Menu
RSS

საქართველოს ბანკი, „რედკო“ და „ანაგი“ თანამშრომლობას იწყებენ

კომპანიები რეგიონალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებენ

საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია ,,რედკო'' და სამშენებლო კომპანია ,,ანაგი'' თანამშრომლობას იწყებენ. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, მხარეებმა 14 თებერვალს, სასტუმრო ,,რედისონში'' გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. სამი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკის ფინანსურ პარტნიორობას გულისხმობს. ამ პარტნიორობის შედეგად, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია ,,ანაგი'', დეველოპერული კომპანია ,,რედკოს'' მიმდინარე და ახალ პროექტებს განახორციელებს.

,,რედკოს'' გენერალური დირექტორის, მალხაზ კუნელაურის განცხადებით, კომპანია საქართველოს ტურისტული რეგიონების განვითარებაზე ზრუნავს: 

,,გენერალური გეგმის მიხედვით, ,,რედკო'' გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრებს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის ,,რედისონ ბლუ გუდაურს''. ასევე, 2019 წლის გაზაფხულზე, ,,რედკო'' ბათუმში, საერთაშორისო ბრენდის Le Meridien-ის სასტუმროს გახსნასაც გეგმავს. ამ პროექტის განსახორციელებლად, კომპანიამ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო''. 

როგორც მალხაზ კუნელაურმა აღნიშნა, პარტნიორებთან ერთად, ,,რედკო'' თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა: 

,,ფაქტობრივად, დღეს დავიწყეთ თანამშრომლობა და გუდაურის ტერიტორიაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. შესაბამისად, სამშენებლო პროექტებს ,,ანაგი'' გადაიბარებს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ბანკს, დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ, მაგრამ ამიერიდან, უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობა გვექნება. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები, მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და მეტ დასრულებულ ობიექტს ნიშნავს. თავის მხრივ, ეს მეტ ფინანსურ რესურსს ნიშნავს ეკონომიკაში, რაც ბიზნესისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარების საწინდარია'', _ განაცხადა მალხაზ კუნელაურმა. 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკი, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. მისი თქმით, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს ბიზნესს, როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას: 

,,მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ვფიქრობთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდება, როგორც რეგიონის, ასევე ადგილობრივი სამშენებლო სექტორისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას''. 

,,ანაგის'' გენერალური დირექტორმა, ირაკლი გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ პარტნიორობით, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს კერძო სექტორს და მისი ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანია: 

,,30 წელია, ,,ანაგი'' ქართულ ბაზარზე ოპერირებს და სამშენებლო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული 250-ზე მეტი სამშენებლო პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია ,,გალერია თბილისი'', ,,ისთ ფოინთი'', ბათუმის ,,ჰილტონი'', ,,თბილისი გარდენსი''. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობა, როგორებიც ,,რედკო'' და საქართველოს ბანკი არიან. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს, რაც რეგიონალური ბიზნესის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს''. 

სამი მსხვილი კომპანიის პარტნიორობა საქართველოს მთის კურორტის, ამ შემთხვევაში, ახალი გუდაურის განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის'' დირექტორმა, თამაზ გამცემლიძემ აღნიშნა, რომ საქარველოს კურორტებს და განსაკუთრებით გუდაურს, განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს: 

,,მიუხედავად ამისა, მთის კურორტებზე ჯერ კიდევ არსებობს სხვადასხვა სახის პრობლემა, მაგრამ მთავარია, რომ ეს გამოწვევა გაცნობიერებული გვაქვს და მოკლე დროში, ნებისმიერ პრობლემას ერთობლივად მოვაგვარებთ. ვგულისხმობ პარკინგების სიმცირეს, საცობებს, დასუფთავების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება და ყოველ წელიწადს, განსხვავებული კურორტები დაგვხვდება საქართველოში. სატრანსპორტო გეგმა აუცილებლად შეიცვლება, ძირითადი აქცენტი კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთდება. რამდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯება იმისთვის, რომ მთის კურორტებში არსებული პრობლემები მოგვარდეს''. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში