა-სიტყვით გითხარით, რაც ვუთხარი.

-  რას ფიქრობთ, მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ უიმედობაში არ ჩააგდებს მსგავსი სცენების ნახვა, როცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ნაცვლად გაერთიანებისა, ერთმანეთთან ხელჩართულ ბრძოლას იწყებთ?

- არ იმსახურებს ხალხი ასეთი კადრების ნახვას. კონფლიქტის ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება, პოლემიკაში ვიყო საკმაოდ მკაცრი, მაგრამ არასდროს ვიყენებ უცენზურო სიტყვებს და ძალადობას არ მივმართავ. ეს პროვოკაცია იყო თუ თავი ვერ შეიკავა, ამაზე, ალბათ, გააკეთებს განმარტებას. ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსი ასეთი ფორმით არ უნდა იქცეოდეს. როცა თავს დამესხა, ინსტიქტურად თავს ვიცავდი, თუმცა ვიმეორებ, რომ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა და ამის გამო ბოდიშს ვიხდი.

- არა მხოლოდ ამ საკითხზე, თქვენ მწვავედ აკრიტიკებდით ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გამოც და ბოლომდე ბოიკოტის მომხრედ დარჩით...  

- დღეს დიდი იმედგაცრუებაა საზოგადოებაში, რაც გამოიწვია იმ არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა, რაც ოპოზიციამ გადადგა. ხალხი გაჰყვა ოპოზიციას ბრძოლაში, დაიწყეს ფიცი-მტკიცი, არ შევალთ პარლამენტში, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდებაო, თუმცა, სამწუხაროდ, ვნახეთ, როგორ ჩამწკრივდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შევიდნენ პარლამენტში და უარყვეს საკუთარი სიტყვა. ამან გამოიწვია ნიჰილიზმი და სახელისუფლებო რეჟიმის გაძლიერება. ეს რატომ გააკეთეს, სიბრიყვით თუ ანგარებით - ალბათ, სხვადასხვა მოტივი არსებობდა. ჩვენ კი დავისაჯეთ იმისთვის, რომ სიტყვის ერთგული დავრჩით. გაგვიუქმეს დაფინანსება, კომისიის წევრის დანიშვნის, უფასო რეკლამის განთავსების უფლება, შალვა ნათელაშვილი გარიცხეს პარლამენტიდან და დღემდე მიმდინარეობს ჩვენი დევნა.  ის პირიც, რომელიც გუშინ ასე გავეშებული იყო, პირველად ვნახე ეს ბუნჩულა კაცი, ჩვენ წინააღმდეგ ხმა მისცეს პარლამენტში! როცა კომისიის წევრების უფლება ჩამოართვეს ჩვენს პარტიას, ამას მხარი დაუჭირეს. არადა, ახალი გამოსული იყვნენ „ფანჩატურიდან“, სადაც ლამის სამარადისო ძმობისა და მეგობრობის ფიცი გვქონდა დადებული.

პაატა მანჯგალაძე: - აგიხსნით, სინამდვილეში რა მოხდა - ამ ეთერს წინაპირობაც ჰქონდა. რამდენიმე ეთერში ხან ივანიშვილის ვირთხებს გვეძახდა და ხან მოსყიდულებს. შემდეგ გვითხრა, ეს უანგაროდ არ გაგიკეთებიათ და ეტყობა, ინტერესი გაქვთ ივანიშვილთანო ანუ თითქოს, პენსიონერების საკითხზე ივანიშვილს გავურიგდით. ვკითხე, მე ვარ მოსყიდული-მეთქი? - არა, კახპები ხართო, მითხრა და მიიღო პასუხიც. ამით კი არ ვამაყობ და ღირსებას კი არ მმატებს... ნამდვილად არ მინდოდა და ბოლომდე ვითმენდი, რომ საზოგადოებას არ ენახა ის, რაც წუხელ ნახეს, მაგრამ ხომ არის საზღვრები, რომლის იქითაც ადამიანმა უკადრებელი არ უნდა იკადრო?! პოლიტიკური დებატები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აკადრო ყველაფერი!

- ბატონო პაატა, „ლიბერთი ბანკის“ საკითხზეც ვისაუბროთ, რასაც თქვენს შორის დაპირისპირება მოჰყვა...

_ ძალიან მარტივი საკითხია „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით. ადამიანები იღებდნენ სესხს თავიდან 50%-ში, შემდეგ გახდა 36%. ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ 2019 წელს და ამისთვის 100 000 ლარით დაგვაჯარიმეს. ხელმოწერებს ვაგროვებდით მოთხოვნით, რომ შემცირებულიყო სესხის პროცენტი. ვამბობდით, რომ არ შეიძლება, მონოპოლია ჰქონდეს ერთ ბანკს და როგორც კი პარლმანეტში შევედით, 2021 წელს შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომ პენსიონერს თავად ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს, რომელი ბანკის სერვისით ისარგებლებს. როგორ ჩვენ შეგვიძლია, ხელფასი ნებისმიერ ბანკში ავიღოთ, ასევე ჰქონდეთ პენსიონერებს არჩევანის საშუალება, ეს გამოიწვევს ბაზარზე კონკურენციას და აღარ იქნება მონოპოლიური ფასი.  გადაიდო ამ საკანონმებლო წინადადების მიღება, თუმცა ხელისუფლება ვერ უძლებდა ამ კრიტიკას და „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, ეს მართლაც დიდი პროცენტიაო, ნაწილობრივ გაიზიარეს ჩვენი შეხედულება. დღეს უკვე 26-მდე დაიწია სასესხო პროცენტმა. რეფინანსირების განაკვეთი თუ შემცირდება, კიდევ დაბლა ჩამოვა ეს მაჩვენებელი. ეს ის არაა, რისთვისაც ვიბრძოდით, მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ადამიანები 36-38% იხდიდნენ. ამის გამო ადამიანთან მიხვიდე და უთხრა, შენ ეს იმიტომ გააკეთე, რომ ივანიშვილთან ხარ გარიგებულიო, ჩემთვის დიდი შეურაცხყოფაა.

რაში გამოიხატება ეს „გარიგება“, 50 000 ხელმოწერა რომ შევაგროვეთ და 3 წელია, ამ თემის ადვოკატირებას ვახდენთ?!

 რაც შეეხება იმ 105 მილიონის საკითხს, სესხის ბინაზე მომსახურება სჭირდება, დაახლოებით, 50 000 ადამიანს, მათ შორის შშმ პირებს, მოხუცებს და ა.შ. ეს მომსახურების ხარჯები აქამდე შედიოდა სესხის პროცენტში. ახლა კი სახელმწიფომ სესხის დარიგების ხარჯები აიღო საკუთარ თავზე და შესაბამისად, ხალხის სესხის პროცენტი შემცირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოცხადდა ღია კონკურსი, ტენდერში სამი ბანკი მონაწილეობდა, მაგრამ ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, მაინც უპირატესობა მიენიჭა „ლიბერთი ბანკს“. ამ საკითხით კმაყოფილი არ ვართ და კანონპროექტი გვაქვს შეტანილი პარლამენტში, რაზეც უკვე ვისაუბრე... დადებითი დასკვნა კომიტეტმა არ მისცა, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ამ პროცესს... საერთოდ მონოპოლიის გაუქმებას გულისხმობს ჩვენი ინიციატივა და რა აბსურდია, რომ მოსყიდული დამიძახო! გუგავა რეკლამის დროსაც გავაფრთხილე, მოსყიდულს ნუ მიწოდებთ, გინებაზე უარესია ჩემთვის-მეთქი და უარესები იკადრა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს, მეტი თმენა უნდა მქონოდა, მაგრამ როცა ზღვარს გადადიან, უბრალოდ, ვერ იმორჩილებ საკუთარ თავს.