Menu
RSS

„წმინდა ციანიდის“ საიდუმლო

„ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს... თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს!“

ყველაფერი ორი წლის წინ, ზუსტად ამ დროს დაიწყო _ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა საზოგადოებას ამცნო, რომ დაკავებული იყო სასულიერო პირი, რომელსაც ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობაში ედებოდა. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია უმაღლესი თანამდებობის პირებმაც დაადასტურეს. უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ ქვეყანა დიდ საფრთხეს გადაურჩა, რადგან დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მოწამვლას აპირებდა.

იმაზე, რომ ერის სულიერი მამა საფრთხეში იყო, პირველი მინიშნება მაშინდელმა პრემიერმა გააკეთა ანუ 2017 წლის 13 თებერვალს, გიორგი კვირიკაშილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ, უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან; აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება. 

პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას. 

გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. 

ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. 

 

მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა“. 

კვირიკაშვილს, როგორც იტყვიან, ფეხი სხვა მაღალჩინოსნებმაც აუწყვეს. მაგალითად, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თავიდან აცილებულ იქნა უმძიმესი დანაშაულის ჩადენა: 

„ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა, მადლობა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა ერთი, რაც მინდა ვთქვა, ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად იქნება დასჯილი“. 

აღსანიშნავია, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირებიც, მაგალითად, მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც, მაღალი სასულიერო პირის თავიდანაცილებულ მკვლელობით აპელირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჩაერთო, სურათი რადიკალურად შეიცვალა ანუ რამიშვილმა, როგორც ადვოკატმა, გაუთქმელობას ხელი არ მოაწერა და საზოგადოებას ამცნო, რომ საგამოძიებო მასალების მიხედვით, დაჭერილ დეკანოზს ბრალი უმაღლესი სასულიერო პირის კი არა, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაში ედებოდა. 

ამის შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა, დეტალურად აღარ განვიხილავთ, რადგან ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. ვიცით ისიც, რომ სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ სცნო და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობისა და ასევე, იარაღი უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. 

მოკლედ, ორი წელია, ახალგაზრდა დეკანოზი, რომელიც თავის დროზე უწმინდესის უდიდესი ნდობით სარგებლობდა, გისოსებს მიღმაა. საერო ხელისუფლების, ამ შემთხვევაში, სასამართლოს პოზიცია გასაგებია. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა, ვინმემ თქვას, მოსამართლემ განაჩენი იმ მასალების მიხედვით გამოიტანა, რა მასალებიც პროკურატურამ წარუდგინაო. 

ასევე, ვინმესთვის შესაძლოა, საერო ხელისუფლების სხვა შტოების პოზიციაც გასაგები იყოს _ „ციანიდის საქმით“ მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირის რეპუტაცია კი არ შეილახა, არამედ ჩირქი მთელ ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას მოეცხო და ისიც ნათელია, რომ ბოლო ორ წელში, მისმა შემოწირულობებმა იკლო, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ ცდილობს საპატრიარქო „ციანიდის ჩირქის“ ჩამორეცხვას? 

ეს არის კითხვა, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს აწუხებს. შეიძლება, ამ თემაზე ცალკეული სასულიერო პირებიც ბჭობენ, მაგრამ დეკანოზ მამალაძის გარშემო მოვლენები უცნაურად ვითარდება ანუ ეკლესია არათუ პასიურობს, არამედ იმასაც დიდი ხმაური და აჟიოტაჟი დასჭირდა, რომ დაკავებული მღვდელმსახური ეზიარებინა. 

ყველაფერ აქედან გამომდინარე, თანდათან ძლიერდება ეჭვი და მოსაზრება, რომ დეკანოზმა რაღაც ისეთი იცის, რომლის გამჟღავნებაც ხელს არავის აძლევს. 

მოგეხსენებათ, პრობლემის მოგვარების ცნობილი მეთოდი ასეთია: არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პრობლემა. ჰოდა, მოსაზრებაც, რომ დეკანოზის სიცოცხლე ვიღაცას, თუ ვიღაცებს ხელს არ აძლევს, ლეგიტიმურია. 

ცხადია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რამდენიმე დღის წინ, პატიმრობაში მყოფ სასულიერო პირს ინსულტი ხელოვნურად განუვითარდა, მაგრამ თუ ფაქტებს მივყვებით, ბევრ საეჭვო გარემოებას აღმოვაჩენთ. 

კერძოდ, სანამ საავადმყოფოში მოხვდებოდა, დეკანოზმა ციხიდან სკანდალური წერილი გამოაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პატრიარქის და საეკლესიო ბიზნესს ფლობს. 

„დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურმა წერილმა მატროსოვის ციხიდან, შესაძლოა, საპატრიარქოში ფრონტის ახალი ხაზი გახსნას. წერილის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია. 

ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პირადად ეს წერილი, მეუფე ანდრია გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი. 

 

დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, წერილის შინაარსის ნაწილი საეკლესიო ბიზნესს ეხება. მისი განცხადებით, გზავნილში საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად კი დაზე. თორნიკე მამალაძე 10 დღეა, საპატრიარქოსთან კარავში ცხოვრობს და დეკანოზის თავისუფლებას და ზიარებას ითხოვს. 

,,ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს _ საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, რომ ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო'', _ განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. 

დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გზავნილმა საპატრიარქოს შიგნით ძალიან დიდი დაძაბულობა გამოიწვია. 

„იქ, ეტყობა, არის მითითებული ისეთი რამ, რაც რეალობასთან ახლოსაა და რაც სიმართლეა. განუდგა ყველა და თითქოს, შიდა სამზარეულოს დალაგების პრინციპით კი არ წასულან, აი, დღეს რომ აქვთ მოწოდება, რომ აბსოლუტურად ყველანაირად ცდილობენ გარკვეული პირები, რომ არ მოხდეს მამა გიორგის შეწყალება. ამის ფაქტი ჩვენ გვქონდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს, ორჯერ შეტანილ განცხადებაზე საპატრიარქოდან იყო მოთხოვნა, რომ არ შეეწყალებინა, ეგ არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ყველანაირად ხელს უშლიან, რომ მამა გიორგის მიმართ შეწყალების აქტი გამოვიდეს'', _ ციტირებდა ქართული ინტერნეტმედია ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სიტყვებს.

ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა _ საპატიმროში დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე გაირკვა, რომ სასულიერო პირს ინსულტი ჰქონდა. 

სხვათა შორის, დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მედიას განუცხადა, რომ ექიმები ზუსტ დიაგნოზს „ქართული ოცნების“ დეპუტატის მითითებით მალავდნენ. ეს დეპუტატი კი, როგორც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, ელგუჯა გოცირიძეა: 

„პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ ინსულტი აქვს, თუმცა ამის გავრცელებისგან თავს იკავებენ. ჩემი ძმის მდგომარეობა დამძიმდა, პარალიზებულია, მეტყველება უჭირს... ელგუჯა გოცირიძე, ჩემი აზრით, ზეწოლას ახდენს ექიმებზე, რომ საზოგადოებამ სრული დიაგნოზი არ გაიგოს. 

მინდა, ჩემი ძმა ცოცხალი დაუბრუნდეს ოჯახს! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან ვითხოვთ, რომ ჩემი ძმის შეწყალებით, პრეზიდენტს მიმართოს!“ 

მიმართავს თუ არა უწმინდესი პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით? _ ეს „ციანიდის საქმეში“ ახლა ყველაზე მთავარი ინტრიგაა, თუმცა სკეპტიკოსები და ისინიც, რომლებიც საპატრიარქოს კარის თამაშებს ზედმიწევნით კარგად იცნობენ, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეკლესია ამ ნაბიჯს არ გადაგამს. 

რატომ? _ ამის შესახებ მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება. 

ერთ-ერთი მთავარი ვარაუდი კი ისევ ის არის, რომ თავისუფლებაში მყოფი სასულიერო პირი ბევრისთვის მიუღებელია. სხვათა შორის, ამ ვარაუდს დეკანოზის ძმის განცხადებაც ამყარებს. 

„ჩემი ძმის ამ მდგომარეობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და თავის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, ჩემს ძმასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან, რადგანაც ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს, რადგანაც თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს'', _ განუცხადა რამდენიმე დღის წინ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს. 

რა იცის დეკანოზმა ისეთი, რომლის გახმაურებაც სასულიერო და საერო ხელისუფლებას სიმშვიდეს დაურღვევს? _ როგორც ამბობენ, ძაღლის თავი ბიზნესში ანუ უფრო სწორად, ძალიან დიდ შავ ფულშია დამარხული. 

ზოგადად, ეკლესიაში რომ დიდი ფული ტრიალებს, ეს უცხო არავისთვისაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქო სოლიდურ თანხას იღებს. საპატრიარქო ამბობს, ეს თანხა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა და რესტავრაციაზე იხარჯება. შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ ისიც თვალშისაცემია, რომ ბიუჯეტის ფული მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია-მონასტრებზე არ იხარჯება და ზოგჯერ, შესაძლოა, სასულიერო პირების მერკანტილურ მიზნებსაც ხმარდება. 

სხვათა შორის, არსებული ინფორმაციით, დეკანოზ მამალაძეზე შური ზუსტად იმის გამო იძიეს, რომ მან გავლენიანი სასულიერო პირების შავ ბიზნესებს მიაგნო და ამის შესახებ საქმის კურსში უწმინდესი უნდა ჩაეყენებინა. 

საერთოდ, ენას ძვალი არ აქვს და ათას რამეს იტყვის. ასე, მაგალითად, ზოგი იმასაც ამბობს, რომ თავად მამალაძეც არ არის წმინდა წყლის. შესაძლოა, ასეც არის და ამას ჩვენ არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ, თუმცა ობიექტურობისთვის, გაგაცნობთ ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის სტატუსს, რომელიც მან სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დაკავებული დეკანოზი საავადმყოფოში მოხვდა: 

„მოკლედ, ერთი წელია ვუყურებ ამ პროცესს და ხმა არ ამომიღია, არც ახლა ვეხები მის მონაწილეობა-არმონაწილეობას ,,ციანიდის საქმეში'', რადგან მტყუან-მართალი არ ვიცი, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველასგან ცრუ გმირებს ვქმნიდეთ: ამოვიდა ყელში! ის, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს, ის არის, რომ არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯისთვის დაიხოკავდა ლოყებს და ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს: თავისუფლების შეზღუდვის გამო კი, რა თქმა უნდა. 

ძალიან მოკლედ: რამდენიმე წლის წინ, ჩვენს სასტუმროში ულამაზესი ცისფერი ანაფორით (თავიდან მხოლოდ ანაფორის უჩვეულო ფერმა მიიქცია ყურადღება), ახალგაზრდა მამაო შესახლდა საკმაო ხნით. ისე გავიდა მისთვის განკუთვნილი დღეები, რომ ახალგაზრდა მამაო ცოცხალი თავით ფულის გადახდას არ აპირებდა, რომ არა თანამშრომლების მოხერხება: ცოტა ხნით მამაო სასტუმროდან გასულად დაიგულეს და მის თანმხლებს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალბატონს პასპორტი გამოართვეს, რის გარეშეც ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა და მხოლოდ ამ გზით მიიღო სასტუმრომ კუთვნილი ანაზღაურება. 

არავისი საქმე არ იყო ეს, რომ არა მისგან ყალბი გმირის შექმნისა და საზოგადოებისთვის შეტყუების დაუსრულებელი მცდელობა. არანაკლები მორალურ-ზნეობრივი „ავტორიტეტით“ სარგებლობს ის ბათუმშიც. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, აღადგინეთ სამართლიანობა მის საქმეში, თუ აღსადგენია, მაგრამ შეწყვიტეთ მისგან „გმირის“ შექმნის მცდელობა!“ 

მოდით, გავყვეთ ვერსიას, რომ დაკავებამდე დეკანოზი, სხვა სასულიერო პირების და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, ანგელოზივით არ ცხოვრობდა. შესაძლოა, ცოდვილიც არის და თუნდაც მაშინ, სანამ კაბას ჩაიცვამდა, მრუშობდა ან რამე არაეკლესიურსაც აკეთებდა, მაგრამ ეს იმის საპირწონედ ნამდვილად არ გამოდგება, რომ მკვლელობის მცდელობის გამო იყოს მსჯავრდებული. 

ბუნებრივია, გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც შემოგვეკამათებიან, მამალაძის დანაშაული სასამართლომ დაადასტურაო, მაგრამ ჯერ ერთი, ყველამ კარგად ვიცით, როგორი სასამართლოც გვაქვს. მეორეც, რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ სასამართლო შეცდა? 

ასევე, რატომ უნდა ვირწმუნოთ გამოძიების, რომელმაც ვერ დაადგინა, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი, რომლითაც, თურმე, შორენა თეთრუაშვილის იმქვეყნად გასტუმრებას გეგმავდა? 

დიახ, ამ საქმეში ეს ერთ-ერთი ყველაზე საჩოთირო თემაა, რომელზეც არც საგამოძიებო უწყება ლაპარაკობს და ისინიც, რომლებსაც დეკანოზის დამნაშავეობა უპირობოდ სჯერა, დუმან. არადა, გინახავთ სადმე, ადამიანს უმძიმეს ბრალდებას უყენებდნენ, მაგრამ ვერ ადგენდნენ, დანაშაულის იარაღი, ამ შემთხვევაში, ვისგან შეიძინა? 

რადგან ციანიდის წარმომავლობა გარკვეული არ არის, რასაკვირველია, ჩვენ, საზოგადოების წევრებს გვაქვს სრული უფლება, ვიფიქროთ, რომ გიორგი მამალაძეს, რომელიც აეროპორტში იმ დროს აიყვანეს, როცა გერმანიაში მიემგზავრებოდა, საწამლავი ჩაუდეს. ამ მოსაზრებას ადვოკატების ინფორმაციაც ამყარებს ანუ უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმეში არ ჩაიდო აეროპორტის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები. 

რატომ? _ ესეც „წმინდა ციანიდის“ კიდევ ერთი რიტორიკული კითხვაა. 

ახლა, რაც შეეხება მამალაძის შეწყალებას, რომლის მოთხოვნითაც, სხვათა შორის, რამდენიმე დღეა, საპატრიარქოს წინ კარავია გაშლილი და დეკანოზის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, რომ ვიდრე პრეზიდენტობის ვადას ამოწურავდა, გიორგი მარგველაშვილი ჰუმანურობას გამოიჩენდა და დეკანოზს შეიწყალებდა, მაგრამ მარგველაშვილი შინ ისე წავიდა, რომ ციხეში მყოფი სასულიერო პირი არც გახსენებია. 

რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დეკანოზი? _ ამ თემაზე მარჩიელობა რომ არ გამოგვივიდეს, მოდით, ოფიციალურ განცხადებებს დავეყრდნოთ. 

მოკლედ, 18 თებერვალს, საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა სკანდალური განცხადება გააკეთა: 

„ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა''. 

მაშასადამე, რა გამოდის? _ გამოდის ის, რომ არათუ ცალკეულ სასულიერო პირებს, არამედ, იგივე საერო ხელისუფლებასაც არ აწყობს, რომ დეკანოზი თავისუფლებაზე იყოს. თუმცა მიტროპოლიტის ზემოხსენებულ განცხადებას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა. 

„მაშინ, პირადად ჩემი ინიციტივით, განსაკუთრებული გარემოებით, კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე. როგორც დებულება ითვალისწინებდა, კომისიის ყველა წევრს დადებითი პასუხი უნდა გაეცა ანუ კონსენსუსით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა რეკომენდაცია, რაც ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე. 

მაშინ პრეზიდენტმა გაიზიარა კომისიის ეს დამოკიდებულება და მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება არ გამოუყენებია. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი ამაზე მარგველაშვილთან და არასოდეს ამ საუბრის დროს არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები'', _ განაცხადა ზვიად ქორიძემ მეუფე დანიელის საპასუხოდ. 

სხვათა შორის, მეუფე დანიელის განცხადება დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმაც აბსურდულად მონათლა და აღნიშნა, მარგველაშვილი მზად იყო, რომ დეკანოზი შეეწყალებინა, მაგრამ გადაწყვეტილება საპატრიარქოდან შეაცვლევინესო: 

„წარმოუდგენელია, რომ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის ამ საკითხზე რაიმე სახის კონსულტაციები მომხდარიყო. მათ შორის ასეთი კარგი ურთიერთობა არ ყოფილა და ეს საკმაოდ აბსურდული განცხადებაა. ეს იყო მარგველაშვილის პირადი გადაწყვეტილება, რადგანაც მან ეს დაკვეთა საპატრიარქოდან მიიღო. ორჯერ შევიტანეთ განცხადება და მისი სიტყვებიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ ის დეკანოზის საქმეში ბევრ უზუსტობას ხედავდა. 

ასევე, შეწყალების კომისიის წევრებთან გვქონდა პირდაპირი კონტაქტი და ყველაფერს დეტალურად ვაწვდიდით. მიუხედავად ამისა, მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. მეუფე დანიელის განცხადება იმის მცდელობაა, რომ დეკანოზის მძიმე მდგომარეობის გადაბრალება ვინმეზე მოხდეს. ეს იყო პირდაპირი მითითება საპატრიარქოდან, რომელიც მან შეასრულა“. 

თუ გავყვებით ადვოკატ რამიშვილის ვერსიას, რომ მარგველაშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი საპატრიარქოდან ათქმევინეს, ლოგიკას ნამდვილად დავინახავთ და აი, რატომ: 

დასამალი არავისთვისაა, რომ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მარგველაშვილის მეგობარია ანუ თუ საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლისთვის დეკანოზი მამალაძე საფრთხის შემცველია, რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ცალკეულმა სასულიერო პირმა, მარგველაშვილთან მეუფე შიოს ურთიერთობა გამოიყენა და მაშინდელმა პრეზიდენტმა მამალაძე ზუსტად ამის გამო არ შეიწყალა? 

ზოგადად, „ციანიდის საქმეს“ ძალიან ბევრი შავი მხარე აქვს, რომელსაც ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ. მოქმედმა პრეზიდენტმა დეკანოზი რომც შეიწყალოს, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ენას კბილი თავად მამალაძემაც დააჭიროს. ასეთი ეჭვის საფუძველს კი საქართველოს ეკლესიის არცთუ შორეული წარსული იძლევა _ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი დააკავეს. დაკავების დროსაც და შემდეგაც ამბობდნენ, რომ კერატიშვილი საეკლესიო ინტრიგებს შეეწირა. ამასთან, „კერატიშვილის საქმეზე“ სხვა ჭორ-მართალიც ვრცელდებოდა. მას შემდეგ, რაც კერატიშვილმა საპატიმრო დატოვა, გაჩნდა მოლიდინი, რომ მისი დაკავების ბურუსით მოცულ საქმეს ნათელს მოჰფენდა და ყველაფერს გაასაჯაროვებდა, მაგრამ კერატიშილი ისე გარადაიცვალა, რომ ბევრი არაფერი უთქვამს. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, ამბობენ, რომ პოლიტიკური რეჟიმების შეცვლის მიუხედავად, ყოფილ სასულიერო პირს მაინც ჰქონდა შიშის განცდა. ასე რომ, საიდუმლო, რეალურად რატომ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, მიტროპოლიტმა საიქიოში წაიღო. 

ამ მაგალითის გათვალისწინებით, დეკანოზი მამალაძე ოდესმე ყველაფერს იტყვის, თუ მხოლოდ ნახევარ სიმართლეს მოგვიყვება, არავინ იცის! 

ასეა თუ ისე, „წმინდა ციანიდი“ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ეპიზოდია. ეპიზოდი, რომელიც ძალიან ბევრ საიდუმლოს მალავს, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ „არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს!“

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში