საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სიდნეიში დაკრძალეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, ლეგენდარული მძლეოსანის, სამგზის ოლიმპოიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში, მიმდინარე წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.  აქტიური სპორტიდან წასვლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ, სანეევი მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა. ქართველ ჟურნალისტებს ის ინტერვიუზე უარს არასოდეს ეუბნებოდა და ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ყველაფრის მიუხედავად, დასაფლავება საქართველოში ერჩია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის სახელით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მის ოჯახს ოფიციალურად შესთავაზა ვიქტორ სანეევის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება და სათანადო პატივით დაკრძალვა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ამასთან, ოჯახს ეცნობა ისიც, რომ საამისოდ საჭირო ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავდა. სიმართლე გითხრათ, სანეევის მეგობრები ელოდნენ, რომ ოჯახი თანხმობას იტყოდა, თუმცა...

„მე და სანდრო დიდად ვაფასებთ იმ თანაგრძნობას და თანადგომას, რომელსაც ამ დღეებში საქართველოდან ვგრძნობთ. ჩვენ ორივენი მადლიერი ვართ სამინისტროსი და თბილისის მერიისა, მათი მზადყოფნისათვის დაიკრძალოს ვიქტორი პანთეონში. იყო რა ამაყი თავისი ქართველობით, ვიქტორი დიდად მადლიერი იქნებოდა მისი პიროვნებისა და დამსახურების ასეთი აღიარებით. ოჯახში განვიხილეთ თქვენი შემოთავაზება და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, არ განვახორციელოთ იგი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენი ოჯახი ახლა სიდნეიში ცხოვრობს, ამ უპრეცედენტო დროში ჩვენი საქართველოში მოგზაურობა, მით უმეტეს ჩემი ასაკის გათვალისწინებით, უფრო და უფრო გართულდება და ჩვენ არ გვექნება საშუალება მივაკითხოთ მის საფლავს ისე ხშირად, როგორც ამას ვისურვებდით. დიდი მადლობა გაგებისათვის“,-ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარული სპორტსმენის მეუღლის პასუხი ოფიციალურად გაასაჯაროვა.