„რამდენჯერ უნდა მოგკლა, რამდენჯერ?!“ - ვინ არის როკერი, რომელიც მკვლელს ცოლის საყვარელში აერია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ხშირად გაიგონებთ, ყველა ადამიანს საკუთარი ბედისწერა აქვს, რომელსაც ვერსად გაექცევაო და ეგებ, მართალიცაა. არავინ იცის, ვის რა გვიწერია, მაგრამ ხშირად ადამიანები თავად ქმნიან საკუთარ მომავალს, თუმცა არის შემთხვევები, როცა არაფრის შეცვლა შეგიძლია. არადა, თითქოს ყველაფერი რიგზეა, თითქოს საფრთხე არსაიდან გემუქრება და უცებ...

საქართველოს ერთ-ერთ პატარა რაიონში მოკლეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა. რაც მთავარია, მასზე ცუდს არავინ ამბობდა და იმის მიუხედავად, რომ მაშინ წვერის ტარება მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლებოდა, ეს ახალგაზრდა წვერს რწმენის გამო ატარებდა. სხვათა შორის, მაშინ წვერი რომ გეტარებინა, ან ხელოვანი უნდა ყოფილიყავი, ან კრიმინალი, ან რომელიმე მუსიკალური ჯგუფის მიმდევარი, სხვაგვარად წვერს ძალიან, ძალიან იშვიათად უშვებდნენ.

მოკლულს საცოლეც ჰყავდა, ასევე მორწმუნე გოგონა, რომელიც საქმროს სიკვდილის გაგების შემდეგ, ძაძებით შეიმოსა და ბუტბუტით ლოცვებს კითხულობდა.

რატომ? რისთვის? - კითხვა, რომელიც არა მხოლოდ სამართალდამცავებს აწუხებდათ, რეალურად, პასუხგაუცემელი იყო. ვერავინ იხსენებდა თუნდაც ერთ შემთხვევას, რომ გარდაცვლილს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. არადა, მკვლელობა ძალიან ჩუმად და ბანალურად მოხდა. კაცს კარზე დაუკაკუნეს (სხვათა შორის, კაკუნი მეზობელმაც გაიგო), დაახლოებით, 30 წამში კი კარი დაიხურა. მკვლელმა მამაკაცს თავში რაღაც ჩაარტყა, შემდეგ კი გულში დანა გაუყარა. ყველაფერ ამას, 30 წამი ეყო და მეზობელმა მხოლოდ ორი საათის შემდეგ შენიშნა სანახევროდ მიხურული კარი, როცა ნაგვის გადასაყრელად გავიდა.

ნებისმიერი მკვლელობის დროს აუცილებლად არსებობს მოტივი, რის გარეშეც, წინასწარი განზრახვით, არავინ არავის კლავს. ეს კი აშკარად განზრახ მკვლელობა იყო, რადგან მკვლელი შესაბამისად მოემზადა, ბინაზე მივიდა, დააკაკუნა, ზუსტად იცოდა, რაც უნდა ექნა და ვისთვის უნდა დაერტყა დანა. გამომძიებლები ხელებს უმწეოდ შლიდნენ, მოსახლეობა გაოგნებული იყო. დაახლოებითაც კი ვერავინ წარმოიდგინა, რის გამო შეიძლებოდა მოეკლათ კაცი, რომელიც, უბრალოდ, ყველას უყვარდა. სამართალდამცავები სიღრმეებში წავიდნენ, მისი საცოლის გარემოცვის შესწავლა დაიწყეს, ეგებ, გოგო სხვასაც უყვარდა და თან ისე თავდავიწყებით, მკვლელობასაც მოაწერა ხელიო, მაგრამ არაფერი მსგავსი. გოგოც იმდენად მორიდებული იყო, ურთიერთობა თითქმის არავისთან ჰქონდა, საქმროც ეკლესიაში გაიცნო და მოკრძალებულ ჯვრისწერას აპირებდნენ.

ჰო, ჯვრისწერას და არა - ქორწილს, რადგან წყვილს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ბინაშიც არაფერი იყო ისეთი, ვინმე დახარბებოდა და თანაც, 30 წამი ანუ ის დრო, რაც კარის გაღებიდან დახურვამდე გავიდა და რაც მეზობელმა გაიგონა, რაიმეს წასაღებად ძალიან ცოტა იყო.

მოულოდნელად, ახალი ვერსია გაჩნდა: ვიღაცამ დაინახა, რომ რამდენიმე დღის წინ, მოკლულს ვიღაც ბიჭმა საქმის გარჩევა დაუწყო და ხელიც დაარტყა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მართალია, მან, ვინც ყველაფერი დაინახა, თავდამსხმელის ზუსტი აღწერა ვერ შეძლო, მაგრამ თქვა, ეგ ადრეც მინახავს ჩვენს რაიონში და კიდევ ვნახავ, სადმე რომ არ გადამეყაროს, გამორიცხულიაო. სამართალდამცავებიც ამის იმედად იყვნენ და ბედმა ორი კვირის შემდეგ გაუღიმათ - განყოფილებაში დარეკეს, ის თავდამსხმელი რაიონშია და ბაზარზე ხილს ჰყიდისო. ოპერმუშაკები მაშინვე გავიდნენ და ეჭვმიტანილი დააკავეს. მან დაკითხვაზე აღიარა, რომ მამაკაცს შეგნებულად დაარტყა, რადგან ბაზარში ხილის ყიდვის დროს, შეაგინა და გაიქცა, შემდეგ კი შემთხვევით გადაეყარა და იმ გინების გამო, ყბაში უთავაზა. რაც შეეხება მკვლელობის დღეს, დაკავებულს, მისდა ბედად, იმ დღეს, შვილის დაბადების დღე ჰქონდა და მთელი დღე სახლში, სტუმრებთან ერთად ტრიალებდა, შემდეგ კი ისე დათვრა, მის ნამოქმედარზე მთელი სოფელი არაკებს ჰყვებოდა ანუ მკვლელი ის არ იყო. აი, მოკლული ახალგაზრდას მხრიდან გინება კი ყველას ეუცხოვა, მეზობლები ამბობდნენ, მისგან ცუდი სიტყვა არასდროს გაგვიგია, ხილის გამყიდველი ტყუისო, მაგრამ თავის მხრივ, ის ამტკიცებდა, შემაგინა და პასუხი მოვთხოვეო. ეს ვერსიაც არ გამართლდა და სამართალდამცავებს სხვა ხელმოსაჭიდი არ ჰქონდათ.

ასე გავიდა ორი თვე და ვერავინ ვერაფერი გაიგო. ხალხი ჩუმად სამართალდამცავთა უნიათობაზე საუბრობდა, გამომძიებლები კი ამაოდ ცდილობდნენ, ვინმესგან რამე გაეგოთ, რადგან ვერავინ ხსნიდა, რისთვის იყო საჭირო ამ კაცის მკვლელობა.

ის იყო, საქმე თაროზე უნდა შემოედოთ, რომ რაიონში სერიოზული ჩხუბი მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც პანკს თუ როკს უსმენდნენ, ვიღაცებს აუშარდნენ, ხელჩართულ ჩხუბში კი, ორი ადამიანი დაიჭრა, ხოლო რამდენიმე - სერიოზულად იცემა. სამართალდამცავებმა დაკითხვები დაიწყეს, დაჭრაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ერთ-ერთი ნაცემი მუსიკის მოყვარული, არცთუ დიდი ხნის წინ მოკლული ბიჭის გვერდით კორპუსში ცხოვრობდა. როცა მასთან ახალბედა გამომძიებელი მივიდა, სახლი აერია და გარდაცვლილის კარზე დაკაკუნა. რატომ? მარტივი მიზეზის გამო - ის ბინაც მეორე სართულზე, ხელმარჯვნივ იყო. გამომძიებელს მეზობლის ქალმა გამოხედა და როცა ფორმიანი დაინახა, ქოქოლა მიაყარა, მკვდარს რას უკაკუნებ, მკვლელი იპოვოთ, ის სჯობსო. გამომძიებელმა ყველაფერი ეს განყოფილებაში, კოლეგებს უამბო და ისიც თქვა, კორპუსებს ერთი და იგივე ნომერი აწერიათ, იმიტომ ამერიაო.

მაძებრებმა ერთმანეთს გადახედეს და გამომძიებელს ერთადერთი კითხვა დაუსვეს - ახლა დაზარალებულს წვერი აქვს? დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ისინი მოჩხუბართან წავიდნენ.

ბიჭი ძალიან, ძალიან ჰგავდა რამდენიმე თვის წინ მოკლულ ახალგაზრდას. გამომძიებლებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, ეს ბიჭი წაიყვანეს და ხილის გამყიდველს ანახეს, მანაც უყოყმანოდ თქვა, მკვლელობას რატომ მტენიდით, აგერ, ცოცხალი ყოფილაო და როცა უთხრეს, რომ სხვას დაარტყა, ეს კი სხვა იყო, თავადაც გაოცდა, მერე კი ჩაიბუტბუტა - ეს წვერიანი ახალგაზრდები ერთმანეთს ძალიან გვანანო გაჩნდა ვერსია, რომ ვიღაცას სწორედ ამ ბიჭის მოკვლა სურდა, გამომძიებლის დარად, კორპუსი აერია, სხვას მიუკაკუნა და როგორც კი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, წვერი დაინახა, მოქმედება დაიწყო. რა თქმა უნდა, გამომძიებლებმა მისი დაკითხვა დაიწყეს და დაადგინეს, რომ პრობლემა მეგობარი გოგოს გამო ჰქონდა, რომელსაც ქმარი ჰყავდა. ეს გოგო როკის მოყვარული აღმოჩნდა, სხვებთან ერთად, მუსიკის მოსასმენად რაიონიდან იპარებოდა, მერე ქმარი ეძებდა, ნახულობდა, სცემდა და უკან მიჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ქმარმა ცოლს სწორედ მაშინ შეუსწრო, როცა ვიღაც წვეროსანს კოცნიდა. ქმარმა ცოლისგან მისამართი გაიგო და...

იმის გამო, რომ სამართალდამცავებს მტკიცებულება არ ჰქონდათ, სავარაუდო მკვლელის პროვოკაციაზე წამოგება გადაწყვიტეს. წვეროსანი როკერი სოფელში წაიყვანეს, იმ სახლთან მიიყვანეს, სადაც გოგო ცხოვრობდა და... მან ქალს დაუძახა. სახლიდან ქმარი გამოვიდა, წვეროსანის დანახვაზე ჯერ გაოცდა, შემდეგ გაფითრდა, იქვე დაგდებულ ნაჯახს ხელი დაავლო და ბოლო ხმაზე იღრიალა - რამდენჯერ უნდა მოგკლა, რამდენჯერ?! ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ საქმეში სამართალდამცავები ჩარეულიყვნენ და დამნაშავე დაეკავებინათ.

როცა დაკავებულმა გაიგო, ვინც მოკლა, ტირილი დაიწყო, ასე არ მინდოდა, ამ ნაძირალასთვის უნდა გამომეყვანა წირვაო. შემდეგ დეტალებში მოჰყვა, როგორ ყარაულობდა სახლთან მსხვერპლს, როგორ დაინახა წვეროსანი მამაკაცი, რომელიც მართლა ძალიან ჰგავდა როკერს, როგორ დაუკაკუნა, როგორ ჩაარტყა თავში არმატურის ნაჭერი და როგორ უმოწყალოდ გაუყარა გულში დანა... მან ცოლის ღალატისთვის იძია შური და შინ დაბრუნებულმა ცოლს უთხრა, თუ კიდევ წახვალ რაიონში, შენც იმის გზას გაგიყენებო და სისხლიანი დანა ანახა. ქალი შეშინდა და სახლიდან ფეხს აღარ ადგამდა, თითქოს ყველაფერი დალაგდა და...

დაკავებულს სასამართლომ ათწლიანი სასჯელი შეუფარდა. 3 წელი პირობითი სასჯელი შეეფარდა მის ცოლსაც, რადგან მძიმე დანაშაული დაფარა. როკერი კი ამ საქმიდანაც სუფთად გამოძვრა.