Menu
RSS

მიშას გენეტიკური ტრიუკი

რა დაჯდა ექსპრეზიდენტის თითქმის 99%-იანი ქართველობის დადგენა და რა რყევებია გაერთიანებულ ოპოზიციაში

 

ზოგისთვის ის ძალიან საქმიანია, ზოგისთვის კი _ ერთი ჩვეულებრივი დამნაშავეა, რომელიც, ადრე თუ გვიან, „მატროსოვის“ ბინადარი გახდება, თუმცა „მატროსოვამდე“, აქტუალური ქართული ანდაზაა, რომელიც უსაქმურ კაცსა და მახათს ეხება. თუ ვერ მიხვდით, საუბარი საითკენ მიგვყავს, მაშინ პირდაპირ გეტყვით _ გიხაროდენ, მიხეილ სააკაშვილი „თითქმის 99 პროცენტით ქართველია“ და ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა თავად გვამცნო.

„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული _ ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე აშშ-ში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ, ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. 

არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით, ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია. 

აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა, ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას'', _ დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს. 

მიშას გენეტიკურ კვლევას, იგივე სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ანუ ადამიანების უმეტესობა ამ ინფორმაციამ ხუმრობის განწყობაზე დააყენა. 

„დნმ-ის ტესტი ჩავიტარე და პასუხი არაბულად მომივიდა“; „გენეტიკური ანალიზი ჩავიტარე და ... ფარსმან რომელიღაცამ სიამაყით გადმომხედა იქიდან...“; „გენეტიკური ტესტი გავიკეთე და 99%-ით ვატო შაქარიშვილი ვარ და 1%-ით _ გიორგი მაისურაძე“; „განმეორებითი გენეტიკური ტესტი გავიკეთე და 99%-ით აკადემიური საზოგადოება ვარ, 1%-ით _ სოვდაგარი“, _ წერდნენ სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები. 

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართველი პოლიტიკოსი ხაზს თავის წარმომავლობას უსვამს. ამ მხრივ, პიონერად პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ითვლება, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ გაგვიმხილა, რომ ის არათუ ქართველი მეფეების, არამედ თვით მუჰამედის შთამომავალიც არის. 

ზოგადად, ჩვენს რეალობაში ამა თუ იმ პირის წარმომავლობით ზომაზე მეტად ვინტერესდებით ხოლმე და, როგორც წესი, ცნობილი ადამიანი საზოგადოების ნაწილისგან ან სომეხად ცხადდება, ან ებრაელად. უფრო მეტიც, იგივე სოციალურ ქსელში, ერთხანობას ძალიან აქტიურად ვრცელდებოდა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი, თუ მოქმედი ლიდერების შესახებ ინფორმაცია, რომ ისინი არაქართველები არიან (ამ ფეიკინფორმაციაში, თითოეული პოლიტიკური ლიდერის სომხური გვარიც იყო აღნიშნული). 

რატომ იტარებენ ცნობილი ადამიანები გენეტიკურ ტესტს? _ ხალხი ფიქრობს, რომ მათ საკუთარ წარმომავლობაში შესაძლოა, ეჭვი ეპარებათ და ამიტომაც ცდილობენ, დაადგინონ და გაიგონ, სინამდვილეში ვისი შთამომავლები არიან. 

ერთი შეხედვით, იმაში ცუდი არაფერია, რომ ადამიანმა საკუთარი გენეალოგია იცოდეს და მარტო დედისა და მამის მშობლების კი არა, არამედ მათი მშობლების, კიდევ მათი მშობლებისა და კიდევ მათი მშობლების სახელებიც გაიგოს, მაგრამ როცა გენეტიკაზე სააკაშვილი საუბრობს, ეს მართლაც, ღიმილის მომგვრელია და ამის მიზეზი თუნდაც ის არის, რომ მის გულწრფელობაში მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი დარწმუნებული არ არის. 

კარგი, დავუშვათ, რომ სააკაშვილი, როგორც თითონ ამბობს, „თითქმის 99 პროცენტით“ ქართველია და ეს სიმართლის ბოლო ინსტანციაა, მაგრამ აქედან გამომდინარე, რატომ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ ის კვლევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა და რომელშიც საუბარი სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე იყო? 

როგორც 2006 წელს, ქართული მედია წერდა, ევროპის შვიდმა ავტორიტეტულმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლა. დასკვნაში, რომლის შემდგენლებადაც ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრი, ოსლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფინეთის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, კიოლნის ნერვული დაავადებების ცენტრი, ჟენევის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ვენის ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი და ამსტერდამის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი სახელდებოდა, ნახსენები ყოფილა ფრაზა _ „ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი“. 

„ევროპელმა ფსიქიატრებმა, სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობით დაიწყეს და სწორედ იქ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა. რადგან სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან, თანატოლებისგანაც გარიყული აღმოჩნდა. ჩაკეტილი ბიჭი იყო და უჭირდა კლასელებთან ურთიერთობა, თუმცა მაღალ კლასებში, ის სკოლის თეატრალურ წრეშიც იყო და წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. თეატრით გატაცებულმა მოზარდებმა სამოყვარულო ფილმების (მათ შორის პორნოგრაფიული შინაარსის) გადაღება დაიწყეს, რასაც სკანდალი მოჰყვა და მიხეილ სააკაშვილს თბილისის დატოვება მოუხდა. ის კიევში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ მორიგი სკანდალის შემდეგ, კომკავშირიდან გარიცხეს და ხმაური რომ ჩამცხრალიყო, ჯარში წავიდა... 

...სააკაშვილი არის შინაგანად დაძაბული, ნევროზული, ეჭვიანი და ემოციურად გაუწონასწორებელი. მისი ჟესტიკულაცია, სიარულის მანერა და აღნაგობა ნორმებიდან ამოვარდნილია. უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ. ამ დროს იბნევა, ვრცელ, არაფრისმთქმელ ფრაზებს იშველიებს, რომლებიც შორს არის პასუხისგან. ერთი თემიდან მეორეზე გადადის. ამით ცდილობს ოპონენტის მოგერიებასა და დაბნევას. როგორც ისტერიულ ტიპს, ახასიათებს სპონტანურობა და აქვს შოუმენის ნიჭი'', _ ნათქვამი იყო სტატიაში, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის დროს გამოქვეყნდა. 

დანამდვილებით არავინ იცის, ევროპელმა ფსიქიატრებმა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა მართლა შეისწავლეს თუ არა, ასევე უცნობია, თუ შეისწავლეს, რატომ დაინტერესდნენ ყოფილი პრეზიდენტის „სულიერი მდგომარეობით“, მაგრამ ხომ იცით, უკვამლოდ ცეცხლი არასოდეს ჩნდება, თან მიშას ჟესტიკულაციები, მიმიკები და ზოგჯერ გამონათქვამებიც კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მის თავში „სხვა ცეცხლი“ „ანთია“. 

ჰოდა, ალბათ, სწორედ ამ ცეცხლმა მოუარა და გენეტიკური ექსპერტიზაც ამიტომ ჩაიტარა, თუმცა მედალს, ხომ იცით, მეორე მხარეც აქვს ანუ შეიძლება, ექსპერტიზა სულაც არ ჩაუტარებია, მაგრამ თავადაც კარგად იცის, რომ მის წარმომავლობაზე ხალხში ლეგენდები დადის. ყოფილ პრეზიდენტს ახლა ნებისმიერი ადამიანის ნდობის მოპოვება ისე სჭირდება, როგორც არასოდეს. ამიტომაც შეიძლება, ის მორიგ ავანტიურაზე წავიდა და ზუსტად იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, გადაწყვიტა, „სატყუარა“ შემოეგდო და ისეთ ვა-ბანკზეც კი წავიდა, როგორიც გენეტიკაზე საჯაროდ და ხმამაღლა საუბარია. 

ასეა თუ ისე, გენეტიკამ, „ღლიცინს“ რომ თავი გავანებოთ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, კიდევ ერთხელ გააცოცხლა, უფრო სწორად, აქტუალური ისევ გახადა, თორემ იგივე ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ემიგრანტებთან არცთუ წარმატებული შეხვედრის შემდეგ, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ უნდა ყოფილიყო, თან კონფიდენციალური წყაროები იმასაც იუწყებიან, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში თითქოს გარკვეული ბზარები გაჩნდა და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ რომელიმე წევრმა ეს გაერთიანება დიდი ხმაურით დატოვოს. 

ჩვენი წყარო იმასაც გვეუბნება, რომ ბზარების გაჩენის მიზეზი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებია ანუ უფრო კონკრეტულად, გაერთიანებული ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც თავიდან ბოლომდე სააკაშვილის მიმდევარია, მხარს უჭერს, რომ ზუგდიდის მერობაზე კენჭი ნიკა მელიამ იყაროს, თუმცა გაერთიანების ზოგიერთი წევრი ამ იდეის მაინცდამაინც არ მიესალმება და ამიტომ, როგორც ჩვენ გვითხრეს, სააკაშვილის გუნდში ცოტა გაუგებრობაა და ცოტაც დაბნეულობა. 

ახლა, გაერთიანებულ ოპოზიციას რომელიმე წევრი დატოვებს თუ არა, ეს მომავალში გაირკვევა, თუმცა ასეც რომ მოხდეს, ამ ამბავს მიშას გენეტიკური ექსპერტიზის პასუხი ნამდვილად ვერ გადაფარავს. 

ისე, გენეტიკური ექსპერტიზა, ალბათ, იაფი სულაც არ ჯდება. სააკაშვილი მუდამ ხაზს უსვამს, რომ უქონელია. ამიტომ, საინტერესოა, ექსპერტიზა უფასოდ ჩაუტარეს, თუ ვინმემ ქველმოქმედება გამოიჩინა და ყოფილი პრეზიდენტის გენეტიკური ანალიზი დააფინანსა? 

ამასთან, ყურადღება თუ მიაქციეთ, სააკაშვილი ამბობს, რომ თითქმის 99 პროცენტით ქართველია, აი, ერთი პროცენტით კი მასში ბერძენის სისხლის ჩქეფს. რატომ მაინცდამაინც ბერძენი? _ ალბათ, აქაც, როგორც ჩანს, პიარგათვლა გააკეთა: იცის, რომ ისტორიულად, საქართველოსა და საბერძნეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თან რაც უნდა იყოს, ხალხისთვის ბერძნულსისხლიანი ლიდერი უფრო მისაღებია, ვიდრე, ვთქვათ, რომელიმე აზიური ქვეყნის შთამომავალი. არადა, ლოგიკით, საქრთველოს ნებისმიერი მოქალაქის გენებში შეიძლება აღმოჩნდეს აზიური სისხლი, რადგან ჯერ ერთი, საქართველო აზიისა და ევროპის გზაგასაყარზეა. მეორეც, საუკუნეების განმავლობაში, სწორედ აზიელ დამპყრობლებს ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ჰოდა, აზიური სისხლის ერთი პროცენტი, როგორც ვთქვით, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანაშია, მაგრამ მიშა აქაც გამონაკლისია _ ის ხომ მიშაა და მორჩა!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში