სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა შეიძლება აკავშირებდეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მომხდარ დანაშაულებს, გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, როგორც ხელწერით, ისე მსხვერპლთა მდგომარეობით? – ერთი შეხედვით, არაფერი, მაგრამ ცხოვრება ისეთი სიურპრიზებითაა სავსე, ვერც კი წარმოიდგენთ.
თბილისში, შებინდებისას, სახლის წინ, სკვერში სეირნობის დროს, ვიღაც გამვლელმა, ქმართან ერთად მყოფ ქალს დანა გაუყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქმარმა ჯერ გადევნება გადაწყვიტა, შემდეგ გადაიფიქრა, ხალხს შველა სთხოვა, მაგრამ გულის მხარეს დარტყმული დანა სასიკვდილო აღმოჩნდა. მომხდარიდან ერთ დღეში, წყალტუბოში, იგივე სცენა განმეორდა – ქმრის გვერდით მყოფ ქალს ვიღაცამ დანა დაარტყა და გაუჩინარდა. ამ შემთხვევაშიც, გარდაცვლილის ქმარიც ზუსტად ისე მოიქცა, როგორც თბილისური შემთხვევისას – ჯერ დამნაშავეს დაედევნა, შემდეგ ცოლს მიუბრუნდა, ხალხს დახმარება სთხოვა, მაგრამ ამაოდ. გარდა იმისა, რომ ქალები ერთნაირი ხელწერით დახოცეს, მათ ერთი საერთოც ჰქონდათ – ერთიცა და მეორეც, სულ რაღაც, სამი თვის დაქორწინებული იყო და ორივესთვის ეს მეორე ქორწინება გახლდათ.

„მე და წყალტუბოს საქმის გამომძიებელი, ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით. პირველ რიგში, როგორც მე, ისე მან, ეჭვი ქალის ყოფილ ქმარზე მივიტანეთ,
თუმცა როგორც ჩემს შემთხვევაში, იქაც უტყუარი ალიბი ჰქონდა. თბილისში მოკლული ქალის ქმარყოფილი, მკვლელობის დროს, მეზობლებთან ერთად ფეხბურთს უყურებდა და ლუდს სვამდა, წყალტუბოში მოკლული ქმარი კი, საერთოდ, რაიკომის მეორე მდივანთან ერთად, სანადიროდ იყო წასული სვანეთში და მას გვერდიდან არ მოსცილებია. შესაბამისად, ქმარყოფილების მონაწილეობა გამოირიცხა“, – იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
ქმრებმა სანუგეშო ვერაფერი თქვეს. არცერთ მათგანს მტერი არ ჰყავდა, ან რა მტერი უნდა ჰყოლოდა რიგით ინჟინერსა და ასევე, რიგით მემონტაჟეს? ორივემ დაადასტურა, რომ დაძაბულობა არც ყოფილ ქმრებთან ჰქონიათ, ყველაფერი ცივილურ ფორმებში ჩატარდა, გაყრა სასამართლოს ძალით მოხდა, დარეგისტრირდა და შემდეგ ხელი მოაწერეს. ქორწილი არცერთს გადაუხდია, მოერიდათ მათ ასაკში „დიმპიტაურის“ გამართვა.
ჰო, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – არცერთ ქალს შვილი არ ჰყავდა და ორივე შემთხვევაში, „დამნაშავე“ სწორედ ქალბატონები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმრებს ისინი იმდენად უყვარდათ, რომ მათ უშვილობასაც იტანდნენ.
„წყალტუბოში მოკლული ქალი ერთ-ერთი სანატორიუმის ბუღალტერი იყო. იქ იფიქრეს, რომ საქმე ფულის განაწილებასთან ჰქონდათ და ამიტომ, ის სანატორიუმი წინდასავით ამოაბრუნეს, დაფერთხეს, ყველაფერი შეამოწმეს, მაგრამ ისეთი ვერაფერი ნახეს, რის გამოც ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება შეიძლებოდა. თბილისში მოკლული ქალი კი რიგითი მკერავი იყო და ფულთან შეხება საერთოდ არ ჰქონია ანუ რაიმე სარგებლის მიღების მიზნით, მკვლელობა გამორიცხული იყო. ეს უფრო შურისძიებას ჰგავდა, მაგრამ ვის უნდა ეძია შური? – ყოფილ ქმრებს, რომლებსაც შესაძლებელია წყენა ჰქონდათ, ისეთი ალიბი ჰქონდათ, წყალი არ გაუვიდოდა. მინიშნებითაც კი, ვერავინ იხსენებდა ისეთ ამბავს, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა, რომ გამოძიება წინ წასულიყო. ჩვეულებრივი, რიგითი ქალები ახალი ქმრების წინ, უბრალოდ, დაკლეს“, – იხსენებს ბატონი თენგიზი

მოულოდნელად, თბილისური გამოძიების ნაწილში, რაღაც კონტურები გამოიკვეთა. გაირკვა, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, თბილისში მოკლული
ქალის ყოფილი ქმარი დასასვენებლად წყალტუბოში იმყოფებოდა. იქაურ სანატორიუმში ერთი კვირა დაჰყო, თუმცა შესაძლებლობა იმისა, რომ იქ, წყალტუბოში მოკლული ქალი გაიცნო, მინიმალური გახლდათ, რადგან როგორც პერსონალმა თქვა, სანატორიუმიდან, პრაქტიკულად, არ გადიოდა, მუდმივად სვამდა და... გარდაცვლილი ქალი სხვა სანატორიუმში მუშაობდა ბუღალტრად. ეს ჩვეულებრივი დამთხვევა იყო, თუმცა...
„ახლა რომ შეგიძლია, ფილმი რეჟისორზე ადრე ნახო ინტერნეტით, მაშინ ასე არ იყო. ან უნდა გეყურებინა საბჭოთა კინოსთვის, ან უნდა გაგერისკა და ვიღაცასთან, ჩუმად მოპოვებული ვიდეოკასეტით გენახა კაპიტალისტური ფილმი. ჩემი თანამშრომელი იყო ასეთი ამბების მოყვარული და შემდეგ, ფილმებს გვიყვებოდა ხოლმე. ჰოდა, ერთხელაც, გაფართოებული თვალებით მოგვიყვა ჰიჩკოკის შედევრს, სადაც შემთხვევითი ნაცნობები აღმოაჩენენ, რომ ერთს მამა უშლის ნერვებს, მეორეს – ცოლი და გადაწყვეტენ, ერთმანეთის პრობლემა მკვლელობით მოაგვარონ. შედეგად, ორი მკვლელობა მოხდება, მაგრამ მთავარ ეჭვმიტანილებს იმ დროისთვის რკინის ალიბი აქვთ. აი, მანდ გაანათა“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.

როგორც შემდგომში გაირკვა, თბილისური მკვლელობის დროისთვის, წყალტუბოელი ქალის ყოფილ ქმარს ალიბი არ ჰქონდა და პირიქით – თბილისელმა,
წყალტუბოში მომხდარი მკვლელობის დროისთვის ვერ გაიხსენა, სად იმყოფებოდა. ბინების ჩხრეკის შემდეგ, დანა თბილისელი კაცის სახლში იპოვეს, წყალტუბოელს ჭკუა უხმარია და გადაუგდია, შედეგად, აღიარებას წინ ვერაფერი დაუდგა. კაცებმა ერთმანეთი, წყალტუბოში,
შემთხვევით გაიცნეს, დალიეს, გული გადაუშალეს და მიხვდნენ, რომ ერთსა და იმავე დღეში იყვნენ. მკვლელობის იდეა წყალტუბოელს მოსვლია თავში აზრად, ეს გეგმაც მან შეიმუშავა და განახორციელეს კიდეც. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში ბრალდების მხარე სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვდა, მოსამართლემ ორივეს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჰო, იმავე გამოძიებით დადგინდა, რომ ჰიჩკოკის ფილმი ნანახი არცერთ დამნაშავეს არ ჰქონდა

ბათო ჯაფარიძე