როგორ მოვიპაროთ მილიონი ბანკიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმარი #0578

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, რამდენიმე თვის წინ მოხდა. მართალია, ძირითადი სცენარი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში განვითარდა, მაგრამ დამნაშავეების დაკავების ოპერაციაში ქართული მხარეც იყო ჩართული - უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სწორედ საქართველოში დაიჭირეს და მეზობელ ქვეყანას გადასცეს. დანაშაული კი, თავის მხრივ, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი საუცხოო ნიმუშია ანუ აქ კარგად ჩანს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე მოატყუოთ ნებისმიერი (ვიმეორებთ, ნებისმიერი) ადამიანი, რომ ამას კარგა ხანს, თავადაც ვერ მიხვდეს.

 

ერთი თვის მიყოლებით, ორასამდე ადამიანის საბანკო ანგარიშიდან თანხა დაიკარგა. ჰო, თანხა უბრალოდ გაქრა და მეპატრონეები ვერ ხსნიდნენ, როგორ ჰპარავდნენ მათ ფულს მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი დაცული ჰქონდათ და პირადი მონაცემები არავის გაანდეს. საქმე ერთ კონკრეტულ ბანკს ეხებოდა ანუ ყველა დაზარალებული იმ ბანკის კლიენტი იყო და რაც მთავარია, მათი თანხები ბანკომატებიდან საბანკო ბარათებით გაჰქონდათ. როგორ შეიძლება, რომ ბარათის მფლობელს საკუთარი ბარათი საფულეში ჰქონდეს, შინ მშვიდად ეძინოს, ამ დროს კი ვიღაც, სხვა ბარათით, ბანკომატიდან მის თანხას ხსნიდეს და თან... სწორ პინ-კოდს უთითებდეს. ყველა შემთხვევაში, პინ-კოდი შეუცდომლად იქნა აკრეფილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავეებმა ზუსტად იცოდნენ ბარათის მფლობელის ვინაობა და პინი. მოგეხსენებათ, ყველა ბანკომატი აღჭურვილია ვიდეოთვალით, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, ეს ბევრს არაფერს გვაძლევს - ნიღაბი, თავზე ქუდი და დამთავრდა.

რეალურად, ერთადერთი გზა, რომ დამნაშავეებს შეუცდომლად სცოდნოდათ პინ-კოდები, ბანკიდან გამოტანილი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო. არადა, ბანკშიც ამ ინფორმაციაზე წვდომა ერთეულებს აქვთ და მათაც გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ ანუ კომპიუტერში უნდა გამოჩნდეს, რომ ვიღაც, ვიღაცის პინ-კოდს ეძებს. ასეთი კი ვერცერთ ფილიალში ვერ აღმოაჩინეს ანუ რომელიმე თანამშრომელზე ეჭვის მიტანა ვერ მოხერხდა. რა გამოდიოდა? ადამიანები თავად გასცემდნენ პინ-კოდებს? ეს გამორიცხული იყო. ერთი პერიოდი ისიც კი გადაწყვიტეს, აღნიშნული ბანკის ბანკომატებს ერთი დღის განმავლობაში, დაახლოებით, 1000 დოლარის ექვივალენტის ვალუტა გაეცა და მეტი არა, რათა გამტანები ეკონტროლებინათ, თუმცა ბანკმა ამაზე საბოლოოდ უარი თქვა - კლიენტები გაგვიგიჟდებიანო. ვერავინ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა მოპარულიყო არა მხოლოდ ინფორმაცია საბანკო ბარათებზე, არამედ, პინ-კოდიც, რომელსაც ადამიანები თავად ცვლიან...

ერთ დღეს, აღნიშნული ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სამსახურში მისვლისთანავე, ბანკის გენერალურ დირექტორთან ითხოვა შესვლა და განაცხადა, რომ ნახა ისეთი რამ, რაც მისთვის უნდა მოეხსენებინა. საგულისხმოა, რომ ბანკის თანამშრომელთა ქვედა რგოლმა აღნიშნული გამოძიების შესახებ, პრაქტიკულად, არაფერი იცოდა. კი, მათ იცოდნენ, რომ არსებობდა გაძარცვულ კლიენტთა არმია, მაგრამ თუ ამით სახელმწიფოს უშიშროების სამსახურიც იყო დაინტერესებული, ნამდვილად არ იცოდნენ. ამიტომ, ერთი შეხედვით, რიგითი თანამშრომლის თხოვნამ მაშინვე მმართველი მენეჯმენტის ყურადღება მიიპყრო და დირექტორმაც კაბინეტში მიიწვია.

„ასე არ შეიძლება. ჩემს სახლთან იდგა ჩვენი ბანკის ბანკომატი, დღეს კი მოვიდნენ, ჩვეულებრივ „მარშუტკაში“ შეაგდეს და წაიღეს. ბანკომატი ასე დაზიანდება, მის დამონტაჟებას კი რამდენიმე თვე ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა და ახლო-მახლო, ახლა, სხვა ბანკომატი აღარ დგას“, - განაცხადა თანამშრომელმა.

ბანკის მმართველმა ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ მისამართი ჰკითხა, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს დაუძახა, ბანკომატები „მარშუტკებით“ რატომ გადაგაქვთ და საერთოდ, რას ნიშნავს, ბანკომატის აღება და წაღებაო. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ იმ ადგილზე, ბანკს ბანკომატი ოფიციალურად არასდროს ჰქონია.

„რაა? იტყუებით. სამი დღის წინ დაამონტაჟეს, ჩვენი ბანკის ბანკომატებს ვცნობ, ლოგოც ჩვენი ჰქონდა, ორჯერ ფულიც გავანაღდე, ვის ატყუებთ?!“- გაცოფდა თანამშრომელი, მაგრამ ბანკში ზუსტად იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე ბანკომატი არასდროს ჰქონიათ. რაც მთავარია, ბანკომატები დაცვის სპეციალურ მანქანებს მიჰქონდათ და დაზიანების შემთხვევაში, ადგილზე აბრუნებდნენ, არავითარ „მარშუტკებს“ ამისთვის არ იყენებდნენ. სწორედ მაშინ გაჩნდა ვერსია, რომ არსებობდა ჯგუფი, რომელიც აღნიშნული ბანკის ლოგოთი აღჭურვილ აპარატს იმ ადგილებში დგამდა, სადაც კამერები ვერ აფიქსირებდნენ. ბანკომატს ყურადღებას არავინ აქცევდა, როგორც გაირკვა, დაახლოებით, ას ლარამდე თანხასაც ანაღდებდა, უფრო დიდ თანხაზე კი წერდა, რომ ბანკომატში შესაბამისი თანხა არ იყო, რაც ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. სავარაუდოდ, ბანკომატში ბარათის შეცურების შემდეგ, ინახებოდა მონაცემები და აკრეფილი პინ-კოდიც დამახსოვრებული იყო. ახლა, მილიონიან ქალაქში, იმ ერთი ბანკომატის ძებნა უნდა დაწყებულიყო,  რომელსაც არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ ჰქონდა. რაც მთავარია, ბანკომატს უნდა ჰყოლოდა მეთვალყურე, ვინც ყურადღებას მიაქცევდა იმას, რომ აპარატს ინტერნეტთან წვდომა ჰქონოდა. უკვე  გარკვეული იყო, რომ დენს მეზობელი ობიექტიდან იღებდნენ, ამბობდნენ, რომ ბანკომატს დგამდნენ და 2-3 დღეში, ობიექტს ხელშეკრულებასაც გაუფორმებდნენ, შემდეგ კი ქრებოდნენ. სხვა საქმე იყო ინტერნეტი. ვიღაც ახლოს უნდა მდგარიყო და ბანკომატისთვის ინტერნეტი მიეწოდებინა უწყვეტ რეჟიმში ანუ უნდა ჰქონოდა მობილური, ლეპტოპი, რათა ბანკომატისთვის ინტერნეტი გაეზიარებინა. რა თქმა უნდა, ბანკომატს შიგნით სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობა ექნებოდა, როგორც ინტერნეტის მისაღებად, ისე ბარათების დასამახსოვრებლად და პინ-კოდების დასაკოპირებლად. მოკლედ, სამუშაო ძალიან ბევრი იყო.

სამართალდამცავები მთელ ქალაქს მოედვნენ. მათ ჰქონდათ სია, სად იდგა რეალური ბანკომატები, მაგრამ საეჭვოს ვერსად გადაეყარნენ. ისინი ისეთ ადგილებში პატრულირებდნენ, სადაც სათვალთვალო კამერები ვერ აღწევდა და ლამის სამკვირიანი რეიდების შემდეგ, ერთ-ერთი თანამშრომელი შემთხვევით წააწყდა ბანკომატს, რომელიც რუკაზე არ იყო მონიშნული. ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ ბანკის თანამშრომლები. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სამართალდამცავები შორი-ახლოს გაჩერდნენ, რათა დამნაშავეები არ დაეფრთხოთ.

ბანკის თანამშრომლებმა პირი დააღეს, რადგან ბანკომატთან ახლოს ვერც მანქანა და ვერც  საეჭვო პირი ვერ შენიშნეს, ვინც ინტერნეტით ბანკომატს ამარაგებდა. თუმცა ძალოვნები მალე მიხვდნენ, ვინ იყო ინტერნეტის წყარო - ბანკომატის გვერდით, სამ მეტრში, ასე, 50 წლამდე კაცი მათხოვრობდა, წინ ქუდი ედო, თავად უდარდელად წამოწოლილიყო თბილ პლედზე და თვლემდა. ბანკის თანამშრომელი ბანკომატთან მივიდა, საკუთარი ბარათი შეაცურა და თანხა აკრიფა, თუმცა დიდი თანხა ბანკომატმა არ გასცა, ას დოლარამდე კუპიურები კი უპრობლემოდ გამოუყარა. ეს სწორედ ის იყო, რასაც სამართალდამცავები ეძებდნენ. დაიწყო თვალთვალი, ოღონდ ისე, რომ მათხოვარს პოლიციის თანამშრომლები არ უნდა შეენიშნა. ასე გაგრძელდა ორი დღე, მწოლიარე მათხოვარი საღამოს ახალგაზრდა გოგონამ ჩაანაცვლა და „მათხოვრობა“ გააგრძელა, თანაც მთელი ღამით, დილით ახალგაზრდა ბიჭმა გაშალა „დახლი“, საღამოს კვლავ ასაკოვანმა კაცმა და მეორე დღეს, ნაცნობი „მარშუტკაც“ გამოჩნდა, რათა ბანკომატი წაეღო. სამართალდამცავებმა „მათხოვრებიცა“ და მძღოლებიც დააკავეს.

მათი დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და თითოეული დღის სანაცვლოდ, 300 დოლარს იღებდნენ. მათ ზუსტად არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ, არც ბევრ კითხვას სვამდნენ, ბანკომატი მიჰქონდათ, მოჰქონდათ და ყარაულობდნენ. რაც შეეხება ამ საქმის სულისჩამდგმელებს, ძალოვნებს ისინი ხელიდან გაუსხლტათ, რადგან იმ დროს... საქართველოში, ნათესავის ქორწილში იყვნენ. თავისი საქმის ჩავარდნის შესახებ მათ სწორედ ქართველი სამართალდამცავებისგან გაიგეს, რომლებმაც ისინი პირდაპირ ქორწილში აიყვანეს და სამ დღეში, მეზობელ სახელმწიფოს გადასცეს.

როგორც გაირკვა, ანალოგიური ძარცვის ხერხი მათ ამერიკაში ნახეს, უფრო ზუსტად, ნახეს სახლი, სადაც ადამიანს ბანკომატი სახლში ედგა და ფულს საკუთარი ბანკომატიდან ხსნიდა ანუ ერთობოდა, მერე ამ ფულს სახლშივე დამონტაჟებულ აპარატში ათავსებდა, იგებდა ან აგებდა, მერე ისევ ბანკომატში ატრიალებდა და ასე შემდეგ. სწორედ იქ მიხვდნენ, რომ ანალოგიური სქემის აწყობა მათ სამშობლოში შეეძლოთ და თანაც ისე, რომ ბარათის მონაცემები სრულად დაემახსოვრებინათ, შესაბამისი ბარათიც დაემზადებინათ და უკვე ნამდვილი ბანკომატები მოეტყუებინათ. მათ საერთო ჯამში, მილიონზე მეტი ჰქონდათ უკვე მითვისებული და რომ არა შემთხვევა, კარგა ხანს დაუსჯელები დარჩებოდნენ. უფრო მარტივად კი, მათ უბრალოდ მიღებული მილიონი რომ შეერგოთ, სამართალდამცავები ვერასოდეს იპოვიდნენ. რაც შეეხება ბანკომატს, მათ ის საკუთარი ხელით ააწყვეს, ნაწილები სხვადასხვა ქვეყნიდან გამოიწერეს და შექმნეს მანქანა, რომელიც მათ მუქთა ფულს უწერდა.