Menu
RSS

გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პირველი სკანდალური ინტერვიუ ,,ფორბსთან’‘

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა რუსულ ,,ფორბსს’‘ პირველი ინტერვიუ მისცა. ,,ვერსია’‘ გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირე შემოკლებით, რომელიც ამგვარი ანოტაციით იწყება: ბიძინა ივანიშვილი ჭეშმარიტი ოლიგარქია. 2004 წელს, რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამჟამად მისი ქონება 5,3 მილიარდს ითვლის და ,,ფორბსის’‘ გლობალური რეიტინგების მიხედვით, მსოფლიოში 229-ე ადგილს იკავებს. პოლიტიკაში 2011 წლამდე არ ერეოდა _ თბილისში მას ვერც კი ცნობდნენ, სანამ, მოულოდნელად, ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ განცხადება არ გაავრცელა. პოლიტიკაში ჩართვიდან ერთ წელიწადში ,,ქართულმა ოცნებამ’‘ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თავად მილიარდერი კი, პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ _ 2013 წლის ნოემბერში, დაპირება შეასრულა და პოლიტიკიდან წავიდა, ხელისუფლებაში კი მისი თანამოაზრეები დატოვა. ამ ორი წლის განმავლობაში მას საკმაოდ ბევრი ისტორია გადახდა თავს, რომელსაც პირველად ,,ფორბსთან’‘ ინტერვიუში იხსენებს.
_ 2005 წელს, პარიზში ჩვენი ბოლო შეხვედრისას აღნიშნავდით, რომ ჭორვილაში განცალკევებით ცხოვრობდით და პოლიტიკით არ ინტერესდებოდით. როდის და რატომ შეიცვალა თქვენი განწყობა კარდინალურად? 
_ მაშინ ოპოზიციური პარტიები ჩემამდე მოღწევას ვერ ახერხებდნენ _ მე აბსოლუტურად ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი, რომელიც არავის ხვდებოდა. 
_ მიხეილ სააკაშვილსაც კი?
_ მიხეილ სააკაშვილს ,,ვარდების რევოლუციის’‘ პერიოდში, პრეზიდენტად არჩევამდე მცირე ხნით ადრე შევხვდი. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი და, როგორც დანარჩენი საქართველო, სახელისუფლო ცვლილებებით მეც აღფრთოვანებული ვიყავი. საქართველოში მაშინვე გამოვფრინდი მოსკოვის გავლით, სადაც ბიზნესის მიმართულებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა. რუსეთში მეკითხებოდნენ,  საქართველოში რა მოხდაო. ყველას ვარწმუნებდი, ყოველგვარი ცვლილება უკეთესობისკენაა და ახალ ხელისუფლებასთან მეგობრობა უნდა გააგრძელოთ-მეთქი. მაშინ რეალურად ვფიქრობდი, რომ მოვიდა გუნდი, რომელიც ქვეყანას ევროპის მიმართულებით წაიყვანდა. ღამეები არ მეძინა. ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი მათ. პირველივე შეხვედრაზე სააკაშვილს ვუთხარი, სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები უნდა გავუზარდოთ-მეთქი. მაშინ მინისტრები და დეპუტატები თვეში 10 დოლარს იღებდნენ. თუ მინისტრის შვილი მშიერია და სკოლაში ვერ დადის, თავად მინისტრი კი მილიონიან კონტრაქტებს ხელს აწერს, კორუფციის შეჩერება საკმაოდ რთული ხდება. სააკაშვილს ვუთხარი, ფულის მისაცემად მზად ვიყავი, შევთავაზე ფონდის შექმნაც, რათა ყველაფერი ოფიციალურად ყოფილიყო და ხელფასების ზრდა ქრთამს არ დამსგავსებოდა. მას გაუხარდა. ჩვენ გამოვიყენეთ სოროსის ფონდი, მაგრამ სოროსის შენატანი ამ ფონდში უმნიშვნელო იყო, მთელი თანხა, რაც ხელფასების ზრდაზე მიდიოდა, ჩემი იყო. 2,5 წელზე მეტი სახელმწიფო მოხელეები, ამ ფონდის წყალობით, მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ. ამასთან, არავინ იცოდა და არც ინტერესდებოდა, საიდან მოდიოდა ეს თანხა. სხვა ფონდი იყო შექმნილი ჯარის დასახმარებლადაც, საიდანაც ყაზარმები შენდებოდა და ჯარისკაცებისთვის ფორმებს ყიდულობდნენ. მანამდე მათ პლედებიც კი არ ჰქონდათ. თვალ-ყურს ვადევნებდი მხოლოდ იმას, რომ ჩემი ფულით იარაღი არ ეყიდათ. იმ პერიოდში პოლიციასაც ვეხმარებოდი... 
_ ამ ეტაპისთვის, ჯამში, რა თანხა დახარჯეთ? 
_ კონკრეტულ ციფრს არ დავასახელებ, თუმცა საქართველოსთვის ძალიან დიდი თანხა იყო.
_ სააკაშვილი თქვენი მადლობელი იყო? 
 _ რა თქმა უნდა, მადლობელი იყო, თუმცა ყოველთვის ვეუბნებოდი, ამას შენთვის არ ვაკეთებ-მეთქი. მას არ უნდა ეგრძნო, რომ ჩემი ვალი ჰქონდა. ყოველთვის ვაფრთხილებდი, დაგეხმარები მანამ, სანამ ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, მერე განზე გავდგები, მაგრამ თუ ეს დახმარება სამტრო საქმეს გააკეთებს, მის წინააღმდეგ წავალ-მეთქი. ამ სიტყვებს სააკაშვილს რამდენჯერმე ვუმეორებდი, ის კი მუდმივად მპასუხობა _ მადლობაო. ,,ვარდების რევოლუციის’‘ დროს, ძირითადი ოპოზიციური ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’‘ იყო, ამიტომ ჩემი კუთვნილი ,,მეცხრე არხით’‘ ხელს არ ვუშლიდი, რეზერვში ვიტოვებდი იმ შემთხვევისთვის, თუ დემოკრატიული მოძრაობა ჩაქრებოდა ან ,,რუსთავი2’‘-ის წინააღმდეგ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა. ამ შემთხვევაში გამოღვიძება შეგვეძლო. როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ვიფიქრე, საფრთხე აღარ არსებობდა და ,,მეცხრე არხი’‘ დავხურე. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. იმ პერიოდში ჩაკეტილი ვიყავი და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ვხდებოდი, ვანო მერაბიშვილს  _ არა. სააკაშვილი მთავაზობდა სახლში გესტუმრებიო, მაგრამ არ მინდოდა. სახლი ჩემთვის წმინდაა, ამიტომ სხვადასხვა საბაბს ვიგონებდი. ვეუბნებოდი, შესაძლოა, პერსონალმა გიცნოს და ჩვენი შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდება-მეთქი. ამ პერიოდში ტელევიზორს, პრაქტიკულად, არ ვუყურებდი, ამიტომ გვიან შევიტყვე, რომ დემოკრატიის ნაცვლად _ ააშენეს ავტოკრატია, მკაცრი ვერტიკალი და მთელი ბიზნესის აკუმულირება მოახერხეს. ეს მაშინ გავიგე, როცა მშვიდობიანი დემონტრასცია, 2007 წლის 7 ნოემბერს, სასტიკად დაარბიეს. მე ვერაფერს ვხვდებოდი, ხალხი კი, როგორც ჩანს, უკვე მათგან ძალიან იტანჯებოდა. 
_ სააკაშვილისგან განმარტების მოსმენა არ გიცდიათ? 
_ საკმაოდ მკაცრად დავუსვი კითხვა, მან კი მიპასუხა, რომ იქ არსებობდა საფრთხე, გადატრიალება მზადდებოდა და, მოგვიანებით, ყველაფერს ამიხსნიდა. საღამოს ისინი ,,იმედში’‘ შევიდნენ. მას ვუყვიროდი და პოლიციის სასწრაფოდ შეჩერებას ვითხოვდი. მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ასე იყო საჭირო, რადგან სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. თბილისში მეორე დილითვე ჩამოვფრინდი. 
_ როგორ მზადდებოდა გადატრიალება? 
_ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას არც არავინ აპირებდა, სააკაშვილი, უბრალოდ, მატყუებდა. მას ოპოზიციური ტელევიზია ხელს უშლიდა. ამბობდა, რომ პატარკაციშვილი ებრძოდა და უნდოდა სახელმწიფო გადატრიალება... თუმცა, საბოლოოდ, სააკაშვილმა ,,იმედი’‘ პოლიციის დახმარებით წაართვა. სააკაშვილს შეხვედრისას ხელი არ ჩამოვართვი და დაუყოვნებლივ გადადგომა მოვთხოვე. 
_ ბადრი პატარკაციშვლთან თქვენ რა ურთიერთობა გქონდათ?
_ ბადრი პატარკაციშვილთან ურთიერთობა არ მქონდა. მას უნდოდა პოლიტიკაში და ამას არც მალავდა, პარტნიორობასაც მთავაზობდა, მაგრამ ვუპასუხე, რომ არც პოლიტიკაში ჩართვა მინდოდა და არც ვინმეს პარტნიორად ქცევა. ის დიდხანს ცდილობდა ჩემ დარწმუნებას. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ბარიკადების მეორე მხარეს არ მნახავდა. მე მას სიტყვა მივეცი. 
_ თქვენ დაგაზარალათ იმ ფაქტმა, რომ სააკაშვილს ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავდით? 
_ რა თქმა უნდა, მე თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა მინდოდა. თავისუფალი ადამიანისა და თავისუფალი სიტყვის მომხრე ვიყავი. ამ დროს კი ვხედავ, სპეცრაზმი ტელევიზიას ხურავს, ჟურნალისტებს ძირს ყრიან და სცემენ, წილხებს ურტყამენ. ტელეკომპანია ჩაირთვება და გამოირთვება. სააკაშვილს დავემშვიდობე ისე, რომ ხელი არც მაშინ ჩამომირთმევია. ვუთხარი, თუ გადადგები, შენთან ურთიერთობას მხოლოდ მას შემდეგ გავაგრძელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი მტერი გავხდები-მეთქი. ორი დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, თუ დავეხმარებოდი და რჩევებს მივცემდი. ის მართლაც გადადგა. 2008 წლის იანვარში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, სადაც კვლავ სააკაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა ამის შემდეგ ოპოზიცია საკმაოდ გააქტიურდა. დავიწყე იმის ანალიზი, რა ხდებოდა ქვეყანაში. მივხვდი, რომ სააკაშვილს პატიოსნად გამარჯვება არ შეეძლო და 10%-ზე მეტი რეიტინგი არ ჰქონდა. საზოგადოება, ჩემგან განსხვავებით, დიდი ხნით ადრე მიხვდა, ვინ იყო, რეალურად, სააკაშვილი და ამიტომ აღარ უყვარდათ. თანდათან მისდამი განწყობა მეც შემეცვალა, თავს ვარიდებდი. როცა მირეკავდა, ტელეფონზე ზოგჯერ ჩემი მეუღლე პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ თავს ცუდად ვგრძნობ. მივხვდი, მხარს ვუჭერდი ადამიანს, რომელიც დემოკრატიის ნაცვლად, დიქტატურას აშენებდა. ჩემი აზრით, მაშინდელი არჩევნები გაყალბდა, სინამდვილეში, უბრალო ბიჭმა, ნაკლებადცნობილმა ლიდერმა გაიმარჯვა. ბადრი მასთანაც მეგობრობდა 
_ სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში ხალხს, კონკრეტულად, რა არ მოსწონდა? 
_ მთელი ბიზნესი კონტროლდებოდა. მთავარი ოთხეული (სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურა ადეიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა, _ ,,ფორბსი’‘) მთელ ფულს თავისთვის იგროვებდა. მათი შემოსავალი, როგორც ამბობდნენ, თვეში 40-50 მილიონი დოლარი იყო.  კოლოსალური შემოსავლებია, განსაკუთრებით, საქართველოს პირობებში. მაშინ არამხოლოდ თითოეული ბიზნესმენი კონტროლდებოდა, ბაზარში თითოეულ გამყიდველსაც კი აკონტროლებდნენ, რომლებიც დღეში ათ დოლარს ვაჭრობენ. მათი მიზანი ადამიანების გაკონტროლება იყო, მაგრამ მოქალაქეებს შემოსავლებსაც ართმევდნენ. ბიზნესმენებს ეუბნებოდნენ, ან ასე მოგვცემ ყველაფერს, ან ციხეში წახვალ და ისე მოგიწევს ბიზნესის დათმობაო. ნახევარი ბიზნესს, მართლაც, თმობდა. ვისაც არ უნდოდა დათმობა, დევნიდნენ, ზოგი საზღვარგარეთ წასვლას ასწრებდა, ზოგიც ვერა. ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ მათ ესმოდათ, ხალხი ასეთი მშიშარა არ არის და დიდხანს არ დანებდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, საზოაგდოება დაეშინებინათ. მეზობლების დასანახად ადამიანებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე იჭერდნენ. 
_ თუმცა კორუფციის გადალახვა ხომ ასეთი მეთოდებით მოხეხრდა? 
_ რა თქმა უნდა, ქვედა და შუარგოლში კორუფცია არ ყოფილა. კორუფციას სუფთა ხელებით უნდა ებრძოლო. მთავარ პროკურორს ჰყავდა ჯგუფი, რომელიც 5 ათას დოლარზე მეტი ოდენობის გზავნილებს აკონტროლებდა. ნებისმიერი ფულადი გზავნილი კონტროლდებოდა და ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, ყველა ფულადი ნაკადი მათთან იყრიდა თავს. როცა ხელისუფლებაში მოვედით, სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვე, შეეკრიბა ბიზნესმენები, რომლებიც მრეწველობის დარგში მოღვაწეობდნენ. მინდოდა მათთან საუბარი, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო სოფლის მეურნეობა და რა დახმარების გაწევა შეიძლებოდა მათთვის. მინისტრმა დამირეკა და მითხრა, შოკში ვარ, ესენი ბიზნესმენები კი არა, მონები არიან, რომლებიც მუდარით გიყურებენო. ისინი ელოდნენ, რომ მათგან ჩვენც რაღაცას მოვითხოვდით. 
_ მათ ხარკის გადახდას სთხოვდნენ? 
_ არამხოლოდ... მათ ქონების გადაფორმებას სთხოვდნენ. პროკურატურაში 9 800 ადამიანის საქმე დევს, რომლებსაც სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება აიძულეს. პოლიცია ციხეში ჩასმის მუქარით ბიზნესმენებს აიძულებდა, ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. არსებობდა ქონების ჩამორთმევის მეორე გზაც _ საპროცესო გარიგება. ადამიანებს აიძულებდნენ, ეღიარებინათ დანაშაული და, პროკურატურასთან მოლაპარაკების შემდეგ, ნებაყოფლობით იხდიდნენ ფულს. ასეთი ათიათასობით შემთხვევა ფიქსირდება. მაგალითად, ერთ ბიზნესმენს სახლი ჰქონდა, რომლის გაყიდვაც უნდოდა. ის სიკვდილამდე სცემეს, თავი გაუტეხეს...  მისი სახლის ადგილას კი, სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლე აიშენა. ის ადამიანი დღეს პარლამენტარია, მის საქმეს კი პროკრუატურა იკვლევს. ნაციონალებს ასეთი მიდგომა ჰქონდათ: თუ ნებაყოფლობით მოგვცემ, შენთან ვიმეგობრებთ, არ მოგვცემ _ ციხეში მოგიწევს ჯდომა. ბიზნესმენებს ბოლომდე არ ხოცავდნენ, მაგრამ მონებად აქცევდნენ. უცხოელებთანაც იგივე მიდგომა ჰქონდათ. ჰკითხეთ საშა მაშკევიჩს, მას საქართველოში ფარმაციის მიმართულებით პროექტი აქვს, თუმცა თავად მასა და მის პარტნიორებსაც აქ სასიცოცხლო პრობლემები შეექმნათ. საქართველოში ვერც კი ჩამოდიოდა, რადგან მისი დაპატიმრება უნდოდათ. 
_ როდის შეიტყვეთ ამ ყველაფრის შესახებ? 
_ 2008 წლის იანვარში, არჩევნების დროს. მანამდე ინფორმაციას მხოლოდ სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან ვიღებდი. მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი და ყველაფერი გამომრჩა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ მშვიდად დავემშვიდობეთ. ინაუგურაციის დღეს სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე, აღარ შევეწუხებინე, თუმცა კიდევ დიდხანს ცდილობდა ჩემთან შერიგებას. სწორედ ამ პერიოდიდან ყურადღებით ვაკვირდებოდი, ქვეყანაში რაც ხდებოდა. იმისთვის, რომ დასავლეთისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ, მხოლოდ ორი დამოუკიდებელი არხი ,,მაესტრო’‘ და ,,კავკასია’‘ დატოვეს. მათი საშუალებით პოლიტიკოსები საკუთარ აზრს აფიქსიებდნენ. მათ იმ მიზნით ვუყურებდი, რომ პარტია შემერჩია, რომლის მხარდაჭერაც მომავალ არჩევნებზე ლეგიტიმური ხელისუფლების მოსაყვანად შეიძლებოდა. სამი წელი ვუყურე და მივხვდი, რომ არავის იმედი არ უნდა მქონოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, პროცესში თავად ჩავრთულიყავი. თუმცა აქ  დარჩენაც სახიფათო იყო. 2010 წელს სწრაფად დავასრულე პარიზში სახლის მშენებლობა და წასვლა გადავწყვიტე. ერთადერთი პირი, რომელსაც ისინი უბრალოდ აკვირდებოდნენ, მე ვიყავი, დანარჩენი, ყველა გაანადგურეს. არავის შეეძლო ოპოზიციის დაფინანსება. დარჩენილი პრინციპული ადამიანები, ვინც არ დანებდა, ბოლომდე გამოწურეს. ჩემი გამარჯვების შემდეგ ყველანი შევკრიბე. 
_ გასამგზავრებლად მზადება 2010 წლის შემოდგომისთვის დაიწყეთ, მაგრამ 2011 წლის შემოდგომამდე არსად წასულხართ.
_ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო. ჩვენ ხომ მხოლოდ ევროპაში გასეირნებას კი არა, საქართველოს სამუდამოდ დატოვებას ვგეგმავდით. დედაჩემი 92 წლისაა, მას არ უნდოდა სოფლის დატოვება. მეუღლეს კი პარიზი ძალიან მოსწონს და გასამგზავრებლად მზად იყო. ასე რომ, ვმერყეობდი. ამასობაში, მოვახერხე იმის გარკვევა, რომ ჩემ კუთვნილებაში არსებული ჰოლდინგ ,,ქართუს’‘ პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი ხელისუფლების აგენტი იყო. მან ბევრი იცოდა ჩემი გეგმებისა და საქართველოში ბიზნესის შესახებ და ინფორმაციას სააკაშვილს აწვდიდა. ამის გამო იგი აბსოლუტურად ამაზრზენი და საშიში გახდა. აქ ვერავის ენდობოდი. როცა მივხვდი, რომ გიგა ჩემზე ჯაშუშობდა, მისი მეშვეობით მნიშვნელოვანი სიგნალების მიწვდენა დავიწყე. მათ უნდოდათ, რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავი, მეც ვამყარებდი მათ თავდაჯერებულობას, რომ ეს ძალიან მალე მოხდებოდა. მე არ ვფიქრობდი დარჩენას. დარჩენა კი რეჟიმთან ბრძოლის გამოცხადებასა და პირველივე შეტევაზე სიკვდილს ნიშნავდა. არ მინდოდა, გამერისკა და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება მსხვერპლად გამეღო, მაგრამ ყველაფერი ერთ წუთში გადაწყდა. ერთ საღამოს ჩემი მეუღლე მოვიდა და მითხრა: ვიცი, რომ იქ ცხოვრებას ვერ შეძლებ. შენ უნდა დარჩე და ხალხის დახმარება სცადო. მე ხომ ვიცი, შენ ეს გინდა. 
_ პოლიტიკური ლიდერი მართლაც თქვენი უფროსი შვილი უტა უნდა გამხდარიყო? 
_ არა, ეს მხოლოდ ინსცენირებული იყო. 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, ჩემი პირველი განცხადების გაკეთებამდე სამი დღის განმავლობაში, ოჯახთან ერთად სპექტაკლს ვთამაშობდით, თითქოს ჩემი უფროსი შვილი პარიზიდან ჩამოსვლასა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებდა. ეს არავისთვის მითქვამს _ პირველი თქვენ იქნებით. 
_ ინსცენირება რისთვის დაგჭირდათ?
_ მათ რომ გაეგოთ, პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მომკლავდნენ. საჭირო იყო მათ გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს, ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერობას. ვინ იყო უტა _ აქ არავინ იცოდა. ის ცხოვრობს პარიზში, სწავლობს უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. მან რეჟიმის წინააღმდეგ უამრავი სიმღერა დაწერა და ასი ათასი ადამიანის სტადიონზე შეკრება შეძლო. მას ემუქრებოდნენ, თუმცა არაფრის ეშინია. ეგონათ, უტა ძმაზე დაუნდობელი იყო, ამიტომ დაიჯერეს, რომ მას აქტიური პოლიტიკური პროცესების წარმართვა შეეძლო. მე და ჩემმა მეუღლემ, სანდო ხალხის მეშვეობით, უტას გადავუგზავნეთ სცენარი, როგორ უნდა მოქცეულიყო და ასევე ჩემი განცხადებების ასლები. იმ შემთხვევაში, თუ ამ განცხადების გავრცელებას საქართველოში ვერ შევძლებდი, ამას გაახმაურებდნენ საინფორმაციო სააგენტოები პარიზსა და შვეიცარიაში. სცენარის შესაბამისად, უტამ დამირეკა და მითხრა, რომ თუ მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში წასვლას, ის დაბრუნდებოდა პარიზიდან და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. ვყვიროდი, რომ ის სულელია, ვცდილობდი, გადაეფიქრებინა ამის გაკეთება, ვპირდებოდი, რომ ჩავიდოდი პარიზში და იქ დავილაპარაკებდით. მპასუხობდა, რომ არც შემხვდებოდა და არც დამელაპარაკებოდა, თუ მე ქვეყანას მივატოვებდი და წავიდოდი, ეს სირცხვილი იქნება და ჩვენ თბილისში უნდა შევხვდეთო _ მეუბნებოდა. ჩვენი ეს საუბრები, რა თქმა უნდა, ისმინებოდა. მეორე დღეს გიგა ჩრდილელს შევჩივლე, რომ შვილს ვერაფერს ვუხერხებ და პარიზში ჩასვლას მიკრძალავს. მან მითხრა, რომ თვითმფრინავი უკვე შეკვეთილი იყო. შემდეგ კი სხვათა შორის, ვაცნობე, რომ უფროს შვილს დიდი ხანია 500 მილიონი გამოვუყავი, რომლის განკარგვაც თავად შეეძლო. არადა, მსგავსი რამ არც ყოფილა. საღამოს მოვილაპარაკეთ, რომ გიგა პარიზში წავიდოდა და ჩემ შვილს ანგარიშებს ჩემი მინდობილობით დაუბლოკავდა. ჩამოვუწერე, თუ სად ინახებოდა ჩემი ანგარიშები. ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად გავითამაშეთ. გიგა ჩრდილელმა ერთ დღეში საფრანგეთის ვიზა მიიღო და უკვე გაფრენას აპირებდა, რომ აქ უკვე თამაშში ჩემი მეუღლე ჩაერთო _ მან დაურეკა უტას და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მისი ანგარიშების დაბლოკვას ვაპირებდი. ისიც უთხრა _ მამაშენი დაბერდა, ყველაფრის ეშინია, მისცა მინდობილობა ვიღაც ნაძირალას, რომ დახუროს შენი ანგარიშებიო. უთხრა, ჩამოდი, მე დაგიჭერ მხარს, მისი ფულის განკარგვა ისევე შემიძლია, როგორც მასო. ჩემს მეუღლეს, მართლაც, შეუძლია ჩემი ანგარიშების განკარგვა და ეს გიგა ჩრდილელმა ძალიან კარგად იცოდა. ამის შემდეგ,  დავურეკე გიგას და ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა, უტას ანგარიშების დაბლოკვას, რადგან ჩემი ოჯახი წავიდა ჩემს წინააღმდეგ. ვუთხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და დაველოდები აქ ჩემს შვილს.  მეორე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ ,,ქართუს’‘ პრესსამსახურში გავგზავნე, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა საინფორმაციო სააგენტოებთან. ირაკლიმ მას სთხოვა, განცხადება გადაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებისთვის. პრესმდივანმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ უნდა გაევლო კონსულტაციები, უშუალოდ, გიგა ჩრდილელთან. მაშინ ირაკლიმ დამირეკა და ყურმილი გადასცა პრესმდივანს. მე ვუთხარი, რომ ჩემთვის უნდა მოესმინა, რადგან მე ვიყავი ამ ჰოლდინგის მფლობელი. მან იტირა. მეგონა, აქ სირთულეები შემექნებოდა _ პრესსამსახურის გოგონა გიგასთან მუშაობდა და მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებდა. მას შეეძლო, გარკვეული საბაბით უარი ეთქვა ან საიდუმლო გაენდო ან კიდევ სხვა რამ მომხდარიყო, მაგრამ, გაგვიმართლა, რომ ეს გოგონა სულელი აღმოჩნდა. მან ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა. სააგენტოებმა ჩემი განცხადება მიიღეს და სწრაფად გამოაქვეყნეს. 
_ თქვენ გეშინოდათ, რომ მოგკლავდნენ, თუმცა ჯერჯერობით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი მკვლელობის მონაწილეები არიან. მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობისა...
_ ნახავთ, ძალიან ბევრი მკვლელობის საქმე გაიხსნება. ჟვანიასთან დაკავშირებით კი არსებობს დიდი ეჭვი. გამოძიება ხომ არ ჩატარებულა, მხოლოდ ახლა დაიწყო. გამოძიება არ დაწყებულა ახალგაზრდა ბანკირის (სანდრო გირგვლიანი) მკვლელობაზეც, რომელიც, უბრალოდ, ყველას თვალწინ მოკლეს. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტი გამოძიებას ხელს უშლიდნენ. მერაბიშვილი ახლა ციხეშია და ამ ბანიკირის მკვლელობა ერთ-ერთია იმ ბრალდებებიდან, რომელშიც ადანაშაულებენ. ვერც კი წარმოიდგენთ, აქ რა ხდებოდა. ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი ხვდებოდა ამას, მაგრამ ძირითადად ეგონათ, რომ საქართველოში დემოკრატია შენდებოდა, რადგან სააკაშვილი კოლოსალურ თანხებს ხარჯადა პიარზე. 
_ როცა განცხადება გაარცელეთ, დაწყნარდით, საფრთხეს აღარ გრძნობდით? 
_ ერთი თვის განმავლობაში, როცა მორიგ მიტინგზე მივდიოდი, ჩემი დაცვის უფროსი ძალიან ნერვიულობდა _ ჩემთან მოჰქონდა ,,რეალური მტკიცებულები’‘ იმისა, რომ დღეს ხიდთან აგვაფეთქებდნენ ან სნაიპერები, რომლებიც სახურავებზე ისხდნენ, გვესროდნენ. მას სპეციალურად უგზავნიდნენ ცრუ სიგნალებს. ბუნებრივია, საშიშროება, მართლაც, არსებობდა. სახლიდან ყოველი გასვლისას ცოლს ისე ვემშვიდობებოდი, როგორც უკანასკნელად. 
_ როგორ აფასებდით თქვენ შანსებს ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად? 
_ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, მათგან განსხვავებით. ისინი ხომ აქ ყველაფერს აკონტროლებდნენ. ამერიკელები და ევროპელები ბოლო მომენტამდე ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი გაიმარჯვებდა. ეგონათ, მათი პარტია 60%-ს მიიღებდა, თუმცა არჩევნების მიჯნაზე ნათელი გახდა, ხალხი ვის მხარეს იყო. სააკაშვილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიტინგზე არათუ ხალხის შეკრებას, სტადიონის შევსებასაც კი ვეღარ ახერხებდა. ხალხის შეკრების იდეა კი მე ,,ვუკარნახე’‘. ერთ-ერთ თანაგუნდელს ტელეფონით სპეციალურად ვუთხარი: როგორი იდიოტია, კამპანია იწურება და იმასაც ვერ მიხვდა, ხალხი მიტინგზე გამოეყვანა-მეთქი. მათ ეს მოისმინეს და მიტინგის ორგანიზება გადაწყვიტეს, რაც აბსოლუტური მარცხი იყო. ჩვენს მიტინგზე 28 სექტემებერს თითქმის მთელი ქალაქი _ 800 ათასი ადამიანი მოვიდა. ამ პირობებში არჩევნების გაყალბება მათთვის გართულდა.
_ როგორ ფიქრობთ, ხალხი რატომ გიჭერდათ მხარს?  
_ ხალხს ადრე ნანახი არ ვყავდი, თუმცა ჩემ შესახებ ბევრი იცოდა. არასოდეს ვამბობდი იმას, რასაც ვაკეთებდი, თუმცა ინფორმაცია ჟონავდა. მე ხომ 20 წლის განმავლობაში ქვეყანას ვეხმარებოდი, ამას როგორ დამალავ?! ასობით კილომეტრი ასფალტი დავაგე, იმ ადგილებშიც კი, სადაც სატვირთო მანქანებიც კი ვერ დადიოდნენ. სხვა ბევრი საქმეც გავაკეთე. 
_ ასეთი ტიპის პროექტებზე რამდენი დახარჯეთ?
_ ჯამში სამ მილიარდზე მეტი. მათ შორის, ხელისუფლების დახმარებისთვის, რაც ოფიციალურად არ ფორმდებოდა. ჩემსა და ჩემ ოჯახზე კი ხუთ მილიონზე მეტს წელიწადშე არ ვხარჯავ. არჩევნებზე კი, პრაქტიკულად, არაფერი დაგვიხარჯავს. რეკლამებიც კი არ გვქონდა. ყველა მედიასივრცე ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დაკავებული, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. ჩემი შვილი ბერა ძალიან დამეხმარა _ რეგიონებში თავის კონცერტებზე ათასობით ადამიანს აგროვებდა. ჩემი მხრიდან საკმაოდ ბევრი ეშმაკური ნაბიჯი გადავდგი, რის საფუძველზეც გავიმარჯვეთ. მაგალითად, პარტიის შექმნის შესახებ ჩემი განცხადებიდან სამი დღის შემდეგ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვა, რაც ამერიკელებსა და ევროპელებს არ მოეწონათ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას უნდოდა, ჩემთვის მოქალაქეობა დაებრუნებინა, რაც მისი მხრიდან ლამაზი ჟესტი იქნებოდა. ჩვენ ეს ფაქტი თავიდან უნდა აგვეცილებინა. ამიტომ ერთ-ერთ მიტინგზე ხმამაღლა განვაცხადე _ აბა, ერთი, გაბედოს და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს-მეთქი და ა.შ. ვიცოდი, მის სულში წინააღმდეგობები დაიწყებოდა. ის საკმაოდ პრიმიტიული ადამიანია. ასეც მოხდა. მოქალაქეობა არ დამიბრუნეს და უცხოელებთან ურთიერთობაში ეს კოზირი ჩემ ხელში დარჩა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკა კარგად ვიცი, მას ბევრი ასეთი ფოკუსი მოვუწყვე.
_ არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდით, თუმცა სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა. ასეთ პირობებში როგორ მუშაობდით? 
_ ერთი წლის განმავლობაში განძრევის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ნებისმიერი დაკავება, ნებისმიერი დაკითხვაც კი აშშ-სა და ევროპას ფეხზე აყენებდა. ახლა ისინი მოეშვნენ, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ ვუმტკიცებდით, რომ ქვეყანას დამნაშავეები მართავდნენ. ჩვენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დავაკავეთ, ეს იყო მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შევძელით. გენერალური პროკურორი ადეიშვილი კი ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაიქცა. 
_ თქვენი პარტიის დასახლება ,,ქართული ოცნება’‘ ვინ მოიფიქრა? 
_ ბერამ. მის სტუდიას ასე ჰქვია _ ,,ქართული ოცნება’‘. ბერამ ჩემ გამო ორი წელი დაკარგა, ახლა ისევ წავა ამერიკაში, სადაც ორი ახალი პროექტი იწყება. მას ბევრი სიმღერა აქვს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 
_ როცა გაიმარჯვეთ, პირველ რიგში, რა ამოცანები დაისახეთ? 
_ მთავარი სწორი მიმართულების გაკეთება იყო. ახლა გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი გუნდი, ხელისუფლება ევროპული ქვეყნების ხელისუფლებას არ ჩამორჩება. კორუფცია არ არის. ისინი პროფესიონალები არიან და ხელფასზე კეთილსინდისიერად მუშაობენ. უფრო სუსტებიც არიან, სადღაც 20%, მაგრამ ისინიც კარგად მუშაობენ. მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ საოცრება მოვახერხეთ. 
_ რითი შეგიძლიათ დღეს იამაყოთ? 
_ პირველ რიგში, იმით, რომ პოლიცია, რომელიც ადრე საკუთარ ხალხს ჩაგრავდა, მთლიანად გადაეწყო და ევროპული ტიპის გახდა. ახლა ხალხი მათ ენდობა.
_ თუმცა ყოველთვის ამბობდით, რომ ეს სააკაშვილის დამსახურებაა. 
_ გეთანხმებით, ჩვენ ამ მიღწევებს ვიყენებთ, მაგრამ კორუფცია ზედა რგოლში იყო. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავად გამდიდრებულიყო. 
_ თუმცა მან საკმაოდ მკაცრი სისტემა შექმნა. ყველამ შეწყვიტა ქრთამის აღება, რადგან ეშინოდათ. თუ შიში გაუქრებათ, შემდეგ რა იქნება? 
_ ახლა მკაცრი სისტემა არ არის, თუმცა კანონს ყველა იცავს. 
_ და ეს როგორ მოახერხეთ? 
_ ქართველები თავისუფლებისმოყვარული, კულტურული ერია. სააკაშვილი კი მათ ფეოდალიზმისკენ ექაჩებოდა. ის, რეალურად, დემოკრატი კი არა, ფეოდალია. მას რვა საპრეზიდენტო სასახლე ჰქონდა ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ნახევარ საათში ჩახვალ. ასეთ პრეზიდენტს მსოფლიოში ვერ იპოვით. მას ორი თვითმფრინავი ჰყავდა, ორი ვერტმფრენი და სამი კიდევ შეუკვეთა, რისთვისაც დამატებით 80 მილიონია საჭირო. პოლიტიკიდან წასვლამდე ყველა მეკითხებოდა, დაიჭერენ თუ არა სააკაშვილს. ვპასუხობდი, რომ აქ მართლმსაჯულება უკვე მუშაობს, კითხვები რომ არსებობს, ყველამ იცის. რით დამთავრდება ეს, არ ვიცი. 
_ ელიტური კორუფცია როგორ დაამარცხეთ? 
_ თევზი თავიდან ყარს. თუ თავად მართალია, მის ირგვლივაც პატიოსან ადამიანებს იკრებს. გუნდში დემოკრატია დავნერგე და სრული ნდობა დავიმსახურე. ყველას შეუძლია, როგორც თანასწორს მეკამათოს, დაიცვას საკუთარი მოსაზრება. ამასთან, მშვენივრად ესმით, რომ ჩემი მოტყუება არ შეიძლება. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ახლობელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჩვენი პარტიის შტაბს ხელმძღვანელობდა, შეცდომა დაუშვა და მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა. ის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დროს, უამრავი ცნობილი ქართველის შესახებ კომპრომატებით დახუნძლული ვიდეოთეკა შექმნა. ამ სამსახურში 40 ათასზე მეტი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინახებოდა. ამ გადაღებებისთვის, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა. აი, როგორ გამოიყენა ეს ვიდეოთეკა ჩვენმა კოლეგამ: იმის გამო, რომ მისი მისამართით რაღაც ცუდი დაიწერა, ინტერნეტში ატვირთა იმ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელსაც პუბლიკაციის გამავრცელებლად მიიჩნევდა. ამ კადრებში გარკვეული სექსუალური სცენები იყო, საიდანაც ნათელი ხდებოდა, რომ ეს ადამიანი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო. ჩვენ ვიდეოთეკა საჯაროდ, სრულად გავანადგურეთ. ჩვენს კოლეგას კი კანონის წინაშე გაასამართლებენ. მეორე მაგალითი: სოფლის მეურნეობის მინისტრი. ის თითქმის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. მისმა თანამშრომლებმა არასაჭირო ტრაქტორები შეიძინეს. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა კორუფციის ფაქტი, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს. 
_ და დარწმუნებული ხართ, რომ გუნდი უთქვენოდ აბსოლუტურად სწორად იმოქმედებს?
_ ყველა ხედავს, რომ ჩვენთან შეცდომებს არ პატიობენ. მეტი არაფერია საჭირო. საქართველო პატარა ქვეყანაა, ადამიანების შერჩევისას მათ ვეუბნებოდი: შენ შეგიძლია მომატყუო ერთხელ და ორჯერ, თუმცა მესამედ მაინც გამომჟღავნდები. საქართველოში კორუფცია აღარ იქნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ერთეული შემთხვევები, შესაძლოა, იყოს კიდეც, როგორც ეს ევროპაში ხდება ხოლმე, თუმცა არა მასშტაბურად. ამის ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ. ხალხს ამის სიტყვა მივეცი.
_ ახლა რამდენია თქვენი მინისტრების ხელფასი?
_ დაახლოებით 1250-2500 ევრო ხელფასი და ამდენივე პრემია. მათ პერსონალური ავტომობილები ჰყავთ მძღოლებით და დამატებით მცირე პრივილეგიებიც.... 
_ ნანობთ, რომ პუტინს ვერ შეხვდით? 
_ ამის შანსი არ იყო. მე მზად ვიყავი და ხელისუფლებაც შეხვედრისთვის მზადაა., თუმცა საამისო ბაზა არ არსებობს. 
_ თუმცა დავოსში მედვედევთან შეხვედრა ხომ შედგა, რაზე ისაუბრეთ? 
_ ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ. უბრალოდ, ერთმანეთი გავიცანით. 
_ საქართველოს მოქალაქეობა დაგიბრუნეს? 
_ ჯერ კიდევ მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს. პრემიერი ვიყავი და ამ პერიოდში ჩემთვის მოქალაქეობა რომ მოენიჭებინათ, პოსტზე ყოფნის უფლება არ მექნებოდა. ასე მოახერხა სააკაშვილმა ჩვენი კონსტიტუციის დამახინჯება. უზენაესი სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და, ვფიქრობ, დეკემბრის ბოლომდე, საქართველოს მოქალაქეობას აღმიდგენენ. 
_ რუსეთის მოქალაქეობის დაბრუნებას არ გეგმავთ?
_ ჩემი ოჯახის ყველა წევრს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. თუ საჭირო გახდა, რუსეთის მოქალაქეობის დაბრუნება შემიძლია, თუმცა ამის აუცილებლობა ახლა არ დგას. 
_ პოლიტიკიდან რამდენად შორს წახვედით? 
_ ერთი თვე გავიდა და მხოლოდ ერთი, ოდნავ გამოძინება მოვახერხე. მაშინ ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ახლა ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშავებ. ახლა ვფიქრობ, როგორ შეიძლება ხელისუფლებას დავეხმარო. პირობა დავდე, რომ სამოქალაქო სექტორის განვითარებას დავეხმარები. ადამიანებს ხელისუფლების კონტროლსა და კრიტიკას ვასწავლი.
_ დარწმუნებული ხართ, რომ პოლიტიკაში არასოდეს დაბრუნდებით?
_ დიახ, დარწმუნებული ვარ. ამის პირობა დავდე. როგორც გითხარით, გარანტიას გაძლევთ, რომ ხელისუფლება ნამდვილად დემოკრატიას ააშენებს და საქართველოში კორუფცია არასოდეს იქნება. 
_ არ გეშინიათ, რომ როგორც კი გადაუხვევთ ან წახვალთ ყველაფერი დაინგრევა?
_ მე არსად მივდივარ და არც თვალს დავხუჭავ. საზოგადოების აქტიურ წევრად დავრჩები.
რუსუდან შელია

back to top