სკანდალური პროგნოზი - „წელს მძიმე გაზაფხული გველის!“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 2020 წლის ბოლოს, დენი და წყალი გაძვირდა, 2021 წლის იანვარში - ხორცი და ხორცპროდუქტები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თებერვალში ბენზინი, ზეთი, სოიო და სიმინდი გაძვირდება:

 

- სამწუხაროდ, იანვარში ხორცი 1-2 ლარით გაძვირდა, მაგრამ მისი ფასი თებერვალში ცოტა კიდევ მოიმატებს. გარდა ამისა, 20%-ით გაძვირდა კვერცხი. 15 მარტამდე, სხვა პროდუქტებიც გაძვირდება: ბენზინი, ზეთი, სოიო, სიმინდი. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში, ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ყოველ შემთხვევაში, თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი მარტში გამოქვეყნდება და მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელთან იქნება მიახლოებული. მართალია, ინფლაცია შემცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაძვირებული პროდუქტები გაიაფდება.

- რატომ, ბატონო ნიკა?

- იმიტომ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი უნდა შევუდაროთ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შარშან კი უკვე მაღალი ფასები გვქონდა და ამიტომაც ვამბობ, რომ ინფლაციის შემცირებას ფასების გაიაფება არ მოჰყვება.

- 2020 წლის მარტიდან, კორონავირუსის გამო, მთელმა მსოფლიომ უმძიმესი პერიოდი გაიარა. ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს პანდემიამ თავისი დაღი უკვე დაასვა, ამიტომ გკითხავთ, ხორცისა და კვერცხის გარდა, კიდევ რომელი პროდუქტები გაძვირდება?   

- ნუ იტყვით, რომ შარშან მძიმე პერიოდი გავიარეთ. არა, ბატონებო, წელს გავივლით უმძიმეს პერიოდს, რომელიც გაზაფხულზე გველოდება. ნახევრად „ლოქდაუნი“ რომელიც 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, ცნობილია, რომ 1 მარტიდან გაიხსნება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა აპრილის ბოლოდან დაიწყებს ამოქოქვას, მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს პროდუქტები მაშინვე გაიაფდება. აქედან გამომდინარე, წელს მძიმე გაზაფხული გველის.

- ბატონო ნიკა, მოდით, პანდემიიდან გამომდინარე კრიზისი ახალი შესაძლებლობის დასაწყისად განვიხილოთ. მაგალითად, პირველი „ლოქდაუნის“ დროს _ მარტსა და აპრილში, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში შეიქმნა საწარმო, სადაც პირბადეები შეიკერა. ფაქტია, რომ ტურიზმის სექტორი _ სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალდა, მაგრამ ბიზნესის რომელმა დარგმა აუწყო ფეხი პანდემიას?

- თქვენ პირბადეების ადგილზე წარმოება ახსენეთ, რომელიც დეფიციტის გამო, სპონტანურად დაიწყო, მაგრამ კასპში ამ მიზნით, სპეციალური საწარმო შეიქმნა. სამწუხაროდ, კასპის საწარმო კონკურენტუნარიან ფასში ვეღარ კერავს პირბადეებს, რადგან ჩინური პროდუქცია შემოვიდა ბაზარზე, რომელიც საკმაოდ იაფია. მოგეხსენებათ, აფთიაქებში 20 თეთრად იყიდება პირბადეები, ამდენივე უჯდება ადგილობრივ მწარმოებელსაც მისი შეკერვა, რასაც სარეალიზაციო ფასიც ემატება და რა თქმა უნდა, მისი პროდუქცია ძვირია.

პანდემიას მხოლოდ ტურიზმის სექტორი არ დაუზარალებია, კრიზისი ბიზნესის ყველა დარგს შეეხო, მაგრამ გეთანხმებით, ამ კრიზისმა ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა. მაგალითად, პანდემიის პირობებში ელექტრონული კომერცია განვითარდა, ვგულისხმობ ონლაინ-შეკვეთებს და ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. სამწუხაროდ, პანდემია  ჯერ არსად წავა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვაქცინაციის შემდეგ, კორონავირუსი საერთოდ გაქრება, ცდება. ზოგადად, კარგი იქნება, თუ შიდა დისტრიბუციის ქსელი განვითარდება _ ლოგისტიკური ჰაბები უნდა შეიქმნას საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში, რადგან თუ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეზღუდვების დაწესება, პროდუქციის მიმწოდებელი იქნება სწორედ ონლაინ-გამოძახების ეს ლოგისტიკური ჰაბები.

გარდა ამისა, განათლების დარგს სჭირდება ხელშეწყობა, რადგან 2020 წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ჩაშლილია სასწავლო პროცესი. პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ ონლაინ-სწავლების სისტემა დასახვეწია, მაგრამ ამავდროულად, ისიც გამოიკვეთა, რომ უნივერსიტეტში შესაძლებელია, ონლაინ-კურსიც გაიარო და სულაც არაა აუცილებელი, აუდიტორიაში იჯდე.

 

მაია მიშელაძე