რატომ არის სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის მომგებიანი- ლია მუხაშავრიას დეტალური განმარტებები

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.
ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“- ამ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რას გულისხმობს დღევანდელი გადაწყვეტილება და რას უნდა ელოდოს საქართველო ამ პრეცედენტის შემდეგ? - „ვერსია“ იურისტს, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთ ლიდერ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

- ეს უზარმაზარი გამარჯვება და წარმატება! 200 წელზე მეტია, რუსეთს ომში ვყავართ ჩათრეული და მგონი, ახლა პირველად მოვუგეთ, თან სამართლებრივი გზით. ომით ვერასდროს მოვუგებთ რუსეთს და ცივილიზაციის გამარჯვებაა, როცა ასეთი პატარა ქვეყანა, ოკუპირებული და ამდენი წელი რუსეთის საჯიჯგნად გამხდარი, ხდება გამარჯვებული 21-ე საუკუნეში. მართლა მჯერა, რომ შევაბიჯეთ განსხვავებულ ეპოქაში, როდესაც პატარა ქვეყანას დიდ აგრესორთან შეუძლია გამარჯვების მიღწევა და ეს ხდება სასამართლოს მეშვეობით, თან ისეთი სასამართლოს მეშვეობით, როგორიც ევროპული სასამართლოა. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა არამარტო სამართლებრივი კუთხით, არამედ, პოლიტიკურითაც. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. საერთოდ, ასეთი რაღაცები ძალიან იშვიათად ხდებოდა აქამდე ან საერთოდ არ ხდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პიონერები ვართ .

- გასაგებია, რომ პრეცედენტი შეიქმნა, ქალბატონო ლია, მაგრამ რას უნდა ელოდოს საქართველო ამ გადაწყვეტილების შემდეგ?

- აგვისტოს ომის საქმის განხილვა რამდენიმე საერთაშორისო სასამართლოში ერთდროულად მიდიოდა . ერთი იყო ევროსასამართლო, მეორე იყო ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და მესამე - ჰააგის ტრიბუნალი, სადაც ინდივიდუალურ სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეების გამოძიება ხდება და მერე სასამართლო განიხილავს. ყოველთვის გამოცანად რჩებოდა, რომელ სასამართლოში იქნებოდა პირველი გადაწყვეტილება გამოტანილი და ახლა ევროსასამართლომ თავის დიდი პალატის ამ პრეცედენტული გადაწყვეტილებით შექმნა სამართლებრივი საფუძველი, რომ იმ ორ დანარჩენ საერთაშორისო სასამართლოშიც დიდი წარმატებით მოვიპოვოთ გამარჯვება იმიტომ, რომ ევროსასამართლომ თქვა, დაირღვა სიცოცხლის უფლებაო; ამასთან ტყვეთა წამების ფაქტებიც დადგენილად ცნო; ცნო ისუც, რომ ადამიანებს დაერღვათ პირადი უსაფრთხოების, ოჯახური ცხოვრების, ქონებრივი საკუთრების უფლებები და ყველა ეს დარღვევა შესაბამისად აისახება იმ სასამართლოების გადაწყვეტილებაშიც და პრეიდიციული ძალა აქვს დღევანდელ გადაწყვეტილებას სხვებისთვის, რომ უფრო წინ წავიდნენ და მეტი სასჯელი დაადონ რუსეთს იმ აგრესიისა და ომისთვის, რაც აგვისტოში გადავიტანეთ.

- საქართველო თუ დანარჩენ ორ სასამართლოშიც მოიგებს დავას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სანქციები დაეკისრება და კომპენსაციის გადახდაც მოუწევს?

- ვფიქრობ, რომ მარტო კომპენსაციის საკითხი არ უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ, ყველამ - მთავრობამ, ინდივიდუალურმა იურისტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენებმა, ვინც მუშაობს, უნდა გამოვიყენოთ, რომ არამარტო კომპენსაცია მოვითხოვოთ და მივიღოთ, არამედ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევცვალოთ დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს და რომელიც ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, ანუ ევროსასამართლომ მარტო ის კი არ თქვა, რომ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული და გარანტირებული უფლებები მშვიდობიანი მოსახლეობის და უდანაშაულო ადამიანების, არამედ, მან თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ, აფხაზეთის ტერიტორიაზეც დეფ აქტო კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაციაო და ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი, რათა ჩვენ მოვითხოვოთ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი დაგვიჭიროს დეოკუპაციის საკითხში, დევნილების დაბრუნებისა და მათთვის იქ სათანადო გარანტიების შექმნის საკითხშიც.

- ესე იგი, დღევანდელი გადაწყვეტილება შეიძლება, განვიხილოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისკენ გადადგმულ ნაბიჯად?

- დიახ, დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ნაბიჯი კი არა, ნახტომიც კია, თუ ამ პოზიციას გავამყარებთ, წინ წავიწევთ და ვიქნებით თანმიმდევრულები, არ დავიხევთ უკან და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ეს შეიძლება, შემობრუნების წერტილი გახდეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ, მსოფლიოში საერთოდ ახალი ეპოქა დაიწყოს ოკუპაციის, აგრესიის და აგრესიული ომების წინააღმდეგ, როგორც სამართლებრივი მექანიზმი.

თათია გოჩაძე