არჩილ გამზარდია: „ივანიშვილს პრობლემა გაუხდა ორი რამ...“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წელი საინტერესო პოლიტიკური ცვლილებებით დაიწყო - ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და წასვლის წინ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ დიდხანს დარჩება მთავარ პოლიტიკურ თემად, რადგან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის პოსტი, არამედ, საკუთარი პარტიაც დატოვა და როგორც თავად აღნიშნა, კერძო ცხოვრებას დაუბრუნდა. ეს კი იმ ფონზე მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე პანდემიური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე პარლამენტი, პრაქტიკულად, ერთპარტიულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. საინტერესოა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ბიძინა ივანიშვილის გარეშე, თუმცა მეორე მხრივ, ოპოზიციაში ივანიშვილის წასვლის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ივანიშვილი მმართველობას არაფორმალურ რეჟიმში გააგრძელებს და როცა საჭიროდ ჩათვლის, უკან ისევე დაბრუნდება, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა. „ვერსიამ“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლა ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეაფასებინა:

- ივანიშვილს თუ საგარეო ფაქტორების და ზეწოლის გამო არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, მაშინ პოლიტიკაში იმ დოზით იქნება ჩართული, რა დოზითაც სურს. ამას გარდა, ისიც ფაქტორია, რომ შეუძლია, რაღაც ხანი მისმა პარტიამ ინერციით გააგრძელოს მუშაობა. მნიშვნელოვან პოსტზე დატოვა ადამიანი, რომელსაც სხვა ტიპის ამბიციები შეიძლება, არ გაუჩნდეს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს აქვს ნულოვანი რეიტინგი, მათ შორის, პარტიის მხარდამჭერებშიც. შესაბამისად, კვირიკაშვილისგან განსხვავებით, მსგავსი ამბიციები კობახიძეს ვერ გაუჩნდება, რადგან მხარდამჭერები პარტიაშიც კი არ ჰყავს, უბრალოდ, იქ ითვალისწინებენ მის სტატუსს და იძულებულები არიან, მიიღონ. ამის გამო ის მშვიდად არის, გახარიაც და კობახიძეც ისე მუშაობენ, როგორც მას სურს. სასამართლო თავის სასურველად დაალაგა, აწყობილი ჩარხები დატოვა და ისინი გააგრძელებენ მუშაობას. როგორც კი ისე ვერ იმუშავებენ, როგორც უნდა, კვლავ ჩრდილოვანი ფორმატით გააგრძელებს ზეგავლენას. ამავდროულად, მას პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაც კი არ გააჩნია, თუმცა რადგან ჩრდილოვან მმართველობაზე მუდმივად იყო ლაპარაკი, ის ახლა შეეცდება, ჩაეხსნას პროცესს, რადგან არც სჭირდება ამ ეტაპზე ჩართვა, თუმცა ისიც მნიშვნელოვანი ფაქტორია , ხომ არ არის ეს საგარეო ზეწოლის შედეგი...

- საგარეო ზეწოლაში აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას გულისხმობთ?

- მხოლოდ ბაიდენის კი არა, ზოგადად, იმ პოლიტიკის ფაქტორს ვგულისხობ, რაც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს. შტატების ადმინისტრაციის შეცვლიდან გამოწვეული, ასევე ევროკავშირის კუთხითაც და ა.შ. იმიტომ, რომ ვნახეთ ქონებრივი ფაქტორების სტატუსები შეცვალა ივანიშვილმა. ბევრი რამე აღარ ეკუთვნის, ამიტომ მის პიროვნებაზე ძნელი იქნება გარკვეული ბარიერების შექმნა, სამაგიეროდ, ზოგი კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, მეორე მხრივ, ფონდი ფონდია... ამიტომ გააჩნია, რამ გამოიწვია ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება და რა სურვილები გაუჩნდება დროთა განმავლობაში.

- არჩილ, პირადად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს და შეგიძლიათ, ახსნათ, პოლიტიკდიან წასვლის გაადწყვეტილება იმ უმძიმეს დროს რატომ მიიღო, როცა პანდემიაა და ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს?
- ივანიშვილს პრობლემა გაუხდა ორი რამ - პოლიტიკა არ აინტერესებს იმიტომ, რომ პოლიტიკოსად ვერ შედგა. მეორე მხრივ, ძალა-უფლების და ზეგავლენის ჩამოშორება არ შეუძლია იმიტომ, რომ ძალა-უფლება უყვარს. წარმოიდგინეთ, როცა ამ ორი ფაქტორის სიმბიოზია, რომ ადამიანს პოლიტიკა არა, მაგრამ ძალა-უფლება სურს, სად შეიძლება, ეს აისახოს? ერთადერთი ესაა ჩრდილოვანი მმართველობის რეჟიმი და ამისკენ ილტვის. საერთო ჯამში, მისი მხრიდან სრულიად წარუმატებელი მართვის შედეგი მივიღეთ. ვნახეთ, დღეს რა სახელმწიფოც გვაქვს და ვნახეთ ისიც, რომ ოპოზიციამ ასე თუ ისე შეინარჩუნა ერთიანობა, რაც თავისთავად, ხელისუფლების წასვლის წინაპირობაა ხოლმე. 
ამას გარდა, თუ დავუშვებთ, რომ პროცესი რიგგარეშე არჩევნებისკენ მიდის, მას ურჩევნია პროცესიდან გაიწიოს და თითქოს მისგან დამოუკიდებლად განვითარდეს ეს მოვლენები. როცა მმართველ პარტიას ძალიან გაუჭირდება და ვვარაუდობ, რომ თუ ივანიშვილი დროებით მაინც ჩაეხსნა ამ ძალა-უფლებას, მისმა დატოვებულმა მემკვიდრეებმა წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება გააკეთონ. ივანიშვილს იზიდავს ეს დრამატურგია, მას მოსწონს, როცა კვანძები იქმნება და შემდეგ, ამას აგვარებს. თუ ამის წინაპირობა იქნება, შეიძლება, ამ სახით მობრუნდეს. ამიტომ ეს ადამიანი არის თავისი მენტალობის პრობლემის ქვეშ, რადგან რა ამბიციებიც ჰქონდა, ვერ შედგა, ვერ მოახერხა იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილი გადაკიდებულია მასზე და ყველამ ნახა, რომ ოფიციალური მონაცამებითაც კი, ნახევარზე ნაკლები ხმა მიიღეს პროპორციულ არჩევნებში და ხედავს, რომ ეს მარცხი იყო. თავად ხომ აცნობიერებს, რანაირად გაიმარჯვა? - სინამდვილეში ის დამარცხებული აღმოჩნდა. 

- თუ დავუშვებთ, რომ ის მართლა წავიდა პოლიტიკიდან, როგორ წარმოგიდგენიათ მმართველ ძალად „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე?
- ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის დროს, ისინი გააგრძელებენ იმას, რასაც ივანიშვილის ხელში აკეთებდნენ. ოღონდ კონტროლის ქვეშ. ბიძინას რაც სურდა, იმას იღებდა და მისი კონტროლის გარეშე შეიძლება, ისიც ვერ მიიღოს და ამ შემთხვევაში კვლავ ზეგავლენის გამოხატვას დაიწყებს. მეორე მხრივ, თუ მოხდა ისე, რომ „ქართული ოცნების“ ამპარტავან წარმომადგენლებს ჩაუვარდათ ხელში ძალა-უფლება და მართლა გაუჩნდათ ამბიცია, რომ ეს შეირგონ, შეიძლება, ბევრად მძიმე შედეგები მიიღოს სახელმწიფომ ასეთი ხელისუფლების პირობებში იმიტომ, რომ პარადოქსია - თუკი ვინმე ხმას აძლევდა „ქართულ ოცნებას“, რის გამოც აძლევდნენ ხმას, ის მიდის და თალაკვაძეს და კობახიძეს ხომ არ მიუღიათ ხმები... 
პრემიერს აქვს გარკვეული მხარდაჭერა „ქართულ ოცნებაში“, თუმცა ვნახეთ, რომ მას ამდენი ბერკეტი არ მისცა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მან თავი დაიზღვია, როცა კვირიკაშვილი იყო პრემიერიც და პარტიის თავმჯდომარეც, ნახა, რომ ის ცდილობდა ძალა-ულებას დაწეოდა, ეს ფუფუნება გახარიას არ მისცა, რადგან ჩანს, რომ გახარიას ბოლომდე არ ენდობა. უბრალოდ, გახარია ძალიან წარმატებულია „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერებში და ამიტომაც შიშის ფაქტორია, რომ გახარიას ზედმეტი არ მოენდომებინა და ამიტომ ეს ყველაფერი მისცა კობახიძეს. პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნა პირი, რომელსაც აბსოლუტურად ნულოვანი ფუნქცია აქვს საპარლამენტო სახელმწიფოში და ა.შ. ამიტომ ასეთ პირობებში მთავარი რისკი ივანიშვილისთვის ისაა, რომ ამ პირებმა მართლა არ მოინდომონ ძალა-უფლების შეფერება.

- „ქართული ოცნება“ მესამე ვადით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ, ივანიშილმა, თავისი წასვლით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის ერთგვარი ფონი მოამზადა. არჩილ, ამ მსჯელობაში ლოგიკას ხედავთ?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგარეო ზეწოლის ფაქტორს დავუშვებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ცდილობდეს ნელ-ნელა ხელისუფლების დათმობის პროცესი დაიწყოს. სხვა შემთხვევაში, თუ მას ეს სურდა, შეეძლო, ჩაეტარებინა კვალიფიციური არჩევნები, დაეთმო ხელისუფლება და საკმაოდ ძლიერი გუნდით შესულიყო ოპოზიციით და წარმოიდგინეთ, რა ხარისხის ოპოზიციას შექმნიდა კოალიციის შემთხვევაში. ეს რომ მას დაეშვა და ახლა ხელისუფლება შეცვლილიყო, დამიჯერეთ, 2024 წელს შეიძლება ბიძინა ივანიშვილი კვლავ ხელისუფლებაში მოსულიყო. ეს არ გააკეთა და მთავარი, საკვანძო შეცდომა მანდ დაუშვა, ამიტომ ბევრად უფრო გაიფუჭა საქმე იმდენად ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას.
თუ დავუშვებთ, რომ ის ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება, გამოდის, რომ იძულებით აკეთებს ამას და მეორე მხრივ, თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ დამარცხდება, მარცხის მიზეზად ივანიშვილი საკუთარ თავს არ დაასახელებს, პირიქით იტყვის, რომ ის რომ აღარ იყო პოლიტიკაში, ამიტომ დამარცხდა და შესაძლოა, ამით გზა დაიტოვოს, რომ მობრუნდეს კვლავ პოლიტიკაში, რა შანსებითა და რესურსებით, ეს უკვე სხვა თემაა.

თათია გოჩაძე

 

თა